ეკომეგობრული პროდუქციის ძიებაში

„Eco Generation“ ეკომეგობრული ჭურჭლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც გარემოზე პლასტმასის დამღუპველ ზემოქმედებას ებრძვის. ბოლო წლებში ეს პროცესი სულ უფრო აქტუალური ხდება – პლასტმასას უპირისპირდებიან მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც. ამაზე მეტყველებს მზარდი მოთხოვნა ეკომეგობრულ პროდუქტებზე, რასაც ადამიანების მიერ ამ პრობლემის გათვითცნობიერება განაპირობებს.

კომპანია 2018 წელს ენთუზიასტმა მეგობრებმა დააფუძნეს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კავშირი  პლანეტის   ჯანმრთელობასა   და   პლასტმასის ერთჯერად პროდუქტს შორის. ეკომეგობრული თაობის წარმომადგენლებმა მიზნად დაისახეს,  საზოგადოებას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში დახმარებოდნენ. მათ მიერ დამზადებული ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი ჭურჭელი საშუალებას აძლევს ადამიანებს, სახლში, სამსახურში ან მოგზაურობისას შეამცირონ  ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე. დღესდღეობით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გარემოს დაბინძურების დამანგრეველ მასშტაბებთან საბრძოლველად.  

კომპანიის დევიზია – „ერთად ვიზრუნოთ მომავალზე“, რაც მწარმოებლისა და მომხმარებლის ერთობას განაპირობებს: პლასტმასისგან თავისუფალი, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მონდომება. ცდილობენ, ეს ყველა თაობის მომხმარებელმა გააცნობიეროს. მათი მიზანია,  გარემოს დაცვა გახდეს  აქტუალური და მისაბაძი, რისთვისაც აპირებენ, სხვადასხვა სახის კამპანია აწარმოონ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უმთავრესი ამოცანაა გლობალური გამოწვევის დაძლევაში, რასაც ემსახურებიან კიდეც თავისი საქმიანობით. მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტად გამოიყენებენ ადამიანები ეკოლოგიური მასალისგან დამზადებულ ჭურჭელს პლასტმასის ერთჯერადი პროდუქციის ნაცვლად, მით მეტად გაჯანსაღდება გარემო.

​ეკომეგობრული პროდუქციის ბაზარი საქართველოში ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზეა, რაც  კომპანიებს  განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს. Eco Generation-ში  მიიჩნევენ, რომ მათი პროდუქციისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს საზღვრები, ამიტომ სამომავლოდ რეგიონული ქვეყნების ბაზრების ათვისებასაც განიხილავენ.

დევიზი – „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“, კომპანიის მიერ პროდუქციის ხელახალ გადამუშავებასაც ითვალისწინებს, რაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების  შემცირებას და ღირებულებათა  ჯაჭვში რენტაბელობის გაზრდას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ, ეს გამოთავისუფლებული რესურსის რეინვესტირებას გახდის შესაძლებელს და კიდევ ერთი  ნაბიჯია განვითარებისკენ.

კომპანიის მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკოსისტემის გაუმჯობესებაში. ამ სფეროში რევოლუციური ცვლილებების დანერგვასაც ფიქრობენ,  თუმცა, ამისათვის საჭიროა საყოველთაო ჩართულობა: როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორისა და საზოგადოების. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს. კომპანიის დამფუძნებელთა აზრით,  სხვა სფეროების მსგავსად, აუცილებელია გარემოსდაცვითი მიმართულებით კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. რაც მთავარია, მისი ეფექტურად აღსრულება. ამ კუთხით გადამწყვეტი როლი ენიჭება კერძო კომპანიების აქტიურობას, რათა სახელმწიფომაც აუბას მხარი შესაბამისი ინიციატივებით.

Eco Generation-ში კარგად ესმით, რომ ქვეყნის ეკონომიკა  თითოეული დიდი თუ მცირე საწარმოს განვითარებას ეფუძნება. საამისოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო, რაც, კომპანიის შესაძლებლობის ზრდასთან ერთად, უცხოელ პარტნიორებთან კავშირს შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი საწარმოებს  უცხოეთის პერსპექტიული ბაზრების ათვისებაში დაეხმარება. ამას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, შეღავათიანი პირობებით მოახდინონ  პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრებზე.

Eco Generation-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ადამიანური რესურსია. მიიჩნევენ, რომ წარმატებულ კომპანიებს ქმნიან ბედნიერი თანამშრომლები. მათი მიზანია, ამ ადამიანებს  საუკეთესო სამუშაო გარემო ჰქონდეთ. შესაბამისად, სამუშაო პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ცდილობენ. სამომავლოდ საწარმოო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება იგეგმება. დღესდღეობით კომპანიის პროდუქტი  საერთაშორისო სტანდარტებითაა სერტიფიცირებული.

წარმატების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა ინოვაციების დანერგვაა. Eco Generation  აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მიიჩნევენ, რომ ინოვაციები გაზრდის კომპანიის ღირებულებას და აამაღლებს კონკურენტუნარიანობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. აქვთ რეგისტრირებული დიზაინი და სასაქონლო ნიშანი. ასევე, მუშაობენ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც მნიშვნელოვან ტექნიკურ პრობლემას გადაწყვეტს საწარმოო ნარჩენების შესამცირებლად. ამ  კუთხით გამოგონების პატენტის მიღებასაც აპირებენ, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას.

Eco Generation-ს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ეკომეგობრული ჭურჭლის ბაზარზე, თუმცა, არსებულით არ კმაყოფილდებიან და  სამომავლო ცვლილებებზე ფიქრობენ. მათი მიზანია, წაახალისონ  სწორი გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკოლოგიური მომავლისაკენ. 

გააზიარე: