USAID – საქართველოს პროექტები
პარტნიორობის ხელშეწყობისათვის პარტნიორული პროექტების წახალისება და ამ გზით მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია საქართველოს მეგობარი ქვეყნების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთია პროგრამა – YES-GEORGIA, რომელიც ახალგაზრდებისა და ქალ მეწარმეთა გაძლიერებას უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში, USAID -ის დაფინანსებით, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ საშუალებას აძლევს მეწარმეებს, საკუთარი ბიზნესი განავითარონ.
USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსონი და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ ბაკურაძე საუბრობენ USAID-ის ძალისხმევაზე, ხელი შეუწყოს კერძო სექტორთან პარტნიორობას და ამ თანამშრომლობის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.
მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი
პროგრამები, რომელთაც USAID საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ახორციელებს, სექტორებს შორის პარტნიორობას ეხმარება. რა გამოწვევების წინაშე დგას მრავალსექტორული პროექტები? რა სარგებელი მოაქვს ამ თანამშრომლობას მონაწილე მხარეებისთვის?
USAID-ისთვის განვითარება კომპლექსური ცნებაა. COVID- 19-ის პანდემიამ დაგვანახა, რომ ეკონომიკური საქმიანობა სამოქალაქო საზოგადოებისგან განცალკევებით არ მიმდინარეობს, ისევე, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის მოწყვეტილი განათლების სისტემას. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შევადგინეთ USAID-ის საქართველოს განვითარების მხარდამჭერი 2020-25 წლების სტრატეგია.
საქართველოში ბიზნეს გარემოს გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებაში კერძო სექტორის უფრო მეტად ჩართულობისთვის, პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ვგეგმავთ თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რომელიც იდეების, ინოვაციების, ექსპერტიზის, საერთო ადვოკატირების, ინვესტიციებისა და რესურსების უშრეტ წყაროდ გვევლინება.
ჩვენი ხელშეწყობით სექტორებს შორის ხელსაყრელი ურთიერთობა ყალიბდება: მაგალითად, სოფლის მეურნეობა სარესტორნო ინდუსტრიას უკავშირდება. შედეგად, ფერმერებს წვდომა აქვთ დიდ ბაზრებთან, რესტორნებს კი საშუალება – მიიღონ სტაბილური და ხარისხიანი პროდუქცია.
თქვენ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში, ახალგაზრდებისა და ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამაა, რომელიც YES- Georgia-ს სახელითაა ცნობილი. რა მიზანი აქვს და როგორაა ჩართული მასში ბიზნესი?
ძლიერი კერძო სექტორი ნიჭიერ მეწარმეებს საჭიროებს, რომელთაც გამოცდილებასთან ერთად, ბიზნესის გაფართოებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებაში თავიანთი წვლილის შეტანის ამბიციაც აქვთ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. 2016 წლიდან YES-Georgia USAID- ის მეწარმეობის მხარდამჭერი წამყვანი პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებსა და ქალებს წარმატებისათვის საჭირო უნარ- ჩვევების შეძენაში ეხმარება.
2021 წლიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქალ მეწარმეებს, რადგან კარგი განათლებისა და დიდი პოტენციალის მიუხედავად, მათ წინაშე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას. ძირითადად, ეს იმითაა განპირობებული, რომ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ფინანსური რესურსი ნაკლებად აქვთ. YES-Georgia ეხმარება ქალ მეწარმეებს ამ სირთულეთა გადალახვაში და ჩვენს პარტნიორ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ ერთად, სთავაზობს საწყის კაპიტალს, ბიზნეს სერვისებს და USAID-ის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგებში მონაწილეობას. ეს წარმატებული პარტნიორობა კარგი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს USAID მდგრადი განვითარების მიზნებისთვის კერძო სექტორთან, რაც, ამ შემთხვევაში, ქალების გაძლიერებასა და მეწარმეობაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს. პანდემიის დროს კიდევ უფრო გავაღრმავეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ თანამშრომლობა. გასულ წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასა და შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც „კრისტალს“
კერძო სექტორიდან უპროცენტო საგარანტიო სესხს გადავცემთ. რვაწლიანი საგარანტიო სესხით ის შეძლებს სესხის გარანტია გაუზარდოს 5 000-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმეს, ძირითადად, ბიზნესის მფლობელ ქალებს და რეგიონებში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებს.
რა გეგმები აქვს USAID-ს საქართველოში კორპორაციული მდგრადობისა და მრავალსექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად?
მაისში დავიწყეთ ახალი პროგრამა – „კერძო სექტორი პროფესიული განათლებისთვის“, რომელიც კერძო ბიზნესთან და ბიზნეს ასოციაციებთან ერთად, ხელს უწყობს სტუდენტებს, სამუშაოს მაძიებლებლებს და პროფესიონალებს, მიიღონ პროფესიული ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარება. დაბალი კვალიფიკაციის კადრები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბიზნესი ვერ არხეხებს გაფართოებას. ახალი პროგრამა ითანამშომლებს კერძო სექტორთან.
მოხდება ადამიანურ რესურსებში არსებული ხარვეზების წარმოჩენა, სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების თანადაფინანსება. პროგრამის მიზანია, კომპანიებმა შეძლონ საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრების დაქირავება; პრიორიტეტი – ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც უპასუხებენ მზარდი პოტენციალის მქონე მრეწველობის მოთხოვნებს, შეამცირებენ უმუშევრობას და ხელს შეუწყობენ ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას. მოვუწოდებ პარტნიორობის საკითხებით დაინტერესებულ თქვენს მკითხველს, ამ პროგრამას დაუკავშირდნენ.
არჩილ ბაკურაძე, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის,“ ფონდ „კრისტალისა“ და USAID საქართველოს ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში მეწარმე ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად, წარმატებული მულტისექტორული ურთიერთობის კარგი მაგალითია. როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ამჟამად?
საქართველოში ახალგაზრდებისა და ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტი (YES GEORGIA) 2016
წელს დაიწყო, მაგრამ 2019 წელს თეთრი სახლის ცნობილი პროგრამის – „ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივა“ (W-GDP) დახმარებით შევძელით მისი გაფართოება და ქალ მეწარმეებზე სრულად ფოკუსირება.
გლობალური პანდემიის გამო 2020 წელი არ იყო იოლი, თუმცა, შევძელით თითქმის ყველა აქტივობის ონლაინ რეჟიმში გადატანა. ამან გარკვეულწილად შეგვზღუდა, ამავე დროს აღმოვაჩინეთ დადებითი მხარეებიც. კერძოდ, ახალ ნაკადებზე გასამმაგდა ახალგაზრდა მეწარმეთა – სკოლის მონაწილეთა რაოდენობა.
მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა ბაზ-საქართველოს (Buzz-Georgia) ონლაინ-დებიუტი. ეს გახლავთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ქსელი და სწავლების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ლიდერული თვისებების განვითარებას, ასევე მეწარმეობისა და ფინანსების საფუძვლების შესწავლას.
პანდემიით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ, კრისტალ- კონსალტინგმა ბიზნეს-მენტორინგის პროგრამის ფარგლებში ქალ მეწარმეებს ახალ რეალობასთან ადაპტაციის რჩევები გაუზიარა. ვიმედოვნებთ, წელს შევძლებთ რეგიონებში ჩასვლას და მეტი დაინტერესებული ქალი მეწარმის მოზიდვას. აპრილში წარმატებით ჩავატარეთ მობილიზაციის სამუშაო იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, რასაც ბაზ-საქართველოს პოტენციური მონაწილეების დიდი დაინტერესება მოჰყვა.
აღნიშნული პროექტი ქალ მეწარმეთა გაძლიერებას ემსახურება, რაც მდგრადი განვითარების ერთ-
ერთი ამოცანაა. როგორია თქვენი ორგანიზაციის ხედვა ამ მიმართულებით და რამდენადაა დაცული ქალთა უფლებები და გენდერული ბალანსი უშუალოდ „კრისტალში“?
„კრისტალი“ არა მხოლოდ პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ქალ თანამშრომლებს და ინვესტირებას ახდენს მათ განვითარებაში, არამედ, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია, ემსახურება 115 ათას მომხმარებელს, რომელთა დაახლოებით 60%-ი ქალია და უმეტესობა – რეგიონის მცხოვრებია. ჩვენ ვაფინანსებთ საბრუნავ კაპიტალს, ძირითად საშუალებებს
და სამომხმარებლო საჭიროებებს, როგორიცაა – საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ჯანდაცვა და განათლება; ზრდის პოტენციალის მქონე ქალ მეწარმეებს ვთავაზობთ ლიზინგს – მოწყობილობა- დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ისევე, როგორც თანამედროვე და პრაქტიკულ ბიზნეს-კონსულტაციას და მენტორინგს. „კრისტალი“ პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც რეგიონში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული კორპორაციული ობლიგაცია გამოუშვა.
2020 წელს კომპანიამ აშშ-ის განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC), USAID-ის და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით შექმნა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პანდემიით დაზარალებულ მეწარმეებს მივცეთ არაუზრუნველყოფილ სესხებზე წვდომა.
რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, ჯერჯერობით სამეთვალყურეო საბჭოს ექვსი წევრიდან, ისევე, როგორც მენეჯმენტის ექვსწევრიან გუნდში – ერთი ქალია. ის წარმატებით ხელმძღვანელობს კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ამბიციურ – კომერციულ მიმართულებას. გაცილებით უკეთესი ვითარებაა საშუალო მენეჯმენტის რგოლში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებისთვის.
როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, ვაცნობიერებთ მმართველ პოზიციებზე ქალთა ჩართულობის როლს და სამომავლოდ აუცილებლად გავაძლიერებთ ამ მიმართულებას.
საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ კიდევ რა ღირებულებებს ეფუძნება თქვენი კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა? რა განაპირობებს „კრისტალის“ მდგრად განვითარებას?
ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სოციალურ, გარემოსდაცვით და კორპორაციული მმართველობის ასპექტებს (ESG). არჩეული გვაქვს და ვცდილობთ, სრულად დავიცვათ მსოფლიოში აღიარებული რამდენიმე სტანდარტი, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები, გაეროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპები, გაეროს გლობალური შეთანხმება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანია – Smart, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჩარჩო და გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსი.
გვინდა, მოვიპოვოთ საბანკო ლიცენზია, რაც მოითხოვს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსთან შესაბამისობას. ამ კუთხით უკვე ჩავატარეთ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, რაც მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, „კრისტალი“ მუშაობს როგორც ენერგოდაზოგვით, ასევე განახლებადი ენერგიის მიმართულებით. გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის დეგრადაციის თავიდან აცილებისა და მზის ენერგიის გამოყენების კუთხით.
რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობა ბიზნესსა და არასამთავრობო სექტორს შორის და როგორია მისი შედეგები როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში?
არასამთავრობო ორგანიზაციებთან „კრისტალს“ მრავალმხრივი და საინტერესო ურთიერთობა
აქვს. კომპანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენს ორგანიზაციულ კულტურაში დღესაც ძლიერია არასამთავრობო სექტორის დნმ. ამის დასტურია ის, რომ განსაკუთრებულად ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, გვაქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარეშე.
რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ პარტნიორულ პროექტებთან დაკავშირებით და რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?
„კრისტალს“ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად. ამისთვის კი პარტნიორების გარდა, თანამშრომლობითი პროექტები იგეგმება საგანმანათლებლო სფეროსთან, ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან და არასამთავრობო სექტორთან. ჩვენთვის ეს ინსტიტუტები წარმოადგენენ ტალანტების, ინოვაციებისა და სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტიზის წყაროს. პარტნიორებთან პასუხისმგებლიანი, ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა კი ჩვენი კორპორაციული ღირებულებების განუყოფელი ნაწილია.