თბილისი – მწვანე ქალაქის პერსპექტივა

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. მასში ჩართული ყველა რგოლი ცდილობს, კომპეტენციის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის უკეთ გასავლელად. თბილისის მთავრობის როლი ამ მხრივ, გამორჩეულია – ერთგვარი მოდელი, როგორ მუშაობს ქვეყანა, რათა ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევას.

დედაქალაქის მონაწილეობაზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში, ურბანულ
ხედვაზე ამ მიმართულებით, კერძო და არასამთავრობო სექტორთან პარტნიორობაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის პერსპექტივაზე დედაქალაქის მერი, კახი კალაძე გვესაუბრება.

რა როლი აკისრია თბილისის მერიას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით და გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა?

თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს გაეროსა და სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა დედაქალაქი იყოს საცხოვრებლად უკეთესი. 2019 წელს შევიმუშავეთ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც თბილისი მწვანე, მედეგი და კომპაქტური ქალაქი გახდება.

ამავე წელს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტმა თბილისის განვითარების ფონდთან და საერთაშორისო კომპანია Ramboll-თან თანამშრომლობით, მდგრადი, ურბანული მობილობის გეგმაზე (SUMP – Sustainable Urban Mobility Plan) დაიწყო მუშაობა. მას საფუძვლად დაედება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და სხვადასხვა სახის სატრანსპორტო და ურბანული ხასიათის კვლევები.

სამოქმედო გეგმა გაიწერება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე, რომლებიც თანმიმდევრულად განხორციელდება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რაც დედაქალაქის ქუჩებში საცობებისა და გამონაბოლქვით გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას შეამცირებს.

მნიშვნელოვანია „საცხოვრებელი განაშენიანების დაგეგმარების სახელმძღვანელო მითითებები“, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროექტის – „მომავლის ქალაქები მომავლის ქალებისთვის” ფარგლებში დამუშავდა. გზამკვლევი პირველი მცდელობაა თავი მოუყაროს თბილისის ურბანული განვითარების თავისებურებებზე მორგებულ ისეთ პრაქტიკულ მითითებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანზე ორიენტირებული, სამართლიანი, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე საცხოვრებელი გარემოს ფორმირებას. ეს რეფორმები თბილისს უფრო მეტად დაახლოებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

რა მნიშვნელობა აქვს მულტისექტორულ თანამშრომლობას (კერძო- საჯარო პარტნიორობას) მდგრადი განვითარების ძირითადი მიზნების შესრულებისას და როგორია ქალაქის როლი და ჩართულობა ამ პროცესში?

გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების მიზნები ის უნივერსალური ფორმატია, რომელიც აყალიბებს მასშტაბურ და ყოვლისმომცველ ხედვას იმ სისტემური ცვლილებებისთვის, რომლებიც აუცილებელია მდგრადი გლობალური დღის წესრიგის შესაქმნელად. ამისათვის საჭიროა კოლექტიური ძალისხმევა, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე. შესაბამისად, მულტისექტორული თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოწვევები, რომლებსაც მდგრადი განვითარების მიზნები ეხმიანება, თავისი არსით, მრავალსექტორულია.

ამ მიმართულებით, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან. ისინი დედაქალაქში მიმდინარე თითოეულ მსხვილ პროექტში მონაწილეობენ. აღსანიშნავია თბილისის სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტი, მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა (SUMP), რომელიც ამჟამად დამუშავების ეტაპზეა და არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. რაც შეეხება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატს, ამჟამად მუნიციპალიტეტი განიხილავს ამ მოდელით პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩართულია მსგავსი პროექტების გამოვლენაში.

რა სახის პარტნიორულ პროექტებს ახორციელებს დედაქალაქის მთავრობა არასამთავრობო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით თბილისის მუნიციპალიტეტში? აქვს თუ არა პროგრამები კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშესაწყობად და როგორია პრიორიტეტები?

თბილისის მერიამ მწვანე ნარგავების (ტყეების) მართვის გეგმის შესაბამისად, 2019 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ოთხ სატყეო უბანში, 20 ჰა-მდე ფართობზე, ფიჭვის სახეობებისგან ფორმირებული ტყის კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები განახორციელა. 2019 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ – ის თანადგომით, კუს ტბა-მთაწმინდის დამაკავშირებელი საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკი მოეწყო, რომლის სიგრძე 6,8კმ-ია. აღნიშნული პროექტის მიზანია საგანმანათლებლო და სარეკრეაციო ბილიკის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ტყის ეკოსისტემური სერვისების დანერგვასა და მისი მნიშვნელობის გამოკვეთას, ასევე, ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

GIZ-ის მხარდაჭერით 2020 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს მუშაობა სატყეო პოლიტიკის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუნიციპალიტეტის ტყეების მართვის ეფექტური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი თბილისის მერიასა და „ფონდ განვითარება და გარემოს“ შორის, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 677 ჰა ფართობზე ტყის აღდგენა- განახლება. აღნიშნული ფართობი ემიჯნება ქალაქის ცენტრალურ უბნებს: წავკისს, ოქროყანას, სოლოლაკს, მთაწმინდას, ვერას, ვაკეს, ბაგებს, წყნეთსა და უძოს მთის მიდამოებს და თბილისის გამწვანების ერთ-ერთ ძირითადი კვანძია.

თბილისის მერია ასევე ჩართულია ევროპის საბჭოს პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მერიის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დამატებით გაძლიერებასა და ინტეგრირებას. პროექტის მიზანი მდგრადი დისკუსიის/კოორდინაციის პლატფორმის – ,,სამოქალაქო მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი“ ჩამოყალიბებაა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობით განიხილება და გადაწყდება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საქალაქო პარკებისა და სკვერების განახლებისა და/ან მშენებლობის კუთხით შერჩეული კონკრეტული ინიციატივები.

2021 წლის 20 იანვარს ქალაქ თბილისის მთავრობამ დაამტკიცა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პარკების დაგეგმვის პროცესში საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვის მიზნით საკონსულტაციო ჯგუფის შექმნისა და მისი საქმიანობის წესი“. დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს სახელმძღვანელო პრინციპებს, გამოკვეთს პარკების დაგეგმვის პროცესში ჩართულ მხარეებს და მათ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. მერიამ აღნიშნული ფორმატი გამოიყენა თბილისის დენდროლოგიური პარკის შექმნისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები ვერის პარკის პროექტის შექმნისთვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა, თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმაა, რომელიც 2017-2030 წლებზეა გაწერილი და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის, დედაქალაქის სწორი ურბანული და გარემოსდაცვითი დაგეგმარების კომპონენტებს. რა ეტაპზეა დღესდღეობით ეს ყველაფერი და როგორ მიმდინარეობს გეგმით გათვალისწინებული პროექტები?

მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის (2017-2030) მნიშვნელოვანი მიმართულებებია მყარი ნარჩენები, მიწის მართვა და ბიომრავალფეროვნება. 2017 წელს შემუშავებულ მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმაში განისაზღვრა ის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, რომელთა შესრულებითაც თბილისში მივიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, საცხოვრებლად კომფორტულ და ჯანსაღ გარემოს. სტრატეგიული მიზანი, რომელიც ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დაყრდნობით მდგრადი ურბანული დაგეგმარების სისტემის განხორციელებას ეხება, 2019 წლიდან სრულდება, როცა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. თბილისის მერია აღნიშნული დადგენილების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს, გასცემს ნებართვებს და ჩართულია მდგრადი ურბანული დაგეგმარების სისტემის განხორციელებაში.

სტრატეგიული მიზანი – ახალი მწვანე სივრცეების განვითარება ქალაქის ურბანულ საზღვრებში ითვალისწინებს როგორც პარკებისა და სკვერების შექმნას, რეაბილიტაციას, ასევე, საგზაო და ქუჩების მწვანე ნარგავების რაოდენობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ქალაქში არსებული დიდი და მცირე ზომის სკვერების მასშტაბური რეაბილიტაცია (2018-2020 წლებში 20 ერთეული) მიმდინარეობს. ასევე, მოეწყო/განახლდა 30 ერთეული საგზაო ტერიტორია, სადაც განთავსდა მწვანე ნარგავები (ხეები, ბუჩქები, ბალახის საფარი).

რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გამწვანდა თბილისის მიმდებარე ტერიტორიები (ფერდობები) ქალაქის ეროზიების, ქარის, მეწყერებისა და წყალდიდობებისგან დასაცავად. ასევე, მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიების გასაუმჯობესებლად ორივე სანაპიროზე დაირგა დიდტანოვანი ხეები.

რაც შეეხება მყარ ნარჩენებს, თბილისის მერიამ შეასრულა სტრატეგიული მიზანი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიმართულებით. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა
და სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2019 წელს შემუშავდა თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც მომავალი ხუთი წლის (2019 – 2024) განმავლობაში განსახორციელებელ იმ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებიც მყარ საფუძველს შექმნის ნარჩენების მდგრადი და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

ქ. თბილისის მერია 2020 წლიდან მუშაობს ქალაქ თბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიაზე, რომლის პროექტი (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი) ამ დროისთვის მუშავდება.

თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა. როგორ არის ადაპტირებული ეს მიმართულება გლობალურ გამოწვევებთან და რამდენად შეუწყობს ხელს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, მათ შორის, ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით? რამდენად იყო ამ პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული სხვადასხვა სექტორის მოსაზრებები და საჭიროებები და თუ მონაწილეობდნენ ამ პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორი?

რამდენიმე წელია ქალაქი თანმიმდევრულად ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს, რომელიც დახაზვითი ნაწილის გარდა, კომპლექსურ მიდგომასაც მოიაზრებს, რაც გამოიხატება მანქანებზე ორიენტირებული ქუჩების გადაგეგმარებით. მუნიციპალიტეტის მიზანია, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს გადაადგილებისათვის. მსგავსი პროექტის განხორციელებისას საზოგადოებრივ ტრანსპორტს და უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებს ეთმობა საკუთარი სავალი ზოლი, რაც მათი შეუფერხებელი მოძრაობის გარანტორია, მათ შორის, პიკურ საათებში. აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს მანქანაზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკოლოგიაზე.

თბილისში მდგრადი ტრანსპორტის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განახლებასაც. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: დაწყებული ავტობუსის პარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით განახლებითა და სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციით, დასრულებული თბილისის მეტროს მოდერნიზაციითა და საბაგირო ტრანსპორტის განვითარებით. ავტობუსის ქსელის რესტრუქტურიზაციის პროცესში შემუშავდა იერარქიული სამარშრუტო სქემა (ტრანზიტული, საუბნო და ადგილობრივი ხაზები), რაც გულისხმობს თბილისში 11 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის ე.წ. Tbilisi Bus Transit (TBT) მოწყობას, რომელიც მოემსახურება დედაქალაქის ძირითად ქუჩებსა და საგზაო დერეფნებს მაღალი ტევადობის, სწრაფი ავტობუსებით.

მნიშვნელოვანია ზონალურ- საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა, რაც აქამდე არ არსებობდა. ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული. პარკირებით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებს.

როგორ შეიძლება კერძო კომპანიების წახალისება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას? თუ არსებობს რაიმე სახის ხედვა ამ მიმართულებით?

განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ნებართვის გაცემისას, კერძო კომპანიებთან ერთად, ყველა შემოთავაზებულ დოკუმენტს განიხილავს. შეთანხმების საფუძველზე ითვალისწინებენ არსებულ გარემო პირობებს და ორივე მხარე მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს დედაქალაქის მდგრად განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას, ტერიტორიაზე შენარჩუნდეს რეკრეაციული სივრცე და მწვანე საფარი.

აღნიშნული პოლიტიკით თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახალისებს კერძო კომპანიებს, საკუთარის წვლილი შეიტანონ ქალაქის მდგრად განვითარებაში.

გააზიარე: