ომი უკრაინაში და ომისგან გამოწვეული გარემოსდაცვითი კრიზისი

,,თუკი ჩვენ არ დავასრულებთ ომს, ომი დაგვასრულებს ჩვენ“. – ჰერბერტ უელსი, ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი

ომს შედეგად მოსდევს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს – სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური – მდგომარეობის ცვლილება. ომმა რუსეთსა და უკრაინას შორის დაგვანახა, რომ ის იმაზე მეტად დამანგრეველია 21-ე საუკუნის მსოფლიოსთვის, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

უკრაინიაში დონბასის რეგიონი ერთ-ერთი გამორჩეულია კლიმატური თვისებებითა და ბიომრავალფეროვნებით. თუმცა წლების განმავლობაში დონბასი ითვლებოდა უკრაინის ყველაზე დაბინძურებულ რეგიონად ქვანახშირის მოპოვების შედეგად ტოქსიკური ნარჩენებისა და ქიმიური და ლითონის მრეწველობის შედეგად, ნიადაგის დაბინძურების გამო. წლების განმავლობაში დონბასის რეგიონი წარმოადგენდა უკრაინის სამრეწველო საქმიანობის კერას. შესაბამისად, უკრაინის სათბური გაზების ემისიების თითქმის ნახევარი ამ რეგიონზე მოდის. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში  რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ,,ეკოლოგიური კატასტროფა“, რამაც დააბინძურა 530 000 ჰექტრამდე დაცული ტერიტორია.

ახლა წარმოიდგინეთ ათასობით ბომბი, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს უკრაინის ეკოლოგიას რუსეთის 2022 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად, რაც კატასტროფის მომტანია ქვეყნის გარემოსთვის. ქალაქების განადგურებას და ქვეყნის მასშტაბით სამრეწველო ობიექტების დაბომბვას აქვს ძალიან ფართომასშტაბიანი გავლენა ჰაერის ხარისხზე, რაც სამომავლოდ ბევრ პრობლემას შექმნის ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. რატომ არის რუსეთ-უკრაინის ომი ასეთი დამანგრეველი? პირველ რიგში, იმიტომ რომ გარემოს აღდგენა ძალიან დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული და ასევე, ტექნიკურად შესრულებაც ძალიან რთულია. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანის აღდგენა ფაქტობრივად არასოდეს ხდება. ძალიან რთულია გარემოს აღსადგენად შესაბამისი რესურსების მოძიება, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ტექნიკურად რთულად განხორციელებადია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. უკრაინაში მიმდინარე ნგრევის მასშტაბები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გამოიწვევს გარემოს სერიოზულ დაბინძურებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ჰაერის, ნიადაგის და წყლების მნიშვნელოვან დაბინძურებას, ჰექტრობით ტყეების განადგურებას, ბიომრავალფეროვნების შემცირებას და სხვა.

ომების და სამხედრო კონფლიქტების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე იწყება საომარი მოქმედებებს დაწყებამდე. ამიტომ ომის უარყოფითი გავლენა გარემოზე, იმაზე მასშტაბური და საშიშია ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. შეიარაღებული ძალების მომზადებას ცალკე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე. ის სამხედრო მანქანები, თვითმფრინავები, გემები და ყველა ინფრასტრუქტურა რაც სამხედრო კონფლიქტის მზადებისთვისაა საჭირო, მოითხოვს ენერგიას, სწორედ ამიტომ ძალიან მაღალია CO2 ემისიების გამოყოფა, სამხედრო საქმიანობიდან. ნებისმიერი სახის სამხედრო მზადება თუ წვრთნა იწვევს ემისიებს, არღვევს ლანდშაფტებს, ხმელეთის თუ ზღვის ჰაბიტატებს, იწვევს ქიმიურ დაბინძურებას სხვადასხვა იარაღის, თვითმფრინავისა თუ მანქანების გამოყენებით. სამხედრო აღჭურვილობის და მასალების მუდმივ განახლებას ცალკე უარყოფითი გავლენა აქვს გარემოზე. მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი მოითხოვს დიდი რაოდენობით საწვავის გამოყენებას, რაც იწვევს სათბური აირების ემისიების მასიურ გაფრქვევას და პირდაპირ ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას და ფეთქებადი საბრძოლო მასალის ინტენსიურ გამოყენებას, შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბუნების ლანდშაფტებსა და ბიომრავალფეროვნებას. ბევრი იარაღი შედგება ტოქსიკური კომპონენტებისგან, როგორიცაა მაგალითად, ამოწურული ურანი, რომელიც რადიოაქტიურია. ზიანი, რომელსაც სამხედრო აქტივობები აყენებს გარემოს ძალიან ხანგრძლივმოქმედია, რაც პირდაპირ ხელს უშლის ქვეყნის პროგრესს დაბინძურების კონტროლის, რესურსებისა და დაცული ტერიტორიების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა თუ კლიმატის ცვლილების ადაპტაციის კუთხით. ომის შედეგად გარემოსდაცვითი კრიზისი ძალიან რეალურია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა დიდ რესურსებს მოითხოვს და ხშირად ფაქტობრივად შეუძლებელიცაა.

მეცნიერებმა 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ რადიაციის გრძელვადიანი უარყოფითი ზემოქმედება შეისწავლეს.  ჩერნობილის თემა კვლავაც აქტუალური გახდა, როდესაც მიმდინარე საომარი ოპერაციების დროს რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. 2022 წლის 3 მარტს რუსეთის ჯარებმა ასევე იერიში მიიტანეს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს თანახმად, თავდაპირველად გაურკვეველი იყო როგორი ზემოქმედება ექნებოდა ამ თავდასხმას ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემებზე. საბედნიეროდ, ზაპოროჟიეს რაიონში რადიაციული მდგომარეობის ცვლილებები არ დაფიქსირებულა და გამოსხივების დონეც სტანდარტულ საზღვრებშია. ზაპოროჟიე არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში, რომელსაც ექვსი რეაქტორი აქვს. უკრაინის კრიზისი უფრო ხანგრძლივდება და რეგიონში ატომური ელექტროსადგურების მომავალი უკიდურესად გაურკვეველია. ერთი რამ რაც ნათელია, არის ის რომ რუსეთის უკანონო და საშიში სამხედრო მოქმედებები უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ახალ კითხვებს აჩენს და საფრთხეს უქმნის გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას.

,,გარემო არის კონფლიქტების ჩუმი მსხვერპლი,“ – განაცხადა დუგ უერმა, რომელიც ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაციის- „Conflict and Environment Observatory”-ის კვლევებისა და პოლიტიკის დირექტორია. გარემოზე ომის უარყოფით ზეგავლენაზე ხშირად მხოლოდ გარემოსდამცველები საუბრობენ, თუმცა ეს არ წარმოადგენს მხოლოდ გარემოსდამცველთა პრობლემას, ვინაიდანდღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ეს არისმრავალი საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონფერენციის მთავარი გზავნილი.

2022 წლის თებერვლის ბოლოს გაეროს გარემოს დაცვის მინისტრები და 170-ზე მეტი ქვეყნის სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ ნაირობში, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე (UNEA – 5.2).  108-მდე გლობალურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს  განცხადებით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გარემოსადმი სერიოზულ რისკებს და გავლენას, რაც აზიანებს უკრაინის ბიომრავალფეროვნებას, ეკოსისტემას და ბუნებრივ რესურსებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს გაეროს სწრაფი რეაგირება შემდეგი მიმართულებებით: 1. უზრუნველყოს სახსრები და ტექნიკური ექსპერტიზა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ პირველადი სწრაფი გარემოსდაცვითი შეფასებისთვის უკრაინაში; 2. მხარი დაუჭირონ ადგილობრივ და საერთაშორისო ინიციატივებს კონფლიქტებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკებისა და ზიანის იდენტიფიცირებისა და მონიტორინგისთვის და 3. აღუთქვან უკრაინას გარემოსდაცვითი დახმარება, რათა ხელი შეუწყოს ომის შედეგად გარემოს დასუფთავებისა და აღდგენის ძალისხმევას.

„Conflict and Environment Observatory”, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას ,,ეკოციდის“ სახელით მოიხსენიებს, რაც ცხადყოფს ამ კონფლიქტის კატასტროფულ ზიანს უკრაინის გარემოსთვის. „Conflict and Environment Observatory”-ის მისიაა კონფლიქტებისა და სამხედრო აქტივობების გარემოსდაცვითი და ჰუმანიტარული უარყოფითი გავლენის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ტერმინი ,,ეკოციდის“ გამოყენება ამ კონტექსტში ასახავს ასევე უკრაინის სამართლებრივ კონტექსტს. უკრაინა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთაგან, რომელსაც ,,ეკოციდი“ ქვეყნის კანონმდებლობით დანაშაულად აქვს მიჩნეული. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 441-ე მუხლის თანახმად, ,,ეკოციდი“ განისაზღვრება, როგორც ,,ფლორისა და ფაუნის მასობრივი განადგურება, ჰაერის და წყლის რესურსების მოწამვლა და ნებისმიერი სხვა ქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა.“ რა თქმა უნდა რუსეთის აგრესიული სამხედრო მოქმედებები პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულად.

და ბოლოს, ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ უკრაინის ეკოლოგიური კრიზისი, ეს ომი საზიანოა მთელი მსოფლიოსთვის და საფრთხის ქვეშ აყენებს თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას. ამას ადასტურებს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მოსაზრება, რომლის თანახმადაც უკრაინის ომი პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობის მიზნებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნები სანქციების შედეგად ეძებენ რუსული ენერგიის ალტერნატივას, წარმოადგენს საფრთხეს წიაღისეული საწვავის გამოყენების მაღალი რისკის გამო, რაც პირდაპირ ხელს უშლის მსოფლიოს მიერ დასახული, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, გლობალური მიზნების შესრულებას.

გააზიარე: