ბიოდიზელის განახლებადი და ეკომეგობრული საწვავი
კომპანია ბიოდიზელი ჯორჯია 2017 წელს დაარსდა. მან საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველმა შემოიტანა და დანერგა ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის საფუძველზეც აამუშავა ქარხანა და დაიწყო განახლებადი, ეკომეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება.
ბიოდიზელი ჯორჯია ევროკავშირის ბაზარზე სერტიფიცირებული კომპანიაა, მის მიერ წარმოებული პროდუქტი თუ ნედლეული სრულად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და ძირითადად ექსპორტზე გადის. ამჟამად კომპანია ახალ საწარმოს აშენებს, რომლის მასშტაბი შესაძლებლობას გააჩენს ადგილზე შეგროვებული და შემოტანილი ნედლეული ერთიანად დამუშავდეს საქართველოში.
ევროკავშირის ბაზართან თანამშრომლობისა და ბიზნესსაქმიანობაში კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გათვალისწინების მნიშვნელობაზე ბიოდიზელი ჯორჯიას მმართველი პარტნიორი მურმან პატარაია საუბრობს.
ბიოდიზელი ჯორჯია პირველი სერტიფიცირებული საწარმოა სამხრეთ კავკასიაში. გვიამბეთ კომპანიის შესახებ, ბიოდიზელის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესზე.
კომპანია ბიოდიზელი ჯორჯია 7 წელია ოპერირებს ბაზარზე. ესაა სამხრეთ კავკასიაში პირველი გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ნედლეული გახლავთ, ძირითადად, მეორეული მცენარეული საკვები ზეთები. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰორეკა სექტორთან. სწორედ სტუმარმაპინძლობის ბიზნესია ჩვენი ნედლეულის ძირითადი მომწოდებელი- ვგულისხმობ რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებს, ბარებს, რომლებსაც კულინარიული წარმოების შედეგად რჩებათ ამ ტიპის ნარჩენები – მეორეული მცენარეული საკვები ზეთები. ვთანამშრომლობთ როგორც მსხვილ, ისე მცირე ზომის კომპანიებთან. ყველა ამ კომპანიას კანონმდებლობა 2021 წლის 1 იანვრიდან ავალდებულებს, რომ მეორეული ზეთი ჩააბარონ მხოლოდ სერტიფიცირებულ საწარმოში. სერტიფიცირება, რა თქმა უნდა, გავლილი გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ადგილობრივ დონეზე სერტიფიცირება გულისხმობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს, ასევე გახლავართ საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელები, რომელიც განახლებადია და გულისხმობს იმას, რომ კომპანია ყოველ წელს გადის რესერტიფიცირების პროცესს.
ვინ არიან თქვენი პროდუქციის მომხმარებლები და რა მიზნობრიობით მოიხმარენ ისინი თქვენს პროდუქტს?
სანამ ბაზარზე გამოვჩნდებოდით, საქართველოში მეორეული მცენარეული საკვები ზეთების გამოყენების თვალსაზრისით რეალობა ძალიან სავალალო იყო. ათასობით ლიტრი განმეორებით ხვდებოდა კვების ჯაჭვში. ფერმერები ამ ზეთს იყენებდნენ კომბინირებული საკვების დასამზადებლად მაშინ, როცა კატეგორიულად აკრძალულია ან ნარჩენით ცხოველთა კვება. ცხოველი ვერ გადაამუშავებს ამ კარცენოგენს, ის რჩება მის ორგანიზში, მოგვიანებით ისევ ჩვენს საკვებ რაციონში ხვდება და ავტომატურად აისახება სიმსივნური თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საგანგაშო სტატისტიკაზე. ჩვენ ჰოლდინგური ტიპის კომპანია ვართ, რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთია მინერალური ზეთების გადამუშავება. ე.წ. მოტორის ზეთები და ავტომობილების გადაცემათა კოლოფის ზეთები რომელიც სახიფათო ნარჩენია, გოგორდის მაღალი შემცველობით. დასავლეთ საქართველოში ფურნეებისა და თონეების გასახურებად ჯერ კიდევ აქტიურად იყენებენ ამ ნარჩენ ზეთს. წარმოიდგინეთ, ეს რომ დაიწვება, გოგირდის ამხელა მაჩვენებელი ჰაერში გაიფრქვევა, ტყვია, მძიმე მეტალები გამოიყოფა და მერე იქიდან პურს გამოაცხობ! აბსოლუტურად ჯანმრთელობისთვის საშიში, არაგარემოსდაცვითი, გაუმართლებელი მოდელია. კომბინირებული საკვების საწარმოებლად უნდა გამოიყენებოდეს პირველადი, ჩვეულებრივი ზეთი. ამიტომ ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პოტენციურ თუ მიმდინარე პარტნიორებთან, რათა ამ სქემაში არ ჩაერთონ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც მეორეულ ზეთს წარმოებისთვის გამოიყენებენ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ ეს არაფორმალური სექტორი და, შეიძლება ითქვას, რომ უკვე 90 პროცენტზე მეტი თანამშრომლობს სერტიფიცირებულ კომპანიასთან და საწარმოსთან.
რაც შეეხება ბიოსაწვავს, ევროკავშირის სტანდარტით, მისი გამოყენება სავალდებულოა. ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე რომ გაჩერდეთ და ავტომობილი დიზელის ტიპის საწვავით გამართოთ, იმ დიზელში უკვე შერეულია ბოდიზელის 7 პროცენტი. ეს კანონმდებლობით რეგულირდება ორი ძირითადი მიზეზით: პირველი გარემოსდაცვითი ფაქტორია: თუ ჩვეულებრივი ნავთობდიზელი თავისი ბუნებით ხისტია, ბიოდიზელს მისი „დარბილება“ შეუძლია და ერთგვარად ლუბრიკანტის ეფექტს აძლევს ძრავს, რის შედეგადაც დიდხანს ინახავს მას. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ბიოდიზელი განახლებადი ენერგიაა, ის არ შეიცავს გოგირდს, ტყვიას ან რომელიმე მძიმე მეტალს, თავიდან ბოლომდე ორგანულია. ეს ორი ლაიტმოტივი გასდევს მის გამოყენებას. რაც მთავარია, მეორეული საკვები ზეთი თავისი ბუნებით კარცენოგენია და მისი ჩაღვრა არ შეიძლება საკანალიზაციო ქსელში, რადგან ბიდნავს სისტემას, არ შეიძლება მისი ნიადაგში გადაღვრა, განსაკუთებით დაუშვებელია კვების ჯაჭვში ამ ზეთის განმეორებითი მოხვედრა. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური და არა სხვა მიზნებისთვის. ევროკავშირმა დიდი ხნის წინ განსაზღვრა, რომ ეს ნედლეული მიმართული უნდა იყოს რეგენერაციაზე, უტილიზაციაზე და იქიდან კონკრეტული პროდუქტის მიღებაზე.
გაგაქვთ თუ არა თქვენი პროდუქტი ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე?
ჩვენი ძირითადი ბაზარი ევროკავშირია. ექსპორტის რეჟიმში ვთანამშრომლობთ ესპანეთთან, გერმანიასთან, პორტუგალიასთან, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტები (ასეევე ნედლეული, რომელსაც ვერ ვამუშავებთ), ძირითადად, მიემართება ევროკავშირის ბაზრისკენ. ჩვენი საერთაშორისო სერტიფიკატიც დიდწილად ამას ემსახურება. პანდემიის პერიოდი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, კომპანიის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი იდგა. იმ პერიოდში გადავწყვიტეთ ბაზრების დივერსიფიცირება და თავიდან ბოლომდე ევროპის ბაზარზე გადავერთეთ. თუმცა ადგილობრივი ბაზარი არანაკლებ საინტესოა ჩვენთვის, დიდი სურვილი გვაქვს ეს პროდუქტი მთლიანად საქართველოში გაიყიდოს, მაგრამ ამას შესაბამისი რეგულაციები სჭირდება, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სახელწიფო სტრუქტურებთან.
რამდენად ხელმისაწვდომია ევროკავშირის ბაზარი ქართული კომპანიებისთვის? რა გეგმები გაქვთ წარმოების გაზრდის კუთხით?
ჩვენთვის ეს ბაზარი გახსნილი, ხელმისაწვდომი და სტაბილურია. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირთან თანამშრომლობას, რამდენადაც ჩვენი პრიორიტეტებია სანდო პარტნიორობა, დაცულობა, გარანტირებულობა. შესაბამისად, კომპანიის ხედვა არის მიმართული დასავლეთის ბაზრებისკენ. გვყავს ძალიან კარგი ევროპელი პარტნიორები, გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი პრაქტიკა. ამდენად, ევროპა ჩვენთვის შეუცველი ბაზარია. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ნაყიდი გვაქვს ტერიტორია ვაზიანთან ახლოს, სადაც ნარჩენების გასადამუშავებელი საწარმოს გადატანას ვგეგმავთ თბილისიდან. მშენებლობას უახლოეს მომავალში ვიწყებთ. ადგილობრივი ნედლეულის ათვისებასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს მისი შემოტანაც. შესაბამისად, განვიხილავთ, რომ ადგილზე მეტი ნედლეული გადავამუშავოთ და მეტი პროდუქტი მივაწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე ევროკავშირის ბაზარს.
“ჩვენი კომპანია ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. რაც მეტი ასეთი კომპანია იქნება, იქნება მეტი დასაქმებული ადამიანი, მეტი შემოტანილი თანხა ბიუჯეტში და მეტი ეკონომიკური სიკეთე და დოვლათი.“
რა ძირითადი გამოწვევებია განახლებადი ენერგიის კუთხით საქართველოში და რა უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ამ გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით?
ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს ორ სექტორს: ნარჩენების მართვა და ნარჩენებიდან კონკრეტული პროდუქტების მიღება, ანუ განახლებადი ენერგია. ორივე სექტორი განვითარებადია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განახლებადი ენერგიების მიმართულება უფრო კომპლექსურია. აქ შედის ქარის, მზის ენერგია, ბიომასა… ჩვენ ბიომასის მიმართულებით ვმუშაობთ. ეს შედარებით უფრო განვითარებული სექტორია, ვიდრე ნარჩენების მართვის მიმართულება. ამ უკანასკნელს მეტი მხარდაჭერა სჭირდება- ინსტიტუციონალური, აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობა… ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და ჯერ არ დასრულებულა. საჭიროა, რომ კლასიკური, მაგალითად, ევროპული მიდგომის მაგალითები ავიღოთ თუნდაც ცნობიერების ამაღლების, გავაცნობიეროთ, რომ ნარჩენი ნაგავი არაა და ნარჩენის წარმომქმნელმა თვითონ უნდა უზრუნველყოს, რომ ის ნარჩენი სწორად იმართოს. ნარჩენს რომ წარმოქმნი, უნდა გესმოდეს, რომ ამ ნარჩენს სჭირდება შესაბამისი ადმინისტრირება. ასე ვთქვათ, მიკვლევადი უნდა იყოს შენი ნარჩენი და მის რეგენარაციამდე თუ უტილიზაციამდე, პროცესი სწორად უნდა მიდიოდეს. ამას სჭირდება კომპლექსური მუშაობა, რასაც მარტო ბიზნესი ვერ აიღებს თავის თავზე. პროცესში ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო, საერთაშორისო ინსტიტუტები, მათ შორის, ფონდების მიმართულება, არასამთავრობო სექტორი… საჭიროა ნაბიჯების კომპლექსურად გადადგმა და მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიზნესის კეთებასთან ერთად, ყველა დაინტერესებული მხარე ერთ სივრცეში გავაერთიანოთ. ჩვენი კომპანია ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. რაც მეტი ასეთი კომპანია იქნება, იქნება მეტი დასაქმებული ადამიანი, მეტი შემოტანილი თანხა ბიუჯეტში და მეტი ეკონომიკური სიკეთე და დოვლათი.