მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის ელჩი- სუფთა წყალი და სანიტარია

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი

ჰადას მეიცადი

ისრაელის სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს მე-6 მიზანს სუფთა წყალი და სანიტარია და, ზოგადად, მდგრადი განვითარების სხვა მიზნებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. როგორ შეიძლება მივაღწიოთ სუფთა წყალსა და სანიტარიას მსოფლიოში?

დავიწყებ იმით, რომ პერსონალურად  ძალიან მიხარია მდგრადი განვითარების მიზნებზე საუბარი. ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში ისრაელის მისიის წარმომადგენელი გახლდით გაეროში და ჩემი სამუშაო იყო  მდგრადი განვითარების მიზნებზე მოლაპარაკებების გამართვა ისრაელის სახელმწიფოს სახელით. იყო ბევრი დისკუსია, რა დროსაც გაეროს წევრი სახელმწიფოები 17 მიზანზე შეთანხმებას ცდილობდნენ; იყო ბევრი გრძელი, თეთრი ღამეებიც, და კითხვები, რეალურად აიღებდა მსოფლიო მდგრადი განვითარების მიზნების  – ამ ძალიან ამბიციური დღის წესრიგის  განხორციელებას საკუთარ თავზე, თუ ეს საკითხი გაეროს, დიპლომატებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღში დარჩებოდა, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე ისედაც ბევრს მუშაობენ. 

პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ მდგრადი განვითარების მიზნები უკვე კარგად ნაცნობი საკითხია – მათ შესახებ ბავშვებიც სწავლობენ სკოლაში და ცნობიერების დონეც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, ამ მიზნებს მივაღწევთ. ამასთან, როდესაც მდგრადი განვითარების მიზნებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ინდუსტრიებისა და ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. 

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლევი ეშკოლმა, მრავალი წლის წინათ თქვა, რომ ქვეყნისთვის წყალი იგივეა, რაც სისხლი ადამიანისთვის. ჩვენც სწორედ ასე ვუყურებთ ამ საკითხს. ისრაელი და საქართველო განსხვავდებიან, როდესაც საქმე წყალს ეხება: საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით, ისრაელში კი განსხვავებული კლიმატია. ქვეყანაში უკვე ბევრჯერ გადავიტანეთ წყლის კრიზისი, რამაც გვაიძულა ბევრი ისეთი გადაწყვეტისთვის მიგვეგნო და შეგვემუშავა, რაც უკავშირდება წყლის ეფექტიან მენეჯმენტს, განათლებას, კანონმდებლობასა და მრავალი მოწინავე ტექნოლოგიის შექმნას. 

თქვენს შეკითხვას დავუბრუნდები და ვისაუბრებ ისრაელის გამოცდილებაზე – ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო გზა, რომ გიპასუხოთ, თუ რა არის ჩვენი გადმოსახედიდან მთავარი ფაქტორები წყლის მენეჯმენტის, მასზე ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის 60% უდაბნოა. ახლა ეს პროცენტი შემცირდა, რადგან ჩვენ შევძელით გაუდაბნოების პროცესის უკუქცევა და უდაბნოების აყვავება. როგორც აღვნიშნე,  სხვადასხვა ნაბიჯი გადავდგით კანონმდებლობის, განათლებისა და ინოვაციების მიმართულებით. ისრაელში მოქმედებს კანონი წყლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, წყალი ეროვნული რესურსია და ის მთავრობამ უნდა მართოს; ასევე მოქმედებს წყლის სამთავრობო სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია წყლის რესურსების მართვაზე. მართვის შესაბამისი საკითხები მოიცავს ზუსტ გამოთვლებსაც: ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენი წყალი შემოდის, როგორია მიწოდება, როგორია მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი დაგეგმვის მიმართულებით. 

მეორე ნაწილია წინასწარი დაგეგმვა: 90-იან წლებში, როდესაც წყლის კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, მთავარ საკითხად განისაზღვრა ისეთ გადაწყვეტილებებზე მუშაობა, როგორიცაა დესალინიზაცია (მაგ: მარილიანი წყლისა და კანალიზაციის წყლის გადამუშავება და ხელახლა გამოყენება). ეს იყო ერთი მიმართულება, მეორე კი გახლდათ განათლება – ისრაელში საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული წყლისა და მისი ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე. 

რამდენიმე მაგალითს გაგაცნობთ: როდესაც ისრაელში იზრდებით, მუდმივათ ხედავთ სატელევიზიო რეკლამებს, სადაც გაცნობებენ, რომ ისრაელი “შრება”. ნებისმიერ ბავშვს გათავისებული აქვს, რომ წყლის თითოეულ წვეთს გაფრთხილება სჭირდება. ეს უკვე როგორც ეროვნული სლოგანია. მაგალითად, ჩვენ ვსწავლობთ, რომ შუადღისას ბაღის მორწყვა არ შეიძლება სიცხისა და წყლის აორთქლების გამო. თუ ისრაელში ჩამოხვალთ, ნახავთ, რომ  წყლის გამფრქვევი სისტემები მხოლოდ ღამით მუშაობს. ეს კანონი არ არის, ეს ჩვენი აზროვნების წესია. ისრაელში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მანქანებს რეცხავენ არა  წყლის ჭავლით, არამედ  ჭურჭლის გამოყენებით. როდესაც შინ ჭურჭელს ვრეცხავთ, გასაპვნისას ონკანს ვკეტავთ. ვხუმრობ ხოლმე, რომ ისრაელის მოქალაქე ადვილი ამოსაცნობია. როდესაც წყლის დაზიანებულ მილს ვხედავთ, ფიზიკური რეაქცია გვაქვს, რადგან იმ ცოდნით გავიზარდეთ, რომ წყალი ძვირფასი რესურსია, რომელსაც მუდმივი მოფრთხილება სჭირდება.

თქვენ ისაუბრეთ, თუ რას აკეთებთ ისრაელში, მაგრამ კარგი იქნებოდა, გვესაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც. ჩვენი ქვეყანა ახლა მუშაობს წყლის რესურსების მართვის ახალ კანონზე, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას და წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. რა ვითარებაა ამჟამად საქართველოში სუფთა წყალზე წვდომის მხრივ, რა გამოწვევებს ვაწყდებით?

საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ჩემზე უკეთ ექსპერტები გააანალიზებენ, თუმცა მოხარული ვიქნები, თუ ვისაუბრებ, რას აკეთებს ამ კუთხით ისრაელის სახელმწიფო საქართველოში. არსებობს ერთი ძალიან კარგი პროექტი, რომელიც, დაახლოებით, სამი წლის წინათ დაიწყო, როდესაც ისრაელის საელჩომ შეძლო, ერთმანეთთან დაეკავშირებინა არსებული პრობლემა და ისრაელში შემუშავებული მარტივად დასანერგი ტექნოლოგიური გადაწყვეტა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და „იუნისეფის“ ერთობლივი ანგარიშიდან შევიტყვეთ, რომ დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რეგიონებში არსებობს ბაქტერია, რომელიც გავლენას ახდენს სასმელი წყლის ხარისხზე. დაახლოებით იმავე პერიოდში ჩვენი საელჩოსთვის ცნობილი გახდა ისრაელში მოქმედი კომპანიის, „ნუფ-ის“ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური სიახლე – წყლის გაფილტვრა ისეთივე საშუალებით, როგორიც გამოიყენება თირკმლის პრობლემების მქონე, დიალიზზე მყოფი ადამიანებისთვის. ცხადია, ეს ტექნოლოგია სერტიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჩვენ მოგვმართა გურიაში მოქმედმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთანაც დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, და აღნიშნული ტექნოლოგიით დაინტერესდა. რა თქმა უნდა, საელჩო მას პირველ ეტაპზე  ტექნოლოგიის შესყიდვასა და დანერგვაში დაეხმარა, შემდგომ კი სისტემამ ფუნქციონირება თავად განაგრძო. ჩვენ ვსაუბრობთ, დაახლოებით, 100 ერთეულ ნუფ-ის დანადგარზე, რომლებიც, ძირითადად, გურიის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დამონტაჟდა და ბავშვებისთვის უზრუნველყოფს ბაქტერიისგან თავისუფალ, სრულიად სუფთა სასმელ წყალს. ეს ძალიან კარგი მაგალითია კარგი ტექნოლოგიისა, რომელიც მარტივი დასანერგია და არ მოითხოვს მაღალი დონის ტექნოლოგიურ ცოდნას. 

ასევე ვისაუბრებ ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოზე – „მაშავზე“. “მაშავისა” და საელჩოს სოციალური მედიის გვერდებზე ხშირად ვათავსებთ ინფორმაციას ისრაელის ტექნოლოგიების შესახებ. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი ეხება კლიმატსა და გარემოს დაცვას, შესაბამისად, იქ ბევრი ღირებული ინფორმაცია დაგხვდებათ.

მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია კოორდინაცია ისრაელისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და „იუნისეფს“ შორის. მათი ერთობლივი კვლევა ეხება საქართველოს გარკვეულ რეგიონებში მძიმე მეტალების, განსაკუთრებით, ტყვიის შემცველობის მაღალ კონცენტრაციას ბავშვებისა და ორსული ქალების სისხლში. უკვე დავასრულეთ კვლევის პირველი ეტაპი და იმედი გვაქვს, რომ მეორე ეტაპი 2023 წელსაც გაგრძელდება. ცხადია, ერთ-ერთი წყარო, რომელიც მოწმდება, წყალია. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, წყალი ინტოქსიკაციის წყარო არ არის ქვეყანაში, თუმცა კვლევა გრძელდება. ეს მხოლოდ ორი მაგალითია სამუშაოსი, რომელსაც წყლის მიმართულებით ვეწევით საქართველოში. 

მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის ერთ-ერთი მიმართულებაა წყლის დანაკარგებისა და დაბინძურების შემცირება, რისი წყარო, მოსახლეობასთან ერთად, ბიზნესსექტორიც არის. როგორ უნდა ჩაერთოს ეს სექტორი უფრო მეტად მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის მიღწევაში?

ვფიქრობ, ბიზნესს ესმის, რომ მომხმარებლები უკვე განსხვავებულად უყურებენ მსგავს საკითხებს. მოქალაქეებს აღელვებთ ბიზნესის იმიჯი, მისი ეთიკა და დამოკიდებულება გარემოსადმი. შესაბამისად, ვფიქრობ, ბიზნესს ესმის, რომ უნდა ადაპტირდეს და მოერგოს მოთხოვნებს. ისევე როგორც მოერგნენ ბევრ რამეს, რაც წარსულში ჩვენ არც კი წარმოგვედგინა, რომ ეს სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო. 

ისრაელში ბევრი რამ გაკეთდა აგროტექნიკისა და წყლის ტექნოლოგიების მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ გადავამუშავებთ წყლის 95%-ს, რომლის უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობაში მიიმართება. საქართველოშიც საკმაოდ დიდია ეს სექტორი. ისრაელში სოფლის მეურნეობის უდიდესი ნაწილი გადამუშავებულ წყალს მოიხმარს. ჩვენთან არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ სექტორში იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მონაცემთა დიდ ბაზას, დისტანციურ ზონდირებას და სხვადასხვა საშუალებას წყლის გაჟონვის გამოსავლენად. ვგულისხმობ, რომ საჭიროა ინდუსტრიის ჩართვა, რადგან, საბოლოოდ, მათ მეცნიერებთან ერთად უნდა შეიმუშაონ კომერციული გადაწყვეტები, რომლებიც მოგვცემს ინსტრუმენტებს წყლის რესურსების კიდევ უფრო ეფექტიანად მართვისათვის.

რა რეკომენდაციას მისცემდით საქართველოს ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს? რა რეკომენდაციები გექნებოდათ სხვადასხვა მხარისთვის: როგორ მივაღწიოთ მდგრადი განვითარების როგორც მე-6, ასევე სხვა მიზნებს ქვეყანაში? 

ჩემი მთავარი გზავნილია თანამშრომლობა, თანამშრომლობა და თანამშრომლობა. სხვადასხვა სექტორმა ერთად უნდა იმსჯელოს პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის გზებსა და შესაძლებლობებზე. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება (როგორც აღვნიშნე, კანონმდებლობა, რეგულაციები), ზოგ შემთხვევაში კი ბიზნესსექტორი, სხვადასხვა შესაძლებლობით, რომლებსაც მხოლოდ ის ფლობს. ცნობიერების ამაღლება… ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, ჩემი მთავარი გზავნილია.

გააზიარე: