„ორქისის“ მწვანე ტრანსფორმაცია

ორქისი

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი” მიზნად ისახავს აქტიური წვლილის შეტანას მწვანე ეკონომიკაზე დაჩქარებულ გადასვლაში, რაც გულისხმობს  გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობის, მწვანე დაფინანსების, მწვანე შესყიდვების პრაქტიკის ხელშეწყობას და მის დანერგვას საქართველოში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

„ორქისის“  პროექტები, რომლებიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება, მიმართულია გარემოს დაცვასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაზე. „ორქისში“ მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, ბიზნეს სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, მეცნიერებათა აკადემიასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს  მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე.

„ორქისის“ პროექტები ცირკულარული ეკონომიკის დაჩქარებულად დანერგვის საფუძველია. ის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის და ევროპის „მწვანე შეთანხმების“ პროცესში ჩართულობისათვის, რაც თავის მხრივ მდგრადობის დღის წესრიგის შესრულებას უზრუნველყოფს.

ორქისის“ მიმდინარე პროექტებსა და გლობალურ მიზნებზე გვესაუბრება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისი“ თავმჯდომარე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი გარემოს დაცვის, სოციალურ, მმართველობისა და მდგრადობის საკითხებში, მარიამ ქიმერიძე.

ორქისი, მარიამ ქიმერიძე

„ორქისის“ მიმდინარე პროექტებსა და გლობალურ მიზნებზე გვესაუბრება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისი“ თავმჯდომარე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი გარემოს დაცვის, სოციალურ, მმართველობისა და მდგრადობის საკითხებში, მარიამ ქიმერიძე.

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვას და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას. მოგვიყევით შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ, რა სახის თანამშრომლობა გაქვთ ამ მიმართულებით?

სბმკ „ორქისი“ 2019 წლიდან ახორციელებს ცირკულარული ეკონომიკის პროგრამას შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცირკულარული ეკონომიკისა და მისი სარგებლის შესახებ ცირკულარულ პრინციპებზე გადასვლის დასაჩქარებლად და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად. ამასთან, იგი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარულობის დონის შეფასებას და რეკომენდაციების მომზადებას ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავების მიზნით, რათა საქართველომ ხელი შეუწყოს პოლიტიკის ცვლილებას.

სბმკ „ორქისს“ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ნარჩენების მინიმუმამდე შემცირების პროექტებთან დაკავშირებით, რაც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მნიშვნელოვანი ნაწილია. სბმკ „ორქისი“ ამ სფეროში 2010 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე პროექტი ნარჩენების მართვისა და გარემოს დაბინძურების მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების შექმნის პროგრამებს სისტემური ცვლილებების ხელშესაწყობად პოლიტიკისა და ადვოკატირების ვრცელი სამუშაოების განხორციელების გზით. ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების შექმნის პროგრამები შემუშავებული იყო საჭიროებების ანალიზის საფუძველზე და ორიენტირებული იყო რეგიონულ და მუნიციპალურ ორგანოებზე, ბიზნესსექტორზე, თემზე, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდა თაობაზე. ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების შექმნის ღონისძიებები განსაკუთრებულად გამოყოფდა ნარჩენების თავიდან არიდებისა და 5R მიდგომებს, როგორც ნარჩენების მართვის, დაბინძურების თავიდან აცილებისა და უფრო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტებს. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და შესაბამისი სიტუაციური მაგალითები გამოყენებული იქნა იმ შედეგების დემონსტრირების მიზნით, რომელთა მიღწევაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული მიდგომების გამოყენებით.

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების ძირითადი ელემენტები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროგრამა

  • პროგრამა იძლევა ძირითად ინფორმაციას ცირკულარული ეკონომიკის, ცირკულარული ბიზნესმოდელებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ, ასევე იძლევა რეკომენდაციებს დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და პროექტის ხელშემწყობების მისამართით, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე.
  • პროგრამა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის დაქირავებით. დღეისათვის ჩატარებულია რვა ერთდღიანი კონფერენცია, რომლებიც ორიენტირებული იყო შემდეგ სამიზნე ჯგუფებზე: (i) პოლიტიკის შემქმნელები; (ii) პროექტის ხელშემწყობები და რეგიონები/მუნიციპალიტეტები; და (iii) ბიზნესსაზოგადოება; (iv) ფინანსური ინსტიტუტები; (v) აკადემიური წრეები; (vi) უნივერსიტეტები (vii) მცირე და საშუალო საწარმოები. ასევე ჩატარდა სპეციალური კონფერენცია საქართველოს პარლამენტისთვის.
  • ყველა კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის უმაღლესი დონის ოფიციალური პირები როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე და კერძო სექტორის ძირითადი ლიდერები. კონფერენციებზე განხილული იყო შემდეგი საკვანძო საკითხები: ზოგადი ინფორმაცია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზების შესახებ, ინდუსტრიული ეპოქის მემკვიდრეობა, არსებული ტენდენციები – პრობლემები და შესაძლებლობები, წრფივი და ცირკულარული მიდგომების შედარება, ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესმოდელები, ასევე ინფორმაცია ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკის, მათ შორის ცირკულარული ეკონომიკის საწყისი 2015 წლის პაკეტისა და ცირკულარული ეკონომიკის ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წელს.
  • ორი წიგნი ცირკულარული ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა: (i) პროექტის ხელშემწყობების და პოლიტიკის შემქმნელებისა და (ii) უნივერსიტეტებისთვის.
  • რამდენიმე თემატური სტატია გამოქვეყნდა “Georgia Today”-ისა და “Forbes Georgia”-ს მიერ.
  • რამდენიმე სატელევიზიო გადაცემა და რადიო ინტერვიუ ორგანიზებული იქნა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

ცირკულარულობის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისთვის

რადგან ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროგრამა დადებითად იქნა მიღებული რიგი დაინტერესებული მხარეების მიერ საქართველოში, საქართველოს მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა SIDA-ს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარულობის შეფასების მომზადების მიზნით, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა რეკომენდაციები ცირკულარულობის გზამკვლევის შესამუშავებლად და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის მისაღებად. თხოვნა დაამტკიცა შვედეთის მთავრობამ და აღნიშნული პროგრამა, რომლის კოორდინირებასაც ახორციელებდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროგრამის ძირითადი მიზნები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • საქართველოში ცირკულარული ეკონომიკა შეფასებულია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • ცირკულარული ეკონომიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარული მიზნები განსაზღვრული და დადგენილია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • განსაზღვრულია ცირკულარული ეკონომიკის დარგობრივი შესაძლებლობები;
  • ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივების პრიორიტეტული დარგები და სექტორისთვის სპეციფიკური პოლიტიკის მიმართულებები დადგენილია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
  • შემუშავებულია რეკომენდაციები ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და საქართველოს სტრატეგიისთვის.

პროგრამის განხორციელებას უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში (ჯგუფის ხელმძღვანელი), რომელსაც ეხმარებოდა ეროვნული ექსპერტი მდგრადი განვითარების საკითხებში (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე) და ადგილობრივი ქართველი ექსპერტების გუნდი, საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობითი საკითხების საფუძვლიანი ცოდნით. ამასთან, საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (საკოორდინაციო საბჭო) რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები (მათ შორის ბიზნესის/კერძო სექტორისა და გარემოს დაცვის მიმართულებით), საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების, ფართო ცოდნისა და გამოცდილების და ამავე დროს აღნიშნული საკვანძო უწყებების პროცესის ადრეულ ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით. პროგრამის ფარგლებში მომზადდა საქართველოში ცირკულარულობის შეფასების ანგარიში. შემუშავებულ იქნა რიგი რეკომენდაციები ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნებისთვის, განისაზღვრა სექტორების შესაძლებლობები, დადგინდა კონკრეტული სექტორისთვის სპეციფიკური პოლიტიკის მიმართულებები და შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით.

პროექტების პორტფელის შემუშავება

საქართველოს მთავრობას მტკიცედ სჯერა, რომ ცირკულარული ეკონომიკისთვის ახალი ეროვნული სტრატეგიის დანერგვა უნდა ეფუძნებოდეს პრაქტიკულ ღონისძიებებს. შესაბამისად, ცირკულარული ეკონომიკის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის (საკოორდინაციო საბჭო) რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა SIDA-ს საინვესტიციო პროექტების მომზადების მიზნით, რომლებიც ცირკულარულ ღონისძიებებზე იქნებოდა ფოკუსირებული, ძირითადად, თუმცა არა მხოლოდ, მწარმოებელთა გაფართოებული პასუხისმგებლობის დანერგვის მხარდასაჭერად. შესაბამისად, პორტფელი 14 საინვესტიციო პროექტით, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო მცირე და საშუალო საწარმოებზე, მოამზადა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა “ორქისი”. დაწინაურებული პროექტები ამჟამად სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციებიდან მხარდაჭერის მოძიების ეტაპზე არიან.

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც გარემოს დაცვას ითვალისწინებს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი”, თქვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა საქმიანობას ახორციელებდა. შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ პროექტის შესახებ? რა როლს ასრულებს პროექტი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების საკითხში?

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელსაც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი”, მიზნად ისახავს ეკოლოგიური პასუხისმგელობის მქონე გენერაციას საქართველოში და მუნიციპალური ნარჩენებით და სათბურის აირების გაფრქვევით გამოწვეული დაბინძურების შემცირებას.

პროექტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

  • ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების განვითარების სემინარები საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების მართვის, გარემოს დაბინძურების, გენდერისა და სიღარიბის დაძლევის შესახებ, ასევე შერჩეულ უნივერსიტეტებში ეკო-კომიტეტების შექმნა და პოპულარიზაციის კამპანიები სოციალური და მასმედიის საშუალებებით.
  • ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში და ნარჩენების მართვის გეგმებისა და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების მომზადება.
  • კახეთის რეგიონისთვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება მონაწილეობითი წესით ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების შესაბამისად.
  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ღონისძიებების განხორციელება ბიო-აღდგენის აქტივობების გზით, მათ შორის 16 ჰა გაწმენდილ ფართობზე ადგილობრივი ხეებისა და ბუჩქების სახეობების დარგვა  და ახალგაზრდა თაობისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების სწავლება ბიო-აღდგენისა და ტყის გაშენების აქტივობების დადებით შედეგებთან დაკავშირებით.
  • დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენა საქართველოს 10 რეგიონში, ასევე მუნიციპალური ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების შექმნა ნიადაგის აღდგენის მეთოდებთან დაკავშირებით და სხვ.

პროექტით „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს უწყობს მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის მიღწევას, რაც ასევე შეუწყობს ხელს მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

ოქტომბერში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისი“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ჩაატარა ეროვნული შეხვედრა საქართველოში ცირკულარულობის შესაფასებლად. რომ გავიხილოთ ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობა და მისი პერსპექტივები საქართველოში, როგორ უნდა მოხდეს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა?

ცირკულარულობის შეფასება კომპლექსური პროცესია. ამის განსახორციელებლად ჯგუფმა ჩაატარა საქართველოს ეკონომიკის სექტორების შეფასება ცირკულარულობის თვალსაზრისით. თავდაპირველ ეტაპზე ჩატარდა სკრინინგი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეესტრში მითითებული 90 სექტორიდან (ეკონომიკური საქმიანობა) იმ სექტორების შესარჩევად, რომლებიც, შესაძლოა, პერსპექტიული იყოს ეკონომიკის ცირკულარულ მოდელზე გადასასვლელად. სკრინინგის მიზნით გამოყენებული იქნა ორი მარტივი კრიტერიუმი: ეკონომიკური კრიტერიუმები, რომლებიც ახასიათებდა სექტორის როლს ქვეყნის ეკონომიკაში (მშპ-ის წილი; წლიური წარმოება; თანამშრომელთა რაოდენობა); და წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობა ან ზარალი. სკრინინგის შედეგად გამოვლინდა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით პოტენციალის (საშუალო; მაღალი; ძალიან მაღალი) მქონე 14 სექტორი. შესაბამისად, ჯგუფმა სიღრმისეულად შეისწავლა 14 შერჩეული სექტორი და მოამზადა თითოეული მათგანის მოკლე აღწერა, მათ შორის მასალების მასობრივი შემოდინება (ნედლეული, პროდუქტები, გარდაქმნის პროდუქტები და ნარჩენები), დანაკარგები და წარმოქმნილი ნარჩენები, გადამუშავებული ნარჩენების წილი და ხელახალი გადამუშავების შესაძლებლობის შეფასება.

შეფასების პროცესში 24 თვის განმავლობაში ინტენსიურად იყო ჩართული სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორის უმაღლესი დონის 13 ექსპერტი. ექსპერტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სხვადასხვა სამინისტროსა და სამთავრობო უწყების 36 ექსპერტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკად. სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით. ამასთან, ექსპერტებმა განახორციელეს ვრცელი კონსულტაციები და გასაუბრებები ბიზნესის სფეროს ლიდერებთან და მიმოიხილეს 82 უახლესი დოკუმენტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ექსპერტთა ჯგუფმა განსაზღვრა დარგების პრიორიტეტულობა და დაყო ისინი ჯგუფებად ცირკულარულობის პოტენციალის შესაბამისად. ეს გულისხმობდა ქვეყანაში წარმოდგენილი ეკონომიკური სექტორების სრული სპექტრის დაყოფას ამავე ტიპის ჯგუფებად ცირკულარულობის კრიტერიუმების (ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინდიკატორები, რესურსების მოხმარება, მასალებისა და ნარჩენების ნაკადები), ძირითადი სუბიექტების დახასიათების ინდიკატორებისა და სექტორის ადმინისტრირების პროცესის შესაბამისად. ძირითადი დასკვნის მიხედვით, თოთხმეტივე სექტორს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ეკონომიკის ცირკულარულ მოდელზე გადასასვლელად, ზოგიერთ მათგანს 25 პროცენტამდე. შესაბამისად, ამ სექტორებიდან არც ერთი არ უნდა ყოფილიყო გამორიცხული ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესიდან. როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობა საქართველოსათვის უმაღლესი პრიორიტეტულობის სექტორს წარმოადგენს, რადგან წინასწარ შერჩეული 14 სექტორიდან ექვსი სოფლის მეურნეობის ქვესექტორს წარმოადგენს.

ამის შემდგომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეისწავლოს რეკომენდაციები და დაიწყოს ცირკულარულობის გზამკვლევისა და ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული სტრატეგიის მომზადების პროცესი.

რა რეკომენდაციას გაუწევდით საჯარო და კერძო სექტორებს კლიმატის ცვლილებასთან და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა?

კლიმატის ცვლილება და გარემოს გაუარესება საქართველოს, კავკასიის რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოსათვის ეგზისტენციალურ საფრთხეებს წარმოადგენს. აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოს, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს ესაჭიროებათ გარდაქმნა, რათა იქცნენ თანამედროვე, რესურსეფექტურ და კონკურენტუნარიან ეკონომიკებად. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და კლიმატის მიმართ ნეიტრალურ საზოგადოებად გარდაქმნა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, კვლევასა და ინოვაციებს, წარმოებისა და მოხმარების ახალი გზების დანერგვას და ცვლილებებს მუშაობის, ტრანსპორტით სარგებლობისა და ერთად ცხოვრების წესში. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის მიღწევა კლიმატისა და ეკოლოგიური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნის გზით პოლიტიკის ყველა სფეროში და ამ გარდაქმნის ყველა ადამიანისთვის სამართლიანად და ინკლუზიურად განხორციელება საჭიროებს მრავალი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეთანხმებულ მოქმედებებს. საქართველო უკვე დაადგა მწვანე ეკონომიკად გარდაქმნის გზას ევროპის მწვანე შეთანხმების პრინციპების შესაბამისად, მაგრამ მას კიდევ სჭირდება ნაბიჯების გადადგმა, რათა დაჩქარებულ წინსვლას მიაღწიოს ამ სფეროებში.

განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებები ვერ უმკლავდება დიდი რაოდენობით ემისიებს. ამ ემისიების 70% რესურსების მოხმარებისა და დამუშავების შედეგია. ჩვენ გვჭირდება სუფთა ენერგიაზე გადასვლა, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ უზრუნველყოფს საკმარისად დაბლა, 1.5-გრადუსიან ტრაექტორიაზე დაშვებას. ეს ვერც მოხმარების დონის ზრდისა და რესურსების შესაბამისი სიმწირის საკითხს გადაჭრის. მსოფლიო წრფივი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე რომ გადავიდეს, ანალიზები გვიჩვენებს, რომ სათბურის აირების გლობალური ემისიები 39%-ით, ხოლო პირველადი რესურსების მოხმარება 28%-ით იკლებს და ჩვენ მივაღწევთ პარიზის შეთანხმების მიზნებს. ცირკულარული ეკონომიკა ხელს უწყობს, როგორც მინიმუმ მდგრადი განვითარების 12 მიზნის შესრულებას, რაც ასევე დაეხმარება საქართველოს შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით.

რა როლს ასრულებს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის მრავალდარგობრივი პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად 2030 წლისათვის? რა როლი აქვს კერძო სექტორსა და კორპორაციულ პასუხისმგებლობას ამ კონტექსტში?

სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მწვანე გარდაქმნის პროცესში, რაც ეხმიანება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 2021-2027 წლების დღის წესრიგს. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია განახორციელოს ასეთი გარდაქმნა დამოუკიდებლად. საქართველომ უნდა გამოიყენოს მოწინავე ეკონომიკების გამოცდილება ცირკულარულობის პრინციპების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით, რათა შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული ვალდებულებები და ისწავლოს მათ წარმატებებსა და შეცდომებზე. ეს მოითხოვს ძლიერი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ყველაზე ოპტიმალური გზის ასარჩევად. ასეთი პარტნიორობის კარგი მაგალითია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამა, რომლის მიზანია ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა. მიმდინარე პროგრამამ, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, უკვე შექმნა საჭირო ცნობიერება ცირკულარულ ეკონომიკასთან მიმართებით და წარმოადგინა რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და პროექტის ხელშემწყობებისთვის რათა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა. ეს პროგრამა ცირკულარულობაზე დაჩქარებული გადასვლის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ გამოხმაურებას კერძო სექტორიდან, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების მხრიდან, რომლებიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას ხედავენ „მწვანე მომავალში“. თუმცა, ასეთი გადასვლა საჭიროებს არაერთ მოქმედებას ბევრ სხვადასხვა დონეზე, შესაბამისად, საჭიროა უფრო ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა რიგი მოქმედებების დასაწყებად, რომლებიც მიზნად ისახავს ცირკულარულ ეკონომიკაზე დაჩქარებული გადასვლისთვის ბიძგის მიცემას. ეს პარტნიორობა დაეხმარება საქართველოს კონკრეტული მიზნების განსაზღვრაში არსებული საჭიროებების, გამოცდილებებისა და შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე.

გააზიარე: