რატომ არ მინდა პარკი?

„პარკი არ მინდა“ არასამთავრობო ეკოსაგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წელს ორმა მეგობარმა დააფუძნა. მათი მიზანია ეკოლოგიის მიმართულებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რისთვისაც სხვადასხვა ინიციატივით გამოდიან.

თავდაპირველად დაიწყეს ბრძოლა პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ და ორგანიზაციის სახელწოდებაც აქედან წამოვიდა. „პარკი არ მინდა“ არ არის მხოლოდ უარყოფითი პასუხი მარკეტებში ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზე – ეს ერთგვარი ცხოვრებისეული პოზიციაა. ბოლო წლებში პოლიეთილენის თემა მთელ მსოფლიოშია აქტუალური, თუმცა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან ეკოცნობიერების კულტურა დაბალია. სტატისტიკის თანხმად, საქართველოში თითოეული მოსახლე წელიწადში დაახლოებით 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს, მაშინ როცა ფინეთში ეს ციფრი მხოლოდ 4-ია. მის დაშლას ნიადაგში 100 წელიწადზე მეტი სჭირდება, ლპობისას კი იშლება  მიკროპლასტმასად, რომელიც მიწასა და წყალში რჩება. ამ გზით  ჩვენს ორგანიზმში ერთი კვირის მანძილზე  1 პლასტიკური ბარათის დასამზადებლად საკმარისი პლასტმასა ხვდება, რის გამოც მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ პოლიეთილენის ერთჯერადი პარკების გამოყენებაზე და მრავალჯერადი ნაჭრის ჩანთით ჩავანაცვლოთ.

„პარკი არ მინდას“ საქმიანობა მხოლოდ პოლიეთილენის მოხმარების შემცირებას არ ემსახურება – ორგანიზაცია მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებითაც. ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: ონლაინშეხვედრები და  საჯარო ლექციები, გარემოს დასუფთავების აქციები (მათ შორის,  Clean Games) და ეგრეთ წოდებულ  SWAP- წვეულებები, რომლებიც ნივთების გაცვლა-გამოცვლას ისახავს მიზნად. სწორად მიწოდებული ინფორმაციით  “პარკი არ მინდა” უბიძგებს ადამიანებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ გარემოს და ჩვენი მომავლის შესარჩუნებლად შეცვალონ თავიანთი ქცევა, ყოველდღიურად უფრო შეგნებული არჩევანი გააკეთონ და შეამცირონ თავიანთი ზეგავლენა გარემოზე ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – საყოფაცხოვრებო ნარჩენები. საქართველოში ყოველწლიურად 900 000 ტონა ნარჩენი იწარმოება, საიდანაც გადამუშავდება არაუმეტეს 5 პროცენტისა. „პარკი არ მინდას“ მიზანია, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველას შეუძლია სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობა.  ზუსტად ამიტომ ორგანიზაციამ შექმნა ეკოტაქსის პროექტი – სერვისი, რომელიც შინ ან სამუშაო ადგილზე აკითხავს ადამიანებს, მიაქვს მათგან დახარისხებული ნარჩენები შემდგომი გადამუშავებისათვის.

პროექტის წარმომადგენლები მომხმარებელს ნარჩენების სწორად დახარისხებასაც ასწავლიან, რაც ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია. ეკოტაქსი აგროვებს სხვადასხვა სახის ნარჩენებს, მათ შორის: პლასტმასას, ქაღალდს, მუყაოს, შუშას, ალუმინის და თუნუქის ქილებს, ელექტრონიკას, ელემენტებს, ღვინის საცობებს, პლასტიკურ ბარათებს და პლასტმასის კბილის ჯაგრისებს. პროექტის მიზანია,  რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელებზე და ამის ნაცვლად, დაბრუნდეს ეკონომიკაში რესურსის სახით.

დღესდღეობით  ეკოტაქსიმ  უკვე 15 ტონაზე მეტი ნარჩენი შეაგროვა  გადასამუშავებლად და  200-ზე მეტი მუდმივი კლიენტი შეიძინა. მათ შორის, თბილისის კაფე-რესტორნები, ოფისები, საელჩოები და სხვა ორგანიზაციები. მათი რიცხვი ნელ-ნელა მატულობს, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიან მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება.

ნარჩენების გადამუშავება არ წყვეტს ჭარბი მოხმარების პრობლემას. ამიტომ ნარჩენების შეგროვების სერვისთან ერთად, ეკოტაქსი საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს. პროექტის მიზანია, ასწავლოს კლიენტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლები ნარჩენის წარმოქმნა: მაგალითად, ყოველ ჯერზე წყლის ყიდვის ნაცვლად, ჰქონდეთ ერთი მრავალჯერადი ბოთლი, მოერიდონ პლასტმასის შეფუთვის მქონე საკვების ყიდვას და ა.შ.

„პარკი არ მინდას“  დამფუძნებლებს სჯერათ, რომ ინდივიდუალურ ქმედებებს შეუძლია  სისტემური ცვლილებების გამოწვევა და ყველაფერს აკეთებენ ამ იდეის ხორცშესასხმელად. მათი აზრით, კორპორაციულ პასუხისმგებლობას არ სჭირდება მასშტაბები – პატარა კომპანიებსაც შეუძლიათ დიდი საქმეების კეთება. ისინი მხარს უჭერენ მდგრადი და ჯანსაღი მომავლის შექმნას თანაბარი შესაძლებლობებით და ყველას მოუწოდებენ, უფრო მეტად იყვნენ პასუხისმგებელნი იმ ქმედებების მიმართ, რომელიც გარემოსთვის თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ საქმიანობას მოაქვს.

გააზიარე: