კლიმატის ცვლილება, როგორც საფრთხე და შესაძლებლობა

კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კოორდინატორი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

“ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი პრობლემების მოგვარება იმავე აზროვნებით, რაც მათი შექმნის დროს გამოვიყენეთ” – ალბერტ აინშტაინი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) მონაცემებით დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მე-19 საუკუნის მიწურულის შემდეგ 1.8°C-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ატმოსფეროში ნახშიროჟანგის უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობით გაფერქვევით და გარემოზე მოქმედი სხვა არასასურველი აქტივობებით არის გამოწვეული. მაგალითისთვის, ადამიანთა საქმიანობის შედეგად დღეისათვის ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გამოფრქვევის მოცულობა 250-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ბუნებრივი წყაროებიდან ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ.

კლიმატური ცვლილებები რომ აბსტრაქტული მოვლენა არ არის და მისი ეფექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, კონკრეტული გაზომვადი და ხელშესახები ფაქტებით დასტურდება. მომატებული სითბოს შთანთქმა ძირითადად ხდება მსოფლიო ოკეანის მიერ, რამაც 1969 წლიდან დღემდე წყლის ტემპერატურის საშუალოდ 0.33 °C-ით მატება გამოიწვია. ამის შედეგად NASA-ს კვლევით 1993-დან 2019 წლამდე შუალედში გრენლანდია წელიწადში საშუალოდ 279 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, ხოლო არქტიკა 148 მილიარდ ტონას. მცირდება მყინვარების მოცულობა და სიმაღლე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაწყებული ალპებიდან, დასრულებული ჰიმალაით და ანდებით. ხოლო, სატელიტური დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის თოვლის საფარი მკვეთრად შემცირდა და გაიზარდა მისი დნობის სიჩქარე. მოიმატა ზღვის დონემ, ტყის ხანძრების რაოდენობამ და სხვა ექსტრემალურმა მოვლენებმა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს გამოუსწორებელ ზიანს არამხოლოდ იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, არამედ ვნებს უშუალოდ ადამიანების ჯანმრთელობას და მათი განვითარების პერსპექტივებს. იზრდება ინფექციური დაავადებების რაოდენობა და მათი გავრცელების ტემპი, მცირდება ნიადაგის პროდუქტიულობა და სწრაფად იწურება სასმელი წყლის რესურსი.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორი გლენ სნაიდერი 1990 წელს გამოცემულ წიგნში „ალიანსების პოლიტიკა“ აღნიშნავდა, რომ მოკავშირეობა გულისხმობს საერთო მოლოდინებს მხარდაჭერის შესახებ და ინტერესების თანხვედრას ორ ან მეტ ქვეყანას შორის საერთო გამოწვევის წინააღმდეგ. ინტერესების თანხვედრის სიდიდე, ანუ რამდენად ძლიერი ან სუსტია ისინი, დამოკიდებულია საერთო გამოწვევის/მეტოქის ხარისხზე. ფორმალური ალიანსები კი აძლიერებს არსებულ მოკავშირეობას ან ქმნის საერთოდაც ახალს, მის მიმართ ერთგულებით, დეტალურობით, ლეგალური და ნორმატიული ვალდებულებებითა და საჯარო ხილვადობით.

კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსია და არსებული გამოწვევის მოგვარების გზების ძიება 21-ე საუკუნის საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ამ მიზნით 2015 წელს პარიზში გამართულ მოლაპარაკებებში 196 საერთაშორისო აქტორი (სახელმწიფოები, გაეროს დამკვირვებელი ორგანიზაციები, არასამთავრობო გაერთიანებები და ა.შ.) მონაწილეობდა. კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა ძირითადი პრინციპები და მიზნები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც უნდა აეღოთ ხელმომწერებს. დოკუმენტი ხელმოწერისთვის გაიხსნა 2016 წლის 22 პარილს, დედამიწის დღეს, ნიუ იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში. დოკუმენტის უმთავრესი მიზანია დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შემცირება და შემდგომი აღმოფხვრა. ამისთვის კი შეთანხმების მხარეები მიიჩენევენ, რომ საჭიროა პლანეტაზე არსებული საშუალო ტემპერატურის ზრდის შეკავება 2 °C-ის ფარგლებში, იდეალურ შემთხვევაში კი, 1.5 °C-ის ფარგლებში. პარიზის შეთანხმების საკვანძო საკითხია ატმოსფეროში სათბური აირების გამოყოფის შემცირება, რაც ყველაზე დიდ ზიანს აყენებს გარემოს და იწვევს კლიმატის იმგვარ ცვლილებებს, რომელიც საბოლოო ჯამში პლანეტაზე შეუქცევად პროცესებს იწვევს და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას, ისე ზოგადად ბიომრავალფეროვნებას.  

პარიზის შეთანხმების შესრულების 5 წლიანი პერიოდის შეფასებისა და შემდგომი ნაბიჯების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შესაკავებლად ბიზნეს სექტორს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ფინანსების მოზიდვის მიზნით ყველაზე  მნიშვნელოვანი ღონისძიება – გაეროს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-ე კონფერენცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც COP26 (Conference Of the Parties)  დაიგეგმა 2020 წელს გლაზგოში, გაერთიანებულ სამეფოში. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო 2020 წლის ნაცვლად ღონისძიება 2021 წლის მიწურულისთვის გადაიდო და შოტლანდიამ მონაწილეებს 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა.

გლაზგომ აღნიშნული კონფერენციის მასპინძლობისთვის მზადების პროცესში დარგო 18 მილიონი ხე, რაც მიზნად ისახავს, რომ ქალაქ გლაზგოში დასახლებული პუნქტების მწვანე სივრცეების საერთო ფართობმა მიაღწიოს 20 პროცენტს.

კონფერენციისთვის მზადების პერიოდში გაერთიანებული სამეფო ერთგვარ როლურ მოდელადაც წარმოჩინდა მთელი მსოფლიოსთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად ამცირებს ატმოსფეროში სითბური აირების გაფრქვევას და სრულად გადადის განახლებად ენერგიასა და მწვანე ეკონომიკაზე. მაგალითისთვის, ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში გაიზარდა 78 პროცენტით მაშინ, როდესაც ჰაერის დაბინძურება შემცირდა 44 პროცენტით. ხოლო, თუკი 2021 წლისთვის ქვეყნის ელექტრო მომარაგების 40 პროცენტი ნახშირის გადამუშავებით მიიღებოდა, 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2 პროცენტამდე არის შემცირებული და 2024 წლისთვის სრულად ჩანაცვლდება მზისა და ქარის ენერგიით. ამ ყველაფრის შედეგად, გაერთიანებული სამეფო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 2035 წლისთვის ატმოსფეროში 78 პროცენტით ნაკლებ სათბურ აირებს გააფრქვევს. COP26-ის მასპინძელი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით აზროვნების შეცვლა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ისე, რომ ეკონომიკა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უფრო სწრაფად გაიზარდოს, სრულიად რეალისტურია.

COP26-ის ფარგლებში, 2035 წლისთვის სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლის ამბიციის შესახებ განაცხადი გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი პრიორიტეტების ჩამოთვალში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი მიანიჭა COVID-19-ის პანდემიის შედეგების აღმოფხვრასა და ეკონომიკის აღდგენასთან ერთად. იგივე პოზიცია დააფიქსირა ევროკომიიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმაც და კონფერენციაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართა ინიციატივით, პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პროცესი აქციონ შესაძლებლობად, რათა დაინერგოს მწვანე ეკონომიკის პრინციპები და შემცირდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანი. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი შემდგომი წლების განმავლობაში როგორც წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვისას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს ამ ქვეყნების მხრიდან პარიზისა და გლაზგოს შეთანხმებებში ასახული პრინციპების ეფექტური იმპლემენტაციის საკითხს.

 „ჩვენი შვილებისა და შემდეგი თაობების ნათელი მომავლის დასაცავად ქვეყნების მხრიდან საჭიროა გადაუდებელი მოქმედება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურად, რათა შეჩერდეს კლიმატური ცვლილებების ტალღა. COP26-ის სამიტი უნდა იქცეს ამბიციის, გამბედაობისა და თანამშრომლობის მომენტად, რათა ერთად გავხადოთ გარემო უფრო სუფთა, აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავიბრუნოთ ჩვენი პლანეტა“ – ბორის ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ძირითადი ლოკომოტივი სახელმწიფოთა მთავრობები არიან, უდავოა, რომ ადამიანთა აზროვნების და აქედან გამომდინარე ქცევის  ცვლილება ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად კერძო ინიციატივებს შეუძლია. სწორედ ამიტომ, გლაზგოში გამართული გაეროს კლიმატური ცვლილებების  ყველა დროის ყველაზე მასშტაბური კონფერენციის ყურადღების ცენტრში კერძო ბიზნესი მოექცა. ბიზნესი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით შეძლო და განახორციელა მწვანე სტანდარტების დანერგვა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ტრადიციული ენერგიის განახლებადი რესურსებით ჩანაცვლება –  საფინანსო კორპორაციებისა და მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოების სასურველ პარტნიორებად დასახელდნენ.

მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი, რაც კლიმატის მდგრადობის მიღწევას გულისხმობს სულ უფრო აქტუალური ხდება როგორც სახელმწიფოთა პოლიტიკაში, ისე დიდი საინვესტიციო კორპორაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ პრინციპის პრაქტიკაში განხორციელება კი საბოლოო ჯამში უკვე არის გლობალური კონკურენციის პირობებში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი და ზრდის შესაძლებლობა ნებისმიერი ზომისა და სექტორის ბიზნესისთვის.

გააზიარე: