მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ლიდერი

ნომინაციაში  მდგრადი მოხმარება და წარმოება (SDG 12)  – კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის  გამარჯვებული სოციალური საწარმო „ლიდერი“ გახდა,  რომელიც შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ფუნქციონირებს.

გლობალური დათბობის საფრთხემ მსოფლიოში ბევრი რამ გადააფასა და დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ადამიანის საქმიანობის მავნე ზეგავლენა შევამციროთ. სწორედ აქეთაა მიმართული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილი. კერძოდ, მე-12 მიზანი ითვალისწინებს, რომ კომპანიებმა რაც შეიძლება მეტად ჩართონ თავიანთ საქმიანობაში შემდეგი პუნქტები: პოლიტიკის დონეზე გაწერონ და  უზრუნველყონარჩენების მართვა და ბუნებრივი რესურების მდგრად მოხმარება; წარმოების პროცესში შეამცირონ ნარჩენების წარმოქმნა და მავნე ქიმიური ელემენტების გამოყენება; აამაღლონ მომხმარებლის ცნობიერება ნარჩენების შემცირების, გადამუშავების, აღდგენსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით; მხარი დაუჭირონ ნარჩენების შემცირებაზე მიმართული კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარებ; ხელი შეუწყონ მდგრად ტურიზმს, რომელიც  სამუშაო ადგილებს ქმნისადგილობრივულტურ წარმოაჩენს და  ბაზარზე ადგილობრივი პროდუქტების გასაღებას ეხმარება.

„ლიდერის“ პროექტი  – „სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება“ ამ ჩამონათვალის რიგ პუნქტებს ეხმიანება. სოციალური საწარმო, რომელიც 2016 წელს დაარსდა, თავდაპირველად  სოციალურად მოწყვლადი ქალების დასაქმება-გადამზადებას ითვალისწინებდა. 2019 წლიდან კომპანიამ შეიმუშავა გადამუშავებული ნარჩენის წარმოების სტრატეგია, შეიძინა ქსოვილის დასაქუცმაცებელი დანადგარი, რითაც მხარი დაუჭირა ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკას. გარდა ამისა, 2020 წლიდან „ლიდერი“ გამოცდილებას უზიარებს გორის მუნიციპალიტეტის ახალ­გაზრდებს ნარჩენების წარმოების და ცირკულარული ეკონომიკის მიმარ­თულებით. ის, რომ ჟიურიმ 15 წარმატებულ პროექტს შორის გამოარჩია,  „ლიდერისთვის“  დიდი გამოწვევაა. მისი დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვესაუბრება გამარჯვების წინაპირობებსა და იმ ვალდებულებებზე, რასაც კომპანიას აკისრებს ამ საპატიო ჯილდოს მფლობელობა.  

რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში? რა იყო ძირითადი მოტივაცია?

– კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:  პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ კომპანიის სპეციფიკა და საქმიანობა კონკურსის კრიტერიუმებს სრულად შეესაბამება. გარდა ამისა, გვსურს, ჩვენი წამოწყებების შესახებ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს. მიგვაჩნია,  რომ სოციალური მიზნების განხორციელებას განსაკუთრებული მასშტაბი არ სჭირდება – პატარა საწარმომაც შეიძლება თქვას  დიდი  სათქმელი. მით უფრო, ისეთ რეგიონში, როგორიც შიდა ქართლია, სადაც თითოეული მსგავსი პროექტი  საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გვიამბეთ თავად პროექტის შესახებ –  რით არის გამორჩეული და რა როლს შეასრულებს სამომავლოდ როგორც კონკრეტულად თქვენი კომპანიის, ასევე, ზოგადად, ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის?

– სოციალური სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელახალი გამოყენება, რაც გულისხმობს სამკერვალო ქსოვილის ნარჩენების დახარისხებას და  სრულად გადამუშავებას.  ასევე, ქსოვილის ტომრების დამზადებას პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად.

ერთი  წლის წინ შევქმენით ახალი საწარმოო ხაზი „ლიმო“ – ტანსაცმელი 2-12 წლის ბავშვებისთვის,  სადაც ტანსაცმლისა თუ  კონკრეტული დეტალების შესაქმნელად ეფექტურად ვიყენებთ  ქსოვილის ნარჩენებს. გარდა ამისა, წამოვიწყეთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანია – „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ –   საბავშვო ტანსაცმელზე ნაქარგების სახით განვათავსეთ შესაბამისი გამოსახულებები, რაც ქვეცნობიერად უვითარებს ბავშვს გარემოს დაცვის სურვილს.

ერთწლიანმა სამუშაო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვენი ხედვა და სტრატეგია ტექსტილის ნარჩენებისა და ნულოვანი ნარჩენების ხელახალ გამოყენებასთან დაკავშირებით სწორია და კომერციულად მომგებიანი, როგორც ნარჩენების შემცირების, ასევე ახალი საწარმოო ხაზის განვითარებისთვის.

შევიმუშავეთ გადამუშავებული ნარჩენების წარმოების სტრატეგია, შევიძინეთ ქსოვილის დასაქუცმაცებელი დანადგარი (რომელიც ერთადერთია საქართველოში), რითაც სრულად ვპასუხობთ ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკას.

გარდა ამისა, 2020 წლიდან გამოცდილებას ვუზიარებთ საწარმოებს და გორის მუნიციპალიტეტის ახალ­გაზრდებს ნარჩენების წარმოების და ცირკულარული ეკონომიკის მიმარ­თულებით. საინფორმაციო წყაროებით: სოციალური მედიით, ადგილობრივი ტელევიზიით, ასევე, ჩვენი პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი სტიკერებით და პროდუქტზე დაქარგული გამოსახულებებით ვცდილობთ, გავააქტიუროთ ეს საკითხი. ამასთან, სუპერმარკეტში განთავსდა ურნები სპეციალური საინფორმაციო ბანერით, სადაც გროვდება ტექსტილი; 6 დიდ სამკერვალო საწარმოს­თან გაფორმდა თანამშ­რომლობის მემორანდუმი. 2022 წლის ბოლომდე სამკერვალო საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებით 10 ტონა სამკერვალო ნარჩენს გადავამუშავებთ, რითაც ჩვენს წვლილს შევიტანთ მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციაში.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს არსებობა საზოგადოებისთვის? რა ზეგავლენას მოახდენს  კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება მომხმარებელზე – არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლობიანი კომპანიების სასარგებლოდ?

–  სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც კორპორაციული პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. აქვე აღვნიშნავ დიდი კომპანიების ლოიალობასაც, რომლებიც ტენდერში უპირატეობას ანიჭებენ კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს.

გარდა ამისა, ჯილდო ჩვენთვის ძლიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა კომპანიების წარმატებული ისტორიები სხვა ბიზნესებისათვის მაგალითის მიმცემია და საბოლოოდ ცვლის ეკოსისტემას, რაც უამრავ პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება და როგორ აპირებს თქვენი კომპანია  კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას?

– გამარჯვება „ლიდერისთვის“  უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ჩვენი საწარმო 2016 წელს დაარსდა, თავდაპირველად – მხოლოდ სოციალურად მოწყვლადი ქალების გადასამზადებლად. შემდგომში, როდესაც რეალიზაცია გაიზარდა, დავამატეთ კიდევ ერთი მიზანი და ტექსტილის ნულოვანი ნარჩენის სტრატეგია შევიმუშავეთ. შესაბამისად, ჩვენ ვართ კომპანია, სადაც გაყიდვების ზრდა კორპორაციული მიზნებისა და შედეგების ზრდის პროპორციულია. ვცდილობთ, ყოველდღიურად  გავზარდოთ ეს პასუხისმგებლობა. 

– თქვენი აზრით, როგორია  სახელმწიფოსა და  სხვა სექტორების როლი ამ პროცესში და როგორ შეუძლიათ მათ კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებით დაეხმარონ ბიზნესის მდგრად განვითარებას?

– სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან ურთიერთობა სოციალური საწარმოებისთვის უმნიშნელოვანესია, რადგან დიდწილად განაპირობებს მათ განვითრებას. სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ვისურვებდი, განსხვავებული გადასახადები დააწესოს სოციალური საწარმოებისთვის, რითაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი კარგი საქმის განხორციელებას. რაც შეეხება კერძო სექტორს, მათთან უნდა გავააქტიუროთ შეხვედრები, რათა  რეგიონებში არსებულ კორპორაციული პასუხისგებლობის მქონე მცირე საწარმოებს მიანიჭონ პრიორიტეტი ამა თუ იმ პროდუქტისა თუ სერვისის მისაღებად. ეს კარგი მაგალითი იქნება სხვებისთვისაც – ქვეყნის მასშტაბით მხარი დაუჭირონ  მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის  განვითარებას.

გააზიარე: