მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის ელჩი- წყალქვეშა რესურსები

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე

რას გულისხმობს ზღვის რესურსების კონსერვაცია და მათი მუდმივი გამოყენება განვითარებისთვის? 

ეს თავისთავად გამომდინარეობს სახელწოდებიდანაც,  თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ზღვის და ოკეანის რესურსებზე. მათ შორის, საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილიც. 

თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რესურსები ულევი არ არის, ყველაფერს დასასრული აქვს, თუ ამ რესურსებს ისე არ გამოიყენებენ, როგორც საჭიროა. 

რესურსებს თან უნდა მოყვებოდეს შესწავლა, შეფასება, სხვა კვლევები, სხვა შემთხვევაში, ეს რესურსები გაქრება. რესურსების გაქრობა გამოიწვევს დიდ კატასტროფებს, იმიტომ, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ ოკეანის და ზღვის რესურსების, არა მხოლოდ როგორც საკვების მოხმარებაზე, არამედ ისეთ მნიშვნელოვან რესურსზე, როგორიც ჟანგბადია. 

როდესაც ეკოსისტემა ნადგურდება, ის ნადგურდება ყველა კომპონენტში, შესაბამისად, ის შეამცირებს  და შესაძლოა, საერთოდ შეწყვიტოს ჟანგბადის გამოყოფა. აი, ამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსებს. წყლის რესურსების გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის გულისხმობს იმას, რომ გამოყენება მოხდეს, მაგრამ მოხდეს ისე, რომ ეს რესურსები არ შემცირდეს. 

რა მდგომარეობაა საქართველოში წყალქვეშა რესურსების მდგრად მოხმარებასთან დაკავშირებით? მე-14 მიზნის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თევზჭერის ეფექტური რეგულირება. ამ კუთხით რა გამოწვევები გვაქვს ჩვენს ქვეყანაში? 

გამოწვევები ბევრია, რადგან საქართველოს შავი ზღვის ნაწილი მნიშვნელოვანია, როგორც თევზის მოპოვების ტერიტორია. განსაკუთრებით, ზამთარში, თევზის გამოყენება იზრდება და შესაბამისად, ინტერესიც დიდია. ამიტომაა, შავი ზღვის რესურსზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც და შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ რესურსები, თავისთავად, საფრთხის წინაშე იმყოფება. 

ამიტომ, თუ ამ რესურსების მოხმარებას თან არ მოჰყვა საფუძვლიანი კვლევა, თუ რა ხდება და როგორ ხდება შავ ზღვაში, შესაძლოა, თევზის რესურსი მნიშვნელოვნად შემცირდეს. 

აქ საუბარია, ძირითადად, ქაფშიაზე – თევზის ძირითადი რესურსი ეს გახლავთ. თევზის გარდა, ზღვას კიდევ უამრავი სხვადასხვა რესურსი აქვს, მათ შორის, ზღვის უხერხემლოები, ანუ მოლუსკები, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია. ამას გარდა, არის არა გამოყენებადი რესურსი, ანუ, არ იჭმევა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, თუნდაც,  ზღვის სხვა ცხოველების ან თუნდაც, წყალქვეშა ლანდშაფტების გამოყენება ტურიზმის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ზღვის ძუძუმწოვრებს, შავ ზღვაში მხოლოდ სამი სახეობაა გავრცელებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია მათი დაცვისათვის, პირიქით :  მათი რიცხოვნობა ზამთარში, საქართველოს ტერიტორიებთან, საკმაოდ იმატებს, რაც მიუთითებს საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიის დიდ მნიშვნელობაზე. შავი ზღვა მეტად თავისებური წყალსატევია, ე.წ. მერომიქტული ანუ დაყოფილია ვერტიკალუტ ფენებად,  და ანოქსიური, რაც ნიშნავს რომ აქ  ჟანგბადის ნაკლებობაა – 200 მეტრის ქვეშ შავ ზღვაში სიცოცხლე არ არის. უფრო სწორად, სხვა ტიპის სიცოცხლეა – ეს არის გოგირდოვანი ბაქტერიები, იქ არის გოგირდწყალბადის დიდი რაოდენობა და ამიტომ ცოცხალი სამყაროს წარმომადგენლების გამოყენებამ 200 მეტრიან, ე.წ. ნერიტული ზონის ცუდად გამოყენებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ქვედა გოგირდწალბადოვანი დიდი ფენის ამოწევა ზედაპირისკენ, რამაც უკვე შეიძლება, გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს. 

თქვენ ისაუბრეთ საქართველოს პასუხისმგებლობაზე, რაც აქვს, მათ შორის,  საერთაშორისო საზოგადოების მიმართაც. ვისი პასუხისმგებლობაა კონკრეტულად წყალქვეშა რესურსებზე ზრუნვა, მათი განვითარება? 

ეს არის ყველას პასუხისმგებლობა – ქვეყნის, ბიზნეს სექტორის. მრეწველობა ბიზნესთანაა დაკავშირებული, თუმცა, არის ბიზნესის ისეთი მიმართულება, რომელიც არ არის ასეთ გამოყენებად რესურსებზე ორიენტირებული. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, წყალქვეშა ტურიზმის განვითარება. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში პოპულარულია ე.წ. დელფინების სათვალთვალოდ სიარული. ესეც ბიზნეს მიმართულებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან განვითარებული არ არის. წყალქვეშა ტურიზმის მხრივ, შავი ზღვა არ არის ისეთი წარმტაცი, როგორც, მაგალითად, წითელი ზღვა, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი „მომზადებული და შეფუთული“, საკმაოდ საინტერესო სანახაობა შეიძლება იყოს. 

სახელმწიფო რეგულაციები არსებობს, მთავარია ამ რეგულაციების მიყოლა. ასევე არის ბევრი კონვენცია, რომელიც, ვალდებულები ვართ, დავიცვათ. გარდა ამისა, ეს არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მოეპყროს ზღვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ვერანაირი კონვენცია ან სახელმწიფო სამსახური ვერ დაიცავს ადამიანის მიერ თითქოსდა უვნებელ საქმიანობას, შეიძლება, დიდი და ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და ცუდად დამთავრდეს. 

საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს პლასტიკით მდინარეების და ზღვის დაბინძურება. რა ზიანს აყენებს პლასტიკით დაბინძურება წყალქვეშა რესურსებს? 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს მსოფლიო წინაშეა, სწორედ პლასტიკით დაბინძურებაა. პლასტიკი საკმაოდ მდგრადი მასალაა, რომლის დაშლასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, ნებისმიერ მდინარეში ჩაგდებული პლასტიკის ბოთლი აუცილებლად მოხვდება შავ ზღვაში. ერთი მხარეა, რომ ეს დაბინძურება თავისთავად, ვიზუალურადაც ცუდად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რადგან პლასტიკის ბოთლები ქიმიურ დაბინძურებაზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს ზღვის ცხოველებისთვის. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება გაიხლართონ, რაც გამოიწვევს მათ დაღუპვას და ეს შეიძლება, მოხდეს საკმაოდ იშვიათ სახეობებზე. ცელოფნის პარკი, რომელიც ზღვაში ხვდება, დელფინს, რომელიც  განვითარებული და ინტელექტუალური ცხოველია, ხშირად მედუზაში ერევა და  შეიძლება გადაყლაპოს – ეს მისთვის სასიკვდილო იქნება. ასე რომ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ გადაგდებულ თითოეულ პლასტმასის ან პლასტიკის ნივთს შეუძლია, დიდი  ზიანი მიაყენოს ცოცხალ არსებას. ამიტომ, ეს ეს გახლავთ ერთ-ერთი უფრო ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც გათვალისწინებულია, ერთის მხრივ, ბიომრავალფეროვნების კონვენციაში და მეორეს მხრივ, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ვეშაპისნაირებთა დაცვის საერთაშორისო შეთანხმებაში, სადაც ნაგვით დაბინძურების შესახებ სპეციალური ქმედებებიც არის განსაზღვრული. ეს ძალიან დიდი რისკი და საფრთხეა. 

მნიშვნელოვანია,  ამ მიმართულებით ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება. როგორ მუშაობს თბილისის ზოოპარკი ცნობიერების ამაღლებაზე და როგორ უწყობს ხელს წყალქვეშა ცხოვრების ბიომრავალფეროვნების განვითარებას? 

თბილისის ზოოპარკში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მუშაობს სკოლის მოსწავლეებთან და არა მარტო მათთან. აქ ერთ-ერთი საკითხი სწორედ ზღვის მრავალფეროვნებაა. გარდა ამისა, თავად ზოოპარკი, ილიას უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობს საზღვაო კვლევებში.  ჩვენი ძირითადი მიმართულება გახლავთ ვეშაპისნაირთა  და წყალქვეშა ჰაბიტატების შესწავლა, რაზეც საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ.  

მნიშვნელოვანია, კარგად დავინახოთ ბიზნესის როლი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში, წყალქვეშა ცხოვრების, ზოგადად, წყალქვეშა რესურსების მიზნის – მე-14 მიზნის მიღწევაში. რა როლი აქვს ბიზნესს და რა რეკომენდაცია გექნებათ ბიზნეს სექტორთან? 

ბიზნესის როლი, რა თქმა უნდა,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რეწვა და სხვა ძირითადი საფრთხეები ბიზნესთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ პრობლემის გადაწყვეტაში სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ალბათ, უნდა მოხდეს გარკვეული საკითხების – როგორსაც მოგება მოაქვს, მაგრამ, ამავდროულად, ზიანის მომტანია გარემოსთვის, ჩანაცვლება იმით, რომელიც ნაკლებად საზიანოა. ნებისმიერი რამის გაკეთება შესაძლებელია, თუ ეს გარკვეულ ჩარჩოებში, გარკვეული რეგულაციების ქვეშ იქნება მოქცეული. 

მაგალითად, შავ ზღვაშიც და მსოფლიოშიც არსებობს თევზის ფერმები. ერთის მხრივ, ეს თითქოს ხელს უწყობს ადგილობრივი რესურსების შენარჩუნებას – ეს ასეცაა, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, თუ რომელი თევზი იქნება გამრავლებული. 

ხშირ შემთხვევაში, არ ესმით, რომუნდა გაამრავლონ ადგილობრივი სახეობები და არაინვაზიური ან უცხო სახეობები, რადგან ადგილობრივი რესურსები გაცილებით მომგებიანი იქნება მათთვის, იმიტომ, რომ ეს არის მათი სასიცოცხლო გარემო და ამავე დროს, ხელს შეუწყობენ იშვიათი სახეობების აღდგენას. მაგალითად, შავი ზღვის ორაგული, შავი ხამანწკები, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობებია , მაგრამ, ამავდროულად, კომერციულად ძალიან მნიშვნელოვანი სახეობაა. სწორედ ეს სფერო იქნება მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი ბიზნესსა და კონსერვაციას შორის. ასე რომ, ბიზნესს ძალიან დიდი როლი შეუძლია შეასრულოს კონსერვაციაში. 

წყალქვეშა რესურსები, შეიძლება, გახდეს ჩვენი, ადამიანების, ძირითადი რესურსი მომავალი პერიოდის განმავლობაში.

გააზიარე: