ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის ევოლუცია ევროკავშირში და მისი გავლენა საქართველოზე

ავტორი: აკაკი კუხალეიშვილი

ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა მენეჯერი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ადამიანის უფლებები კაცობრიობის საერთო მიღწევაა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები ამ ღირებულებებისადმი ერთგულების ნათელი დადასტურებაა. ადამიანის უფლებათა პრინციპების რეალური ძალა  არა მხოლოდ სამართლებრივი პრინციპების არსებობაში, არამედ მისწრაფებების ქმედებებად გარდაქმნაში გამოიხატება. ადამიანის უფლებების დაცვა და აღსრულება კაცობრიობის პასუხისმგებლობაა. ტრადიციულად, ეს იყო სახელმწიფოებისა და მთავრობების პასუხისმგებლობა.  თუმცა, ამ ტვირთის ექსკლუზიურად სახელმწიფოსთვის მიკუთვნება აღარ არის გამართლებული. გლობალურ სამყაროში, სახელმწიფო რესურსების შეზღუდულობისა და კორპორაციების მზარდი გავლენების ფონზე, ეს მიდგომა არაპრაქტიკული და არასამართლიანი გახდა. საერთო პასუხისმგებლობის აღიარება სამართლიანი მიდგომების დანერგვას საჭიროებს, რაც სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების თანაბარ  ჩართულობას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართულებით. ბიზნესებს  მოგების მიღების  თვალსაზრისის მიღმა, სულ უფრო მეტად მოუწოდებენ განიხილონ თავიანთი გავლენა ადამიანებზე, პლანეტაზე და გააცნობიერონ მნიშვნელოვანი როლი ადამიანის უფლებების პატივისცემის პროცესში. შესაბამისად, საყოველთაოდ აღიარებული გახდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმები და მექანიზმები დამატებით უნდა განვითარდეს და ადაპტირდეს, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა და ბიზნესის ანგარიშვალდებულება  მათთან დაკავშირებულ დარღვევებზე.

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ

თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, 2011 წელს გაერომ  „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპები“ (UNGP-ები) მიიღო. ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტები ერთხმად იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. სახელმძღვანელო პრინციპები განსაზღვრავს კონკრეტულ, ქმედითუნარიან ნაბიჯებს მთავრობებისთვის და კომპანიებისთვის, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რათა თავიდან აიცილონ ადამიანის უფლებების დარღვევა კომპანიის ოპერაციებში და უზრუნველყონ აღდგენის ზომები, თუ ასეთი დარღვევები მოხდება. ისინი აგებულია სამ „სვეტზე“:

  • სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, დაიცვან უფლებების მქონენი ბიზნესის მხრიდან მათი ტერიტორიის ან იურისდიქციის ფარგლებში ჩადენილი დარღვევებისგან.
  • ყველა ბიზნესს ეკისრება პასუხისმგებლობა, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.
  • დაზარალებულებს უნდა ჰქონდეთ უფლებების ეფექტური აღდგენის საშუალებები
  • ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სვეტები ემყარება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას, მათ შორის, ევროპულ რეგიონულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ECHR და ევროპის სოციალური ქარტია (ESC), UNGP-ების უნიკალური ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მკაფიოდ ასახავს მათ გავლენას მთავრობებისა და კერძო სექტორის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს აქტორების მიერ ადამიანის უფლებებისადმი თანამედროვე საფრთხეების განხილვისას.[1]

მიუხედავად იმისა, რომ UNGP-ები რბილი სამართლის ინსტრუმენტია პირდაპირი სამართლებრივი შედეგების გარეშე, მათ მოიპოვეს ფართო მხარდაჭერა მთავრობების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოსგან. მათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩარჩოსა და ინიციატივაზე, მათ შორის, ევროპაში ადამიანის უფლებების სათანადო შეფასების სტანდარტის დანერგვის მიმართულებით არსებულ საკანონმდებლო პროცესებზე.

ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი სავალდებულო სათანადო შეფასების (due diligence) მიმართულებით არსებული ტენდენციები ევროპაში

ბოლო წლებში, UNGP-ების მიღების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სათანადო შეფასების (due diligence) შესახებ კანონმდებლობამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ევროპაში. რამდენიმე ქვეყანამ პროაქტიული ზომები მიიღო კორპორაციული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის დასარეგულირებლად. ასეთი კანონმდებლობა მიიღო საფრანგეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ და შვეიცარიამ, თუმცა მათი ჩარჩო, შეფასების სტანდარტები და აღსრულების მექანიზმები მნიშვნელოვანი ნაირსხვაობებით გამოირჩევა.[2]

2017 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი, მსხვილი კომპანიებისთვის ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი სათანადო შეფასების (HREDD) ჩატარების და ზედმიწევნით მოქმედების ყოველწლიური გეგმის (Vigilance Plan) გამოქვეყნების ვალდებულებებით. ზედმიწევნით მოქმედების გეგმა მოითხოვს კომპანიისგან, დეტალურად აღწეროს მიღებული ზომები ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი დარღვევების იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია მისი, შვილობილი კომპანიებისა და მომწოდებლების საქმიანობასთან. ეს მოიცავს რისკების რუკის, შერბილების ნაბიჯების ჩამოყალიბებას, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს და შესაბამის გაერთიანებებთან თანამშრომლობას. შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დავები და ჯარიმები.[3]

2021 წლის 10 ივნისს გერმანიამ მიიღო კანონი მიწოდების ჯაჭვის სათანადო შეფასების შესახებ, ხოლო ნორვეგიის პარლამენტმა იმავე დღეს მიიღო გამჭვირვალობის აქტი, რომელიც ავალდებულებს ადამიანის უფლებების და ღირსეული სამუშაოს შესახებ სათანადო შეფასებას. მსგავსი მიზნების მიუხედავად, გერმანიის და ნორვეგიის კანონები მნიშვნელოვნად განსხვავდება შინაარსითა და მოცულობით სათანადო შეფასების მოთხოვნებთან მიმართებით. საერთაშორისო სტანდარტების დაცვა გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს სხვადასხვა იურისდიქციებში შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.[4] შვეიცარიის მიერ პასუხისმგებლიანი ბიზნესის ინიციატივაზე უარის თქმამ გამოიწვია ანგარიშგებაზე ორიენტირებული საპასუხო ინიციატივა, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წელს. მსხვილმა შვეიცარიულმა კომპანიებმა ახლა უნდა წარადგინონ ანგარიში სხვადასხვა რისკის შესახებ, მათ შორის, გარემოსდაცვითი, სოციალური, შრომითი და ადამიანის უფლებების შესახებ, უფრო მკაცრი ვალდებულებებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ბავშვების შრომაში ან კონფლიქტური მინერალების მოპოვებაში არიან ჩართულნი.[5]

მთლიანობაში, ეს საკანონმდებლო ძალისხმევა ხაზს უსვამს ბიზნესის საჭიროების მზარდ აღიარებას, რომ ისინი პროაქტიულად გაუმკლავდნენ ადამიანის უფლებების რისკებს და აჩვენონ ანგარიშვალდებულება თავიანთი საქმიანობის თანმდევად.

როგორია პროცესი ევროკავშირის დონეზე?

2024 წლის 15 მარტს, ევროკავშირს ჰქონდა მნიშვნელოვანი გარღვევა კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების შესახებ დირექტივის მიღებით (CSDDD). ეს დირექტივა ადგენს ადამიანის უფლებებს და გარემოსდაცვით ვალდებულებებს მსხვილი კომპანიებისთვის მათი გლობალური ოპერაციების ფარგლებში, რითაც ეს რეგიონის ფარგლებში პირველი სათანადო ზრუნვის კანონმდებლობაა. თუმცა, ეს ასახავს კომპრომისს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.

ევროპის პარლამენტის მიერ 2021 წლის მარტში შემოთავაზებული რეგულაციის მიზანი იყო დაეფარა ყველა დიდი კომპანია,    საზოგადოებრივი დაინტერესების პირები და მაღალი რისკის შემცველი მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებსაც დაეკისრებოდათ მკაცრი პასუხისმგებლობა მიყენებული  ზიანისთვის. თუმცა, ევროკომისიის 2022 წლის წინადადებით რეგულაცია შემოიფარგლა ძალიან მსხვილი და მაღალი რისკის სექტორებში მოქმედი კომპანიებით და ისეთ საკითხებზე  როგორიცაა კომპანიის სიდიდე, ფინანსური სექტორის ჩართულობა, კლიმატის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.

CSDDD- ითვალისწინებს აღსრულების ორ მექანიზმს. შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ დანიშნონ საჯარო ზედამხედველობის ორგანო. ამ ორგანოებს შეუძლიათ აწარმოონ შესწავლა გამოთქმული საჩივრების საფუძველზე, გამოსცენ ინსტრუქციები, მიიღონ დროებითი ზომები და დაადგინონ ჯარიმები, მათ შორის, ჯარიმები კომპანიის გლობალური წმინდა ბრუნვის 5%-მდე.[6]

ევროკავშირის დირექტივა კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების (Due Diligence) შესახებ: რას წარმოადგენს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე?

ბიზნესის მხრიდან ადამიანის უფლებების პატივისცემის დანერგვა, გლობალური და ევროკავშირის დონეზე გაწეული უდიდესი ძალისხმევის შედეგია.  გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები და ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივები ყველაზე ნათლად წარმოაჩენეს ამ მცდელობებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირის დირექტივა კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების შესახებ (CSDDD), რომელსაც არსებითი გავლენა ექნება ევროკავშირის საზღვრებს მიღმა არსებულ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე.

ქართული კომპანიები, რომელებიც თანამშრომლობენ ევროპელ პარტნიორებთან ან მიზნად ისახავენ ევროკავშირის ბაზარზე წვდომას, აუცილებლად უნდა მოემზადონ კორპორაციული მდგრადობისა და გამჭვირვალობის კუთხით არსებული მოთხოვნების გასათვალისწინებლად. მოსალოდნელია, რომ CSDDD დანერგვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ოპერაციულ ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული, როგორც  გლობალური ღირებულების ჯაჭვებში ასევე ქართული კომპანიებისთვის და ქვეყნის შიგნით მოქმედი უცხოური სუბიექტებისთვის. საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა. CSDDD-ის აქცენტი ევროკავშირის ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა უნივერსალურობაზე ხაზს უსვამს მისი ევროკავშირის საზღვრებს მიღმა გავლენის შესაძლებლობაზე, რამაც შეიძლება საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების  აუცილებლობა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის  საჭიროება განაპირობოს. ეს მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონკურენტუნარიანობა და შეიქმნას თანაბარი პირობები ყველა ბიზნესისთვის, განურჩევლად მდებარეობისა და აფილიაციისა. გარდა ამისა, ევროკავშირში ინვესტორები და პარტნიორები სავარაუდოდ შეამოწმებენ კომპანიებს, რათა უზრუნველყონ CSDDD-ში ასახული მდგრადობის სტანდარტების დაცვა. აქედან გამომდინარე, ქართულ ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს გადახედოს შიდა პროცედურებსა და სტრატეგიებს მდგრადობის სფეროში, რათა ეფექტიანად დააკმაყოფილოს ევროპელი დაინტერესებული მხარეების მოლოდინები და მოთხოვნები.


[1] ევროპის საბჭო, ბიზნესი და ადამიანის უფლებები – სახელმძღვანელო იურიდიული პრაქტიკოსებისთვის, Claire Methven O’Brien (ნოემბერი 2018), ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/9s5Bx [ბოლო ნანახი: 31.05.24].

[2] Bueno N, Bernaz N, Holly G, Martin-Ortega O. ევროკავშირის დირექტივა კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების შესახებ (CSDDD): საბოლოო პოლიტიკური კომპრომისი. ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა ჟურნალი. გამოქვეყნებულია ონლაინ 2024:1-7. doi:10.1017/bhj.2024.10, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/oL2DI [ბოლო ნანახი: 31.05.24].

[3] Worldfavor (WF), ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საფრანგეთის კორპორაციული ზედმიწევნით მოქმედების კანონის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/MPLAh [ბოლო ნანახი: 31.05.24].

[4] KRAJEWSKI M, TONSTAD K, WOHLTMANN F. ადამიანის უფლებათა სავალდებულო სათანადო შეფასება გერმანიასა და ნორვეგიაში: ნაბიჯის გადადგმა თუ სვლა, იმავე მიმართულებით? ბიზნესის და ადამიანის უფლებათა ჟურნალი. 2021; 6 (3): 550-558. doi:10.1017/bhj.2021.43, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/oi4Sq [ბოლო ნანახი: 31.05.24].

[5] Worldfavor (WF), რა არის ნიდერლანდების HREDD კანონი? ხელმისაწვდომია: https://rb.gy/g74svo [ბოლო ნანახი: 31.05.24].

[6] კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების დირექტივა. (2024). 24-27 მუხლები.

გააზიარე: