ნომინაცია „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ – ჟიურის შეფასება

ნომინაციაში – „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ ჟიურის წევრები იყვნენ: ხატია წილოსანი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მამუკა სალუქვაძე, სითი ინსტიტუტი საქართველოს(CIG) დამფუძნებელი და დირექტორი და ონორატა ეველინა ფიალკა, რეალურ ეკონომიკაში მწვანე საინვესტიციო შესაძლებლობათა განხორციელების (REGIO) ფონდის მწვანე ობლიგაციების მიმართულების ხელმძღვანელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

მამუკა სალუქვაძე აფასებს მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ჟიურის მუშაობის შედეგებს.

– თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობას საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადობის შემდგომი განვითარებისთვის?

– მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღევანდელ საქართველოში „კორპორაციული პასუხისმგებლობის“ მცნება სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს. კომპანიებში კორპორაცული პასუხისმგებლობის ზრდას, თანამედროვე, გლობალური აზროვნების ჩამოყალიბებას, გარემოსთან, თანამშრომლებთან ახლებური, ცივილური ურთიერთობების წახალისებას კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობა უთუოდ ხელს უწყობს და ამ პროცესის განვითარებას მომავალშიც დაეხმარება. ვიმედოვნებ, სულ უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან საკონკურსო ღონისძიებაში და ნომინაციებში გამარჯვებულთა მიერ წარმოდგენილი პროექტებიც მეტი სიზუსტით უპასუხებს კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადობის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელ მიზნებსა და  მოთხოვნებს.

– რით იყო საინტერესო თქვენთვის ჟიურის წევრობა და რა სირთულეებს უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

– პირადად ჩემთვის ეს შემოთავაზება სიახლეს, ინოვაციას, საჭირო და აქტუალურ თემასთან უშუალოდ შეხების შესაძლებლობას დაუკავშირდა. ამავე დროს, დიდი იყო ინტერესი, რა სახის საკონკურსო წინადადებებთან მექნებოდა საქმე „მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების“ ნომინაციაში. საკონკურსო პროექტების შეფასებისა და მართებული გადაწყვეტილების სირთულე ცალსახაა, რადგანაც თავად ნომინაციის თემაა მრავალმხრივი და კომპლექსური. ჟიურის თითოეული წევრისთვის პროექტის შეფასებისას უმნიშვნელოვანესი იყო სუბიექტური მიდგომის მაქსიმალურად თავიდან აცილება, რაც ვფიქრობ, შევძელი. 

–  რა ვითარება გამოიკვეთა კონკურსში შემოსული განაცხადების მიხედვით „მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების“ ნომინაციაში? თავად კომპანიების მიერ განხორციელებულ პროექტებზე რას იტყვით – როგორი იყო მათი ხარისხი და აკმაყოფილებს თუ არა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს?

– ძალიან საინტერესო იყო როგორც საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტები, ასევე, თავად კომპანიების მუშაობის პრინციპები და პრიორიტეტები. ფაქტია, რომ ყველა საკონკურსო წინადადება ზუსტად ვერ პასუხობდა  შეფასების დადგენილ კრიტერიუმებს და ეს გასაკვირი არც არის: კორპორაციული პასუხისმგებლობის არსიდან და რაც მთავარია, თემის სიახლიდან გამომდინარე, საჭიროა დრო, რათა კომპანიებმა კარგად გაიგონ და გაითავისონ კორპორაციული პასუხისგებლობის მნიშვნელობა, აუცილებლობა და მთელი რიგი ნიუანსები, რაც CR-ისთვის არის დამახასიათებელი. ვიმედოვნებ, რომ კომპანიებში კორპორაციული პასუხისგებლობით განსაზღვრული მიდგომების აუცილებლობის გააზრება სულ უფრო მზარდი იქნება და ამაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდ როლს ითამაშებს ყოველწლიური კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“.

გააზიარე: