ეიპიემ ტერმინალსი – ფოთის მდგრადი განვითარებისთვის

2021 წლის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ნომინაციაში – მდგრადი ქალაქები და დასახლებები (SDG 11) – „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ გადაეცა. ეს ნომინაცია დიდი სტიმულია ბიზნესისთვის, ხელი შეუწყოს ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების განვითარებას, რაც  არაერთი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. კერძოდ: ამცირებს გარემოზე მავნე ზეგავლენას, ავითარებს ინკლუზიურ,  ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურას, აწესრიგებს ნარჩენების მართვის პროცესს, ქმნის ხელმისაწვდომ საცხოვრებელ სივრცეს, აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას, მდგრად ურბანულ ტრანსპორტს, ხელს უწყობს ურბანული დაგეგმარების პროცესში ინოვაციური მიდგომების გამოყენებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას სხვადასხვა ფორმით.

თანამედროვე, სწრაფი, ურბანული განვითარების პირობებში, როცა ქალაქებისა და დასახლებების ზრდა უმეტესად ქაოსურად, გააზრებული კონცეფციისა და გეგმის გარეშე მიმდინარეობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ამ ნომინაციის მიზანი ბიზნესის წახალისებასთან ერთად, ურბანული გარემოს სწორად განვითარების ხელშეწყობაცაა, რაც ყველა მონაწილე რგოლზე დადებითად აისახება.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების“ ნომინაციაში „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პროექტით – „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ წარდგა. მეორე ეტაპზე გადასული 5 ნომინანტიდან სწორედ ის გახდა ჟიურის რჩეული. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების პარტნიორი, ეთუნა ცოტნიაშვილი გვესაუბრება იმ პროგრამებზე, გამოწვევებსა და კიდევ უფრო გაზრდილ პასუხისმგებლობაზე, რომლის წინაშეც ეს  გამარჯვება აყენებს კომპანიას.

– რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში? რა იყო ძირითადი მოტივაცია?
– კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. თუ გვსურს, ბიზნესი იყოს წარმატებული, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული, უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ინვესტიცია და ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს სასიკეთო შედეგს როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოებისთვის.

კერძო სექტორს ქვეყნის მდგრად განვითარებაში უდიდესი როლი აქვს. ადამიანები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან არა იმით, რას აკეთებს ესა თუ ის ბიზნესი, არამედ, როგორ აკეთებს ამას.

გაეროს გლობალური შეთანხმება საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის ქართულმა წარმომადგენლობამ საქართველოში მსგავსი კონკურსი პირველმა დააარსა; საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ შერჩეული პროექტები არის აღიარება,  მოტივაცია, რეპუტაცია და რა თქმა უნდა, დამატებითი პასუხისმგებლობა – უფრო მეტი ვაკეთოთ ჩვენ ირგვლივ არსებული საზოგადოებისა და გარემოს გასაუმჯობესებლად.

– გვიამბეთ თავად პროექტის შესახებ: რით არის გამორჩეული და რა როლს შეასრულებს სამომავლოდ როგორც კონკრეტულად თქვენი კომპანიის, ასევე, ზოგადად, ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის?

 – გასულ წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად დაიწყო მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამა – „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადავიდა.
APMTerminals4Poti-ის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  კონკურსის წესით მოეპოვებინათ მიზნობრივი დაფინანსება. ამასთანავე, გაეუმჯობესებინათ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ტრენინგებით, რომელსაც პროგრამის ფარგლებში გადიან.

პროგრამით გათვალისწინებული იყო 80-ზე მეტი მცირე ბიზნესპროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს  სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე წვდომას. თითოეულ პროექტზე გამოყოფილი მაქსიმალური მიზნობრივი ბიუჯეტი 4000 ლარია და გულისხმობს მოსარგებლეების თანამონაწილეობას, მოთხოვნილი ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის ოდენობით.

ბიზნესიდეის არეალი არ იზღუდებოდა, თუმცა, სასურველი იყო წარმოედგინათ ადგილობრივი რეალობისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ შედეგს მოიტანდა და აუცილებლად ქალაქ ფოთში განხორციელდებოდა.

რამდენადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა, პროგრამის პრიორიტეტია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ქალის ჩართვა; გარდა ამისა, ახალგაზრდობისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა შეუქცევადად წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს ამოცანას. ამრიგად, მიზნობრივი ბიუჯეტის 40% მიმართულია სწორედ ქალების, ახალგაზრდებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაფინანსებაზე.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს არსებობა საზოგადოებისთვის? რა ზეგავლენას მოახდენს  კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება მომხმარებელზე – არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლობიანი კომპანიების სასარგებლოდ?

-კონკურსში მონაწილე კომპანიების მზარდი რაოდენობა კარგად ასახავს, რამდენად ნათლად აცნობიერებენ საქართველოში მდგრადობისა და პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობას. ბუნებრივია, ბიზნესის ძალისხმევა არც მომხმარებლისთვისაა შეუმჩნეველი, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ბრენდის მიმართ ლოიალობას და ნდობას.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება და როგორ აპირებს თქვენი კომპანია  კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას?

– გვეამაყება, რომ ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობებისთვის მესამედ დაგვაჯილდოვეს. ეს აღიარება მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის თანამშრომლების, ისე  ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

A.P.Moller-Maersk-ისა და მისი ტერმინალების გუნდის წევრობა აქტიურ კორპორაციულ მოქალაქეობას ნიშნავს. კარგად გვესმის, რომ უნდა შევქმნათ გარემო, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიას, ისე საზოგადოებას, რაც ბიზნესის პასუხისმგებლობიან საქმიანობას განაპირობებს.

ისტორიული რაკურსით თუ შევხედავთ, ფოთის საზღვაო ნავსადგური ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი თემის მოკლე და გრძელვადიან საჭიროებათა მხარდაჭერაში, თუმცა სტრუქტურირებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია ბოლო წლებში შემუშავდა. კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკა მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება Maersk-ის ჯგუფის პრიორიტეტებს, რომლის მიზანია, იყოს სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ოთხი მიზანი: შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება, ამით არ შემოვიფარგლეთ და ვაგრძელებთ სხვა ინიციატივების მხარდაჭერასაც, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

  • მცირე მეწარმეთა მხარდასაჭერად ფოთში ვახორციელებთ პროგრამას – ,,ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“;
  • 2017 წლიდან ვახორციელებთ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას – InPort, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად  ათამდე ახალგაზრდა გადის ოთხთვიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პორტში. პროგრამის დასასრულს შერჩეული კანდიდატები საქმდებიან კომპანიაში;
  • ვთანამშრომლობთ ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან. გასულ წელს ჩვენმა კომპანიამ ცენტრს ამწე საშუალებების სიმულატორი გადასცა. აღნიშნული სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის;
  • ინვესტიცია განვახორციელეთ მბრუნავ სპრედერში, რომელიც ნაყარი ტვირთის დამუშავების ახალ ტექნოლოგიას წარმოადგენს. მისი გამოყენებით მცირდება გარემოზე მიყენებული ნეგატიური ზემოქმედება და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკი ადამიანებისთვის.

ეს პროექტების არასრული ჩამონათვალია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა პირველ რიგში,  თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებით იწყება: ჩვენ გვაქვს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო; ვზრუნავთ, რომ ჩვენი სარგებლისა  და ანაზღაურების სისტემა იყოს კონკურენტუნარიანი და თანაბრად გავრცელდეს ყველა თანამშრომელზე; მუდმივად ვთავაზობთ მათ პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

– თქვენი აზრით, როგორია  სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის როლი ამ პროცესში და როგორ შეუძლიათ მათ კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებით დაეხმარონ ბიზნესის მდგრად განვითარებას?

– საერთო მიზნების შესრულებისთვის მულტისექტორულ თანამშრომლობას ალტერნატივა არა აქვს.  ცალკე ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი და სახელმწიფო ვერ მიაღწევს ისეთ შედეგებს, როგორც ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. 2030 წლის მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგიც ხომ ამას გვირჩევს: მეტად ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან, რათა, ერთი მხრივ, დროულად გადავჭრათ არსებული გამოწვევები, მეორე მხრივ, სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს საქმიანობას და კორპორაციული მდგრადობის განვითარებას.

ჩვენ გვაქვს  პარტნიორობის რამდენიმე მაგალითი და ამავდროულად, ინიციატივები, სადაც სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა საზოგადოებაზე, ბიზნესსა და გარემოზე პოზიტიურად აისახება.  

გააზიარე: