ის, რაც კარგია პლანეტისთვის, კარგია მაიკროსოფტისთვის

ინტერვიუ კომპანია „მაიკროსოფტ საქართველოს“ წარმომადგენელთან და გაყიდვების დირექტორთან ქეთი რატიანთან.

საწყის ეტაპზე, კომპანიების უმეტესი ნაწილისთვის პირველი „ლოქდაუნი“ დამაზიანებელი აღმოჩნდა. მათმა დიდმა ნაწილმა სწრაფად ადაპტაცია ვერ შეძლო. მიუხედავად ამგვარი მოცემულობისა, შეიძლება თუ არა აღნიშნული სიტუაცია მივიჩნიოთ, როგორც დადებითი ცვლილებების საწინდარი? შეიძლება თუ არა ამ პროცესმა კომპანიები მიიყვანოს ქცევის ახალ სტანდარტებამდე, როგორიცაა საკუთარი ბიზნესის გაციფრულება და მართვის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა?

მიმდინარე კრიზისი, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა. ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკური კლიმატისა და გაურკვევლობის პერიოდის ყველაზე დიდი გაკვეთილი ისაა, რომ არც ერთი ბიზნესი არ არის დაზღვეული კრიზისისგან და არც ერთი ორგანიზაცია არ არის 100%-ით გამძლე. პანდემიამ ასევე გვასწავლა, რომ ციფრული შესაძლებლობების მქონე ბიზნესებმა უფრო სწრაფად და ეფექტურად შეძლეს ადაპტირება და მომხმარებლების საჭიროებებზე შესაბამისად რეაგირება.

ჩვენი ქვეყნის ყველა ინდუსტრია ტრანსფორმაციული ცვლილებების წინაშე დგას. ბევრი ორგანიზაციისთვის წარმატების საზომი მექანიზმები შეიცვლება. ამ რთულმა პერიოდმა კიდევ უფრო მეტად დაგვანახა გამძლეობის, ადაპტაციისა და მოქნილობის უნარის საჭიროება. როგორც სატია ნადელამ ახლახანს აღნიშნა, „ორი წლის ვადაში განსახორციელებელი ციფრული ტრანსფორმაცია, ორ თვეში ვიხილეთ“. დავინახეთ, რომ სამუშაო კულტურაში მრავალი ცვლილება უკვე დაჩქარებულია, მაგალითად, გაზრდილი მოთხოვნილებები მობილობის, დისტანციური მუშაობისა და კატეგორიზირებული გუნდური სამუშაოს მიმართულებებით. დღევანდელ რეალობაში, მოქნილობა – შესაძლებლობა სწრაფად მოერგო ცვალებად პირობებს – წარმატების საზომი ინდიკატორი გახდა.

ქართული ორგანიზაციები, რომლებმაც დაიწყეს ციფრული ტრანსფორმაცია, უკვე ხედავენ სარგებელს – ტექნოლოგიების საშუალებით, საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობებსა და ინსტრუმენტებზე წვდომა გაჩნდა. მასშტაბურობისა და იმპელემენტაციის სიჩქარის წყალობით, ორგანიზაციების ხარჯთა დაზოგვა იზრდება. ეფექტური, სწრაფი და თვითკმარი საშუალებების წყალობით კი თანამშრომლები პროდუქტიულობას ინარჩუნებენ.

ამ ორგანიზაციებმა, გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უნარი გამოამჟღავნეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კრიზისმა მათ ინდუსტრიებზე გავლენა მოახდინა, აღდგენისთვის საჭირო მყარი საფუძველი მათ უკვე აქვთ. მეტიც, აღნიშნული ორგანიზაციები უკვე იმაზე იწყებენ ფიქრს, თუ რას მოიტანს მომავალი.

რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქართულ კომპანიებში? რა მიმართულებებით გამოიკვეთა გაციფრულების სტანდარტების დადგენის საჭიროებები?

ახალ ათწლეულში ვაბიჯებთ. შესაბამისად, მომხმარებლების განვითარებად საჭიროებებზე დაფუძნებული ტექნოლოგიის შექმნაზე ვართ ორიენტირებულები. ახლა, ყველა კომპანია, საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ტექნოლოგიურ კომპანიად ტრანსფორმირდება. ჩვენს მიერ თითოეული ინსტრუმენტისა და სერვისის შექმნის პროცესში, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მიმდინარე ტალღა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა კომპანიებს უფრო ჭკვიანი, პროდუქტიული და ეფექტური საქმიანობის წარმოებაში დავეხმაროთ.

იმისათვის, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ორგანიზაციებმა ციფრული ტრანსფორმაცია მოახდინონ, საჭიროა სამუშაო სივრცეში ინტეგრირებული საშუალებების გამოყენებით თითოეული თანამშრომლის გაძლიერებაზე იფიქრონ, რაც თანამშრომლებს დაეხმარება იყვნენ კიდევ უფრო პროდუქტიულები და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულები.

წარმატების მისაღწევად, ბიზნესმა თითოეულ სამუშაო ასპექტს შორის ციფრული კავშირი უნდა შექმნას, მომხმარებლებიდან – თანამშრომლებამდე, ოპერაციებიდან – პროდუქტებამდე.

Microsoft-ი მომავალზე ორიენტირებული კომპანიაა. რა როლი აქვს მდგრად ბიზნესს მომავლის გარდაქმნაში?

Microsoft-ის ერთ-ერთ მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით, გადაჭრას მსოფლიოში ყველაზე გადაუდებელი გარემოსდაცვითი პრობლემები. კომპანია ფოკუსირდება სფეროებზე, რომლებსაც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა ნახშირბადი, ენერგია, წყალი და ნარჩენები.

ჩვენი მისიაა პლანეტის ყველა ადამიანისა და ორგანიზაციის გაძლიერება უფრო მეტის მიღწევის მიზნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიზნესის მიზანი და, შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა, ადამიანებისა და პლანეტის პრობლემებისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვებთან, რათა წვლილი შევიტანოთ კლიმატის კრიზისის აღმოფხვრაში. ის, რაც კარგია პლანეტისთვის, კარგია Microsoft-ისთვის.

ჩვენი მიზანი მარტივია: მსოფლიოში ინოვატორებთან თანამშრომლობა – ტექნოლოგიის, ინსტრუმენტებისა და ტრენინგების საშუალებით, რაც მათ დედამიწის ბუნებრივი რესურსების მართვის უფრო ეფექტურ საშუალებას მისცემს და პლანეტის დაცვისთვის საჭირო ახალ, უკეთეს გზებს აღმოაჩენინებს. გასული წლის განმავლობაში, Microsoft-ი გახდა „ნახშირბადუარყოფითი“, რაც ნიშნავს, რომ კომპანია ატმოსფეროში ჭარბ ნახშირბადს აღარ გამოყოფს. მსგავსი პოლიტიკაა ნულოვანი ნარჩენების მიმართაც. კომპანია აშენებს პლანეტარული გამოთვლის პლატფორმას, რომელიც დედამიწის ბუნებრივი სისტემების მონიტორინგის, მოდელირებისა და მართვის მეთოდს გარდაქმნის. ამბიციური მიზნების დასახვის მიღმა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ტექნოლოგიის გამოყენება სასიკეთო მიზნებისთვის, რათა ჩვენმა მომხმარებელმაც გადადგას მსგავსი ნაბიჯები.

რა როლი აქვს კორპორაციულ მდგრადობას კომპანიაში? გაგვიზიარეთ კომპანიის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს პრაქტიკ

Microsoft-ის მიზანი – თითოეული ადამიანისა და ორგანიზაციის გაძლიერება უფრო მეტის მისაღწევად – მოითხოვს ყურადღებით დაკვირვებას იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ჩვენს ბიზნეს-პრაქტიკას, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ინვესტიციებს. ჩვენი ბიზნეს-პრაქტიკა და პოლიტიკა ასახავს ჩვენს ვალდებულებას – მსოფლიოზე პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რათა მივიღოთ და შევინარჩუნოთ მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობა და გავაძლიეროთ ის საზოგადოება, რომელთან ერთადაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. საუბარია ისეთი მდგრადი მომავლის შექმნაზეც, რომელშიც ყველას ექნება წვდომა ტექნოლოგიის მიერ შექმნილ შესაძლებლობებსა და სარგებელზე.

და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება პანდემიას ბიზნესის კეთების კულტურაზე საქართველოში და მსოფლიოში? რა არის თქვენი მოლოდინები?

ამჟამად ათვისებული შესაძლებლობები, ციფრული ტრანსფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილია. კომპანიამ უნდა დააზუსტოს ხედვა და სტრატეგია, დახვეწოს კულტურა და განსაზღვროს უნიკალური პოტენციალი – ამ ელემენტების კომბინაცია ორგანიზაციას გამძლეობისთვის, მოქნილობისთვის ამზადებს და ცვალებად პირობებზე სწრაფ რეაგირებაში ეხმარება.

ახლა, ისე როგორც არასდროს, ორგანიზაციები ისეთი მიზნის დასახვის საჭიროებას ხედავენ, რომელიც მათი ციფრული ტრანსფორმაციის ფუნდამენტად იქცევა. ნათელია, რომ სწორედ ტექნოლოგიებმა უნდა უზრუნველყონ ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობა.

ორგანიზაციებს შეუძლიათ ტრანსფორმირდნენ მაშინ, როცა გუნდი საერთო ღირებულებებთან და იდეებთან თანხვედრაში ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს. მდგრადობის შესაქმნელად საჭიროა ახალი იდეების, პროცესებისა და ტექნოლოგიების მიმართ მიმღებლობა. ჩვენი დაკვირვებით, ტრანსფორმაციის პროცესში ლიდერობენ ის ორგანიზაციები, რომლებსაც პიროვნების, შესაძლებლობების, იდეებისა და მიდგომების მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლობა აქვთ.

ჩვენ ვხვდებით, რომ სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, არსებითად განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელშიც გუშინ ვცხოვრობდით. ერთი წლის შემდეგ ის კიდევ უფრო განსხვავებული იქნება. მიზანმიმართული მოქმედებით, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა გავხადოთ დედამიწა უკეთესი.

ახლა, ისე როგორც არასდროს, მიგვაჩნია, რომ ქართული კომპანიების დახმარება გაციფრულებისა და მდგრადობის შენების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. წინა თვეებმა ნათლად გვაჩვენა, რომ გაციფრულებისთვის – ძლიერი მიზნობრივი საფუძველია საჭირო.

გააზიარე: