მდგრადი განვითარება როგორც ორიენტირი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.
ორგანიზაციის მიზანია მენეჯმენტის ეფექტიანი სტრუქტურის შექმნა, შიდა რეგულაციების საშუალებით გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონის უზრუნველყოფა და მდგრადობაზე ზრუნვა შემოსავლის წყაროთა დივერსიფიკაციით.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიიჩნევენ, რომ დროსთან ერთად, განვითარების გარკვეულ ეტაპზე მდგრადი განვითარების პრინციპები ბიზნესისთვის მთავარი პრიორიტეტი გახდება. მათი შეფასებით, კერძო სექტორს გამოხატული სურვილი და მზაობა აქვს მდგრადი პრაქტიკების დანერგვასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გარკვეულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება. ადგილობრივი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ინოვაციების დანერგვისა და სტრუქტურული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.


ორგანიზაციის მდგრადობის ხედვაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილ საუბრობს.


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. რა სერვისებსა და პროექტებს სთავაზობთ კერძო სექტორს?
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყველა სერვისი და პროექტი მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე და გამოწვევებზე. რეგულარულად გვაქვს კომუნიკაცია მეწარმეებთან როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში, რის საფუძველზეც მუდმივად ვაახლებთ ჩვენს სერვისებსა და პროექტებს. პალატას აქვს როგორც კანონით განსაზღვრული, ასევე სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო სერვისები. მაგალითად, გავცემთ წარმოშობის სერტიფიკატს და ვადასტურებთ ფორსმაჟორულ გარემოებას. უკანასკნელი განსაკუთრებულად აქტუალური იყო პანდემიის პერიოდში.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია ბიზნეს პარტნიორის მოძიება. წლის განმავლობაში გვაქვს რამდენიმე ბიზნეს ფორუმი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც ქართველ მეწარმეებს ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს ვთავაზობთ. ფორუმებზე მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა მოიზიდონ ინვესტიციები და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. ზოგადად, სავაჭრო პალატები ქმნიან საერთაშორისო ქსელს, შესაბამისად, მსოფლიო მასშტაბით შეგვიძლია ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა ინფორმაციის მოძიების, ექსპორტის, იმპორტისა თუ სხვა მიმართულებებით. ასევე მეწარმეებს ვთავაზობთ პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟით სარგებლობის შესაძლებლობას, რომელიც დავის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს დავის გადაწყვეტის სწრაფ და გამჭვირვალე პროცესს.
მეწარმეების ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა საკანონმდებლო სიახლეები, მათ შორის, შრომისა და საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით, ალტერნატიული დავის მექანიზმები, ელექტრონული კომერცია და სხვა. მაგალითად, პანდემიის დაწყებიდან ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით ტრენინგები გაიარა 1000-ზე მეტმა კომპანიამ.
პალატა ბოლო წლებია პროფესიული განათლების აქტიური მხარდამჭერია სხვადასხვა სერვისის კუთხით. პროფესიული განთლების პოპულარიზაციის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი ღონისძიება გაიმართა რეგიონებში, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც არსებული პროგრამების, ასევე დასაქმების ხელმისაწვდომობის შესახებ. პალატა ატრენინგებს კომპანიის იმ თანამშრომლებს, ვინც საგანმანათლებლო პროცესშია ჩართული და პრაქტიკულ სწავლებას ახორციელებს რეალურ სამუშაო გარემოში. პალატა აქტიურად იღებს მონაწილეობას საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა-განხორციელების პროცესშიც, რაც გულისხმობს როგორც კომისიის წევრების გადამზადებას, ასევე შეფასების ინსტრუმენტების/ საგამოცდო ბილეთების შემუშავებას.
ამასთან, პალატა მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს წამყვან დონორ ორგანიზაციებთან და საელჩოებთან, მათ შორის, აშშ-ისა და ჩეხეთის საელჩოებთან, ევროკავშირთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრთან (CIPE), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან, შტუტგარტის პალატასთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). ყველა ეს პროექტი, ისევე როგორც ჩვენი სერვისები, მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე. აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ვთავაზობთ როგორც საინფორმაციო და ტექნიკურ, ასევე რიგ შემთხვევებში ფინანსურ მხარდაჭერას.
რა არის საქართველოში საინვესტიციო გარემოს სუსტი და ძლიერი მხარეები?
საინვესტიციო გარემოს სუსტი მხარეა ოკუპირებული ტერიტორიები, რაც იწვევს არასტაბილურობის განცდას ინვესტორებში და, შესაბამისად, მივიჩნევით მაღალ რისკიან ქვეყნად. ასევე დიდი გამოწვევაა კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა, რომელიც ეხება თითქმის ყველა სექტორს და პირდაპირ კავშირშია პროფესიულ განათლებასთან. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით, მათ შორის, მთავარია პროფესიული განათლების დაგეგმვა, განხორცილებისა და ზედამხედველობის პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამ პროცესის ფარგლებში, რეფორმის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო პალატამ დააფუძნეს პროფესიული უნარების სააგენტო.
საქართველოს საინვესტიციო გარემოს საკმაოდ ბევრი ძლიერი მხარე აქვს. მაგალითად, სტრატეგიული მდებარეობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რაც უზრუნველყოფს საერთო ჯამში 2.3 მილიარდ მომხმარებელზე წვდომას. საქართველოში მარტივია ბიზნესის კეთება და ეს ასახულია საერთაშორისო დონის რეიტინგებში. მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო გლობალურ რეიტინგში მე-7 ადგილზეა. მაგალითისთვის, საკმაოდ მარტივია საკუთრების რეგისტრაცია, სხვადასხვა ტიპის ნებართვის მიღება. გვაქვს მარტივი და სერვისზე ორიენტირებული საბაჟო პოლიტიკა და სასაზღვრო პროცედურები, რაც თავისთავად ამცირებს ექსპორტის დროსა და ხარჯებს.

ამასთან, მსოფლიო ბანკის თანახმად, გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი – 9.9%, რითაც საპატიო მესამე ადგილს ვიკავებთ მსოფლიოში. ასევე გვყავს კონკურენტული ანაზღაურების მქონე სამუშაო ძალა.
ზემოაღნიშნული პირობები საქართველოს საკმაოდ მიმზიდველს ხდის პოტენციური ინვესტორისთვის.
რა აქტივობებს ახორციელებთ ინვესტორთა საბჭოსთან ერთად ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით?
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს პალატის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას და ინვესტორთა საბჭოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში ქალი მეწარმეების ხელშეწყობაზე.
ინვესტორთა საბჭოსთან გვაქვს ერთობლივი პროექტი ქალი მეწარმისა და ქალ(ებ)ის საკუთრებაში არსებული ბიზნეს(ებ)ის სერტიფიცირების მიმართლებით. „ქალი მეწარმისა“ და „ქალ(ებ)ის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საზოგადოების სერტიფიცირების პროცესის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა შეეძლება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას. ამდენად, ნებისმიერ ქალ მეწარმეს შესაძლებლობა ექნება ჩვენთან აიღოს ეს სერტიფიკატი და სამომავლოდ მიიღოს გარკვეული სარგებელი. პროცესში ასევე აქტიურად არის ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია. აღნიშნული პრაქტიკა დამკვიდრებულია წამყვან განვითარებულ ქვეყნებში და, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ქალთა ეკონომიკური აქტივობა პირდაპირ კავშირშია მშპ-ს ზრდასთან ქვეყანაში. ბიზნესის ქალ მფლობელებსა და მეწარმეებს სხვადასხვა ფინანსური და სოციალური ბარიერი უშლის ხელს, რომ სრულად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში. ეს ბარიერები, ძირითადად, არის დროის მცირე რესურსი და შეზღუდული წვდომა ფინანსურ, ადამიანურ და სოციალურ კაპიტალსა და მობილობაზე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულია გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მეწარმეობის ხელშემწყობი სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, ხოლო ამისათვის აუცილებელია „ქალი მეწარმისა“ და „ქალ(ებ)ის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საზოგადოების“ სერტიფიცირების პროცესის ინსტიტუციონალიზაცია.
ქალების ბიზნესების სერტიფიცირება ერთგვარი გენდერული ინსტრუმენტია, რომლითაც ხდება:
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა;
არსებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ბარიერების აღიარება;
მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ქალების ბიზნესებთან დაკავშირებით.
ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ხელისუფლებას, ფინანსურ ინსტიტუტებს, განვითარების ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს შორის?
ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის მსგავსი თანამშრომლობა არამხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი წინაპირობაა. პალატა არის მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვთანამშროლობთ ყველა სექტორთან.
მულტისექტორული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ბიზნესის საჭიროებებისა და გამოწვევების სწორად აღქმას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საკმაოდ ღიაა ბიზნესთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესის განვითარების ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მანდატი ისაუბრონ ცალკეული სექტორის ან კლასტერის სახელით. პალატაში გვაქვს არაერთი სექტორული კომიტეტი და დასაბუთებული გამოწვევები ან/და რეკომენდაციები რეაგირების გარეშე არ რჩება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პლატფორმებზეც, სადაც ხელისუფლებასა და ბიზნესს აქვს შესაძლებლობა ღიად ისაუბრონ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
როგორია კერძო სექტორის მზაობა მდგრადი პრაქტიკების დანერგვასთან დაკავშირებით და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი ამ თვალსაზრისით?
2016 წელს საქართველო იყო იმ პირველ ოცდაორ ქვეყანას შორის, რომლებმაც წარმოადგინეს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მეტიც, მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს ეროვნული პრიორიტეტია.
მდგრადი პრაქტიკების დანერგვასთან დაკავშირებით კერძო სექტორს სურვილი და მზაობა, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფინანსური თუ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტს ვერ ანიჭებს. ეს ბუნებრივიცაა – ყველა პრინციპი მიმართულია ყოველდღიური კეთილდღეობისკენ, თუმცა ბიზნესს უწევს მზარდი გამოწვევების გათვალისწინება. მაგალითისთვის, ძალიან დიდი გამოწვევა იყო პანდემია. კოვიდმა გარკვეულწილად უკან დახია ბევრი ბიზნესი განვითარების კუთხით, რადგან რესურსები მოხმარდა მიმდინარე საჭიროებებს. წარმატებაზე ორიენტირებულ ყველა კომპანიას, რა თქმა უნდა, სურს ინოვაციების დანერგვა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია, მაგრამ არ აქვს შესაბამისი ფინანსები ან ადამიანური რესურსი. შეიძლება ეს ყველაფერი უფრო მარტივია განვითარებული ქვეყნებისთვის, მაგრამ დიდი გამოწვევაა ჩვენი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან და განვითარების გარკვეულ ეტაპზე მდგრადი განვითარების პრინციპები ბიზნესისთვის მთავარი პრიორიტეტი გახდება.
რა უნდა გააკეთოს სახელწიფომ რეგიონებში კერძო სექტორის ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით და რას საქმიანობს პალატა?
ინფორმირებული ბიზნესი არის წარმატებული ბიზნესი. იმისათვის, რომ სწორად აღვიქვათ ბიზნესის საჭიროებები როგორც სექტორულ, ასევე რეგიონულ ჭრილში, მნიშვნელოვანია ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია. ჩვენი რეგიონული ოფისების მეშვეობით ყოველდღიური კავშირი გვაქვს მეწარმეებთან, ვაწვდით ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ინფორმაცას, ვიგებთ მიმდინარე საჭიროებებსა და გამოწვევებს.
ასევე გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი „ღია დიალოგი ბიზნესთან,“ რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს გვაქვს გასვლითი შეხვედრები საქართველოს რეგიონებში. ამ შეხვედრებს ესწრებიან როგორც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე სხვადასხვა სტრუქტურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღია დიალოგის ფარგლებში მეწარმეებს ვაცნობთ ახალ პროექტებს, ინიციატივებსა და პროგრამებს. ამ შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დისკუსია, სადაც ბიზნესი ღიად საუბრობს არამხოლოდ შესაძლებლობებზე, ასევე გამოწვევებზეც. ამ შემთხვევაშიც ბიზნესის დასაბუთებული მოსაზრებები არ რჩება სათანადო რეაგირების გარეშე, ხოლო დონორი ორგანიზაციები იღებენ ინფორმაციას პირველწყაროდან სამომავლო პროექტების დაგეგმვისთვის.
როგორია სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამომავლო გეგმები მდგრადი განვითარების კუთხით
2024 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება როგორც აქტივობებით, ასევე ახალი პროექტებით. ვიწყებთ სამ ახალ პროექტს: რეგიონული განვითარების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით. ვგეგმავთ უფრო მეტი აქტივობა განვახორციელოთ რეგიონულ დონეზე, მათ შორის, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე წელს საკმაოდ კარგი პოზიციები მოვიპოვეთ. პალატის პრეზიდენტი- გიორგი პერტაია აირჩიეს ევროპალატისა და მსოფლიო პალატების ფედერაციის დირექტორთა საბჭოში და ეს 2024-ში პრაქტიკულ შედეგებზე აისახება.
მდგრადი განვითარების კუთხით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, რათა ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი და პოპულარული გავხადოთ, რამაც, თავის მხრივ, უნდა შექმნას უკეთესი სამუშაო გარემო და წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ ზრდაში. ბიზნესების გაციფრულების მხრივ ვფიქრობთ ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი.
გლობალურ დონეზე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ევროპალატისა და მსოფლიო პალატების ფედერაციის დონეზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა და განახლებადი ენერგია.

გააზიარე: