გაერთიანებული სამეფოს მწვანე დაფინანსების სტრატეგია

2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით, დაამტკიცა წლის მწვანე დაფინანსების სტრატეგია. დოკუმენტში ასახულია გაერთიანებული სამეფოს ამბიცია, ნახშირბადის ნულოვანი ემისიის პრინციპებთან შესაბამისობის მიღწევით, გახდეს პირველი გლობალური ფინანსური ცენტრი. სტრატეგია ასევე განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უჭერს მხარს მთავრობა მწვანე ტექნოლოგიების კომერციალიზაციასა და დაფინანსებას; როგორ გამოიყენებს გაერთიანებული სამეფო საკუთარ გამოცდილებას, რათა წარმართოს მწვანე დაფინანსებაზე გადასვლის გლობალური პროცესი – განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე.

რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მდგრადი დაფინანსების გამოყენებას კლიმატის ცვლილებების სფეროში ეფექტიანი გლობალური მოქმედების მხარდასაჭერად, ასევე დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ფინანსური სისტემების უფრო მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის; რა როლი აქვს მდგრადი ტრანსფორმაციის პროცესში მთავრობას, კერძო სექტორსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საუბრობს.

დიდი ბრიტანეთი საქართველოში არაერთ პროექტს აფინანსებს. რა არის ამ პროექტების პრიორიტეტული მიმართულებები ჩვენს ქვეყანაში და ვინ არიან მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფები?

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ასევე, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენთვის საქართველოში საქმიანობის ამოსავალ წერტილს. ჩვენი პროგრამული მუშაობა ამ ფართო და ყოვლისმომცველი მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ მიზნების რეალიზებისთვის საჭირო რეფორმების მხარდაჭერას.

მაგალითად, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრამას, რომელიც მიმართულია საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმისკენ, უფრო მძლავრსა და ეფექტიანს გახდის მას; ასევე, ვაფინანსებთ საკონსულტაციო საქმიანობას კლიმატის შესახებ ახალი კანონის შემუშავების მიზნით, რათა საქართველომ შეძლოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი შესაძლებლობებისა და თავსებადობის გასაუმჯობესებლად; ვაფინანსებთ პროგრამებს ადამიანის უფლებების, უმცირესობებისა და ლგბტ+ თემის დაცვის მიმართულებით; აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ პროგრამა მომდევნო წლის არჩევნების მონიტორინგისთვის. ასევე, მხარს ვუჭერთ კიბერუსაფრთხოებაზე მუშაობას და გვაქვს პროგრამა დამოუკიდებელი, პლურალისტური მედიაგარემოს მხარდასაჭერისა და დეზინფორმაციის თავიდან აცილების შესახებ. ეკონომიკურ მიმართულებას რაც შეეხება, ვაფინანსებთ ინვესტორთა საბჭოს, რათა დამყარდეს უკეთესი თანამშრომლობა ბიზნესსა და მთავრობას შორის.

ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდიდან (GGF) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით და მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და დონორებს შორის დიალოგის მხარდაჭერის მიზნით, რათა საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყოს ბიზნესსა და საინვესტიციო კლიმატს საქართველოში. მოგვიყევით უფრო მეტი ამ პარტნიორობის შესახებ.

ინვესტორთა საბჭო შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიზნეს ლიდერებისთვის, რომ ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხი დააყენონ საქართველოს მთავრობის წინაშე, ჩაერთონ კონსულტაციებში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააძლიეროს მთავრობამ ბიზნეს კლიმატი საქართველოში, მოიზიდოს ინვესტიციები, მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას და შექმნას სამუშაო ადგილები.

საბჭო ასევე ახორციელებს საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციას. მაგალითად, საბჭოს წევრებმა უახლოეს წარსულში მოუწოდეს საქართველოში ბიზნეს საზოგადოებას მხარი დაუჭირონ კლიმატის კანონმდებლობის შემუშავებას, რაც აუცილებელია საქართველოს მდგრადი მომავლისთვის. დიდი ბრიტანეთის მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს განვითარებაში, რათა ის დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ჩვენი მხარდაჭერა განათლების რეფორმასა და ინგლისური ენის სწავლებაში ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით, ისევე როგორც ინვესტორთა საბჭოს დაფინანსება, ამ მიზნის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

რატომ არის მდგრადი დაფინანსების განვითარება მნიშვნელოვანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის? და რა როლს ასრულებს ის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის განვითარებაში?

მდგრადი დაფინანსების გამოყენება საკვანძოა კლიმატის ცვლილებების სფეროში ეფექტიანი გლობალური მოქმედების მხარდასაჭერად, ასევე დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ფინანსური სისტემების მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში უკეთ მოყვანისთვის. მისი განვითარება გადამწყვეტია ეროვნული და საზოგადოებრივი პროგრესისთვის, გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების მოგვარების, თანასწორობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

მიმდინარე წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დაამტკიცა 2023 წლის მწვანე დაფინანსების სტრატეგია, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად. დოკუმენტში ასახულია: გაერთიანებული სამეფოს ამბიცია გახდეს პირველი გლობალური ფინანსური ცენტრი, ნახშირბადის ნულოვანი ემისიის პრინციპებთან შესაბამისობის მიღწევით; ასევე, სტრატეგია ადგენს იმას, თუ როგორ უჭერს მხარს მთავრობა მწვანე ტექნოლოგიების კომერციალიზაციასა და დაფინანსებას; და როგორ გამოიყენებს გაერთიანებული სამეფო თავის გამოცდილებას, რათა წარმართოს გლობალური გადასვლის პროცესი მწვანე დაფინანსებაზე, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე.

რა გავლენას ახდენს მდგრადი დაფინანსება ბაზრის დინამიკაზე, მათ შორის მწვანე ობლიგაციების ზრდაზე, გარემოსდაცვით, სოციალური და მმართველობით (ESG) ინდექსებზე და ინვესტირების ლანდშაფტის განვითარებაზე?

მდგრადი დაფინანსება გულისხმობს არა უბრალოდ ფინანსების განაწილებაში ცვლილებას, არამედ ამ განაწილების მიზეზების ცვლილებებსაც. მწვანე ობლიგაციების და ESG ინდექსების ზრდა პასუხისმგებლიანი ინვესტირების კოლექტიური ვალდებულების გამოძახილია. ჩვენ ვხედავთ ინდივიდებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც თავიანთ ფინანსურ მიზნებს უთავსებენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. ESG ინდექსების მზარდი მნიშვნელობა განაპირობებს ინვესტიციების იმ კომპანიებისკენ მიმართვას, რომლებსაც ეთიკური პრაქტიკა აქვთ მათი ყველა მიმართულების საქმიანობაში. ამ განვითარების პროცესში მყოფი ინვესტირების ლანდშაფტში ღირებულებებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც საქმიანობიდან მიღებულ მოგებას.

ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის განვითარების მიმართულებით რა გამოწვევებია დღეს საქართველოში? როგორ ეხმარება დიდი ბრიტანეთი ქართულ საზოგადოებას, კერძო სექტორსა და მთავრობას ამ გამოწვევებთან გამკლავებაში?

მიუხედავად მასშტაბით განსხვავებისა, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას აქვს გარკვეული მსგავსება სტრუქტურაში: ორივე ქვეყანაში მომსახურების სექტორი მშპ-ის დიდ წილს შეადგენს, ხოლო წარმოებასა და სოფლის მეურნეობას უფრო მცირე წილი აქვს. ჩვენ ასევე ვიზიარებთ ერთსა და იმავე მიზანს – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვა სხვადასხვა სექტორში. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, მიმდინარე ეტაპზეც კომპანიები გამოთქვამენ მზარდ ინტერესს განახორციელონ ინვესტიციები ქართულ ბაზარზე. დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში აქტიურ როლს ასრულებს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს კერძო სექტორებს შორის მჭიდრო კავშირების ხელშეწყობაში.

მდგრადი დაფინანსების კონტექსტში, დიდი ბრიტანეთი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საბჭოს წევრი, რომელთაგანაც ყველა აქტიურად არის ჩართული საქართველოში ეკონომიკური განვითარების ფინანსურ მხარდაჭერაში. მთავრობათაშორის დონეზე, ჩვენი საელჩო რეგულარულად უცვლის ინფორმაციას ყველა შესაბამის სამინისტროსა და უწყებას, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკს.

ბევრი ქვეყანა აპირებს დააჩქაროს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა; რა უნდა გააკეთოს საქართველომ ცირკულარულ ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლისთვის? რა როლი აქვს ბიზნესს ამ კუთხით?

თუ გავითვალისწინებთ ჩემი ქვეყნის გამოცდილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობას აქვს გადამწყვეტი როლი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც სტიმულს აძლევს ცირკულარული ეკონომიკის ჩამოყალიბებას. მაგალითად, მთავრობამ უნდა შექმნას ჩარჩო რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს გადამუშავებას, რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და ნარჩენების შემცირებას. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის წარმატებული ცირკულარული ეკონომიკის მოდელების მქონე ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელია ღირებული გამოცდილების გაზიარება. თუმცა, ამ ძალისხმევაში მხოლოდ მთავრობების საქმიანობა არ არის საკმარისი – ბიზნესებს გადამწყვეტი როლი აქვთ ამ პროცესში. მათ შეუძლიათ დაამკვიდრონ მდგრადი პრაქტიკა, როგორიცაა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება, გადამუშავების ინიციატივები და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესები. გარდა ამისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინოვაციების ხელშეწყობას. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და მდგრადი მასალების კვლევისა და განვითარების წახალისებას შეიძლება ორმაგი სარგებელი ჰქონდეს- წვლილი შეაქვს ცირკულარულ ეკონომიკაში, ბიზნესისთვის მოაქვს მოგება და ქმნის სამუშაო ადგილებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური წიგნიერებისა და მდგრადი ფინანსური პრინციპების შესახებ განათლების ხელშეწყობა როგორც ფინანსურ ინსტიტუტებში, ასევე ფართო საზოგადოებაში, ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად? როგორია მთავრობის, ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების ორგანიზაციების როლი ფინანსური განათლების ხელშეწყობის კუთხით?

ფინანსური წიგნიერების ხელშეწყობა რეალური გამოწვევაა, მაგრამ ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ მთავრობებისა და ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ამ საკითხის გარშემო კონსოლიდაციისა და საერთო ხედვის შემუშავებისკენ რეალური სწრაფვა. ყველა თანხმდება, რომ ფინანსური წიგნიერება ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ელემენტია; მას შეუძლია წვლილი შეიტანოს გლობალურ ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს უფრო ფართო ეკონომიკური და სოციალური შედეგების მიღწევას.

მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი და სწორ გზას ვადგავართ, გამოწვევა ჯერ კიდევ ბევრია. ამ ცოდნის განვითარებაში თქვენ მიერ ჩამოთვლილ ყველა მხარეს მნიშვნელოვანი როლი აქვს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დიდმა ბრიტანეთმა წამყვანი როლი ითამაშა საქართველოში Fintech-ის სექტორის განვითარებაში; ეს არის სექტორი, რომელიც მოწინავეა ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების, მათ შორის, მდგრადი ინსტრუმენტების შემუშავების სფეროში. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სექტორი სამომავლოდ სწრაფად განვითარდება საქართველოში და გაერთიანებული სამეფო კვლავაც იქნება ამ წარმატების ისტორიის ცენტრში.

როგორია თქვენი რეკომენდაციები ბიზნესისა და მთავრობისთვის მდგრადი დაფინანსებისა და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების კუთხით? რას იტყვით საქართველოს მდგრად მომავალზე?

მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი, ისევე, როგორც პარიზის შეთანხმება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოს ფარგლებში (UNFCCC), წარმოადგენს ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც ხელს უწყობს მთავრობებს, კერძო სექტორსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას მისი ამბიციური მიზნების მისაღწევად. ეს კოლექტიური მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ მდგრადი ტრანსფორმაცია მოითხოვს ერთიან ძალისხმევას.

მთავრობები გადამწყვეტ როლს ასრულებენ პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბიზნესისთვის. კერძო სექტორი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინოვაციებს, რესურსებსა და გამოცდილებას მდგრადი პრაქტიკის წარმართვაში. საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფს მის ინფორმირებულობას, ხელს უწყობს საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის კულტივირებას. ყველა ამ მხარეს შეუძლია შექმნას ძლიერი ალიანსი, გააერთიანოს ძალისხმევა გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

გააზიარე: