სქროლის და ქარის ეკომეგობრული მიკრომობილობა

ქარი და სქროლი ეკომეგობრულ კომპანიებს წარმოადგენს, რომელთა ახლებური ტრანსპორტირების მეთოდი ცხოვრების თანამედროვე სტილზეა მორგებული. ქარის პროდუქტები მოიცავს ელექტრო-მოპედებსა ელექტრო მინი-მანქანებსა და ველოსიპედებს, ხოლო სქროლის პრუდუქტი – ელექტრო სკუტერებს. მათი მართვა გარემოს ზიანს არ აყენებს, არ აბინძურებს და ხმაურს არ იწვევს. გარემოს გაჯანსაღება, ტრანსპორტირების ეკომეგობრული საშუალებების პოპულარიზაცია და მათი მოხმარების გაზრდა კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიას განსაზღვრავს. 

ქარისა და სქროლის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი საუბრობს ქარის და სქროლის მდგრად მიზნებზე. 

მოგვიყევით თქვენი კომპანიისა და იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ამჟამად ახორციელებთ.

ჩვენმა კომპანიამ მუშაობა 2019 წელს კვიპროსში დაიწყო ოპერირება. ეს დაკავშირებული იყო იმ გლობალურ ტრენდთან, რომელიც ამერიკასა და ევროპაში აქტუალური გახდა. კერძოდ, ის, რომ პატარა სკუტერი შეიძლება იყოს ინდივიდუალური, კომფორტული და მწვანე ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.  

საქართველოში საქმიანობა 2020 წლის აპრილში დავიწყეთ. მერე კოვიდი დაიწყო, გაჩნდა სპეციფიკური მოთხოვნები. მნიშვნელოვანი იყო ინდივიდუალური გადაადგილების საშუალება, ნაკლები კონტაქტი გარემოსთან. კოვიდის შემდეგ კი მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ხალხი ოფისებში დაბრუნდა, გაიხსნა სამუშაო სივრცეები და, ამდენად, ახლა უფრო მეტად ქალაქში ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობაა ჩვენი მიზანი. ვეძებთ ადგილებს, სადაც ყველაზე მეტადაა ჩვენი პროდუქტის საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტი საკმაოდ აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ქალაქს ავტობუსის ზოლები ემატება, სერვისი უფრო უსაფრთხო ხდება, რაც მოხმარებლის რაოდენობასაც ზრდის. 

რა დატვირთვა და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს კორპორაციულ მდგრადობას თქვენს საქმიანობაში?

კორპორაციული მდგრადობა წამყვანი პრიორიტეტია ჩვენთვის, სწორედ  ამიტომ გავხდით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრები. ჩვენი ხედვა სრულად ემთხვევა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ ამ მიზნების მიღწევაზე საქართველოსა და იმ ქვეყნებში, სადაც ვსაქმიანობთ,  კომპანიაში შიდა დონეზეც ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ინკლუზიურები, დავიცვათ გენდერული თანასწრობის პრინციპი და ა. შ. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რომ კომპანია უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მულტინაციონალური კომპანია ვართ, ამაში ისიც გვეხმარება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებისას ბევრ ხალხთან ურთიერთობა გვიწევს და ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ მრავალფეროვნების მხარეს. მაგალითად, სქროლს ან მოპედს ქალიც ბევრი ატარებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს. ახლა ველოსიპედით გადაადგილების სერვისიც შევთავაზეთ მომხმარებლებს და გვინდა მაქსიმალურად ავამაღლოთ ცნობიერება იმის ირგვლივ, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკრეაციული ტრანსპორტი, არამედ შეიძლება იყოს ყოველდღიურობის ნაწილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში მოიხმარ, ეჩვევი, შემდეგ ყიდულობ საკუთარს და ეს ზრდის ჯამში უსაფრთხო ტრანსპორტის მოხმარებას. 

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე? 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ერთ ღონისძიებას ვესწრებოდით, სადაც საგზაო უსაფრთხოების მოწვეული ექსპერტები იყვნენ მომიჯნავე სფეროს პროფესიონალებთან ერთად. ახალი დაწყებული გქვონდა საქმე და რამდენადაც უსაფრთხოების საკითხს თავიდანვე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდით, დაგვპატიჟეს ამ ღონისძიებაზე. კარგი შეხვედრა იყო, თვალსაჩინო შედეგებით. ორგანიზაციას ახალი წევრები ემატებოდნენ, დიდი პოტენციალი დავინახეთ, საკმაოდ მსხვილი ქართული კომპანიები ყურადღებით ეკიდებოდნენ მასში გაწევრიანებას, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას უკავშირებდნენ ამ ორგანიზაციის წევრობას. ჩემთვის ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი იყო ეს დისკუსია. ამის შემდეგ მალევე გადავწყვიტეთ, რომ ორგანიზაციის წევრები ჩვენც გავმხდარიყავით.

რას ურჩევდით დამწყებ კომპანიებს, რატომ უნდა დაიწყონ საქმიანობა და დასახონ ბიზნეს სტრატეგია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით?

დღეს რომ იწყებ რაღაცას, ვფიქრობ, მდგრადობა შენი იდეის ნაწილი უნდა იყოს. იმდენი პატარ-პატარა შესაძლებლობა გაჩნდა, რომ შეგიძლია თავიდან ბოლომდე მწვანე კომპანია ააგო, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ რომელიმე ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელსაც ყველაფერი აქვს ქლაუდ ინფრასტრუქტურაში. შენ შეგიძლია აირჩიო რომელიმე პროვაიდერი, რომელიც თავიდან ბოლომდე განახლებად ენერგიაზე მუშაობს. ეს უკვე ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია შენი პატარა სტარტაპისთვის.  ჯერ ერთი, შენი გუნდის წევრები კარგად იგრძნობენ თავს, რომ ზიანს არ აყენებენ პლანეტას და ყოველდღიურ საქმინაონაში გაითავისებენ ამის შესაძლებლობას. თუნდაც ჩვენი სტარტაპი რომ ავიღოთ, ან სხვა ქართული კომპანიები, მეწარმეები ქმნიან კონკურენტების იდენტური ფასისა და ხარისხის პროდუქტს რომლის გამოყენების შემთხვევაში შენ არ დააზიანებ გარემოს, პლანეტას, სადაც ცხოვრობ. შენთვის და შენი კომპანიისთვის ეს შეიძლება გახდეს დიდი წარმატების საწინდარი, რადგან დღეს მომხმარებელი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს კომპანიის მწვანე სტრატეგიას. შეიძლება ეს სტატეგია არ იყოს ფართო, მაგრამ თუ კომპანიას ელემენტარული ნაბიჯები გადადგმული აქვს, მას ეს ყოველთვის დაუფასდება და უკან კარგად მოუბრუნდება იმ სახით, რომ ვინც ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს, ის ბევრად გრძელვადიანად იქნება შენი მომხმარებელი. ცხადია, არიან ისეთებიც, ვისაც ეს არ აინტერესებს, მაგრამ ის, ვინც შენს იდეას ჩაწვდება, გამოგყვება პრაქტიკულად ბოლომდე. ძალიან ბევრი გვყავს ისეთი ლოიალური მომხმარებელი, ვინც ჩვენს მდგრადობის პრინციპებს აფასებს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია ეს მიდგომა და შესაძლებლობა, რომ ნაკლებად ავნოს დედამიწას თავისი ყოველდღიური გადაადგილებით. 

მდგრადობის პრინციპების გაზიარება კომპანიის მიმართ სანდოობას ზრდის. როდესაც მწვანე სტრატეგიაზე ფიქრს იწყებ, მომხმარებელი, როგორც წესი, გიფასებს ამას და როცა ხედავს, რომ ამ ყველაფერზე ბევრია ნაფიქრი, ეს, ჩემი აზრით, ყოველთვის კონვერტირდება ლოიალობაში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალია საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობა მდგრადი განვითარების ირგვლივ?

ახალგაზრდებში ინფორმირებულობა საკმაოდ მაღალია, რაც ძალიან მახარებს, უფროს თაობასთან შედარებით ისინი მეტ პლატფორმას მოიხმარენ ინფორმაციის მისაღებად, სადაც ყველა ენაზე, ყველანაირი ხარისხითაა გადმოცემული რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, რა არის მისი მიზანი, მისი უპირატესობა, როგორი შეიძლება იყოს მისი ეფექტი მოკლე და გრძლევადიან პერსპექტივაში, როგორ მოქმედებს გარემოზე ეს ყველაფერი. მგონია, რომ ახალგაზრდები იოლად აღიქვამენ და აფასებენ ამ ყველაფერს, ამიტომ ჩვენი მოხმარებლებიც პრინციპში ვიტყოდი, რომ ისინი არიან. არ ვამბობ, რომ სხვა ასაკობრივ კატეგორიებში ეს არ ხდება, თუმცა უფრო ნაკლებად. ახალგაზრდებში საგრძნობია, რომ ბევრმა რამემ ერთობლივად იმუშავა, ინფორმაციის ღიაობამ – პირველ რიგში. მათ კარგად ესმით მდგრადობის არსი, სხვანაირად აფასებენ ამ მწვანე გზას.

რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი კომპანია თქვენთვის და რატომ უნდა აიღოს კერძო სექტორმა პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობით გამოწვეულ ზიანზე?

იდეალური კომპანია ჩემთვის იქნებოდა ის, რომელიც გაეროს მიერ დადგენილ მდგრადი განვითარების ყველა მიზანს ეხმიანება. საქართველოში არის ასეთი რამდენიმე დიდი კომპანია, რომლებიც თუ უკვე არ გავიდნენ ამ შედეგზე, პროცესში არიან, რომ საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყონ ამ მიზების შესრულებას. თუ გვინდა გავუფრთხილდეთ იმ პლანეტას, სადაც ვცხოვრობთ და მომავალ თაობას უკეთესი გარემო დავახვედროთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა ამ ინდუსტრიულ და პოსტ ინდუსტრულ პერიოდში, ვფიქრობ, მდგრადობის პრინციპები უალტერნატივოა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ნელ-ნელა ხდება ძველი საწარმოებისა და ქარხნების ტრანსფორმაცია, განახლებად ენერგიაზე მათ გადასვლა, რაც დაბინძურების დიდწყაროს მოსპობს. ვფიქრობ, ჩვენთან ამ ყველაფრის ტემპი მაინც  დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად ასევე გამოდგება ინდოეთი, რომელიც აქტიურად მუშაობს, რომ მწვანე ტრანსფორმაცია მოახდინოს. თუ გვინდა უკეთესი მომავალი შევუქმნათ მომავალ თაობებს, საამისოდ ერთადერთი გზა-მდრადი განვითარებაა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სქროლსა და ქარში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალია საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. ამ მომენტისთვის აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის გაფართოებაზე ქვეყნის გარეთ. ვართ გასულები უკრაინაში, კერძოდ, კიევში. სავარაუდოდ აგვისტოს თვეში კვიპროსის სამ ქალაქში დავიწყებთ საქმიანობას. პარალელურად, ცოტა ხნის წინ ვიყავით წასულები ერევანში, სომხეთში, სადაც შევისწავლეთ სიტუაცია, შევხვდით სამთავრობო და ბიზნეს წრეებს და ვფიქრობთ, რომ მალე ერევანშიც დავიწყებთ საქმიანობას. 

პარალელურად ვმუშაობთ საკუთარ პროგრამულ ურუნველყოფაზე – ერთიან ტექნოლოგიურ პლატფორმაზე, სადაც ყველა სატრანსპორტო საშუალება საერთო აპლიკაციაში იქნება თავმოყრილი. წლის ბოლოს დასრულდება ეს ფაზა. ამით ოპერატორი კომპანიიდან უფრო ტექნოლოგიური კომპანიისკენ გადავდგამთ ნაბიჯს.

გააზიარე: