HG

დღეს, როცა მსოფლიოს საერთო გამოწვევა – პანდემიასთან ბრძოლა აერთიანებს, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა საზოგადოებისა და გარემოს დაცვისთვის ერთიანი ბრძოლის საჭიროება. ბიზნეს სექტორმა, კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ცხადად დაინახა, რომ საერთო საქმის კეთებაში მათი როლი გადამწყვეტია.

წლების წინ, სანამ მსოფლიოსა და საქართველოს პრობლემათა სიის სათავეში პანდემია მოექცეოდა, ქართულ ბაზარზე გარემოს მეგობარი სარეკლამო კომპანია HG გამოჩნდა. კომპანია HG ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც პლასტმასთან ბრძოლის ალტერნატივა მოძებნა და პლასტმასი ქაღალდით ჩაანაცვლა.

პანდემიის დაწყებიდან მალევე კომპანია ბაზრის საჭიროებებს მოერგო, პირბადეების წარმოება დაიწყო და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის პრეცენდენტიც შექმნა. ორგანიზაციების „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ და „უკეთესი მომავლისთვის“ დახმარებით, კომპანიამ წეროვნის დევნილთა დასახლებაში სამკერვალო სალონის ფილიალი გახსნა და 30-მდე იძულებით გადაადგილებული ქალი დაასაქმა.

ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნის მიღების შემდეგ კომპანიამ მთავრობისაგან და რამდენიმე მსხვილი დამკვეთისგან შეკვეთები მიიღო – დღეს კი მის მიერ წარმოებული რამდენიმე სახეობის პროდუქცია წარმატებით იყიდება სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაში.

მრავალჯერადი პირბადეების დიდი ნაწილი კი ორგანიზაციებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგეს.

„ინკლუზიური საზოგადოება – საქართველოსთან“ ერთად კომპანიამ შექმნა კამპანია ,,დაინახე უსინათლო თანამოქალაქე,“ რაც პლასტმასის ჭიქების ხალხმრავალ სივრცეებში ეკომეგობრული ჭიქებით ჩანაცვლებას მოიცავდა. გარემოზე პირდაპირ ზრუნვასთან ერთად, მათ ჭიქებზე დაიტანეს შემდეგი გზავნილი – დაინახე უსინათლო თანამოქალაქე. კამპანიაში არაერთი ორგანიზაცია ჩაერთო, რის შედეგადაც შემოსული თანხის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელჯოხების შესაძენად გადაეცათ.

მიუხედავად იმისა, რომ HG Company ამ ეტაპზე პატარა კომპანიაა, ის საკმაოდ ინტენსიურადაა ჩართული კორპორაციული პასუხისმგებლობისკენ მიმართულ აქტივობებში, რადგან, როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი კორპორაციული იდეოლოგიის საყრდენი – გლობალური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.

გააზიარე: