აღმასრულებელი დირექტორი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი – სალომე ზურაბიშვილი
მდგრადი და პასუხისმგებლიანი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიზნით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს სექტორთან და სხვა მნიშვნელოვან აქტორებთან. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, რათა თანხვედრაში მოიყვანონ თავიანთი სტრატეგია და ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის უნივერსალურ პრინციპებთან და გადადგან ნაბიჯები საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად.
ჩვენი ძალისხმევის შედეგად, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ბიზნესის მხრიდან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მდგრადი მიდგომების გათვალისწინებაში აისახა; თვალსაჩინო იყო ქვეყანაში პოლიტიკის დონეზე განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ახალისებს ბიზნეს სექტორის მიერ ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხების პატივისცემას; ცალკე გამოვყოფდი, ასევე, მედიის აქტიურ ჩართულობას კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში… და ეს მხოლოდ დასაწყისია. კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ეკონომიკური და სოციალური სირთულეები წარმოქმნა როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში; ამან თავის მხრივ ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას სოციალური კეთილდღეობისა და ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულებაზე; გავაცნობიერეთ, რომ დღევანდელ რეალობაში ბიზნესის ჩვეული მიდგომა „business as usual “ საჭიროებს ცვლილებას. ქვეყანაში 6%-იანი ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებლის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა, რომელიც უფრო მდგრად მიდგომებზე, სოციალურ თუ გარემოსდაცვით საჭიროებებზე იქნება დამყარებული, ამასთან გაითვალისწინებს არსებულ რისკებს და სამომავლო შესაძლებლობებს.
გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე, აიღო პასუხისმგებლობა ბიზნესის მობილიზებაზე 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით. აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლება კორპორაციული მდგრადობის საყოველთაო სტანდარტების შესახებ ბიზნეს სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების, აკადემიის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებში. ჟურნალი „Sustainability Spotlight “ – ეს არის საქართველოში კორპორაციული მდგრადობის საკითხებზე პირველი სპეციალიზებული გამოცემა. ამ ჟურნალის მიზანია პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის საუკეთესო მაგალითების გამოვლენა, რომლებიც გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპს და სხვა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებს ასახავს. ბიზნეს ქცევის კარგი მაგალითების გარდა, ჟურნალი „Sustainability Spotlight “ ასევე წარმოადგენს ხელისუფლების ხედვას, ინიციატივებსა და საქმიანობას მდგრადი განვითარების სფეროში, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებს ამ მიმართულებით, განიხილავს აქტუალურ თემებს, რომლებიც ეხება პასუხისმგებლიან ბიზნეს ქცევას მსოფლიოს მასშტაბით. ჟურნალი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად: საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით მიმართულებებად. ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალი „Sustainability Spotlight “ ხელს შეუწყობს საქართველოში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობასა და ცოდნის ამაღლებას კორპორაციული მდგრადობის საკითხებზე და უზრუნველყოფს ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის დანერგვას. ჟურნალის პირველ ნომერში მიმოხილულია კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გავლენა საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გარემოზე – როგორ შეძლო ბიზნესმა კრიზისთან გამკლავება და რას უნდა ველოდოთ მომავალში? როგორ შეგვიძლია მდგრადი მიდგომების გამოყენებით აღვადგინოთ ეკონომიკა და საიდან დავიწყოთ? დროა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, გავაერთიანოთ ძალები და ერთად გავუმკლავდეთ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს. მომავალი იქნება წარმატებული, მწვანე და ინკლუზიური, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ და ამ პრინციპის შესაბამისად ვიმოქმედებთ.