საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველო უკვე მეოთხედ დაასახელა უპირობო ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის შეფასებისას. აღნიშნული კვლევა 2012 წლიდან ტარდება და აფასებს ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმოების მხარდამჭერი პოლიტიკის შესაბამისობას „ევროპის მცირე ბიზნესის აქტთან.“ კვლევა კომპლექსურია და სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ბაზარზე წვდომას, ინოვაციებსა და ბიზნესის ხელშეწყობას.
რა დატვირთვა აქვს ამ კვლევას ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული სისტემური რეფორმების ფონზე, არის თუ არა ის გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი საუბრობს.
რა მახასიათებლებმა განაპირობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევაში საქართველოს ლიდერობა? თუ შეიძლება, დაგვისახელეთ ის მთავარი მიმართულებები, რომლითაც OECD-მ ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებს შორის გამოარჩია.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის ეფექტიანი და მიმართულია სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.
როგორც იცით, კვლევა კომპლექსურია და სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს“ 4 წელიწადში ერთხელ აფასებს. შეფასება მოიცავს ქვეყნებში 5 მნიშვნელოვან სფეროს. ესენია: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა. აღნიშნული, თავის მხრივ, იშლება 12 მიმართულებად, რომელთაგან საქართველო ლიდერობს 11-ში ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ამ კვლევით OECD აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს აფასებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკის „ევროპის მცირე ბიზნესის აქტთან“ (Small Business Act for Europe) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი-2024“ აღნიშნულია, რომ „პოსტ COVID-ის სწრაფი ეკონომიკური აღდგენით, გლობალურად არის აღიარებული საქართველოს მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი და ბიზნეს გარემო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მარტივი რეგისტრაციით, ელექტრონული მმართველობის სერვისების გაფართოებით, ფინანსებზე გამარტივებული წვდომით და RIA-ს უფრო სისტემური გამოყენებით.“
აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მიღწევა არ არის ერთი და ორი დღის მუშაობის შედეგი. კვლევა 2012 წლიდან ტარდება. ამდენად, საქართველოს წარმატება არის შედეგი თანმიმდევრული და სისტემური მიდგომისა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს. 2015 წელს ჩვენ შევიმუშავეთ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი სტრატეგია (2016-2020 წწ.), რომელიც წარმატებით განვახორციელეთ. დღეს უკვე მოქმედებს მეორე სტრატეგია 2021 – 2025 წლებისთვის, რომელიც პირველი სტრატეგიის მსგავსად ითვალისწინებს და ეფუძნება ევროპის მცირე ბიზნესის აქტის ძირითად პრინციპებს.
ამის გარდა, მთავრობის მიერ 2022 წელს დამტკიცებულ იქნა 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის კუთხით დამატებითი ინსტრუმენტების გაჩენა. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი უკვე 2022 წლის ბოლოს გამოვიყენეთ, როდესაც სახელმწიფომ განახორციელა ინვესტირება პირველი ვენჩერული კაპიტალის საინვესტიციო ფონდში, რომელსაც სილიკონ ველის ერთ-ერთ ყველაზე რეპუტაციული აქტივების მმართველი მართავს.
ვფიქრობ, სწორედ ჩვენი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების თანხვედრა ევროპული მცირე ბიზნესის აქტთან და მათი თანმიმდევრული განხორციელება განაპირობებს ჩვენს წარმატებას, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე. კერძოდ, 2015 წლიდან 2022 წლამდე მცირე და საშუალო სექტორის გამოშვება გაორმაგდა; 23 პროცენტით გაიზარდა მცირე და საშუალო სექტორის პროდუქტიულობა; 38 პროცენტიდან თითქმის 50 პროცენტამდე არის გაზრდილი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების წილი მთლიან კორპორატიულ სასესხო პორტფელში და სხვ.
მსგავსი კვლევების მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. რომელ მათგანს ჩამოთვლიდით, რომლებმაც გავლენა მოახდინეს OECD – ის კვლევის ამ შედეგზე?
უნდა აღინიშნოს, რომ OECD-ის კვლევა წარმოადგენს კომპლექსურ შეფასებას, რომელშიც დადებითადაა შეფასებული ქვეყანაში არაერთი მიმართულებით განხორციელებული რეფორმები/ღონისძიებები და ხაზგასმით არის აღნიშნული მათი მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა. მათ შორის შესაძლოა გამოვყოთ გადახდისუუნარობის კუთხით განხორციელებული რეფორმა, დავების ალტერნატიული გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით გატარებული რეფორმა, პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც ამ სფეროს მართვის ახალი მოდელის დანერგვასა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით პროფესიული განათლების მართვას გულისხმობს. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების გავლენის მონიტორინგისა და ანალიზის მექანიზმის დანერგვა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო საგარანტიო ეროვნული სქემის ხელახალი გაშვება/გაფართოების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და სხვა.
ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხი არის ერთ-ერთი გამოწვევა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. რა ნაბიჯებს დგამთ ამ გამოწვევის დასაძლევად?
რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვხედავთ გამოწვევებსაც. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით გაუმჯობესება სახეზეა, ეს საკითხი კვლავ რჩება გამოწვევად. შესაბამისად, 2024 წლიდან სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაიწყებს კაპიტალის ბაზრის ალტერნატიული ინსტრუმენტების შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი იქნება ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში კომპანიები საბანკო ინსტრუმენტების გარდა შეძლებენ საჭირო ფინანსები არასაბანკო/ალტერნატიული ინსტრუმენტების საშუალებითაც მოიზიდონ. აგრეთვე ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს კერძო კაპიტალის ე.წ. Private Equity Growth Fund საინვესტიციო ფონდი გავაჩინოთ ბაზარზე, რომლის პოლიტიკაც ზუსტად მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდაზე იქნება მორგებული. მაშინ, როდესაც აღნიშნული ორი პროგრამა კომპანიებისათვის გრძელვადიანი კაპიტალის მობილიზებას შეუწყობს ხელს, კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მოკლევადიან, საოპერაციო კაპიტალზე მორგებული ინსტრუმენტების საჭიროებაც – ამ მიმართულებით ასევე 2024 წელს წარვადგენთ პარლამენტში კანონპროექტს ფაქტორინგის შესახებ და ასევე აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ბაზრის განვითარებას საქართველოში.
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზემოხსენებული მექანიზმების ამოქმედება ქვეყანაში ფინანსური განათლების გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
პარალელურად ვაგრძელებთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამების გაუმჯობესებას. როგორც იცით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელთა განახლებასა და სრულყოფაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. სააგენტოს უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს შემდეგი მექანიზმებით:
სესხის პროცენტის თანადაფინანსება – სააგენტო მეწარმე სუბიექტისთვის ახორციელებს დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის სრული ვადით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) ოდენობით;
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი – ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, სააგენტო უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის გაცემას კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა – ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებული ბიზნესის გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, სააგენტო უზრუნველყოფს მიკრო მეწარმეებისთვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30,000 ლარის ოდენობით.
OECD – ის კვლევა დადებითი გზავნილია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული პირებისთვის. რა სარგებელი შეიძლება ამ მიმართულებით მოიტანოს ამ და მსგავსმა ინდექსებმა, სადაც საქართველოს ბიზნეს გარემო დადებითადაა შეფასებული?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში არაერთი სისტემური რეფორმა განხორციელდა. საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა, ბაზრის ეფექტიანობა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. სწორედ სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანმა განხორციელებამ განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.
მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება იმ ფონზე, როდესაც არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდა. სარეიტინგო კომპანიების – Fitch, S&P, Moodys’ შეფასებით, საგარეო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. ამასთან, 2023 წელს „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო 2024 წლის დასაწყისში დაადასტურა რეიტინგი “BB” დონეზე პოზიტიური პერსპექტივით. სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, რეიტინგის განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს.
ამდენად, ყველა დადებითი კვლევა, შეფასება თუ რეიტინგი საქართველოსა და მისი ბიზნეს გარემოს შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე არ ჰქონდეთ საკმარისი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის თაობაზე.
მეორე მხრივ, არც მხოლოდ დადებითი რეიტინგებია საკმარისი. აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის მუდმივი სტრუქტურული რეფორმირება, გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და შექმნის მისი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ მყარ საფუძველს.