კორუფციული რისკების შემცირება კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისას, კორუფცია ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელიც არა მხოლოდ ამცირებს შესაბამისი ძალისხმევის ეფექტიანობას, არამედ, იწვევს საზოგადოების ნდობის ნაკლებობას მდგრადი განვითარების პროცესში.

კორუფციამ, შესაძლოა, თავი იჩინოს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე  პროექტების განხორციელებისას, რაც აფერხებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განვითარებასა და წარმატებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა  აქტიურად მუშაობს კორუფციისა და კლიმატის მმართველობის საკითხებზე. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, თუ როგორ აისახება კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი და არასათანადო გავლენა (undue influence) კლიმატის გლობალურ მოლაპარაკებებსა და კონკრეტულ სექტორებში მიღწეულ პროგრესზე.

ორგანიზაციის ანტიკორუფციულ მიზნებზე და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შემცირების მნიშვნელობაზე ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის კლიმატის კეთილსინდისიერი მართვის პროგრამის კვლევისა და პოლიტიკის კოორდინატორი გვანცა გვერდწითელი საუბრობს.

როგორ აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციის როლს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის შეფერხებაში და რა კონკრეტული გამოწვევები არსებობს ამ სფეროში?

კორუფცია ყველა მიმართულებით  უთხრის ძირს იმ ძალისხმევას, რომელიც გლობალურად კლიმატის მმართველობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული – საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. საერთაშორისო დონეზე, წიაღისეული საწვავის ინტერესის გამტარი აქტორები დიდი ხანია, გავლენას ახდენენ კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების მიმართ სკეპტიციზმის გაღრმავებას, ასუსტებენ დეკარბონიზაციის საკითხის აქტუალურობას. ისინი ასევე წინააღმდეგობას უწევენ მთავრობის მხრიდან სათანადო პოლიტიკით ჩარევას, ან მხარს უჭერენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ნახშირბადის დაჭერა და შენახვა, რაც წიაღისეული საწვავის წარმოების პრაქტიკულად უცვლელად გაგრძელების საშუალებას იძლევა.

ამ თემებს ეხმიანება ჩვენი ბოლო მოხსენება „როგორ ემუქრება კორუფცია და არასათანადო გავლენა მრავალმხრივ  ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“[1], რომელიც მომზადდა ანტიკორუფციულ მონაცემთა გაერთიანებასთან (ACDC)[2] ერთად. მაგალითად, ანგარიში გვიჩვენებს, რომ COP29-ის პრეზიდიუმი შეზღუდულ ყურადღებას იჩენს დეკარბონიზაციის საკითხის მიმართ. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC)[3]  ფარგლებში, აუცილებელია გლობალურ დონეზე იმ სისტემური ხასიათის ხარვეზების განხილვა, რომლებიც საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას.

შეგიძლიათ, რომ განიხილოთ ის ინიციატივები, რომლებსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ახორციელებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კორუფციული რისკების შესამცირებლად? როგორ უწყობს ხელს ეს ძალისხმევა კლიმატის შერბილებისა და ადაპტაციის პროექტების ეფექტიანობის უზრუნველყოფას?

საერთაშორისო გამჭვირვალობა კლიმატის კეთილსინდისიერი მართვის პროგრამის ფარგლებში მუშაობს კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და მმართველობის ჩარჩოების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით, რათა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები დაცული იყოს კორუფციისგან და კონცენტრირდეს კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე დაუცველი ჯგუფების საჭიროებებზე.

საერთაშორისო მასშტაბით, კვლევისა და ამ საკითხის ადვოკატირების გზით, საერთაშორისო გამჭვირვალობა ცდილობს ხელი შეუწყოს კორუფციასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას გადაწყვეტილების მიღების ისეთ ძირითად პლატფორმებში, როგორიცაა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC) და ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა “პარტნიორობა სამართლიანი ენერგოგარდაქმნისთვის“ (JETPs)[4]. გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობის ონლაინ რესურსში – „კლიმატისა და კორუფციის ატლასი“[5] – ხაზგასმულია კორუფციის ის რეალური ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისიძებების განხორციელების დროს და რაც ნათლად აჩვენებს, რომ კორუფცია არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ რისკს, არამედ ის რეალური პრობლემაა, რომელიც ძირს უთხრის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს და კლიმატის ცვლილების შერბილების ძალისხმევას მსოფლიოს მასშტაბით.

მსოფლიოს გარშემო, საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიუროები 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესები და ძალისხმევა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური, ხოლო გარემოსდაცვითი დანაშაულისა და კორუფციის მსხვერპლთა მიმართ ბევრად სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდეს. ამ საკითხზე მომუშავე სხვა ჯგუფებთან ერთად, საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიუროები მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლებიც ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას უკავშირდება და დაზარალებული თემების  მეტად გააქტიურებისკენ არის მიმართულნი. ამგვარ ინიციატივებზე დაყრდნობით, კლიმატის კეთილსინდისიერი მართვის პროგრამა მხარს უჭერს მმართველობის იმ სტრუქტურებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას კლიმატის კრიზისის დაძლევაში.

თქვენი გადმოსახედიდან, რომელია ყველაზე კრიტიკული კორუფციული რისკი, რომელიც ემუქრება კლიმატის პროექტებს და როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ მხარეებს ამგვარი რისკების შერბილება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ძალისხმევის განხორციელებისას უკეთესი მმართველობის მისაღწევად?

წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანგარიში „კლიმატისა და კორუფციის ატლასი: გაკვეთილები რეალური შემთხვევებიდან“[6], რომელიც ემყარება ჩვენს „კლიმატისა და კორუფციის ატლასში“ აღწერილ საქმეებს. ანგარიშში განხილულია კორუფციული ხასიათის გავრცელებული ქცევები (საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციას განსაზღვრავს, როგორც „ნდობით აღჭურვილი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას კერძო მიზნებისთვის“) და ასევე მათთან დაკავშირებული ხელშემწყობი ფაქტორები, უარყოფითი შედეგები და გაკვეთილები. თაღლითობა, არასათანადო გავლენა, არადეკლარირებულ ინტერესთა კონფლიქტი, შეთქმულება და მექრთამეობა წარმოადგენს კორუფციის ყველაზე ხშირად გამოვლენილ ფორმებს, რომლებსაც უშუალო გავლენა აქვს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევასა და კლიმატის ცვლილების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე. ისეთი სახის ქმედებები, როგორიცაა მამხილებელთა წინააღმდეგ შურისძიება და უკანონო ჯილდოც, საკმაოდ ხშირი იყო და ხაზს უსვამდა აღნიშნულ სექტორში არსებულ სერიოზული დაუცველობის ფაქტორს. ეს ქმედებები არ არის დამახასიათებელი მხოლოდ კლიმატის სფეროსთვის. თუმცა, კორუფციული ხასიათის ქმედებებს ამ მიმართებით აქვთ ბევრად უფრო სპეციფიური, უარყოფითი ზემოქმედება კლიმატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე და მეტიც, მათ ხშირად ისეთი მძიმე შედეგები მოჰყვება, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად შეიძლება აზიანებდეს უკვე მოწყვლად თემებს.

ანგარიში მოიცავს დონორებისთვის, მთავრობებისა და კლიმატის პროექტებში ჩართული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ 17 რეკომენდაციას. ძირითადი რეკომენდაციები ეხება კლიმატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების, განსაკუთრებით კი დაუცველი თემების, ჩართვის პროცესის გაუმჯობესებას და ხაზს უსვამს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის, ინტერესთა კონფლიქტის დაცვის, შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშვალდებული პრაქტიკის, მკაცრი მონიტორინგისა და გამჭვირვალე ანგარიშგების დანერგვის აუცილებლობას. ანგარიში ასევე მხარს უჭერს მამხილებელთა დაცვის პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის პროექტების დაფინანსებისა და მათი განხორციელების პროცესში კეთილსინდისიერების განმტკიცებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული კლიმატის მმართველობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების დანერგვის ხელშეწყობის პროცესში. როგორ ხედავთ მრავალმხრივი დიალოგისა და სოციალური ანგარიშვალდებულების როლს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცებაში?

მრავალმხრივი დიალოგის წახალისება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთ მხარეებს შორის, როგორებიცაა მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და დაზარალებული თემები, ზრდის გამჭვირვალობის დონეს და აყალიბებს საერთო ანგარიშვალდებულებისთვის საჭირო მექანიზმებს. ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც განსაკუთრებით ერთგულნი არიან კორუფციასთან ბრძოლის მიმართ – ამგვარი ერთობლივი მიდგომა იძლევა ექსპერტიზის, შეხედულებებისა და არსებული მონაცემების გაზიარების საშუალებას, რაც აძლიერებს კლიმატთან დაკავშირებულ ინიციატივების კეთილსინდისიერ მართვას და თავიდან ირიდებს კორუფცია. კორუფცია ზედმეტად კომპლექსური პრობლემაა და მისი გადაჭრა რომელიმე ერთი ცალკეული მხარის მიერ საკმაოდ რთულია. ერთობლივად კი, დაინტერესებული მხარეებს ბევრად უფრო დიდი შანსი აქვთ, რომ წინ წამოწიონ კეთილსინდისიერი მმართველობის ბევრად უფრო მტკიცე სტანდარტები, ბიზნესის ანგარიშვალდებულება და კორუფციასთან ბრძოლის ნორმები.

კლიმატის პოლიტიკის განხილვისას დისკუსიებში დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობამ, ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს ბევრად უფრო ინკლუზიური და ეფექტიანი მიდგომების შემუშავება და გააჩინოს საზოგადოებრივი ზედამხედველობისთვის საჭირო მეტი შესაძლებლობები.

ადგილობრივი თემების ცოდნისა და ხედვების გაზიარება ხელს უწყობს კლიმატის პოლიტიკის შემუშავების პროცესში ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც პრაქტიკული და სამართლიანია. მაგალითად, ისეთი ინიციატივების ჩამოყალიბების პროცესში, როგორიცაა  „პარტნიორობაში სამართლიანი ენერგოგარდაქმნისთვის“ (JETPs), სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვანახშირის მოპოვებაზე ეკონომიკურად დამოკიდებული თემების ჩართვა უზრუნველყოფს, რომ მათი პირადი საჭიროებები და მოლოდინები გათვალისწინებულ იქნას. ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში არსებული გამოწვევების ღიად განხილვით, შესაძლებელი ხდება გამყარდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ნდობა და პროცესი წარიმართოს ჭეშმარიტად სამართლიანად.

რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ მთავრობებს და კერძო სექტორს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში ანტიკორუფციული ზომების უფრო ეფექტიანად ინტეგრირებისთვის და როგორ შეუძლია საერთაშორისო გამჭვირვალობას, რომ მხარი დაუჭიროს ამგვარ ძალისხმევას?

მთავრობებმა და კერძო სექტორმა შეიძლება გადადგან რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი, რომლებიც მიმართულია კლიმატის პოლიტიკაში კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევის ეფექტიანად ინტეგრირებისკენ. პირველ რიგში, ორივე სექტორმა უნდა განახორციელოს კონკრეტული პოლიტიკის განხორციელების სფეროში კორუფციული რისკების საფუძვლიანი შეფასება. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, თავისი ისტორიული დაუცველობით კორუფციის წინაშე, მოითხოვს არსებული რისკების ფრთხილ ანალიზს. ამასთანავე, საჭიროა, რომ კორუფციის წინააღმდეგ თავიდანვე დაიგეგმოს მიზანმიმართული შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგეგმება განახლებადი ენერგიის განვითარება. მეორეც, აუცილებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  გაუმჯობესება და პროცესში ფართო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა. მთავრობებს შეუძლიათ, განახორციელონ ისეთი პოლიტიკა, რომ საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია კლიმატთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, კორპორაციული საქმიანობის კლიმატთან დაკავშირებული დეტალების გამჟღავნებით გაზარდოს გამჭვირვალობის დონე იმის თაობაზე, თუ რა გზით აღწევს იგი დასახული მიზნებს. დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში მნიშვნელოვანი ჩართულობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მათთვის წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის დონეზე, ძლიერი მმართველობის ჩარჩოების ჩამოყალიბება გადამწყვეტი ფაქტორია. ეს მოიცავს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე სტრუქტურებს, საჩივრების განხილვის ეფექტიან მექანიზმებს და გარემოსდამცველებისა და მამხილებელთა დაცვის პოლიტიკის განხორციელებას. ზედამხედველობისა და კოორდინაციისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფა კიდევ უფრო აძლიერებს ამ ჩარჩოებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა მხარემ უკეთ გააცნობიეროს მასზე დაკისრებული როლი და პასუხისმგებლობა.

სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო გამჭვირვალობა მხარს უჭერს ამ ძალისხმევას საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, რათა გააუმჯობესოს გამჭვირვალობის დონე, გაზარდოს ჩართულობა და ანგარიშვალდებულება კლიმატის მმართველობის სფეროში, რაც, ვფიქრობთ,  გადამწყვეტ როლს ასრულებს  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით  მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხორციელებაში.


[1] „COP Co-opted? How corruption and undue influence threaten multilateral climate action” https://www.transparency.org/en/publications/cop-co-opted-how-corruption-and-undue-influence-threaten-multilateral-climate-action

[2] Anti-Corruption Data Collective https://acdatacollective.org/

[3] United Nations Framework Convention on Climate Change (UNFCCC)

[4] Just Energy Transition Partnerships (JETPs)

[5] https://www.transparency.org/en/projects/climate-governance-integrity-programme/climate-corruption-atlas

[6] Climate and Corruption Atlas: Lessons from Real Cases https://www.transparency.org/en/publications/climate-and-corruption-atlas-lessons-from-real-cases

გააზიარე: