საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი ამოცანები

მიღწეული შედეგებისა და სამინისტროს მდგარდობის სტრატეგიის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საუბრობს.

ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა ერთ-ერთია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ამოცანებს შორის. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და გულისხმობს იმ სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის მდგრად განვითარებას.
ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმისა და ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. კერძოდ: საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას; საქართველოს მიერ სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან, რაც მოიცავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებს. 2015 – 2028 წლების განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის 200 რეგულაცია, დირექტივა თუ გადაწყვეტილებასთან დაახლოება.
სამინისტროს ვალდებულებები გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების სხვა ნაწილებითაც, რაც გულისხმობს გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და სამინისტროს მდგარდობის სტრატეგიის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საუბრობს.


როგორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით?
მდგრადი დაფინანსების განვითარებაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მდგრადი დაფინანსების კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, საქმიანობის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების მაქსიმალური გათვალისწინებით. ეს კი პირდაპირ ეხება გარემოსდაცვით მიმართულებას. ხოლო გარემოს დაცვა, სხვა სფეროებთან ერთად, მჭიდროდაა დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან. აღსანიშნავია ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, მისი შერბილება და ადაპტაცია; ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემების დაცვა, კონსერვაცია და აღდგენა; გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფაქტორი ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მიმართულებით; გარემოსდაცვითი მმართველობა და ა.შ.
ამრიგად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი როლი ეკისრება მდგრადი დაფინანსების განვითარებაში, რაც გულისხმობს როგორც ფინანსური რესურსის მობილიზების პროცესში აქტიურ ჩართულობას, გარემოს დაცვის მიმართულებითა და სოფლის მეურნეობის სექტორის გათვალისწინებით, ასევე, გარკვეული საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი ფაქტორების მაქსიმალურად გათვალისწინებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებას.
რა სტრატეგია აქვს სამინისტროს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით?
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ეკონომიკური განვითარება და პარალელურად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარებისა და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისა და დაზიანებისგან. გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს, ყველა იმ სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებისა და კონკრეტული ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის მდგრად განვითარებას. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ხედვის განსახორციელებლად განსაზღვრულია 3 სტრატეგიული მიმართულება:
კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები;
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები.
ამავდროულად, მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენება. სამინისტროს მიერ ინიცირებული „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნეს სექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას. 2022 წლის განმავლობაში,,მწვანე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსდა არაერთი ბენეფიციარი, რომლებმაც დაამონტაჟეს მზის ენერგიაზე მომუშავე სხვადასხვა ტიპის დანადგარი და განახორციელეს შენობის სრული ან ნაწილობრივი თბოიზოლაცია.
მოგვიყევით სამინისტროს საქმიანობაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისი სტანდარტების დანერგვის კუთხით.
როგორც მოგეხსენებათ, DCFTA შეთანხმება ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და მიზნად ისახავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, რისთვისაც აუცილებელია საქართველოს სავაჭრო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. DCFTA შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მიერ სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან, რაც მოიცავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებს.
სამინისტროს მიერ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს საკანონმდებლო დაახლოების პროცესი. უფრო კონკრეტულად, 2015 – 2028 წლების განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის 200 რეგულაცია, დირექტივა თუ გადაწყვეტილებასთან დაახლოება. ეს სია განახლდა 2023 წელს. ამ მომენტისთვის შესრულებულია 130 სამართლებრივ აქტთან დაახლოება. მათი დიდი ნაწილი შესულია ძალაში, ხოლო ნაწილის ამოქმედებისთვის განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი, რათა კერძო სექტორსა და სახელმწიფო ორგანოებს მიეცეთ დრო მომზადებისთვის. პარალელურად, სახელმწიფო ახორციელებს მხარდაჭერის სხვადასხვა პროექტს, რათა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, საწარმოების გადაიარაღება, პერსონალის გადამზადება და სხვა.
აღსანიშნავია ასევე, რომ გარდა DCFTA ნაწილისა, სამინისტროს ვალდებულებები გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების სხვა ნაწილებითაც, რაც გულისხმობს სამინისტროს ვალდებულებებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. ამ მიმართულებითაც მიღწეულია ხელშესახები შედეგი, რაც მოიაზრებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში კანონების მიღებას, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი; წყლის რესურსების მართვა; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; გარემოზე ზემოქმედების შეფასება; ნარჩენების მართვა; ინდუსტრიული ემისიები. მიღებულია არაერთი კანონქვემდებარე აქტი და დამატებით შემუშავებულია მნიშვნელოვანი კანონპროექტები ბიომრავალფეროვნებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით. მიმდინარეობს მუშაობა კლიმატის სფეროს მარეგულირებელ კანონპროექტზე.
პროცესი საკმაოდ კომპლექსური და შრომატევადია. განსაკუთრებული გამოწვევები უკავშირდება დაახლოებული კანონმდებლობის აღსრულებას, რისთვისაც სახელმწიფო პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ერთად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ამ პროცესში.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იგეგმება გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის პროცესის გაციფრულება. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა სარგებლის მომტანი იქნება ეს ინიციატივა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით? რა გავლენას იქონიებს იგი ბიზნესებზე?
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი ნებართვების გაციფრულებასთან დაკავშირებული პროცესი უკვე დაწყებულია და ის შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ყველასთვის ცნობილია, რომ 2018 წლიდან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილმა ახალმა სანებართვო პროცედურებმა ქვეყანაში დანერგა საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მძლავრი და ამბიციური მექანიზმები, რაც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვდა შესაბამისი ინოვაციური საინფორმაციო ინსტრუმენტების შექმნასაც. ამ მიზნის მისაღწევად, 2023 წელს ჩვენ შევქმენით გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი. პორტალის მეშვეობით გაუმჯობესდა საზოგადოების მხრიდან მათთვის საინტერესო პროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა. ამჟამად თითოეულ განცხადებას აქვს მინიჭებული სტატუსი, რათა მომხმარებელმა იცოდეს კონკრეტული პროცედურა დასრულებულია, შეწყვეტილია თუ მიმდინარე. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საზოგადოებისთვის საინტერესო თემატიკის მიხედვით, პროცედურის, რეგიონის, ან რომელიმე მუნიციპალიტეტის დონეზე არსებული ნებისმიერი მიმდინარე, შეჩერებული ან შეწყვეტილი პროცედურის, დაგეგმილი და ჩატარებული საჯარო განხილვების მიხედვით.
მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიღება არამხოლოდ საზოგადოების ფართო სპექტრის, არამედ ბიზნესის ინტერესის საგანიცაა. ჩვენი სურვილია, საჯარო კომპონენტის დანერგვის შემდგომ, დავნერგოთ ბიზნესის მიერ განაცხადის ელექტრონულად წარდგენის კომპონენტი და მოვახდინოთ შესაბამისი პროცესების ელექტრონიზაცია, რათა მივიღოთ სისტემა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს მიმდინარე და დასრულებულ სანებართვო პროცესებზე ღია და გამჭვირვალე ხედვას, გააუმჯობესებს და გაამარტივებს ბიზნესისთვის ადმინისტრაციულ ორგანოსთან უკუკავშირს და დაეხმარება ასევე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, ყოველწლიურად მზარდი რაოდენობის განაცხადების შესაბამისად, პროცესების ოპტიმიზაციაში. ასევე, ეტაპობრივად განვახორციელებთ გარემოსთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღების, სანებართვო თუ შესაბამისი ავტორიზაციის მიმნიჭებელი პროცესის უნიფიცირებასა და ერთიან, ღია სისტემაში მოქცევას.
რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმის ქვეყანაში ამოქმედებასთან დაკავშირებით?
ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმი შედარებით ახალი საკითხია და მისი საერთაშორისო, საყოველთაოდ მისაღები წესების შემუშავება ბოლო წლებში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციებზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას ნახშირბადით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმებები აქვს დადებული შვეიცარიასთან და იაპონიასთან – ამ შეთანხმებებში გაწერილია ნახშირბადით ვაჭრობის საკითხებზე მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები, სექტორები და პროექტების ტიპები, რომლებიც ამ მექანიზმში შეიძლება ჩაერთოს, ემისიების დათვლის წესები და ა.შ. ეს მექანიზმიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მის ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდება.
რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს კერძო სექტორის მხრიდან გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით? რა არის მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით?
გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი სტანდარტების ამაღლება საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ბოლო წლებში საქართველომ გარემოსდაცვით სფეროში ბევრი ახალი კანონი მიიღო, მათ შორის, აღსანიშნავია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც შემუშავდა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივის მიხედვით და რომელმაც ქართული სამართლებრივი სისტემისთვის სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის რეჟიმი დაადგინა. ახალი კანონით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, დარეგულირდა გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციის, ზიანის შერბილებისა და დამდგარი ზიანის გამოსწორების საკითხები. იგი ეფუძნება გარემოს დაცვის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის,“ რაც გულისხმობს იმას, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებულია, დაზიანებული გარემო (ნიადაგი, წყალი, დაცული სახეობები/ბუნებრივი ჰაბიტატები), შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებების მეშვეობით, საკუთარი ხარჯითა და პასუხისმგებლობით, დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნოს.
აღნიშნული მიდგომა არსებითად განსხვავდება საქართველოში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მიდგომისგან, რომელიც არ ითვალისწინებდა გარემოს დამზიანებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს აღდგენას, არამედ, ეფუძნებოდა მხოლოდ „ფულადი ანაზღაურების“ წესს, რომლის მიხედვითაც, გარემოს დამზიანებელი იხდიდა მხოლოდ ჯარიმას და გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დაანგარიშებულ თანხას. ამასთან, ეს თანხები მიიმართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში და არა უშუალოდ დაზიანებული გარემოს აღსადგენად.
ასევე, კანონით შეიქმნა „გარემოსდაცვითი პროგრამა,“ რომლის მიზანია გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციის, გარემოს მდგომარეობის აღდგენის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების დაფინანსება. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობებისთვის კანონით დაწესდა გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება (დაზღვევა, საბანკო გარანტია) (ძალაში შევა 2026 წლის 1 სექტემბრიდან). შესაბამისად, მომავალში ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული საქმიანობების განხორციელების შედეგად გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორება და დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში შეუფერხებელი აღდგენა. ამასთან, კანონით დადგინდა საკმაოდ მაღალი სანქციები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის დარღვევისთვის, რამაც შესაბამისად უნდა უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების პრაქტიკაში აღსრულება.
ზემოაღნიშნულთან ერთად, ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის მიზნით, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და გარკვეული ეკონომიკური საქმიანობებისთვის დაწესდა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის (თვითმონიტორინგის) ვალდებულება. ასევე, მნიშვნელოვნად გამკაცრდა პასუხისმგებლობა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის. აღნიშნულმა ცვლილებებმა უკვე დადებითი შედეგები მოგვცა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი დაფინანსების განვითარება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის? ასევე რა ზეგავლენა ექნება მას საინვესტიციო კლიმატის განვითარებაზე?
მდგრადი დაფინანსების მექანიზმების განვითარება მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა მიდგომითა თუ რეფორმებისა და ღონისძიებების განხორციელებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ კუთხით არის ფინანსური რესურსის მობილიზების ხელშეწყობის უზრუნველყოფა მწვანე და სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის.
ეროვნულმა ბანკმა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, 2022 წელს შეიმუშავა ევროკავშირის ტაქსონომიის შესაბამისი და საერთაშორისო პრაქტიკასთან თავსებადი „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია საქართველოსთვის,“ რომელშიც გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიც. დოკუმენტი წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება. ტაქსონომიის მთავარ მიზანს საქართველოში მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარება და, შედეგად, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მიზნით და რა როლი აქვს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს?
საქართველოს დაწყებული აქვს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებები. საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობით მიმდინარეობს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და საგზაო რუკის შემუშავება, რომელიც მოიცავს წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვას, მეორადი ნედლეულის გამოყენებას, ინოვაციებს, ინვესტიციებს და ა.შ. ძალაშია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ), რომელიც პირდაპირ კავშირშია მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან, ვინაიდან მისი დანერგვით ხდება ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების, გადამუშავება-რეციკლირების, აღდგენის (მათ შორის ენერგიის აღდგენის) ხელშეწყობა.
ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, დამუშავებას ახორციელებს კერძო სექტორი, ხოლო სამინისტრო ხელს უწყობს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას.
რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ხელისუფლებას, ფინანსურ ინსტიტუტებს, განვითარების ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს შორის იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მდგრადი დაფინანსების განვითარებას საქართველოში?
მდგრადი დაფინანსების კონცეფციიდან გამომდინარე (რომელიც გულისხმობს ფინანსური რესურსის მობილიზებას მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულ საქმიანობებზე და, ასევე, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმიანობის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების მაქსიმალური გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას), წარმოუდგენელია საკითხის განვითარება მულტისექტორული თანამშრომლობის გარეშე. უფრო მეტიც, ხელისუფლების, ფინანსური ინსტიტუტების, განვითარების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზეც როგორც შესაბამის საერთაშორისო ფორუმებთან, ასევე ქვეყნებს შორის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი ფინანსების დადებითი შედეგი საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. შესაბამისად, ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უმნიშვნელოვანესია, რომ სერიოზული ძალისხმევა იქნეს მიმართული მდგრადი დაფინანსების სარგებლის/უპირატესობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის და, ზოგადად, ფართო საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება სამინისტროს სამომავლო გეგმებს- რა იგეგმება მწვანე ეკონომიკის, მწვანე ზრდისა და მდგრადი განვითარების კუთხით?
საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს, რომ ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებების განვითარება, კერძოდ: სუფთა მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვა და მწვანე ინვესტიციების მოზიდვა, გარემოს დეგრადაციისა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირება და ა.შ., მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ბუნებრივ კაპიტალზე როგორც ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ძალაზე ფოკუსირებით. სწორედ მწვანე ეკონომიკა და მწვანე ზრდაა ამ პროცესების მთავარი ხელშემწყობი. ზოგადად, სამინისტრო, სხვა შესაბამის სამინისტროებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებასა და სამომავლო პროექტების განვითარებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს დაგეგმილი აქვს, მოამზადოს მწვანე ზრდის სტრატეგია ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად. 2022 წლის ბოლოს, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, დაიწყო მწვანე ზრდის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. საქართველოს მწვანე ზრდის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მცირე და საშუალო საწარმოები იქნება გამიზნული, როგორც წამყვანი პროდუქტი ქვეყნის მწვანე და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისკენ.
რაც შეეხება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, საქართველოს ნაციონალიზებული აქვს 17-ვე მიზანი, 93 ამოცანა (169 ამოცანიდან (Target)) და 202 ინდიკატორი (დადგენილია 231 უნიკალური ინდიკატორი, რომლებიც არ მეორდება. ხოლო ერთიანად არის 248, რომელთაგანაც 17 ინდიკატორი მეორდება სხვადასხვა ამოცანაში). კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ამ ეტაპზე ნაციონალიზებული აქვს გაეროს მდგრადი განვითარების 6 მიზანი, 14 ამოცანა, 20 გლობალური ინდიკატორი და, ასევე, აწარმოებს 1 ეროვნულ ინდიკატორს. აღნიშნულთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც კოორდინაციასა და დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. კერძოდ, ყველა უწყება, კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად ახორციელებს დარჩენილი ამოცანების ნაციონალიზაციას და ინდიკატორების წარმოებას (ამ ეტაპზე სამინისტროს მხრიდან დარჩენილია SDG 12-ის (“გონივრული მოხმარება და წარმოება“ – Responsible Consumption and Production) ნარჩენების თემატიკასთან დაკავშირებული ამოცანები).

გააზიარე: