მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის ელჩი – კლიმატის ცვლილება

შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი

ულრიკ თიდესტრომი

რა არის კლიმატის ცვლილება, რატომ უნდა ვებრძოლოთ მას და როგორ უნდა ავირიდოთ კლიმატური კატასტროფა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც? 

კლიმატის ცვლილების პროცესი ჩქარდება და ჩვენ მწვავე კრიზისის წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას განსაზღვრავს. ჯერ კიდევ შეგვიძლია კოლაფსისა და კატასტროფის არიდება, თუმცა დრო გვეწურება. 

რა არის კლიმატის ცვლილება? ეს არის რეგიონში ან მთლიანად პლანეტაზე არსებული საშუალო პირობების ცვლილება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ საკითხებზე, როგორიცაა ზღვის დონის აწევა, მყინვარის დნობა, ყინულის დნობა არქტიკასა და ანტარქტიდაზე, ცვლილებები ფლორასა და ფაუნაში, ცვლილებები დედამიწის სასიცოცხლო პირობებში. მათი შემჩნევა ყველას შეგვიძლია. ექსტრემალური ამინდი, რეკორდული ტემპერატურა, შტორმები, წყალდიდობა, გვალვა და ტყის ხანძრები… სწორედ ამას ვგულისხმობთ კლიმატის ცვლილებაში და უკვე ვხედავთ მის ეფექტებსაც. რატომ ხდება ეს? ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია გლობალური დათბობა. ჩვენს პლანეტაზე საშუალო ტემპერატურამ უკვე ერთ გრადუსზე მეტით მოიმატა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, და მატება გრძელდება (ნათელი ნიშნებია იმისა, რომ დაჩქარებული ტემპით). 

მაშ, რატომ ხდება გლობალური დათბობა, რომელიც კლიმატის ცვლილებას იწვევს? სათბურის აირების გამო, რომლებიც მზის სხივს აძლევენ ატმოსფეროში შემოსვლის საშუალებას, თუმცა ხელს უშლიან სითბოს გასვლას ატმოსფეროდან. ბევრი სახეობის სათბურ გაზს შორის მთავარი პრობლემა მაინც ნახშირბადის დიოქსიდია. 

ასე რომ, კლიმატის საგანგებო მდგომარეობა უკვე სახეზეა და ეს არის ნახშირბადის მძიმე ენერგიის წყაროების (ინდუსტრიების, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის) პირდაპირი შედეგი. შესაბამისად, ღრმა ცვლილებები გვჭირდება სათბური აირების, კერძოდ, ნახშირბადის დიოქსიდის ემისიის მკვეთრად შესამცირებლად ყველა სექტორში.

ეს ყველასთვის ჭეშმარიტებაა, თუმცა განხორციელება სჭირდება და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელიც არის. ყველაფრის გაკეთება არავის ძალგვიძს, თუმცა ერთად შეგვიძლია, რაღაც გავაკეთოთ. ასევე შეგვიძლია, ვიმოქმედოთ როგორც ინდივიდებმა და ცოტათი მაინც წავიწიოთ წინ. 

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს ვიღებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისა და მომავალი თაობებისთვის. კარგი ამბავი ის არის, რომ კლიმატის ცვლილება ახლა გლობალური დღის წესრიგის პრიორიტეტია და სულ უფრო მეტ ინვესტიციას ვხედავთ ტექნოლოგიებში, რომლებიც არ მოიხმარენ წიაღისეულს. ის რეკორდულ სიმაღლეებს აღწევს არა მხოლოდ შვედეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. აქ უნდა ვახსენოთ პარიზის შეთანხმება, დიდი და გლობალური ხელშეკრულება გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ. მსოფლიო შეთანხმდა, რომ გლობალური დათბობა 2 გრადუსს ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ვცდილობთ, ის 1.5 გრადუსს ქვემოთაც შევინარჩუნოთ, თუმცა უკვე ვუახლოვდებით ამ მაჩვენებელს. ასე რომ, მოქმედება გვჭირდება. ემისიების ზრდა ცუდი ამბავია და ჯერ არ მიგვიღწევია იმ წერტილისთვის, საიდანაც სათბურ აირებს მკვეთრად შევამცირებთ. მაშ, რა გავაკეთოთ? ვფიქრობ, უფრო ამბიციური პოლიტიკა გვჭირდება როგორც ადგილობრივ, ასევე, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 

ასე რომ, ამბიციური პოლიტიკა და სამიზნე ერთი საკითხია. ჩვენ ყველა უნდა ჩავრთოთ გამოსავლის ძიების პროცესში. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ან სამოქალაქო სექტორის ამოცანა – იგი ეხება კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თითოეულ ჩვენგანსაც. 

შვედეთის ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ კლიმატის ცვლილებას ებრძვის შვედეთში, სხვა ქვეყნებსაც უჭერს მხარს ამ მოვლენასთან ბრძოლაში. რა გამოწვევები აქვს ამ მხრივ საქართველოს და როგორ ეხმარება თქვენი ხელისუფლება ქართულ საზოგადოებასა და მთავრობას კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში? 

გამოწვევები მხოლოდ საქართველოს არ აქვს. კლიმატის კრიზისი გლობალური მოვლენაა, რომლის შექმნაშიც ყველამ მივიღეთ მონაწილეობა. შესაბამისად, მისი შედეგები ყველას გვეხება და გადაწყვეტის გზაც ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ. გამოსავალი, ვიმეორებ, ემისიების შემცირებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც აღნიშნეთ, პარიზის შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს ამ ლამაზი ქვეყნის მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ თანაბრად გასათვალისწინებელია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე კლიმატისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს (არ უნდა არსებობდეს) წინააღმდეგობა ეკონომიკურ განვითარებას, მეტ სამუშაო ადგილსა თუ ზრდას და მწვანე დღის წესრიგს შორის. სინამდვილეში ვიცით, რომ ამის უბრალოდ კომბინირება შეუძლებელია. ვიცით, რომ მწვანე გარდაქმნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და კარგი განვითარების მამოძრავებელი ძალაა ჩვენს ქვეყნებში. 

რაც შეეხება საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმებით ნაკისრ კონკრეტულ ვალდებულებებს, საუბარია საქართველოს მიერ სათბური აირების ემისიების 50%-ით შემცირებაზე 2030 წლისთვის, 1990 წელთან შედარებით. ეს ამბიციური მიზანია. ვფიქრობ, საქართველოსთვისაც და შვედეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვისაც კარგი იქნება დაკვირვება ემისიების ძირითად წყაროებზე. საქართველოში არის სექტორები, რომლებზეც ემისიების დიდი წილი მოდის, ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხს სხვა თვალით უნდა შევხედოთ. მაგალითად, ტრანსპორტი – ვიცით, რომ როგორც სამგზავრო, ასევე, სატვირთო გადაზიდვა გაიზარდა და კიდევ იზრდება. 

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვხედავთ, რომ ტრანსპორტის სექტორი ემისიების დიდ ნაწილს წარმოქმნის და ამ საკითხს ყურადღება სჭირდება. ცხადია, ტრანსპორტი გვჭირდება, მაგრამ უნდა შევამციროთ მისი მოხმარება და ვეცადოთ მწვანე ტრანსპორტით სარგებლობას. მეორე საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება: ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის გზებს. როგორც საქართველოში, ასევე ყველა სხვა ქვეყანაში, ეს ემისიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. რაც უნდა გავაკეთოთ, არის თანდათანობით უარის თქმა წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე და ენერგიის განახლებადი წყაროების წილის გაზრდა, რომლებიც საქართველოს აქვს: ეს არის ქარისა და მზის ენერგია.  ვფიქრობ, მზის ენერგიას საქართველოში კარგი პოტენციალი აქვს შესანიშნავი ამინდის გამო. რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში საშუალოზე დაბალია, ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, თუმცა ზრდა მოსალოდნელია და უნდა ვეცადოთ, რომ ის მწვანე სახით შევინარჩუნოთ. საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ემისიების კიდევ ერთი დიდი წყაროა შენობები. ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია შენობებში ენერგოეფექტურობისთვის. 

შენობების განახლებას ენერგოეფექტურობის მიზნით სხვა დადებითი ეფექტებიც ახლავს. მაგალითად, საქართველოს საჯარო სკოლებში ეს პროცესი (რომელსაც მხარს ვუჭერთ) გააუმჯობესებს ბავშვის სასწავლო გარემოსაც. შენობების ენერგოეფექტურობას ბევრი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი აქვს.

 ემისიების დიდი წილი მოდის მრეწველობაზე, მათ შორის, საქართველოშიც. შესაბამისად, მეტი უნდა გაკეთდეს ამ კუთხით. 

ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი – სოფლის მეურნეობა ვითარდება, რაც კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია ემისიის საკითხიც, ასევე, ნარჩენების მართვა, რაც ასევე ხელს უწყობს დაბინძურებას. როგორც ვიცით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს დანაგვიანების პრობლემა. ურნებში მოთავსებული ნარჩენების გარკვეული რაოდენობა არ გადამუშავდება და, საბოლოოდ, ხვდება ნაგავსაყრელებზე, რომლებიც ყოველთვის არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. 

და მაინც, ჩვენ შეგვაქვს წვლილი საქართველოში ნარჩენების მართვის სრული ჯაჭვის გაუმჯობესებაში. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ვხედავ მნიშვნელოვან პოტენციალს ემისიების შესამცირებლად. 

ბოლო მაგალითი, რომლის დასახელებაც მინდა, არის ტყეები საქართველოში: ტყე ნახშირბადის დიოქსიდს აკავებს და შთანთქავს. შესაბამისად, როგორც საქართველოსთვის, ასევე ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, შეაჩეროს ტყეების გაჩეხვა და მათი ხარისხის გაუარესება. 

საქართველოში დადებითი ტენდენციები იკვეთება და ჩვენ გავაგრძელებთ ამის მხარდაჭერას, ყველა სხვა მიმართულებასთან ერთად, რომლებიც ემისიების შემცირებას ითვალისწინებს. ასევე უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ე.წ. საადაპტაციო ზომები: ვიმეორებ, კლიმატის ცვლილება უკვე მიმდინარეობს და მის ეფექტებს ვხედავთ; შესაბამისად, მეტად უნდა მოვემზადოთ მათთან გასამკლავებლად და იმ რეგიონების, საზოგადოებებისა, სექტორების დასაცავად, რომლებიც მოწყვლადნი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. 

ჩვენ ვცდილობთ, გზა ვაჩვენოთ როგორც შვედეთს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას; მსოფლიოს დავანახოთ, რომ წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი საზოგადოების შექმნა შესაძლებელია, და რომ ეს არა მხოლოდ შეესაბამება კარგ ზრდასა თუ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ამ პროცესების მამოძრავებელი ძალაა.

 ჩვენ დავამტკიცეთ ფართო პოლიტიკური შეთანხმება – ახალი და ძალიან ამბიციური აქტი კლიმატის შესახებ. ასე რომ, ჩვენი მიზანია 2045 წლისთვის სათბურის აირების ემისიის ნულამდე დაყვანა ატმოსფეროში. 

არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკაში, არამედ მთელ შვედურ საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ეს არის ის, რისი მიღწევაც გვინდა და უნდა მივაღწიოთ. ამ გარდაქმნის წინა ხაზზე დგას შვედეთის ბიზნესსაზოგადოებაც, რომელიც აგრძელებს მუშაობას და გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. 

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი საერთაშორისო დონეზეც: კერძოდ, წავახალისებთ გარდაქმნას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეამცირებს/ნულამდე დაიყვანს  ნახშირბადის ემისიებს ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, სატყეო მეურნეობა და ტრანსპორტი. ვცდილობთ კლიმატურ დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესებას ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში შევძლოთ ინვესტირება კლიმატის გარდაქმნაში. მხარს ვუჭერთ ბუნებრივი ეკოსისტემების – ტყეებისა და ოკეანეების დაცვასა და აღდგენას. ვმუშაობთ საზოგადოებათა გაძლიერებაზეც, რათა მოერგონ შეცვლილ პირობებს, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემებს, ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის მიზნით. ასევე ხელს ვუწყობთ საზოგადოებრივ ჩართულობას და ქცევის შეცვლას, ცნობიერების ასამაღლებელი და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო სექტორს და მოვუწოდებთ, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა კლიმატის სფეროში მოქმედებისთვის. საქართველოში აქტიურად ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართულებითაც: როგორც იცით, შვედეთი არის და იქნება საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. ევროპულ ინტეგრაციასა და მდგრადი განვითარების მიზნებს შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. პირიქით, მათ შორის ბევრი სინერგიაა. გლობალური მიზნები და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი და შეთანხმება ბევრი კუთხით იკვეთება ერთმანეთთან. შვედეთი კი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მესამე უმსხვილესი დონორია. ქვეყნის მთავრობამ და შვედმა ხალხმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო სხვადასხვა პროგრამასა და პროექტში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა, კლიმატი, მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, თუ რას ვაკეთებთ ამ გამორჩეული მნიშვნელობის სფეროში:

 საქმე ეხება საქართველოს მხარდაჭერას ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაში, რაც ნამდვილად შეამცირებს ემისიებს. ვმუშაობთ, რომ ქვეყანას დავეხმაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაში, მათ შორის, ნაგავსაყრელების მიმართულებით (ისევ გვჭირდება ნაგავსაყრელები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს). თუმცა საუბარი უფრო მეტად ნარჩენების უკეთ შეგროვებას ეხება და არა გადამუშავებას. აქტიურად ვმუშაობთ სახიფათო ნარჩენების მართვაზე, რაც გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. მხარს ვუჭერთ საჯარო შენობების ენერგოეფექტურობს, სკოლების ჩათვლით; ასევე, დაბალ ემისიას ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის, თანამედროვე ავტობუსების თანადაფინანსებით საქართველოს ქალაქებისთვის. მხარს ვუჭერთ დაცულ ტერიტორიებსაც და ახალი ეროვნული პარკის მოწყობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ დიდ პროგრამას, რომლის მიზანიც არის საქართველოს ბუნების გადარჩენა. ეს გულისხმობს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას. ვმუშაობთ, რომ გავაძლიეროთ საქართველოს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების მდგრადობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფების, მაგალითად, წყალდიდობების მიმართ. 

ასევე მხარს ვუჭერთ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებსა და განათლებას, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდობაში. ვმუშაობთ კერძო სექტორთანაც – განსაკუთრებული პარტნიორობა გვაკავშირებს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან. ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც შვედეთი ეხმარება საქართველოს. 

თქვენ ახსენეთ ძალიან საგულისხმო ასპექტები ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან მიმართებით, რადგან ეს უკავშირდება გარდაქმნას ბიზნესსექტორსა და საზოგადოებაში, ასევე, წვდომას ტექნოლოგიებზე, ინოვაციებსა და ცოდნაზე. ისაუბრეთ ცნობიერების ამაღლებაზე ყველა სექტორში, ვინაიდან თითოეულ მათგანს აქვს თავისი პასუხისმგებლობა. ასევე აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც კლიმატის ცვლილებასა და ემისიების შემცირებაზე. როგორ უჭერთ მხარს ამ პროცესებს საზოგადოებაში? შენობის მედეგობა ახსენეთ ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. რას აკეთებ ამ კუთხით?  ვისაუბროთ ამ ორ მიმართულებაზე ერთად: როგორ მუშაობთ ბიზნესსექტორთან, რომ მან გარდაქმნას თავისი ოპერაციები და ებრძოლოს კლიმატის ცვლილებას ემისიების შემცირებით?

დავიწყებ ცნობიერების ამაღლებით, რადგან ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საჭიროა, მეტი გავიგოთ კლიმატის ცვლილებაზე – თუ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი და რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას მის შესაჩერებლად. ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოშიც და პარიზის შეთანხმების ფარგლებშიც. თქვენმა ქვეყანამ ძლიერი ვალდებულებები აიღო ამ მხრივაც, რათა რეალურად გაზარდოს საზოგადოების ჩართულობა და აამაღლოს ზოგადი ცნობიერება კლიმატის ცვლილებაზე.  საქართველოში სულ უფრო მეტი გეგმა იქმნება აღნიშნული კუთხით, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის; ასევე ტარდება ტრენინგები ფართო მოსახლეობისთვის. 

ვფიქრობ, საქართველოში, შვედეთის მსგავსად, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ პროცესებში. ეს არის ის, რასაც მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანაშიც, რათა გარემოსა და კლიმატზე განათლება ჩავრთოთ სკოლის მოსწავლეთა თუ უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო პროგრამებში. თუმცა, ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პროცესში. ბიზნესსექტორი შვედეთშიც, საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც იყო პრობლემის ნაწილი. ემისიების უმეტესობა, რა თქმა უნდა, კერძო საწარმოებში წარმოიქმნება, თუმცა, ამავდროულად, ბიზნესსექტორზე მოდის პრობლემის გადაწყვეტის ძირითადი წილი. რასაც ვხედავ საქართველოში, არის ის, რომ აქ სულ უფრო მეტი კომპანია ერთვება მდგრად განვითარებაში და იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას პასუხისმგებლიანი ბიზნესის კეთებაში.

მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ამ მხრივ მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ბიზნესი უერთდება ქსელს და მასში გაერთიანებისკენ მოვუწოდებ  კომპანიებს, რომლებიც ჯერ არ არიან გლობალური შეთანხმების წევრები. ვუყურებ შვედურ კომპანიებს საქართველოში და სიამაყით ვამბობ, რომ ისინიც აქტიურად არიან ჩართულები. აქ საკმაოდ ბევრ შვედურ კომპანიას აქვს მუდმივი წარმომადგენლობა და, ერთობლივად, ისინი 20,000-25,000 ადამიანს აძლევენ შემოსავალს, რაც საკმაოდ ბევრია. ძალიან ვამაყობ მათი პასუხისმგებლიანი ოპერირებითაც: მათ ესმით, რომ მდგრადი ბიზნესი არ არის მხოლოდ ვალდებულება – ეს, ამავე დროს, უდიდესი შესაძლებლობაა; რომ მწვანე გარდაქმნა ნულოვანი ემისიებისკენ ახალ ბიზნესშესაძლებლობებს ქმნის და ამაზე მოთხოვნა არსებობს როგორც მომხმარებლებში, ასევე ინვესტორებში. იციან ისიც, რომ პასუხისმგებლიანი, მდგრადი ბიზნესის კეთება საუკეთესო გზაა ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. სწორედ ცნობიერების ამაღლების დადებითი ეფექტია ის, რომ ახალგაზრდებს  მუშაობა სურთ ისეთ კომპანიაში, ორგანიზაციაში, რომელიც სერიოზულად ეკიდება მწვანე დღის წესრიგს. 

რას ურჩევდით ქართულ საზოგადოებას, მთავრობას და ბიზნესს? რა უნდა გაკეთდეს საქართველოში კლიმატის ცვლილების ეფექტიანად დაძლევისათვის?

მივუბრუნდები იმას, რაც უკვე ვთქვი: არცერთ ჩვენგანს არ ძალუძს ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ყველას ერთად შეგვიძლია, რაღაც გავაკეთოთ. 

რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს?  

პირველი არის ინფორმაციის გავრცელება, სხვების დახმარება, გააზრება, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია და სულ უფრო ჩქარდება. დრო გვეწურება, მაგრამ ვითარების გამოსწორება შეგვიძლია. ასე რომ, გაავრცელეთ ინფორმაცია – დასაწყისისთვის ესეც კარგია. 

მეორე: გააგრძელეთ ზეწოლა დამსაქმებლებსა და პოლიტიკოსებზე. ვფიქრობ, მოთხოვნა უნდა იყოს კონკრეტული. აირჩიეთ საკითხი, რომელიც გაინტერესებთ და მოითხოვეთ მათგან ზომების მიღება.

შემდეგი საკითხია ტრანსპორტი: სცადეთ მანქანიდან გადმოსვლა. ფეხით გაისეირნეთ; თუ ძალიან შორს არ მიდიხართ, ველოსიპედი წაიყოლეთ (ამ ინტერვიუს თბილისში ვწერთ და მიხარია, რომ აქ სულ უფრო მეტი ველობილიკი ჩნდება); თუ ფეხით ან ველოსიპედით წასასვლელად ძალიან შორს არის, მაქსიმალურად გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე უნდა მივუდგეთ ფრენის ჩვევებსაც: დაფიქრდით, გჭირდებათ ფრენა? ხომ არ შეგიძლიათ ამ საქმის ონლაინ გაკეთება? 

კიდევ ერთი რამ, რაზეც ყველას შეგვიძლია დაფიქრება, არის ელექტროენერგიისა და ენერგიის სხვა წყაროების გამოყენება: უნდა მქონდეს პლუს 25 გრადუსი სითბო ბინაში, თუ შეიძლება ტემპერატურის დაწევა? იქნებ ჯემპრი ჩავიცვა? შემიძლია თუ არა ჩემი სახურავის ან ფანჯრების იზოლირება? მჭირდება კი ყველა ჩემი მოწყობილობის ჩართვა 24 საათის განმავლობაში?

თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია დაფიქრება იმაზეც, თუ რას მივირთმევთ. გლობალურად ხორცის წარმოება  უამრავ ემისიას იწვევს. ასე რომ, მივიღოთ ნაკლები ხორცი და მეტი მცენარეული საკვები. ვფიქრობ, ჩვენი სხეულიც და პლანეტაც ამაზე მადლობას გვეტყვის. 

უნდა ვეცადოთ, შევიძინოთ ადგილობრივი და მდგრადი პროდუქტები. ეს ნიშნავს ნაკლებ ემისიებს ტრანსპორტიდან, ასევე, სხვა კონტინენტებიდან და საცავებიდან, რაც უკეთესი იქნება ადგილობრივი ეკონომიკისთვისაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოვიხმაროთ ამდენი პროდუქტი. ფაქტობრივად, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი ნაგავსაყრელზე ხვდება და ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. 

ყველას შეგვიძლია დაფიქრება ჭკვიანურად ჩაცმაზეც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად: როდესაც ჩვენი შეხვედრისთვის ვემზადებოდი, შევიტყვე, რომ მხოლოდ მოდის ინდუსტრიის წილი ნახშირბადის ემისიის კუთხით 8-დან 10%-მდეა. ასე რომ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, მართლა მჭირდება ამდენი ტანსაცმელი? შეიძლება, უფრო დიდი ხნით ვისარგებლო ამ სამოსით? 

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ხეების დარგვაც, ტყეების გაჩეხვის შეჩერება და მეტი მწვანე ტერიტორიების შექმნა: ეს კარგია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის და, ისევ და ისევ,  ემისიას აკავებს.

 ბოლო, რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია და არ ეხება მხოლოდ საჭმელსა თუ ტანსაცმელს, არის ნაკლები რამის შეძენა. ნამდვილად გვჭირდება ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ? ეცადეთ, რასაც შეიძენთ, იყოს ეკოლოგიურად სუფთა. ასევე უნდა ვიყოთ მკაცრები, ერთი მხრივ, საკუთარი თავის მიმართ და, მეორე მხრივ, როგორც მომხმარებლები, და დავუსვათ კითხვები მაღაზიებს, თუ როგორ იწარმოება ეს ნივთი.

გააზიარე: