მდგრადი განვითარება ეროვნული ვალდებულებაა

CENN არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც იცავს გარემოს სამხრეთ კავკასიაში და ამით ხელს უწყობს რეგიონში მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია ეხმარება საზოგადოებრივ და კერძო სექტორს, მთავრობასა და ადგილობრივ თემებს მათ წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში, წარმატებული სოციალური აქტივობების განხორციელებასა და რესურსების ეფექტიან მართვაში. ამ პროცესში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორსა და ორგანიზაციასთან. როგორია მათი წვლილი მდგრადი განვითარების მიზნებისკენ მიმავალ გზაზე და რა როლი აქვს ამ პროცესში სექტორთშორის თანამშრომლობას, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია გვესაუბრება.

– გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN აქტიურად ნერგავს მდგრადი განვითარების პრინციპებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. როგორია მისი როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში?

მდგრადი განვითარების მიზნებს დიდი მნიშვნელობა აქვს CENN-ისთვის, რადგან ჩვენს ღირებულებებს უკავშირდება. მათი შესრულება არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა – ეროვნული ვალდებულებაა, რომელმაც სხვადასხვა სექტორი – მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნესი და აკადემია უნდა მოიცვას. ამიტომ, ყველას ვურჩევთ, მონაწილეობა მიიღონ ამ ინიციატივაში და უფრო მდგრადი მომავლისთვის ითანამშრომლონ.

CENN სპეციალიზებულია SDG-ებისთვის მნიშვნელოვან რიგ სფეროებში, მათ შორის, რესურსების მდგრად მენეჯმენტში, კატასტროფების რისკის შემცირებაში (DRR), სოფლის განვითარებაში, ნარჩენების მართვაში, ჯანსაღი და განვითარებადი კლიმატისადმი მდგრადი საზოგადოების/თემების შექმნაში, ქალებისა და გოგონების გაძლიერებაში, რათა მონაწილეობა მიიღონ ინკლუზიურ გადაწყვეტილებებში და ა.შ. CENN-ის მიმდინარე პროექტები უკავშირდება 17- დან 16 SDG-ს და შესაბამის გლობალურ და ნაციონალიზებულ მიზნებს. განსაკუთრებული მოვლენაა ნიკო კეცხოველის სკოლის ყოველწლიური პრემია, რომელიც 500-ზე მეტ სკოლას აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით. ახალგაზრდული კონკურსის მთავარი თემა გლობალური SDG-ია, რაც აქტუალურს ხდის ამ თემას ახალ თაობაში.

რა გამოცდილება აქვს CENN-ს პარტნიორული პროექტების ჭრილში. რატომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობა?

მდგრადი განვითარების ხელშეწყობა CENN-ის მისიის ნაწილია, რომელიც მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის, გარემოს დაცვას, კლიმატის მედეგობას, ინკლუზიურ ზრდას, კარგ მმართველობას. ამის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მულტისექტორულ თანამშრომლობას. რეალური ცვლილებისთვის საჭიროა ყველა სექტორის ჩართულობა, რაშიც აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაცია.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ დაფინანსებული პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ – ფარგლებში, CENN-მა ხელი შეუწყო სატყეო სექტორის მნიშვნელოვან რეფორმებს. შემუშავდა სატყეო კონცეფციის – პოლიტიკის დოკუმენტი და 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა; შეიქმნა და დამტკიცდა ტყის ახალი კოდექსი ეროვნულ დონეზე, რაც მრავალსექტორული თანამშრომლობის შედეგი იყო – პროცესში მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე, მათ შორის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო საზოგადოება, საგანმანათლებლო და კერძო სექტორი.

საქართველოს კლიმატის სამოქმედო პროექტი (GEO-CAP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია, სადაც მოქმედებს მულტისექტორული მიდგომა. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებისას; ასევე, იგეგმება დაინტერესებულ მხარეთა რეგიონული სამოქმედო ჯგუფებისა და კლიმატის ცვლილების, გარემოს და ჯანდაცვის ეროვნული პლატფორმის შექმნა. ეს მნიშვნელოვანია ნდობის აღსადგენად და თანამშრომლობის გასაძლიერებლად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისთვის. პლატფორმა მარგინალურად დაუცველი და გარიყული ჯგუფების ჩართვასაც უზრუნველყოფს.

CENN-ს კერძო სექტორთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. ნარჩენების მართვის წინა პროგრამის ფარგლებში, USAID- ის დაფინანსებით დავაარსეთ საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია, რომელიც თანამშრომლობის, ადვოკატირებისა და კოორდინაციის პლატფორმა გახდა. მულტისექტორული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია თანამშრომლობა ამერიკის სავაჭრო პალატასთან (AmCham). CENN-მა შექმნა AmCham- ის გარემოს დაცვის კომიტეტი და რეგულარულად ატარებს საკოორდინაციო შეხვედრებს, რათა განიხილონ გარემოსდაცვით საკითხებზე პოტენციური თანამშრომლობა.

მულტისექტორული მიდგომით განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი სასურსათო ნარჩენების პროექტი, რომლის საჭიროება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ დადგა. დაარსდა მრავალდარგობრივი პლატფორმა – სურსათის დონაციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კერძო სექტორისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. დაიწყო სამთავრობო უწყებებთან დიალოგი, რომლის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები არსებული რეალობის გათვალისწინებით.

არაერთ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები კერძო სექტორისგან იღებენ დახმარებას. უნდა გააქტიურდეს თუ არა საქართველოში ბიზნესსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის მსგავსი თანამშრომლობა?

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კერძო სექტორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რაც განაპირობებს უფრო ფართო მასშტაბის საკითხების დაფარვას, მდგრადობას და რესურსების გადანაწილებას. ასევე, ბიზნესის ჩართულობის ინსტრუმენტია განვითარებისა და გარემოს დაცვის დღის წესრიგში. საერთაშორისო მიდგომაც ასეთია: ყველა თანხმდება, რომ გარემოს დაცვა მხოლოდ მთავრობებისა და დონორების საქმე არაა.

საქართველოში მსგავსი მიდგომა არც ისე წარმატებულია, რადგან კორპორაციული პასუხისმგებლობის კომპონენტი ჯერ კიდევ ბევრ კომპანიას არა აქვს. თუმცა, ვცდილობთ მათთან კომუნიკაციას და სამუშაო პროცესში კერძო სექტორის ჩართვას.

ამის მაგალითია თანამშრომლობა „კოკა-კოლას“ ფონდთან WASH- ის საკითხებზე, პროექტის – „საზოგადოების მოქმედება WASH სერვისების გაუმჯობესებისათვის საქართველოს დაუცველ სოფლებში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურად გლობალური წყლის გამოწვევის (Global Water Challenge) და „კოკა-კოლას“ ფონდი (TCCF) ეხმარება. პროექტი ინფრასტრუქტურულ განვითარებას და საგანმანათლებლო კამპანიებს მოიცავს.

გარდა ამისა, სოფლის განვითარების პროექტების (ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD პროექტები) ფარგლებში, ქედასა და წალკაში მხარს ვუჭერთ კერძო სექტორს და ადგილობრივ მეწარმეებს. რესურსები თანადაფინანსებით ნაწილდება.

პროექტის ფარგლებში ქედაში 300- ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 97 ადგილობრივმა ბიზნესმა მიიღო დახმარება. საერთო ჯამში, მობილიზებული იყო 7 357 119 ლარი, საიდანაც ჩვენი და ევროკავშირის წილი იყო 3 500 000 ლარი, თანადაფინანსება კი 4 400 000 ლარს შეადგენდა.

რა რეკომენდაციებს მისცემდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ბიზნესთან თანამშრომლობა სურთ, თუმცა სათანადო გამოცდილება არა აქვთ?

თანამედროვე წარმატებული არაკომერციული ორგანიზაციების უმეტესობა კომპანიების მსგავსად იმართება. როგორც კერძო, ისე არასამეწარმეო სუბიექტები თავიანთი მისიისა და ღირებულებების გათვალისწინებით მუშაობენ და საზოგადოებას სთავაზობენ (კლიენტები ან ბენეფიციარები) მათთვის საჭირო პროდუქტს ან მომსახურებას.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ბიზნესი ეკოლოგიურად ან სოციალურად სულ უფრო შეგნებული ხდება – ეს მომხმარებლის მოთხოვნაცაა. კერძო კომპანიებთან საქმიანობის დაწყება იგივეა, რაც დონორთან მუშაობა. ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:

არაკომერციულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ხილვადობის ბრენდი, გამორჩეული პოზიცია ბაზარზე, განსხვავდებოდნენ სხვებისგან საკუთარი უნიკალური ბიზნეს წინადადებით და გამოირჩეოდნენ მაღალი სანდოობით, რაც ჩატარებულ სამუშაოებში გამოიხატება;

ორგანიზაციებმა უნდა მოძებნონ პარტნიორები, რომლებთანაც საერთო მისია და ღირებულებები აკავშირებთ და შესთავაზონ ბიზნეს პროექტები, რომლებიც აღნიშნულ ღირებულებებზე დაყრდნობით ქმნის პროდუქტს ან მომსახურებას. ბიზნეს პროექტს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატული გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებელი და გრძელვადიანი მდგრადი შედეგები;

ამ ნაბიჯით ორგანიზაციები კომპანიებს არსებითად ბიზნეს პარტნიორობას სთავაზობენ და არ ითხოვენ
გრანტებს ან დაფინანსებას, რადგან, ამავდროულად, მომსახურებასაც უწევენ. შესაბამისად, პროდუქტის მართვა ბიზნეს პროდუქტის მსგავსად უნდა მოხდეს. ამისათვის ორგანიზაციას ბიზნეს უნარებით აღჭურვილი თანამედროვე და მოქნილი გუნდი უნდა ჰყავდეს.

თქვენი ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებთანაც თანამშრომლობს. რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ და რამდენად უწყობს ხელს ეს პარტნიორობა საერთო მიზნების ჯეროვნად შესრულებას?

CENN-ის პროექტების უმეტესობა მიმართულია საქართველოს სოფლის დასახლებებზე და მათი ძირითადი პარტნიორები მუნიციპალიტეტები არიან. დემოკრატია ადგილობრივ დონეზე ხორციელდება და სწორედ
აქ მყარდება კარგი მმართველობა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რომლის გაძლიერება ჩვენი არაერთი პროექტის ამოცანაა.

EU-ENPARD პროგრამების ფარგლებში აქტიურად ერთვებიან ადგილობრივი თემები. წალკასა
და ქედაში ჩამოვაყალიბეთ კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, რომლებსაც თემები ირჩევენ და რომლებიც მონაწილეობენ ეკოლოგიურად მგრძნობიარე ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რაც გულისხმობს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. მასში ასევე წარმოდგენილია ადგილობრივი ახალგაზრდობა, ქალები და დაუცველი ჯგუფები.

გარდა ამისა, CENN მუშაობდა შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, მათ შორის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ორგანიზაცია, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, დაეხმარა მთავრობას მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შედგენაში, რომლებიც ამჟამად გამოიყენება პრაქტიკაში.

სამომავლოდ კლიმატის პროგრამისთვის ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე კლიმატის მიმართ მდგრადი განვითარების გეგმებისა და სცენარების შესაქმნელად ვიმუშავებთ, რაც ამ სფეროში გრძელვადიან წარმატებას და მდგრადობას უზრუნველყოფს.

გააზიარე: