გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილზე
ავტორი:
ანა ილურიძე
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გენდერის ექსპერტი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გენდერული თანასწორობის მიმართულებით, თუმცა, თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.
გენდერული სახელფასო სხვაობის გამო ქალები იღებენ უფრო ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე კაცები. ჰორიზონტალური სეგრეგაციის და „შუშის ჭერის“ არსებობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალები წინ წაიწევენ თავიანთი კარიერის მანძილზე ისე, როგორც მამაკაცები, რაც, საბოლოო ჯამში ნაკლებ შემოსავალში გადაითარგმნება. ამავდროულად, კაცებს უფრო ნაკლები წვდომა აქვთ ოჯახური ვალდებულებების ხელშემწყობ პოლიტიკაზე, როგორიცაა მშობლის შვებულება ან მოქნილი სამუშაო პირობები, ვიდრე ქალებს.
რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილზე?
სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე შეუძლიათ მიიღონ და ისარგებლონ ერთი და იმავე უპირატესობებით, რესურსებითა და შესაძლებლობებით სქესის მიუხედავად.
სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის მიზანია მიაღწიოს თანაბარ შესაძლებლობებსა და შედეგებს ქალებისა და კაცებისთვის და არ გულისხმობს ყველა დასაქმებულისთვის ზუსტად ერთი და იგივე პირობების შექმნას. ამის მისაღწევად საჭიროა: დამსაქმებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარ ანაზღაურებას, სამუშაო ძალაში ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობისთვის ბარიერების მოხსნა, თანაბარი წვდომა ყველა პროფესიასა და ინდუსტრიაზე, მათ შორის იმ ინდუსტრიებზე, რომელშიც ყველაზე მეტი ფინანსური ინვესტიცია ხორციელდება და რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა, განსაკუთრებით ოჯახურ და ზრუნვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.
სად არის საქართველო ამ მიმართულებით პოლიტიკის დონეზე?
ეროვნულ დონეზე არსებული პოლიტიკის დოკუმენტები ითვალისწინებს ამ კორელაციას. 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა მოიხსენიებს შრომის უფლებებს და გენდერულ თანასწორობას, კერძოდ, თანასწორ დასაქმების შესაძლებლობას, თანაბარი ანაზღაურების საკითხს და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციას, რომელთაგან, ბოლო ორი საკითხი შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმირების დონეზე, თუმცა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პრაქტიკაში მათი იმპლემენტაცია.
გარდა გენდერული თანასწორობისა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ამ მიმართულებით ეროვნულ კონცეფციას წარმოადგენს და განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც ქვეყანაში არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ ჩართულობას და გაძლიერებას. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფცია სხვა ინტერვენციებთან ერთად, მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს სამუშაო ადგილზე გენდერულად თანასწორი პრაქტიკების დამკვიდრების მიზნით – მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულთათვის ღირსეული ორსულობისა და მშობიარობის გამო (დეკრეტული) შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უზრუნველსაყოფად.
სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის სტატისტიკა საქართველოში
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული ინდექსით, 2023 წელს საქართველო 146 ქვეყანას შორის 76-ე, ხოლო რეგიონის 10 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ამ შედეგს განაპირობებს სამუშაო ძალაში 18.05%, სავარაუდო შემოსავლებში – 10.06% და გადაწყვეტილების მიმღებ და მენეჯერულ როლებზე 27.75% ნეგატიური გენდერული სხვაობა (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, გლობალური გენდერული ინდექსი 2023).
სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის ზრდა არის ქვეყნის პროდუქტიულობისა და ინოვაციების ზრდის გასაღები. 2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებელი 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში არის 35.4% ქალებისთვის და 51.7% კაცებისთვის. ქალების უმეტესობა დასაქმებულია ვაჭრობის, მომსახურების ან გართობის სფეროში, რაც ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებული ზრუნვის და ემოციური შრომის ეკონომიკური ექვივალენტია, და დაბალანაზღაურებად სფეროებად ითვლება, კერძოდ: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 47.2%, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 39.5%. შესაბამისად, ქალების მონაწილეობა კაცებთან შედარებით ნაკლებია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (40.3% ქალი, 48.6% კაცი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (38.7% ქალი, 44.6% კაცი). (საქსტატი, ქალი და კაცი საქართველოში, 2023)
ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლების ზრდა, სხვა საკითხებთან ერთად, განპირობებულია განათლების დონის გაზრდით, გენდერული როლების მიმართ სოციალური დამოკიდებულების შეცვლით, ბავშვთა მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით და მოქნილი სამუშაო ადგილების გაზრდით (BCEC 2016).
რატომ არის საინტერესო დასაქმების ადგილზე გენდერული თანასწორობა?
გენდერული თანასწორობის მიღწევა სამუშაო ადგილზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის „სამართლიანი“ და „სწორი“ საქმე, არამედ იმიტომ, რომ ის ასევე დაკავშირებულია დამსაქმებლის შემოსავლების ზრდასა და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებასთან და ასევე ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ წარმატებასთან. კერძოდ, თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და მთლიან შიდა პროდუქტზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური გენდერული სხვაობის ანგარიშში ნათქვამია, რომ გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ დაკავშირებულია ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ წარმატებასთან. ადამიანები და მათი ნიჭი მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თუ ამ ნიჭის ნახევარი განუვითარებელია ან არ არის გამოყენებული, ზრდა და მდგრადობა საფრთხის ქვეშ დგება. უფრო მეტიც, არსებობს ქალთა გაძლიერების დამაჯერებელი და ფუნდამენტური ფასეულობები: ქალები წარმოადგენენ გლობალური მოსახლეობის ნახევარს – ისინი იმსახურებენ თანაბარ ხელმისაწვდომობას ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ძალაუფლების გამომუშავებაზე და პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე“ (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2022).
სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორთა საბჭოსთვის. გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დეკლარაცია, რომელსაც ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოეწერა ხელი, ითვალისწინებს კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა, გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოფხვრა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმის შემუშავება, რომელთა მხარდაჭერა, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაზრდა და მათი დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტების გაზიარება არის ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.