მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის ელჩი – დედამიწის ეკოსისტემები

ბიოლოგი და Seed საქართველოს დამფუძნებელი, ლევან ბუთხუზი

რას გულისხმობს მე-15 მიზანი – დედამიწის ეკოსისტემების დაცვა და მათი მდგრადობის შენარჩუნება? როგორ შეიძლება, ამას მივაღწიოთ მსოფლიოში? 

აქ საკვანძოა ფრაზა „მდგრადობის შენარჩუნება“, ანუ რესურსების მდგრადი გამოყენებაა. რადგან შენარჩუნება და გამოყენება მართვას გულისხმობს, ლოგიკურია, რომ საქმე გვაქვს მე-15 მიზანთან. ანუ ეკოსისტემების სწორ მენეჯმენტთან. ხოლო, როდესაც ეკოსისტემებზეა საუბარი, ჩვენ გეოგრაფიულ სარტყელში მცხოვრებ ადამიანს პირველ რიგში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ხმელეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი – ტყის ეკოსისტემა და მისი უწესო (არამდგრადი) მართვის შედეგად გამოწეული პრობლემა გვახსენდება.

არსებობს პრობლემის მეორე ნაწილიც, რომელიც გაუდაბნოების პროცესითაა გამოწვეული და  მთელ მსოფლიოს სატკივარია საქართველოს ჩათვლით. გაუდაბნოება განსაკუთრებით თვალში საცემია ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც არიდული და ნახევრად არიდული ეკოსისტემებია.  უნდა აღვნიშნო, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები და დავით გარეჯი ერთიანი უნიკალური ეკოსისტემაა და სამწუხაროდ, სწორედ იქ მიდის გაუდაბნოების პროცესი. ნიადაგის დეგრადაცია შეუქცევადი რომ არ გახდეს, არსებითად მნიშვნელოვანია მისი სწორი მენეჯმენტი. სწორედ ეს არის ის ძირითადი პრობლემები და მე-15 მიზანი სწორედ ამ საკითხების მოგვარებისკენ არის მომართული. და ისმის ბანალური კითხვა – რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? სიცოცხლეს რამდენიმე სინონიმი აქვს. „ბიო“ არის ცოცხალი და ბიომრავალფეროვნება არის მრავალფეროვანი სიცოცხლის სინონიმი. სადაც არ არსებობს ბიომრავალფეროვნება, იქ არ არსებობს მრავალფეროვანი სიცოცხლე. ხოლო სადაც არ არის „ბიო“, იქ არ არის სიცოცხლე. 

რა გამოწვევებია საქართველოში დედამიწის ეკოსისტემების მდგრადი მართვის მიმართულებით? 

სხვადასხვა ეპოქაში ადამიანი სხვადასხვაგვარად ზემოქმედებდა ბუნებაზე და, ბუნებრივია, გავლენაც სხვადასხვაგვარი იყო და არის. ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა წიაღისეულის არასწორი ფორმით მოპოვებაა. მაგალითად, ღია კარიერების უმსგავსო მეთოდი ან ოქროს მსოფლიოში ბევრგან გავრცელებული სრულიად უწესო გზით მოპოვება სხვა პრობლემებთან ერთად დიდ საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებასაც (მათ შორის ცხადია ტყესაც). ეს კი ხანდახან ძნელად შექცევადი ნეგატიურ პროცესების მიზეზია. 

არანაკლები პრობლემაა მყისიერ მოგებაზე ან ფსევდო-მოგებაზე გათვლილი ინდუსტრიული მშენებლობები. მაგალითად, უზარმაზარი ტრასები, გიგანტური ჰესები და კაშხლები. გასაგებია, რომ ადამიანს ეკონომიკური განვითარებისთვის გარკვეული ეკონომიკური პროექტები სჭირდება, მაგრამ მდგრადი განვითარების კონცეფცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ დაზიანდეს ბუნება და მან ხანგრძლივად შეძლოს ჩვენთვის სარგებლის (მათ შორის ფინანსური მოგების) მოცემა. 

ზოგადად, მეგა პროექტები უნდა იყოს სერიოზული სკრუტინიზაციის საგანი და „წარბაწეული“ დაკვირვება უნდა მიმდინარეობდეს იმ გამადიდებელი შუშის ქვეშ, რასაც მდგრადი განვითარების მომხრეები გარემოზე ზემოქმედების შეფასებას უწოდებენ. 

ასევე, არის მესამე პრობლემა – არასწორი, არამდგრადი სოფლის მეურნეობა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ცხოველთა მეურნეობაზე, რომელიც, თუ არასწორადაა დაგეგმილი და დანერგილი, აუცილებლად იწვევს ნიადაგის სერიოზულ დეგრადაციას. ეს კი ხშირად გაუდაბნოების მძიმე პროცესის დასაწყისია. 

ქალაქის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული ბიომრავალფეროვნება. დათვალეთ რამდენი „მწვანე კუნძული“ დაგვრჩა თბილისში? პრაქტიკულად არცერთი. რაც არის, ის ქალაქის ფართობთან შედარებით ზღვაში წვეთია. ამიტომ ვამბობ, რომ პრაქტიკულად არ გვაქვს-თქო. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ უპასუხისმგებლო ბიზნესი უპასუხისმგებლო სახელმწიფოს მხარდაჭერით იჭრება მწვანე არეალებში და იქ ინერგება ხან ინდუსტრიული ხან კი სხვა სახის დეველოპერული პროექტები. უცნაური ისაა, რომ ესეთი პროექტები არამარტო აზიანებს ქალაქის „მწვანე კუნძულებს“ არამედ ხშირად კონტრპროდუქტიულია თავად ბიზნესისთვის. 

ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა კანონის აღსრულებას ეხება. ის ეფექტური სახით არ გვაქვს საქართველოში. ყბადაღებული გაუმართავი სასამართლო ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალნათელი გამოხატულებაა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შესაძლოა უხარისხო განათლება და დაბალი ცნობიერების დონე იყოს. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ე. წ. ერუდიციას (ბევრი წიგნის წაკითხვას). პირველ რიგში ვგულისხმობ ისეთი ადამიანების არასაკმარის რაოდენობას, რომლებსაც კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები არ აქვთ უხარისხო განათლების გამო. 

“თითოეული ჯანსაღი ხმა თუ გაერთიანდება პატარა თემში, პატარა ჯგუფში ან პატარა ბიზნეს გუნდში მაშინ ეს ყველაფერი ერთი სახელმწიფოს ჯანსაღ და ხმამაღალ ხმად იქცევა. აი მაშინ კი ყველაფერს შევძლებთ. მაშინ კი ვერავინ მოგვერევა!”

რა არის ამ გამოწვევების გადაჭრის გზები? ვინ არის პასუხისმგებელი? 

არ შეიძლება, ვინმე ერთი მხარე იყოს პასუხისმგებელი, რადგან არსებული პრობლემები ძალიან კომპლექსურია. მექანიკურად (პირობითად) რომ გავყოთ, არის ორი მხარე: ერთის მხრივ ესაა ადამიანი, ინდივიდი, მოქალაქე და მეორეს მხრივ სახელმწიფო, რომელსაც მთავრობა განასახიერებს. ყველაფერი იწყება მოქალაქეების პასუხისმგებლობით. ყველაფერი შემდეგი კი ე. წ. ზედნაშენია. ადამიანები ვქმნით თემს ჩვენს სოფელში, ჩვენს უბანში, ჩვენს ქალაქში. ეს თემები შემდეგ გადადის უფრო დიდ პოპულაციებში. იქმნება საზოგადოებები და სახელმწიფოები. ანუ, სანამ სახელმწიფომდე და მთავრობის პასუხისმგებლობამდე მივალთ, ინდივიდის პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ. განათლება და კრიტიკული აზროვნება ვახსენეთ. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ მოსახლეობის მინიმუმ 30-40 % მაინც კარგი განათლებას იღებდეს, რაც მათ წარმოდგენებს და მიმართებებს სწორ ღირებულებებზე აყრდნობს. თუ ეს მინიმუმი უზრუნველყოფილია, მაშინ შედარებით მოკლე დროში სწორი ღირებულებების კულტივაციის მეტი შანსია. ასეთი საზოგადოება კი აუცილებლად აირჩევს პასუხისმგებლიან მთავრობას. პასუხისმგებლიანი მთავრობა კი ეცდება შექმნას ყველა პირობას, რომ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა. 

“ჩემი პრინციპული ფილოსოფიაა, რომ  ბიზნესთან პატარა პარტნიორული პროექტებითაც კი შეიძლება დიდი შედეგები მივიღოთ.”

თუ ხედავთ დღეს საქართველოში პარტნიორულ ძალისხმევას მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის მისაღწევად და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევას მეტად შევუწყოთ ხელი? თქვენი ორგანიზაცია „SEED საქართველო“ როგორ უწყობს ხელს ამ მიზნის შესრულებას და მათ შორის, სხვადასხვა სექტორს შორის პარტნიორობას? 

ჩემი აზრით, ჯერჯერობით ამ მიზნის მიღწევის მხოლოდ ჩანასახები ჩანს. მარტო ჩემი ორგანიზაციის მსგავსი ინსტიტუციები  ვერაფერს შევცვლით. ასევე ვერაფერს შეცვლის ცალკე აღებული მედია თუ ცალკე აღებული ბიზნეს სექტორი. ამის გაცნობიერების გამო „SEED საქართველომ“ თავის საქმიანობისთვის განათლება, ანუ ის სფერო აირჩია, რაც მაქსიმალურად ყველა მოთამაშეს აერთიანებს.  მიგვაჩნია, რომ ბეჭდური მედიის დღემდე აქტუალურობის მიუხედავად 21-ე საუკუნე მაინც ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის დასაწყისია. ტელევიზია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვიტყვი, რომ ძალიან დაკნინდა, მაგრამ მომავალი თაობა უკვე თითქმის სრულად გადავიდა „გაჯეტებზე“. შესაბამისად, სოციალურმა ქსელებმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, „SEED საქართველო“ ცდილობს უფრო მეტად იაქტიუროს სოციალურ ქსელებში. ჩვენ უარი ვთქვით „პრინტზე“ არა მარტო გარემოს დაცვითი მიზეზით, არამედ იმიტომაც რომ ჩვენი სამიზნე აუდიტორია ინფორმაციას უფრო მეტად სოციალური ქსელებიდან იღებს. ამიტომ მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვითი იდეების ეფექტურ რეკლამირებას სწორედ ამ კუთხით ვახორციელებთ. რას ვაკეთებთ ბიზნესთან ერთად? ჩემი პრინციპული ფილოსოფიაა, რომ  ბიზნესთან პატარა პარტნიორული პროექტებითაც კი შეიძლება დიდი შედეგები მივიღოთ. ასეთ პროექტებში ბიზნესი მკაფიოდ ხედავს ხოლმე, რომ პასუხისმგებლიანობა ძალიან მომგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში და უფრო თვალნათელი ხდება ბრძნული გამოთქმა, რომ „დღევანდელ კვერცხს ყოველთვის სჯობს ხვალინდელი ქათამი“

რას ურჩევდით  ბიზნეს სექტორს – როგორ შეიძლება, რომ მათ ხელი შეუწყონ დედამიწის ეკოსისტემების მდგრადობას, ბიომრავალფეროვნებას საქართველოში? რატომ აკეთებს ადამიანი ბიზნესს? იმისთვის, რომ გამდიდრდეს და მას თუ მის ოჯახს ჰქონდეს კეთილდღეობა. ადამიანები ცდილობენ რომ დოვლათი დააგროვონ და მათმა შვილებმა მიიღონ კარგი განათლება. მთელი ეს პროცესი  ქმნის ბევრ და ხარისხიან სამუშაო ადგილს და იწყება სპირალური აღმასვლა. ანუ, ყველამ ვიცით, რომ მომავალში ინვესტირება ბრძნული მიდგომაა. ბიზნესში მდგრადი განვითარების პრინციპებით ხელმძღვანელობა კვერცხის მომტან ერთადერთ ქათამს არ კლავს. ის იმ „ხვალინდელ ქათამს“ უფრთხილდება, რომელსაც დღესაც მოაქვს კვერცხი და საბოლოო ჯამში ორივე გიგროვდება – ეზოში ბევრი ქათამი და კალათაში ბევრი კვერცხი. ბოლო-ბოლო უნდა ვაღიაროთ, რომ მდგრადი სახელმწიფო მდგრად ბიზნესზე დგას. ჩემი აზრით, თუ 21-ე საუკუნეში გინდა რომ იყო სერიოზული ბიზნესის პატრონი, რომელიც პატივსაცემია საერთაშორისო მასშტაბით, უნდა გაითვალისწინო პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე, სათვალავში ჩააგდო ხვალინდელი დღე და იფიქრო გრძელვადიანობაზე.  ყველა ბიზნესმენმა იცის, რომ საჭიროა რეინვესტირება და განვითარება. ამავე დროს ყველას უნდა რომ რესურსი იყოს ამოუწურავი. იმისთვის რომ რესურსი ამოუწურავი იყოს მასთან ფრთხილი და გააზრებული ურთიერთობაა საჭირო. პირველი – ამ „ზეციურ საქართველოს“ ამქვეყნად რომ მივაღწიოთ სახელმწიფომ დაუნდობელი ომი უნდა გამოუცხადოს გაუნათლებლობას. ამის გარეშე შემდგარი სახელმწიფო ვერ გვექნება. მეორე – მივმართავდი ინდივიდებს და მათ შორის, საკუთარ თავსაც:  ერთმა ადამიანმა უნდა იგრძნოს რომ მას შეუძლია შეცვალოს სამყარო და რომ მის ერთ ხმას არსებითი მნიშვნელობა აქვს. თითოეული ჯანსაღი ხმა თუ გაერთიანდება პატარა თემში, პატარა ჯგუფში ან პატარა ბიზნეს გუნდში მაშინ ეს ყველაფერი ერთი სახელმწიფოს ჯანსაღ და ხმამაღალ ხმად იქცევა. აი მაშინ კი ყველაფერს შევძლებთ. მაშინ კი ვერავინ მოგვერევა!

გააზიარე: