მდგრადი განვითარების მიზნების ელჩები
2015 წლის 25 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყანა შეთანხმდა დოკუმენტზე – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა“.
ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით.
ზემოაღნიშნული შეთანხმების თანახმად, რეზოლუციის ხელმომწერმა თითოეულმა ქვეყანამ, 2030 წლამდე, მდგრადი განვითარების 17 მიზნის მისაღწევად, რეფორმები უნდა განახორციელოს.
საქართველომ დასახული მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების განხორციელების სურვილი იმავე წელს გამოთქვა და 2017 წელს ეროვნულ პრიორიტეტებადაც გამოაცხადა.
ქვეყანაში გაეროს გლობალური შეთანხმების პოპულარიზაციისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშესაწყობად, აქტიურად მუშაობს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, რომელიც ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისთან (GCO).
ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით, ორგანიზაცია, ქვეყნის დონეზე, ეხმარება ინიციატივის დამკვიდრებას სხვადასხვა ეროვნულ, კულტურულ და ენობრივ კონტექსტში.
საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების გაზრდისა და ქვეყანაში 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური მიღწევის ხელშესაწყობად, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თანამშრომლობით, სატელევიზიო პროექტი – „SDG ელჩები“ მოამზადა.
„2015 წელს გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მიიღეს, რომლის შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა. აღნიშნული დღის წესრიგი ხუთ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა, ესენია: ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა და პარტნიორობა. აღნიშნული მიზნების შესასრულებლად, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის როლი და ჩვენი რუბრიკაც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. ჩვენი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ანუ, მდგრადი განვითარების მიზნების ელჩები, საუბრობენ, თუ როგორ შეაქვთ წვლილი თავიანთი საქმიანობით თითოეული მიზნის შესრულებაში“ – ამბობს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი.
– ამბობს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
სალომე ზურაბიშვილი
სატელევიზიო პროექტისთვის მდგრადი განვითარების მიზნების 17 ელჩი შეირჩა. ე.წ. SDG ელჩები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროსა და პროფესიას, საკუთარი საქმიანობით მხარს უჭერენ გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
რუბრიკის ფარგლებში, SDG ელჩებმა საზოგადოებას თითოეული მიზნის შესრულებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს.
პროექტის ფარგლებში SDG ელჩები იყვნენ :
SDG1: სიღარიბის აღმოფხვრა – კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი, კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
SDG2: შიმშილის აღმოფხვრა – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე
SDG3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ანატოლი ბოისა
SDG4: ხარისხიანი განათლება – მწერალი დათო ტურაშვილი
SDG5: გენდერული თანასწორობა – საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე
SDG6: სუფთა წყალი და სანიტარია – ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი
SDG7: ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია – საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი
SDG8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
SDG9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – Pulsar.AI-ის თანადამფუძნებელი და Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი, სოფო ჭყოიძე
SDG10: შემცირებული უთანასწორობა – საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, ეკა სხილაძე
SDG11: მდგრადი ქალაქები და დასახლებები– იაპონიის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აკირა იმამურა
SDG12: მდგრადი მოხმარება და წარმოება – კომპანია „ფაბერის“ თანადამფუძნებელი, ანანო დოლაბერიძე
SDG13: კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები – შვედეთის სამეფოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი
SDG14: ოკეანისა და ზღვის რესურსები – თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე
SDG15: დედამიწის ეკოსისტემები– ბიოლოგი, SEED საქართველოს დამფუძნებელი, ლევან ბუთხუზი
SDG16: მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები – ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა
SDG17: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად – USAID-ის კერძო სექტორთან თანამშრომლობის უფროსი მრჩეველი, ბევერლი ჰუვერი.
თითოეული ინტერვიუს ქრონომეტრაჟი, დაახლოებით, 16 წუთია. ინტერვიუს განმავლობაში, რუბრიკის წამყვანი, სალომე ზურაბიშვილი რესპონდენტებს მდგრადი განვითარების თემატურ მიზანის ირგვლივ შეკითხვებს უსვამს. SDG ელჩების რუბრიკის პირველი ეპიზოდი 2022 წლის სექტემბერში გავიდა ეთერში, ხოლო ბოლო – 2023 წლის იანვარში.