დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

ორგანიზაცია ”დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, მრავალი წელია, აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში.  სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერების, სპეციალისტების, გარემოსდამცველი მოხალისეების გაერთიანებით, ორგანიზაცია ახორციელებს არაერთ პროექტს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ბუნების დაცვასთან, ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნებასა და ამ კუთხით ცნობიერების გაზრდასთან, ნარჩენებთან ბრძოლის თანამედროვე და საერთაშორისო მეთოდების შემუშავებასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან. 

ორგანიზაცია, 2019 წლიდან, ახორციელებს ამავე სახელწოდების პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომლის  მთავარი მიზანია სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პროექტის აქტივობები მიმართულია გარემოსდაცვითი მდგრადი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობასა და მის ინტეგრირებაზე ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში.  ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან – „დავიცვათ შვედეთის სისუფთავე“ (KST) და მუნიციპალური ნარჩენების მართვის ასოციაცია – GÅ(Gästrike Återvinnare), საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ელენე ლოლაძე, ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ პროექტის მენეჯერი

თქვენი ორგანიზაცია შეიქმნა სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, პროფესიონალთა, გარემოს დაცვის აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე, რომელიც  აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. გვიამბეთ თქვენი საქმიანობის, შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ.

ჩვენი ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ამავე სახელწოდების პროექტს უკვე  რამდენიმე წელია ახორციელებს  გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე პარტნიორ ადგილობრივ და შვედურ ორგანიზაციებთან ერთად. შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი, და შედეგზე ორიენტირებული მრავალმხრივი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოსდაცვითი მდგრადი მიდგომების დანერგვასა და განვითარებას.

ჩვენი სამუშაო არეალი მოიცავს გარემოსდაცვითი განათლების  ხელშეწყობას   და  საგანმანათლებლო სისტემაში ახალი მიდგომების ინტეგრირებას,  ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობის ირგვლივ ცნობიერებისა და ინტერესის გაზრდას,  ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის პოლიტიკის შემუშავებას და სხვა მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხს.

რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას, ეკომეგობრული პროექტებისა და აქტივობების ინიცირებას, ასევე  ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების გაუმჯობესებას გარემოსდაცვითი მიმართულებით?

ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ნათლად გვაჩვენებს, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს. ჩვენ, ერთი მხრივ,  ვქმნით და ვავრცელებთ შემეცნებით, საგანმანათლებლო მასალებს, მეორე მხრივ კი საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ვთავაზობთ გახდნენ გარემოსდაცვითი საკითხების თანამონაწილეები, რათა  წავახალისოთ სხვადასხვა სასარგებლო ინიციატივა. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ახალი თაობის გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე. სწორედ ამ მიზნით ჩვენი ორგანიზაცია  ოფიციალურად გახდა  გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი და მათთან ერთად მუშაობა  დავიწყეთ ეკოსკოლების პროგრამაზე.

ეკოსკოლები მსოფლიო მასშტაბის პროექტია, რომელიც გულისხმობს  მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთი საერთო მიზნის- გარემოს დაცვის-  ირგვლივ გაერთიანებას და მდგრადი სკოლების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროგრამა იწყება სკოლიდან  და ახალი თაობის სწავლებითა და  მათი აქტიური მონაწილეობით ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე.

პროექტის უმთავრესი მიზანია, მოიცვას საქართველოს ყველა რეგიონი და გააერთიანოს გარემოზე მზრუნველი მოსწავლე და მასწავლებელი. სწორედ ამიტომ, ეკოსკოლის   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მწვანე დროშის ჯილდოს დაწესებაა, რაც მიმართულია ეკომეგობრული სკოლების გამოსავლენად და მათ წასახალისებლად.  ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს გლობალური ეკოსკოლების რუკაზე განთავსებას, სადაც ამ პროგრამაში  გაერთიანებული, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის 80-ზე მეტი წევრი ქვეყანაა წარმოდგენილი. ეკოსკოლების პროექტის შედეგი ძალიან დადებითად აისახება არამარტო სკოლასა და მოსწავლეებზე, არამედ მთლიანად გარემოზე. ამ მიდგომებით მოსწავლეები  იღებენ ცოდნას და ერთვებიან გარემოსდაცვით აქტივობებში, იზრდება მათი პასუხისმგებლობა და ზრუნვა გარემოს მიმართ. ეკომეგობრული  სწავლების პროცესში ერთვებიან მასწავლებლები, სკოლები ხდებიან უფრო მდგრადები და იზოგება  მათი ხარჯები, რესურსები.

დღეს ეკოსკოლის პროგრამაში 500- მდე საჯარო სკოლაა ჩართული საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. შვიდსაფეხურიანი სისტემის დანერგვასთან ერთად ჩვენ სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობთ საინტერესო გარემოსდაცვით  კონკურსებსა და  აქტივობებს. ერთ-ერთი ბოლო ასეთი აქტივობა ქართული ეკო ანბანის შექმნის კონკურსი იყო, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, იმუშავეს 33 ასოს ეკოშესატყვისზე და მათ ვიზუალურ გადაწყვეტაზე.

ამავდროულად, ჩვენი ორგანიზაციის მიერ შეიქმნა და მუდმივად იხვეწება სასარგებლო გარემოსდაცვითი რესურსი ecolog.online – „ვისწავლოთ როგორ მოვუფრთხილდეთ,“ სადაც მარტივ და ყველასთვის გასაგებ ფორმატში თავმოყრილია  გარემოსდაცვითი განათლების ხელშემწყობი მასალები.

სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მუშაობა  სპეციალურ ანიმაციაზე, რომელიც ნარჩენების მართვის მნიშვნელოვან საკითხზე სულ მცირე ასაკიდან გაუმახვილებს ბავშვებს ყურადღებას და სასარგებლო ჩვევებსაც შესძენს.

მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წელს მიღწევის ჩანაფიქრით, რა როლი ენიჭება მულტისექტორულ პარტნიორობას სახელმწიფოს, კერძო და არასამთავრობო სექტორს შორის? რა როლი აქვს კერძო სექტორს და მის კორპორაციულ პასუხისმგებლობას ამ კუთხით? ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობა და საინტერესო პროექტების ერთობლივი ინიცირებაა. მათთან თანამშრომლობით ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელთა დახმარებით, ჩვენი ქვეყანა აქტიურად ერთვება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში. რაც შეეხება ბიზნესთან თანამშრომლობას, ძალიან სასიხარულოა, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობა სულ უფრო აქტუალური ხდება მათ ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ არაერთი საინტერესო გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით, როდესაც ბიზნესი გარემოსდაცვითი განათლების განვითარების პროცესში პარტნიორობას გვიცხადებს საერთო მიზნების მისაღწევად.

მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორისთვის?

მთელ მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც არაერთ საფრთხეს უქმნის გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, იქცა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობად და არსებული ეკონომიკური სისტემის გადახედვის მიზეზად.  სწორედ ამ გამოწვევებმა დაუდო სათავე მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს  გარემო რისკებისა და ეკოლოგიური დანაკარგების მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც ჩვენი ორგანიზაციის აქტიური სამუშაო თემაა.

მოგეხსენებათ,  საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს   საქართველოს ჩართულობის ზრდას ევროკავშირის სტრატეგიებსა და პროგრამებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს და მრავალმხრივ მუშაობას მოითხოვს. ამ საკითხის განვითარებისთვის  უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სათანადო ცოდნის გავრცელებას  და საგანმანათლებლო  აქტივობებში ამ საკითხის ინტეგრირებას. ჩვენი დაკვირვებით ხელშესახები შედეგის მომტანია იმგვარი მიდგომები, როდესაც სათანადო ცოდნასა და უნარების გადაცემასთან ერთად, მოსახლეობასთან მიმდინარეობს მუდმივი დიალოგი, რა სარგებლობის მომტანია მწვანე ეკონომიკის განვითარება და როგორ შეიძლება ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო მიდგომებისა და გამოცდილების შესწავლა და გაზიარება, რაც ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ უკვე გამოსცადა და მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. სწორედ ამგვარი მიდგომების ერთობლიობას შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა ადამიანებისა და გარემოსთვის.

გააზიარე: