“თეგეტა” მწვანე ზონა – ზრუნვა გარემოსა და თანამშრომლებზე

„თეგეტა მოტორსი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 28 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერად გვევლინება არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ ამიერკავკასიაში. ბოლო წლებში ჰოლდინგი აქტიურადაა ჩართული მწვანე პროექტებში და ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებებს აქტიურად ლობირებს.

თანამედროვე მსოფლიოში პასუხისმგებლიანი კომანიების უმეტესობა ეკოინიციატივების დანერგვას გულგრილად ვერ ეკიდება. რაც უფრო დიდია კონკრეტულ ინდუსტრიაში გარემოზე გამოწვეული მავნე ზეგავლენა, მით მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ საკუთარი საქმიანობის გამო კომპანიები და ცდილობენ ამ პროცესის ყველა შესაძლო გზით განეიტრალებას.

როგორია ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება და ა გზით ებრძვიან გარემოზე მავნე ზემოქმედებას, „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, ნათიკა  ბერძული გვიამბობს.

– „თეგეტა მოტორსისთვის,“ რომლის საქმიანობა საავტომობილო სფეროს უკავშირდება, ეკოლოგიაზე ზრუნვა და  მისი მოფრთხილება განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია. რა კეთდება გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად და როგორია თქვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით?

–  საავტომობილო ინდუსტრიაში მთავარი მოთამაშის სტატუსი ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. „თეგეტა მოტორსისთვის“ გარემოსდაცვითი ინიციატივები პრიორიტეტულია. ვცდილობთ, ამ საქმეში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.

გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ნარჩენების მართვა და გადამუშავებაა. უსარგებლო აბსორბენტებს, ფილტრის მასალებს, მეორად ზეთებსა და აკუმულატორებს გადამამუშავებელ კომპანიებს ვაბარებთ, რომლებიც უვარგის ნაწილებს ახალ ფუნქციას სძენენ.

აღსანიშნავია „თეგეტა მოტორსის“ წვლილი ქაღალდის მოხმარების შემცირებისა და გადამუშავების მიმართულებით. ბოლო დრომდე ჩვენს სერვის ცენტრებში მისული მომხმარებელი კონკრეტული პროდუქციის შეძენისას მთელ რიგ პროცედურებს გადიოდა, რაც ფურცლების ხშირ გამოყენებას გულისხმობს. რამდენიმე თვეა, ეს ადამიანები მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით იღებენ საჭირო დოკუმენტაციას, რაც მნიშვნელოვანია ქაღალდის მოხმარების შემცირებისა და მომავალში სრულად ამოღებისათვის.  

აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტ „მაკულიტერატურასთან“, რომლის ფარგლებშიც ჩვენი თანამშრომლების მიერ შეგროვილ მაკულატურას  ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოს გადავცემთ. თავის მხრივ, „პალიტრა L“ გვაძლევს ვაუჩერებს წიგნებისთვის, რომელთაც თავისი ადრესატი ჰყავს: გამოცემებს  საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებთან ვაგზავნით.

 – „თეგეტა ჰოლდინგი“ რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან  ერთ-ერთი  – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ორი წლის წინ მნიშვნელოვან საერთაშორისო კამპანიაში -„მწვანე არჩევანი“ ჩაერთო, რაც ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისებას ითვალისწინებს. გვიამბეთ ამ წამოწყებასა და შედეგებზე, რომელიც ქვენს ინიციატივას მოჰყვა.

-„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2019 წლიდან  გლობალურ პროექტში – „ეკოგამოწვევა 2050“ ჩაერთო და კამპანიით – „მწვანე არჩევანი“ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისებას შეუდგა. კამპანიის ფარგლებში ყველა, ვინც „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“  ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს შეიძენს, „მწვანე გზის კლუბის“ წევრი ხდება, კომპანია კი მათ სახელზე აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე იმერულ მუხას რგავს, რომელიც გადაშენების პირას მყოფი და წითელ ნუსხაში შეტანილი ჯიშია. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მომხმარებლის სახელით აჯამეთში 1000–მდე მუხა დაირგო, რაც საკმაოდ დიდი სტიმულია ჩვენი მომხმარებლებისთვის.  

ავტომობილების გამონაბოლქვი დიდ ქალაქებში მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს. ამ თვალსაზრისით, ჰიბრიდული და ელექტროავტომობილები ერთგვარი სასარგებლო ალტერნატივაა. რამდენიმე ათწლეულში ისინი სრულად ჩაანაცვლებს დღევანდელ მოდელებს, თუმცა მანამდე საჭიროა არსებული სურათის გაუმჯობესება. რა სახის ინოვაციებით და აქტივობებით შეიძლება ამ პროცესის ხელშეწყობა და როგორია ამ მიმართულებით კომპანიის ხედვა?

– ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ,,თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანას. ჰაერის დაბინძურების შემცირების ყველაზე ეფექტიან გზად – ბაზარზე ელექტრომანქანების ჩანაცვლებით ნულოვანი ემისიის პროცესის წახალისება მიგვაჩნია.

ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია – „პორშე ცენტრი თბილისი“ რეგიონის მასშტაბით ელექტროავტომობილების სერვისის პირველი ჰაბია. ელექტროავტომობილების გარდა, მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისის“ ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მანქანების ელექტროდამტენებს ვთავაზობთ, რაც  სწრაფი დამუხტვის საშუალებას იძლევა. დამტენები   თბილისის რამდენიმე ობიექტსა და საქართველოში არსებული ცნობილი ქსელური სასტუმროების ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი.

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის სერვისცენტრში გამოყოფილია ელექტრო სატვირთო მანქანები, რომლებიც შიდა პერიმეტრზე ავტონაწილების გადასატანად გამოიყენება. ნულოვანი ემისიის მქონე ავტომანქანები მხოლოდ ჰაერის კი არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი – ე.წ. „ხმაურის დაბინძურების“ (Noice Pollution) შემცირებას ეხმარება, რაც, როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე, ,,თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.

კოვიდპანდემია ერთგვარ გამოწვევად იქცა კომპანიებისთვის. იქ, სადაც დისტანციურად მუშაობა შეუძლებელია, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა. ბოლო პერიოდში ამას დაემატა ვაქცინაციაც, როგორც ვირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი.  როგორ გაართვა თავი „თეგეტა ჰოლდინგმა“ ამ სირთულეებს და  რამდენად მოახერხა, გამხდარიყო მწვანე ზონა იქ მომუშავეთათვის? 

– თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია. კოვიდპანდემიის დაძლევისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დავიწყეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია – „თეგეტა – მწვანე ზონა“.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ: კომპანიამ იმუნიზაციისათვის თანამშრომელთა რეგისტრაცია და აცრის პუნქტებამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო. სურვილის შემთხვევაში ამ შეთავაზებით დასაქმებულთა  ოჯახის წევრებიც სარგებლობდნენ.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ყოველკვირეულად დარგის ექსპერტებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვიწვევდით. ლაივ ჩართვების მეშვეობით ჩვენს თანამშრომლებს, არსებული ვაქცინებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ, კონსულტაციის გავლა შეეძლოთ ცნობილ ექიმებთან და ე.წ. „აზრის ლიდერებთან.“

გარდა ამისა, გვქონდა სპეციალური გათამაშებები და წამახალისებელი საჩუქრები. ვაქცინირებულმა თანამშრომლებმა ინდივიდუალური, ბრენდირებული საჩუქრების გარდა, ლოტოტრონის მეშვეობით სხვადასხვა ფასიანი პრიზები მოიგეს. მათ შორის, მთავარი პრიზი – ელექტროსკუტერი. ვფიქრობთ, ჩვენმა წამოწყებამ გაამართლა და შედეგად, არაერთი დეპარტამენტი თუ შვილობილი კომპანია „მწვანე ზონის“ სტატუსით ამაყობს, რაც დღესდღეობით ძალზე მნიშვნელოვანია.

გააზიარე: