ეკოინოვაცია, როგორც ახალი შესაძლებლობა

მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიების საქმიანობასა და წარმატებაზე. კლიმატის ცვლილება, შეზღუდული რესურსები, ბიომრავალფეროვნების ცვლილება – თანაბრად აისახება სხვადასხვა სექტორსა და ბიზნეს საქმიანობაზე. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კომპანიებმა გააცნობიერეს ახალი მიდგომების აუცილებლობა, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნეს პროცესების, წარმოებისა და პროდუქტის მდგრადობას. შესაბამისად, ეკოინოვაცია მთავარი კონცეფციაა ამ კონტექსტში. მას გავლენა აქვს კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ გვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ამცირებს ბიზნეს საქმიანობის უარყოფით გავლენას გარემოზე, ზრდის ბუნების მედეგობას გარემოს გამოწვევების წინაშე.

ეკოინოვაციები კომპანიებს ეხმარება არსებულ გამოწვევებს ინოვაციური მიდგომებით გაუმკლავდნენ და ამასთან, მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს უქმნის მათ. კომპანიებს, რომლებიც წარმატებით ნერგავენ ეკოინოვაციებს, ხელი მიუწვდებათ ახალ ბაზრებზე, წარმოების პროცესში უმცირდებათ ხარჯები, ინარჩუნებენ პროდუქტიულობას და ამცირებენ უარყოფით ზეგავლენას გარემოზე, არიან კონკურენტუნარიანნი და მოიზიდავენ ახალ ინვესტიციებს.

ეკოინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ. 2019 წლიდან ევროკავშირი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროგრამას “ევროკავშირი გარემოსათვის” (EU4Environment)[1]. პროგრამა აერთიანებს ხუთ ძირითად თემატურ საკითხს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და ურაინას – ეხმარება პოლიტიკის დაგეგმვასა და უფრო “მწვანე” ინვესტიციების განხორციელებაში, ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობაში, გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივობების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.  პროგრამა ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კომპონენტია მცირე და საშუალო საწარმოებში ეკოლოგიური ღირებულებათა ჯაჭვისა და პროდუქტების ინოვაციების (“ეკოინოვაციების”) ხელშეწყობა, რომელსაც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ხელმძღვანელობს და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით ახორციელებს.

გაეროს გარემოსდაცვილი პროგრამის (UNEP) საქმიანობის შესახებ UNEP-ის ევროპის ოფისის კლიმატის ცვლილებისა და რესურსების ეფექტიანობის რეგიონული კოორდინატორი, რი ცუცუმი გვესაუბრება.

  • შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის“ (UNEP) საქმიანობის შესახებ „ევროკავშირი გარემოსთვის” პროგრამის (EU4Environment Program) ფარგლებში? რა არის პრიორიტეტული მიმართულებები და რომელია თქვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში? და აგრეთვე, შეგიძლიათ გვითხრათ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გამოცხადებული კონკურსის შესახებ?

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გრძელდება ძალისხმევა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების „გამწვანების“ მხარდასაჭერად, მაგალითად, მათი გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და პროდუქტიულობის ზრდის გაუმჯობესების კუთხით. ეს მცდელობები გაგრძელდა პანდემიის დროსაც.

„ევროკავშირი გარემოსთვის პროგრამის“ (EU4Environment Programme) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეფექტიანობის გაუმჯობესებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკოინოვაციური ბიზნეს მიდგომების ინტეგრირებას. კერძოდ, UNEP-ი ახორციელებს აქტივობებს ღირებულებათა ჯაჭვის ეკოლოგიურობის და პროდუქტების ინოვაციების მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ეხმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წარმომადგენლებს საქართველოსა და მოლდოვაში, შექმნან ახალი ბიზნეს მოდელები, რომლებიც შეესაბამება UNEP-ის ეკოინოვაციურ მიდგომას. ამ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საქართველოში ჩვენ ვთანამშრომლობთ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან.

პირველ ეტაპზე ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის შეფასება და პოლიტიკის ანალიზი, რათა განგვესაზღვრა პრიორიტეტული სექტორები შემდგომი ჩართულობისთვის. საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ეკოინოვაციების გაზრდის მიზნით გამოვლენილ სექტორებში ყველაზე პერსპექტიულია სოფლის მეურნეობისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორები.

კონკურსი მიზნად ისახავს რვა მცირე და საშუალო ზომის საწარმოს შერჩევას იმ სექტორებიდან, რომლებიც მიიღებენ ტექნიკურ მხარდაჭერას მათი ეკოინოვაციური მზადყოფნის შესაფასებლად. რვა კომპანიიდან ხუთი უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი ინდივიდუალური ტექნიკური დახმარებით ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაციისა და სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბებისათვის.

  • ეკოინოვაცია არის ახალი ბიზნეს მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტის მთელი სასიცოცხლო ციკლის მდგრადობას, ამასთანავე, ზრდის კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას. რა სარგებელი მოაქვს ეკოინოვაციის მიდგომას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის და მდგრადი მიდგომების განხორციელება როგორ ეხმარება კომპანიებს?

პანდემიამ აჩვენა რამდენად დაუცველნი არიან მცირე და საშუალო ზომის საწარმოები გლობალური გამოწვევების წინაშე. მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მრავლად არიან  წარმოდგენილი იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კრიზისით და 8 პროცენტით უფრო სავარაუდოა, რომ დროებით დაიხურონ, ვიდრე მსხვილი ფირმები. ისინი 9 პროცენტით უფრო მეტად განიცდიან გაყიდვების ვარდნას, ვიდრე დიდი კომპანიები. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო სავარაუდოა, რომ ბიზნეს საქმიანობის შემცირება გამოიწვევს გადახდისუუნარობასა და კომპანიის ბაზრიდან გასვლას.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ეხმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს ჩვენი ეკოინოვაციური მიდგომის საშუალებით. აღნიშნული, მიდგომა გულისხმობს, რომ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა მდგრადობის საკითხები უნდა შეიტანონ ბიზნეს მოდელების, საქმიანობის, სტრატეგიის, პროდუქტებისა და პროცესების ყველა ასპექტში, რათა შეამციროს ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოსდაცვით და სოციალურ ჭრილში. ამით კი კომპანია ხდება მოქნილი, კონკურენტული და სწრაფად რეაგირებს მოთხოვნებზე.

როდესაც კომპანიები გადადიან ცირკულარულ ბიზნეს მოდელებზე, ისინი იცავენ თავს რეგულაციური შოკების, ბაზრის ცვლილებების, არასაკმარისი ტექნიკური შესაძლებლობების, შეზღუდული შემოსავლების და დაფინანსების მცირე შესაძლებლობისაგან. ამ გადასვლის დამხმარეა ტექნიკური შუამავლები, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და სხვა ქსელები, როგორიცაა რესურსების ეფექტიანი და სუფთა წარმოების გლობალური ქსელი, რომლებიც უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს გადამზადებით, გამოცდილებისა და უნარების გაზიარებით.

  • რა რეკომენდაციები გაქვთ ბიზნესისა და მთავრობისთვის ეკოინოვაციის თვალსაზრისით? რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოინოვაცია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის?

ჩვენი პლანეტა დგას სამმაგი კრიზისის წინაშე – კლიმატის, ბუნებისა და გარემოს დაბინძურების კუთხით – თანაც გლობალური დათბობა 2030-2052 წლებში 1.5°C-ს მიაღწევს, ამასთან, სახეზეა ბუნების სწრაფი დეგრადაცია, დაბინძურება და ნარჩენების დაგროვება, რაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს მსოფლიოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა და მთავრობამ შეიმუშაონ უფრო მდგრადი პოლიტიკა და პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც, რადგან რეგიონი ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი გლობალური ცხელი წერტილია, ამასთანავე ძალიან დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ეკონომიკაში, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ერთობლივი მცდელობა. მთავრობებმა უნდა შექმნან გარემო ეკოინოვაციის სასარგებლოდ და გაზარდონ სახელმწიფო სექტორის დაფინანსება კერძო სექტორის რესურსების გამოსაყენებლად. მომხმარებლებმა უნდა განაგრძონ ბაზარზე ეკოინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მოთხოვნა. მრავალეროვანმა საწარმოებმა უნდა გააღრმავონ თავიანთი საქმიანობა ღირებულების ჯაჭვების მიმართულებით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), უნდა გააგრძელონ ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც გაზრდის მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.

ბენეფიტები ნათელია – უფრო კონკურენტუნარიანი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, უფრო უსაფრთხო და ღირსეული სამუშაოები, გამოწვევებთან გამკლავების მეტი უნარი და მეტი პროგრესი პლანეტის სამმაგი კრიზისის დასაძლევად.

ეკოინოვაციების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

პროგრამის მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკონომიკაში, ასევე მნიშვნელოვანია მათი გავლენა გარემოზე, შესაბამისად, ეკოინოვაციების დანერგვა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა, რაც უფრო “მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ეკოინოვაციების დანერგვა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარებათ, შეამცირონ გამოყენებული რესურსები, აღადგინონ მასალები და მართონ ნარჩენები.

ეკოინოვაციის დანერგვა ერთიანი პროცესია და გულისხმობს ცვლილებებს კომპანიის / საწარმოს სტრატეგიაში.  თავის მხრივ, სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები აისახება ბიზნეს მოდელში, საოპერაციო დონეზე და ბიზნეს პრაქტიკაში. ამდენად, ეკოინოვაცია მოიცავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებიდან – სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე, მისი რეალიზაციის ჩათვლით.

პროგრამის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, UNEP-თან თანამშრომლობით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში, პროდუქტის წარმოების პროცესში “პრობლემური წერტილების” აღმოჩენაში დაეხმარება, ასევე, ეკოინოვაციური მიდგომები ბიზნეს სტრატეგიაში ასახვის მიზნით ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციას გაუწევს.

UNEP-ის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად შეირჩა 8 კომპანია, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და აქტიურად მუშაობენ ეკოინოვაციების დასანერგად.  პროგრამა შერჩეულ კომპანიებს დაეხმარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით, ეფექტიანად დანერგონ ეკოინოვაციური მიდგომები თავიანთ ბიზნეს სტრატეგიასა და საქმიანობაში.

როექტში მონაწილე კომპანიები

კომპანია „მანნა“ აწარმოებს ქართული ჩაის სახეობებს და ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის, ეკოსლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და დანამატებს. კომპანიას სურს განაგრძოს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება დარგის ექპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობით.

კომპანია “ჯი-ეს-ჯი”-ს სურს, მიაღწიოს უდანაკარგო წარმოებას და შეამციროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი, გადაამუშაოს ნარჩენი და მიიღოს ცხოველთა და მცენარეთა კვების, ფარმაცევტული თუ სხვა მიმართულებით საჭირო პროდუქტი. ამისთვის, კი მას სჭირდება ინფორმაცია შესაბამისი ტექნოლოგიებისა და ბაზრების შესახებ.  მსგავსად, „თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“-ს სურს წარმოების პროცესში არსებული ნარჩენების გამოყენება, შესაბამისად, კომპანიის მიზანი ნარჩენების გადამუშავების ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, შეფასება და დანერგვაში დახმარების მიღებაა. ამავე სექტორში, კომპანია „ფრინველს“ სურს, გათბობისა და განათებისთვის მზრის პანელების დამონტაჟება, რაც შეამცირებს კომპანიის მიერ ელექტრო ენერგიის გამოყენებას და დაეხმარება მას ენერგოეფექტური წარმოების მიღწევაში. 

კომპანია ”ბიოშეშის“ ბიზნესი შეეხება ეკოლოგიურად სუფთა, მყარი ბიოსაწვავის, ბიობრიკეტების და ნახშირის წარმოებას ხე-ტყის და სოფლის მეურნეობის ნარჩენების გამოყენებით. ბიო შეშის და ბიო ნახშირის, როგორც ალტერნატიული ენერგო რესურსის, გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საწარმოო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ პროდუქტის წარმოებით შემცირდება ხე-ტყის გაჩეხვა და გამოუყენებელი ნარჩენი ნედლეულით ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. კომპანიას სურს გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ფინანსებზე მეტი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესის განვითარება და ახალი ბაზრების ათვისება, კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ბიზნესის მართვა და მდგრადობის შენარჩუნება, ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

 „Sevsamora Resort & Spa“ არის სასტუმრო-კომპლექსი, რომლის  ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმროს შენობა დამოუკიდებელი აუზით და ტერასებით, სხვადასხვა კონცეფციის რესტორნები, ბარები, აუზები. კომპანიის მიზანია სასტუმროს კომპლექსში ენერგო ეფექტური, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მზის ჰელიო სისტემა სრულად ავტომატიზებული იქნება, დაინერგება აუზების წყლის გათბობის, ცხელწყალმომზადების და ჰაერის გათბობის სისტემის ჰელიო სისტემასთან ინტეგრაცია, რაც სასტუმრო კომპლექსში შეამცირებს ან სრულად დაზოგავს ელექტრო ენერგიის და გაზის მოხმარებას და შექმნის ჯანსაღ და ენერგოეფექტურ გარემოს. კომპანიის მდგრადი განვითარების კუთხით დაგეგმილია სრული ინტეგრაცია ჰელიო სისტემის ჭკვიან სისტემებთან, სადაც წარმოდგენილი იქნება მონაცემების მონიტორინგი/დიაგნოსტიკა და დეტალური მოხსენება თუ რა ენერგო და ფინანსური რესურსი დაიზოგა გარკვეულ დროში.

„უდაბნო“ აჭარა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მუშაობს. უდაბნოში დიდი პროცენტულობით დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა შორის არიან როგორც ეკომიგრანტები, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

კომპანიის მიზანია ნატურალური, ჯანმრთელი და ქართული პროდუქტის წარმოება და საქართველოს სახელით ექსპორტზე გატანა, საქართველოში ნუშის ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდებში ინტერესის ამაღლება, შხამ-ქიმიკატების და ჰერბიციდების გამოყენების მაქსიმალური შემცირება, ნარჩენების სწორად მართვა და მათი დროული უტილიზაცია.

კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ვენახის ბიოსერტიფიცირება რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ხოლო შემდეგი ნაბიჯი ამ კუთხით 1 წლიანი და მრავალწლიანი კულტურების განვითარება იქნება. კომპანია უდაბნოსთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგია და გარემოს დაცვა, ამიტომ დანერგილი აქვს შემარბილებელი ღონისძიებები, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ ხდება გარემოს დაცვისა და  უსაფრთხოების ნორმებზე მუდმივი მეთვალყურეობა. კონკურსში მონაწილე კომპანიები მუშაობენ სოფლის მეურნეობისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, მათ პროგრამის მიმართ სხვადასხვა მიზანი და მოლოდინები აქვთ, თუმცა ყველა მათგანისთვის, ძირითადი მიზანი ეკოინოვაციური მიდგომების დანერგვა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა.


[1] პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.eu4environment.org/ka/about/

გააზიარე: