UNODC-ის აქტივობები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კორუფციის აღმოსაფხვრელად

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) არალეგალური ნარკოტიკებისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ლიდერია. UNODC  ხუთი მიმართულებით მუშაობს, რომელთა შორის ერთ-ერთი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

როგორ მუშაობს UNODC კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კორუფციის აღმოსაფხვრელად, რამდენად ინტეგრირებულია კლიმატთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზაციის ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიულ გეგმებში და რომელ საუკეთესო პრაქტიკას ან ინსტრუმენტს სთავაზობს UNODC წევრ სახელმწიფოებს ენერგეტიკის სექტორშიკორუფციის თავიდან ასაცილებლად – გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს თანამშრომლები: დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულების ოფიცერი (კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში) დანიელა სოტა ვალდივია და კორუფციასთან ბრძოლის უფროსი სპეციალისტი სებასტიან პერეს მორა საუბრობენ.

დანიელა სოტა ვალდივია:

როგორ მუშაობს UNODC წევრ ქვეყნებთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმ ინსტრუმენტების გასაძლიერებლად, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციას? შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ კონკრეტული მაგალითები, სადაც აღნიშნულმა ინსტრუმენტებმა დადებითი შედეგი მოიტანა?

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) აღსრულების გარანტი, ტექნიკურ დახმარებას უწევს კონვენციაზე ხელმომწერ სახელმწიფოებს. UNODC მიიჩნევს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ნებისმიერი ინსტრუმენტის განვითარებამ, შესაძლოა,  უშუალო წვლილი შეიტანოს  კლიმატის საკითხების მოგვარებაში, რადგან კორუფცია  მრავალ სფეროს ეხება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ რეგულაციები კლიმატის საკითხებთან უშუალოდ დაკავშირებული არ არის , ისინი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, თვალყური ადევნონ ეროვნულ დონეზე ამ საკითხთან მიმართებით შეტანილ წვლილს (NDCs). UNODC-ის დახმარებით კორუფციის რისკის მართვის მექანიზმის  დანერგვის შემდეგ, კენიის ველური ბუნების დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ  2021 წელს მარტორქაზე ბრაკონიერობის მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რის შედეგადაც კენიის ველური ბუნების დაცვის სამსახურს კენიის ეროვნულ ანტიკორუფციულ ინდექსში მაღალი ქულა მიენიჭა.

კლიმატის პოლიტიკისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას შორის კომპლექსური კვეთის გათვალისწინებით, როგორ ეხმარება UNODC კლიმატის საკითხების ინტეგრირებას ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიულ გეგმაში?

უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში დისკუსია კორუფციის როლზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ქმედებებში საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს  არ იკავებდა და შესაბამისად, არ მოიაზრებოდა საკვანძო საკითხად ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავების დროს. ბოლო ორი წლის განმავლობაში UNODC მხარს უჭერს კლიმატის საკითხების ინტეგრირებას ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიულ გეგმებში და ანტიკორუფციული მოსაზრებების ინტეგრაციას NDC-ში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია მსოფლიო ბანკთან ერთად შემუშავებულ სადისკუსიო დოკუმენტში. ამჟამად ჩვენ ვაახლებთ სახელმძღვანელოს ანტიკორუფციული სტრატეგიული გეგმების შესახებ, რათა მასში შევიტანოთ სახელმძღვანელო მითითებები კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განხორციელების თაობაზე.

როგორ უწყობს ხელს UNODC ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებას? რა მნიშვნელობა აქვს დისკუსიებს, პოლიტიკის შესახებ გამართულ ბრიფინგებსა და ჩატარებულ კვლევებს წევრი ქვეყნების მხარდაჭერაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კორუფციის აღმოსაფხვრელად?

UNODC ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებებისა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ცოდნის გაღრმავებას წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს ერთობლივ ეფექტიან ძალისხმევას. მაგალითად, გასულ წელს, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მეათე სესიის ფარგლებში, UNODC-მა 11 ქვეყანასთან, 13 სამოქალაქო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაატარა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლის გახსნითი სესია ფოკუსირებული იყო კლიმატის ცვლილებასა და მწვანე ტრანზიციის პროცესის უზრუნველყოფაზე. ამგვარი დისკუსიები, პოლიტიკის საკითხებზე ჩატარებულ ბრიფინგებთან და კვლევებთან ერთად, ვფიქრობ, სამ მთავარ მიზანს ემსახურება: პირველ რიგში, ხელს უწყობს საკითხის აქტუალურობის შენარჩუნებას საერთაშორისო და ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მეორე –  ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად უზრუნველყოფს პოლიტიკის შემქმნელებისთვის მტკიცებულებების მიწოდებას. მესამე – ანტიკორუფციული მიდგომის შემუშავებისას, ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაეყრდნონ საუკეთესო პრაქტიკას და მიღებულ გაკვეთილებს, რაც, თავის მხრივ, მხარს უჭერს კლიმატის საკითხების გადაჭრას და ასახავს თითოეული ქვეყნისა და რეგიონის უნიკალურ მახასიათებლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ კორუფციასთან დაკავშირებული რისკები ხშირად ძირს უთხრის კლიმატის დაფინანსებასა და პოლიტიკის განხორციელებას, რა კონკრეტულ მიდგომებს ურჩევს UNODC კლიმატის ცვლილების მიმართ მაღალი მოწყვლადობისა და შეზღუდული ანტიკორუფციული რესურსების მქონე ქვეყნებს?

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ამ მხრივ არ არსებობს საკითხთა უნივერსალური გადაწყვეტის გზა, ან ანტიკორუფციული ზომების ერთობლიობა, რომელიც ყველა არსებულ ვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაატაროს საკუთარ უნიკალურ გარემოებებზე მორგებული ზომები – იქნება ეს კლიმატის მიმართ მოწყვლადი სახელმწიფო შეზღუდული რესურსებით, თუ მაღალი CO₂ ემისიების მქონე ქვეყანა უფრო მაღალი მდგრადობითა და რესურსებით. 1.5 გრადუსიანი მიზნის მიღწევა ნამდვილად მოითხოვს გლობალური მასშტაბის ქმედებას. იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მაღალი მოწყვლადობის დონე და განიცდიან რესურსების შეზღუდულობის პრობლემას, კორუფციის პრევენციის საკითხი გადამწყვეტია ინვესტიციების მოსაზიდად. კორუმპირებულად აღქმული ბიზნეს გარემო აფერხებს ინვესტორებს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ ემისიებთან დაკავშირებული ხარვეზების  ბოლო ანგარიშის[1] შეფასებას, რომლის მიხედვით, ნულოვანი გამონაბოლქვის დონის მიღწევას 2021-დან 2050 წლამდე დასჭირდება ყოველწლიური გლობალური ინვესტიცია 0.9-2.1 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

ქმედითი ღონისძიებები მოიცავს ინტერესთა კონფლიქტის მართვის რეგულაციების დანერგვას, განსაკუთრებით, სამთო-მოპოვებით სექტორში; ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის ხელშეწყობას; ანგარიშვალდებულების ინსტიტუტების, მაგალითად, აუდიტის ინსტიტუტის გაძლიერებას, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად, ზედამხედველობას გაუწევენ ეროვნულ კლიმატურ ვალდებულებებსა და წიაღისეული საწვავის მართვის პოლიტიკას; საჯარო შესყიდვების მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას; ნებაყოფლობითი ნახშირბადის ბაზრებისთვის მეცნიერულად დასაბუთებული და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე რეგულაციების შემუშავებას, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე დაუცველ თემებს.

კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო ცხადი ხდება ჩვენთვის. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ჩვენი პლანეტა რაღაცის თქმას ცდილობს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ, როგორც ჩანს, არ ვუსმენთ მას.” ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყოთ,  ვალდებულნი ვართ ერთად მოვუსმინოთ  და ერთად ვიმოქმედოთ.

სებასტიან პერეს მორა:

მოგვიყევით UNODC-ის ძალისხმევის შესახებ კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლაში, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკის სექტორში? რა უნიკალური გამოწვევები იჩენს თავს  განახლებად ენერგიაზე გადასვლასთან დაკავშირებით?

UNODC-ის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის ფარგლებში, პროექტი “ბიზნესი და მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ კოლუმბიაში” აერთიანებს კოლუმბიის საჯარო და კერძო სექტორებს სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით. პროექტი ფინანსდება სიმენსის კეთილსინდისიერების ინიციატივის მიერ და უკვე 2020 წლიდან ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს ენერგეტიკის სექტორში კორუფციული რისკების იდენტიფიცირებასა და შერბილებაში.  პროექტის ფარგლებში განხორციელდა რთულად მისადგომი რეგიონების შესწავლა მათ მუშაობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კორუფციული რისკების გამოსავლენად. კვლევის შედეგები და დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ პუბლიკაციაში-„ენერგეტიკის სექტორში კორუფციული რისკების მიმოხილვა ფოკუსირებული ერთმანეთთან დაუკავშირებულ რეგიონებზე[TG1] ,“ რომელიც UNODC-ის ბიზნესის კეთილსინდისიერების პორტალზე (იხილეთ ბმული)[2] ესპანურ ენაზეა ხელმისაწვდომი.  დოკუმენტი ასევე მოიცავს მეთოდოლოგიას, რომელიც შესაძლოა, მოერგოს ან განხორციელდეს სხვა კონტექსტში, ან იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს დაინტერესება  მსგავსი ძალისხმევის განხორციელების მიმართ.

აღნიშნული მიმართულებები არ არის დაკავშირებული ქვეყნის მთავარ ენერგეტიკულ ქსელთან და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, ისინი   დამოკიდებულნი არიან სუბსიდიებზე და სახელმწიფო რესურსებზე, რაც გამოწვეულია კონკურენციისა და ბაზრის შესაძლებლობების ნაკლებობით; მეორე, ამ ტერიტორიების მოშორებული მდებარეობის გამო, იქ გაწეული ენერგეტიკული მომსახურება ექცევა ბევრი რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესის გავლენის ქვეშ და ამ მხრივ, პრობლემას წარმოადგენს ენერგიის წარმოებისა და მოხმარების  შეფასება და გაზომვა; და მეოთხე-სუბსიდიებისა და საჯარო რესურსების განაწილებისთვის გამოყენებული  საინფორმაციო სისტემა და მონაცემთა ბაზა მოძველებული და ადვილად მანიპულირებადია. ეს ფაქტორები, ერთობლივად, ხელს უწყობს კორუფციული რისკების წარმოქმნას, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ მოსახლეობის ცხოვრებაზე, საჯარო რესურსებზე და გარემოზე, რადგან ამ რეგიონებში ენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს დიზელის საწვავი წარმოადგენს.

მათი უნიკალური და კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, სირთულეს წარმოადგენს იმის გაგება, თუ როგორ ფუნქციონირებენ ის რეგიონები, რომლებიც განსხვავდებიან ქვეყნის ენერგოსისტემის ზოგადი ფუნქციონირებისგან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოწყვლად თემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებში ენერგიის გენერირებისთვის მიმდინარეობს ახალი ფოტოელექტრული გადაწყვეტილებების ტესტირება და დანერგვა, გამოწვევას წარმოადგენს ამ მიზნით გამოყოფილი რესურსების სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა, რათა არ მოხდეს აღნიშნული რესურსების მითვისება და მათი ბოროტად გამოყენება კრიმინალური აქტორების მიერ.

კორუფციის თავიდან ასაცილებლად, რომელ საუკეთესო პრაქტიკას ან ინსტრუმენტს გვთავაზობს UNODC ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ენერგეტიკის განვითარება გადამწყვეტია მათი მდგრადი განვითარებისთვის?

კოლუმბიის შორეული რეგიონების ენერგეტიკის სექტორში კორუფციული რისკების ანალიზის საფუძველზე, UNODC-მ შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები: კერძო ინვესტიციების წახალისება და საქმიანობის მკაცრი რეგულირება; ამ რეგიონებში ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ხელშეწყობისკენ მიმართული სახსრების გაერთიანება და გამარტივება (სუბსიდიები გაიცემა ამ ფონდებიდან); ენერგეტიკული სერვისების პროვაიდერების შექმნის პირობების გამკაცრება; განახლებული საინფორმაციო სისტემებისა და ინსტრუმენტების დანერგვა ენერგიის გენერაციისა და მოხმარების გაზომვის მიზნით; გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში, დაგეგმარებისა და ოპერირების ეტაპების  კოორდინაციის გაუმჯობესება და კორუფციულ ქმედებებზე ანგარიშგების მექანიზმების გაძლიერება.

როგორ უჭერს მხარს UNODC ენერგეტიკის სექტორში დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარებას კორუფციული რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის მიზნით?

პროექტის ფარგლებში, UNODC-მა ჩაატარა მრავალი სემინარი საჯარო და კერძო აქტორებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან კოლუმბიის რთულად მისადგომ რეგიონებში  ენერგეტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და განხორციელებაში. სემინარები მოიცავდა რამდენიმე ელემენტს, როგორიცაა ანტიკორუფციული პროგრამები, რისკების შეფასება, ანგარიშგების მექანიზმები და სექტორისთვის განკუთვნილი კონკრეტული რეკომენდაციები. UNODC-ის, ქვეყნის სამთო-მოპოვებითი და ენერგეტიკის სამინისტროსა და რთულად მისადგომი  რეგიონების  მმართველობის სპეციალური უწყების მხარდაჭერით განხორციელდა ერთობლივი ძალისხმევის ინიციატივა. აღნიშნული ინიციატივა მოიცავდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული ანალიზიდან გამომდინარე კონკრეტული აქტივობების განსაზღვრას და ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც აღწერილია ზემოხსენებულ დოკუმენტში.

ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, UNODC-მა გაეროს გლობალური შეთანხმების კოლუმბიის ქსელთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი მასალების  გაზიარებისა და  ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობის მიზნით, შექმნა შესაბამისობის ოფიცერთა ქსელი, რომელიც აერთიანებს მრავალ კომპანიას სხვადასხვა სექტორიდან, ენერგეტიკის სექტორის ჩათვლით. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2024 წელს ქსელის მონაწილეთა სპეციალური შეხვედრის ჩატარება თემაზე-„კერძო სექტორის პასუხისმგებლობა ტყის გაჩეხვასთან დაკავშირებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ რომლის ფარგლებშიც დადგინდა კოლუმბიაში ტყეების გაჩეხვის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ხე-ტყის უკანონო მოპოვება, არალეგალური ვაჭრობა და ინტენსიური მესაქონლეობა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, მათ შორის, შესაბამისობისა და მდგრადობის პროგრამების შემუშავება, კოლექტიური მოქმედებების ინიციატივების ხელშეწყობა და ტყის სექტორში მზრუნველობაზე ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებული კვლევები ან პროექტები, სადაც ანტიკორუფციულმა ღონისძიებებმა წარმატებით შეუწყო ხელი ენერგეტიკის სექტორში უფრო ფართო გარემოსდაცვითი ან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას?

პროექტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კოლუმბიაში გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელების მხარდაჭერაზე, ვინაიდან გამოვლინდა მრავალი კორუფციული რისკი, რომლებიც დაკავშირებული იყო შორეულ რეგიონებში ენერგიის გამოყენებასთან წიაღისეული საწვავის მოპოვების მიზნით. საწვავის ეს სახეობა, რომელიც მასში შემავალი ქიმიური ნივთიერების სახით ზოგჯერ გამოიყენება ისეთ კრიმინალურ ქმედებებში, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, გახდა რისკის წყარო და მისი ჩანაცვლება ბევრად უფრო სუფთა საწვავით ახლა მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობასთან და ამ ტერიტორიებისთვის ბაზრის ახალი შესაძლებლობების შექმნასთან  ერთად, კოლუმბიაში მოქმედი კერძო კომპანიები და სამთავრობო უწყებები არ იშურებენ ძალისხმევას ამ სფეროებში ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მდგრადი მოდელების შესაქმნელად, რათა ისინი ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ სახელმწიფო სუბსიდიებზე, წიაღისეულ საწვავზე და უფრო მეტად –  ადგილობრივ გადაწყვეტილებებსა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე.


[1] Emissions Gap Report

[2] chrome- extension://gphandlahdpffmccakmbngmbjnjiiahp/https://businessintegrity.unodc.org/bip/uploads/documents/resources/Colombia_corruption_risks_in_public_procurement_Doc_Riesgos_Energia.pdf

გააზიარე: