დომუსის ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა

კომპანია დომუსი უძრავი ქონების ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორციელებას – იქნება ეს საცხოვრებელი, საოფისე თუ კომერციული დანიშნულებით. დომუსის გუნდის მთავარი ორიენტირი სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვაა. ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა – კომპანიის მთავარი და უცვლელი ღირებულებებია. ეს ღირებულებები განსაზღვრავს დომუსის მდგრადობის სტანდარტს, რომლის დაცვას, საქმიანობის ყველა ეტაპზე, კომპანიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. დომუსში მიიჩნევენ, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა. ამ პროცესში საკუთარ როლს მოიაზრებს დომუს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი თითოეული კომპანია: დომუს დეველოპმენტი; დომუს კონსტრაქშენი; დომუს ალუმინიუმი; დომუს სერვისი; ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპი. 

იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც კომპანია კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ახორციელებს, დომუსის მმართველი პარტნიორი გიორგი გიორგაძე საუბრობს.

მდგრადი განვითარების მიზნები თქვენი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია? 

დიახ, მდგრადი განვითარება დომუსის ბიზნეს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქტიურად ვმუშაობთ ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების მიმართულებით. ვზრუნავთ, რომ მშენებლობისას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს. ამის ნათელი მაგალითია დომუს ვაკის პარკის კომპლექსი ფალიაშვილის #87-ში, რომელიც ეკო არქიტექტურით შექმნილი პირველი პროექტია ადგილობრივ ბაზარზე. მწვანე კონცეფცია პროექტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებას გულისხმობს: შენობის ენერგოეფექტურობა; ინსოლაცია; ბუნებრივი განათების მაქსიმალური გამოყენება; განიავებადი პერფორირებული მეტალის ფასადი; მწვანე სახურავი; გათბობისა და გაგრილების, ირიგაციის სისტემები; გამწვანების სიუხვე და სხვა მახასიათებლები, რაც ერთობლიობაში ქმნის ხარისხს. გარდა ამისა, დომუსმა ამ პროექტის მიმდებარედ  გამოისყიდა  550 კვ. მ. მიწა, სადაც უნდა აშენებულიყო ათსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და ნაცვლად ამისა, უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, შეინარჩუნა მრავალწლიანი ნაძვები და გავაშენეთ ბამბუკის სკვერი. 

გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა კომპანია დომუსის კულტურის ნაწილია. პროექტებში ენერგოეფექტური მასალებისა და სისტემების გამოყენებით, ვამცირებთ ენერგიის მოხმარებას, რითაც მცხოვრებლებს ვეხმარებით დაზოგონ კომუნალური გადასახადები და ამავე დროს წვლილი შეგვაქვს უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში.  

რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ კომპანიებში და რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების წევრობა, როგორიც არის გაეროს გლობალური შეთანხმება? რას ეტყოდით ბიზნესს, რატომ უნდა გაწევრიანდნენ კომპანიები ამ ინიციატივაში?

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ კომპანიებში აუცილებელია სექტორის განვითარებისთვის. თუ დასავლურ სტანდარტებთან დაახლოება გვსურს, აუცილებელია სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. დომუსი უკვე მრავალი წელია იცავს საერთაშორისო სტანდარტებს და იყენებს დასავლური კომპანიების მეთოდოლოგიებს საცხოვრებელი და მულტიფუნქციური პროექტების შექმნისას. 

გაეროს გლობალური შეთანხმების  პლატფორმის წევრობა საშუალებას  გვაძლევს აქტიურად შევიტანოთ წვლილი სფეროს განვითარებაში, რაც ჩვენი კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.  გაწევრიანება გულისხმობს იმ 10 პრინციპის დაცვასა და გაზიარებას, რომელიც  უკავშირდება ადამიანის უფლებებს, შრომის უფლებებს, გარემოს დაცვასა და კორუფციასთან ბრძოლას. პლატფორმა ბიზნესს მრავალი კუთხით უწევს მხარდაჭერას: ეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობასა და პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ჩართულობის, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, გამოცდილების გაზიარების მხრივ და ა.შ. 

რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი კომპანია თქვენთვის და რატომ უნდა აიღოს კერძო სექტორმა პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობით გამოწვეულ ზიანზე?

კერძო სექტორს, განსაკუთრებით კი სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროს ბიზნესს, აქვს პასუხისმგებლობა, უარყოფითად არ იმოქმედოს გარემოზე. დომუსისათვის პრიორიტეტულია ხარისხი, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემოს შენება. კომპანიაში დანერგილი სტანდარტები, მეთოდოლოგია, ხარისხის კონტროლი და ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. 

დომუს სერვისის დაარსებაც, თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის გარდა, გულისხმობს ხარისხიანი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებას გრძელვადიანად და მის მოვლასა და განვითარებაზე ზრუნვას. 

მდგრადი განვითარების კუთხით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, ასევე თქვენი საქმიანობისთვის და რა კუთხით გესაჭიროებათ მხარდაჭერა?

მდგრადი განვითარებისთვის ყველაზე დიდი გამოწევაა ბაზარზე ევროკოდების დროულად დანერგვა, იმპლემენტაცია, სტანდარტების გაცნობა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა. 

მდგრადი განვითარება მოიცავს კომპლექსურ მიდგომას. გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა 17 მიზანი, ერთგვარი სამოქმედო გეგმა პლანეტისა და ადამიანების კეთილდღეობისთვის. დეველოპერულ სფეროში ხედვა, რომლისკენ სწრაფვა და რომლის მხარდაჭერაც აუცილებელია, არის მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების განვითარება, ნარჩენების გადამუშავების პრობლემის მოგვარება (რომლის არარსებობაც დეველოპერს ხელს უშლის საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაში) და LEED სერტიფიცირება, რომელიც ადასტურებს პროექტის შესაბამისობას მწვანე არქიტექტურის მოთხოვნებთან. 

ასევე, ერთ-ერთი გამოწვევაა მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება. მდგრადი განვითარება საზოგადოებასთან თანამშრომლობით მიიღწევა. 

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომავალში? 

დომუსი აგრძელებს ინოვაციური და მწვანე კონცეფციის პროექტების განხორციელებას. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ახალი, მულტიფუნქციური და საცხოვრებელი პროექტის წარდგენა თბილისის ცენტრალურ უბნებში და გვექნება სიახლე ძველ თბილისში. მომხმარებლის ქცევის ცვლილებას, კერძოდ კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გადასვლის სურვილს, ვაპირებთ ვუპასუხოთ ქალაქთან ახლოს დაბალი განაშენიანების უბნის შექმნის კონცეფციით.

გააზიარე: