თიბისის ჯილდო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის

2021 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გადაწყვეტილებით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს სპეციალური პრიზი – განსაკუთრებული აქტიურობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი წვლილისთვის თიბისი ბანკს გადაეცა. კონკურსის ისტორიაში პირველად, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა მიიღო გადაწყვეტილება, იმ კომპანიების გამორჩეული დამსახურება აღენიშნა, რომლებიც კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების ბიზნესსტრატეგიაში ინტეგრირებას ახდენენ და ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას ეწევიან. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ამ ნომინაციას რეგულარული სახე მიეცემა.

კომპანიების როლი მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამ კუთხით თიბისის როლი გამორჩეულია – წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით იყო ქართულ რეალობაში სასიკეთო პროცესების კატალიზატორი.  თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი გვესაუბრება იმ  დიდ  პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე, რასაც კომპანიას ამ ჯილდოს მფლობელობა აკისრებს.

– რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში? რა იყო ძირითადი მოტივაცია?

– პირველ რიგში, გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის წევრიც ვართ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისთვის – როგორც კომპანიის შიგნით, ასევე – საზოგადოებაში. სასიამოვნოა, როცა ადამიანები ხედავენ, რომ თიბისი წლებია ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებს. თავად ჯილდოს პოპულარიზაციაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ  საქართველოში მსგავსი კონკურსებით არ ვართ განებივრებული. მონაწილე კომპანიებთან ურთიერთობაც სასარგებლოა მომავალი პარტნიორობისთვის. ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ვაკეთებდეთ საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო საქმეს, თუმცა ობიექტური მესამე მხარის შეფასება განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევს. კიდევ უფრო სასიხარულოა, როდესაც შემფასებლად გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გვევლინება.

– გვიამბეთ თავად ჯილდოს შესახებ – რით არის გამორჩეული და რა როლს შეასრულებს სამომავლოდ, როგორც კონკრეტულად თქვენი კომპანიის, ასევე, ზოგადად, ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის?

– ჩვენ მივიღეთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ჯილდო  – განსაკუთრებული წვლილისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით – ყველა და არა რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში. საკონკურსო განაცხადების რაოდენობაზე მეტად, მნიშვნელოვანია მათი მრავალფეროვნება.  პრიზი, რომელსაც კომპანიაში „გრან პრი“ დავარქვით, 2021-ში პირველად დაწესდა და ასახავს კომპანიის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით – მის წვლილს ეკონომიკაში, განათლებაში, კულტურაში, თანამშრომლებისა და ახალგაზრდების განვითარებაში, ახალი პროფესიების შექმნაში, მომსახურების ხარისხში, გენდერული თანასწორობის გაძლიერებაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრიზი, რადგან პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ  ჩვენი მიდგომა მდგრადი განვითარებისადმი მრავალწახნაგოვანია: მასშტაბურად  აღვიქვამთ სურათს და მხოლოდ ერთ სფეროს კი არ ვირჩევთ, არამედ  ვმუშაობთ იმ  არსებითი მიმართულებებით, რომლებიც ყველაზე მეტ განვითარებას და კონტრიბუციას საჭიროებს. სამომავლოდ, ეს პროცესი გაგრძელდება და დაწყებული პროექტები კიდევ უფრო გაფართოვდება.

თიბისის პრიორიტეტი ყოველთვის იყო განათლება. ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ფინანსური განათლება დამწყები თუ უკვე შემდგარი ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის. აღსანიშნავია IT აკადემია სტუდენტებისთვის, სადაც კონკურსით შერჩეულ ახალგაზრდებს 10-ზე მეტ უფასო კურსს ვთავაზობთ. ისინი  პერსპექტიულ,  თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან.

მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერება – თავდაპირველი პროფესიისგან დამოუკიდებლად, შესაბამისი უნარების არსებობის შემთხვევაში, ქალებს, მათ შორის, ჩვენს თანამშრომლებს, შეუძლიათ, IT აკადემიაში ახალი პროფესიები შეისწავლონ. მესამე მიმართულებაა სტიპენდიები ნიჭიერი ბავშვებისთვის, მაგალითად,  STEM მიმართულებით და სხვა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება თიბისისთვის პრირიტეტული საკითხია,  განსაკუთრებით, ტექნოლოგიების კუთხით. გასულ წელს,  გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მთავარი პარტნიორი ვიყავით, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართული ქალების,  ორგანიზაციებისა და პროგრამების წახალისებას, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ICT სფეროში ქალთა როლის გაძლიერებაზე.

ჩვენი კომპანია ასევე მასშტაბური პროექტის – „500 ქალი ტექნოლოგიებში“ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის  ეგიდით ტარდება და  ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მეტ ჩართულობას ითვალისწინებს.

მდგრადი განვითარების მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის დაფინანსება, ენერგოეფექტური პროექტებისა და „მწვანე“ სესხების განვითარება, რადგან მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა მდგრადი განვითარების პროცესში ჩვენი მომხმარებლების ჩართვით არის მხოლოდ შესაძლებელი. ასევე, აღსანიშნავია, რომ  გვაქვს ISO 14001:2015  გარემოსდაცვითი სისტემის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს კომპანიებში შიდა ოპერაციები საერთაშორისო სტანდარტით იმართება.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს არსებობა საზოგადოებისთვის? რა ზეგავლენას მოახდენს  კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება მომხმარებელზე – არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლობიანი კომპანიების სასარგებლოდ?

– პასუხისმგებლობა  ზოგადი ცნებაა და კონკრეტულ ქმედებებსა და შედეგებში გადათარგმნას საჭიროებს. ჯილდო ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ბევრ კომპონენტს მოიცავს. კარგი იქნება, საზოგადოება ეცნობოდეს გამარჯვებული პროექტის შეფასების კრიტერიუმებს – რაც ნათლად აჩვენებს, რომ კეთილ ნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მათი ზეგავლენაც. ეს სტიმულს მისცემს კომპანიებს, თავადაც დაინტერესდნენ და მეტი გააკეთონ ამ მიმართულებით. საზოგადოებაც უფრო მომთხოვნი გახდება ამა თუ იმ კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართ. მდგრადი განვითარების სასარგებლოდ გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, რაც მესამე, მიუკერძოებელი მხარის მიერ უნდა იყოს დადასტურებული. სწორედ ეს ფუნქცია აქვს ჯილდოს – ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას და, მეორე მხრივ, გააძლიეროს „კონკურენცია“ მდგრადი განვითარების საკითხების ირგვლივ.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება და როგორ აპირებს კომპანია  კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას?

– რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რაც გამარჯვებისას განვიცადეთ. მასშტაბიდან გამომდინარე, ეს ჯილდო ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ჯილდო დამატებითი პასუხისმგებლობაა და გვიბიძგებს, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და   საზოგადოების მოლოდინებს ვუპასუხოთ.

 როგორია  სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის როლი ამ პროცესში და როგორ შეუძლიათ მათ კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებით დაეხმარონ ბიზნესის მდგრად განვითარებას?

– სახელმწიფოს დადებითი როლი საბანკო სექტორისთვის წამახალისებელი  რეგულაციებისა და დაფინანსების ინსტრუმენტების შემუშავებაში  გამოიხატება. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა არაფინანსური სერვისების მოწოდების  თვალსაზრისით, როგორიცაა განათლება, ტრენინგები, გარკვეული სახის ტექნიკური დახმარება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობა. ამის კარგი მაგალითი იყო  გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოება, სადაც საერთო მიზნისთვის რამდენიმე ინსტიტუტი გაერთიანდა: წამოწყებაში, რომლის იდეაც USAID-ს  ეკუთვნოდა, მხარდამჭერად ჩაერთო თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში  და კიდევ რამდენიმე აქტივისტი. 

ძალიან მნიშვნელოვანია სექტორთშორისი თანამშრომლობა, რადგან მხოლოდ ერთი სექტორის ან კომპანიის ფარგლებში საქმიანობა რთულია და მასშტაბიც – მცირე. როდესაც საერთო ძალებით ვცდილობთ ამის გაკეთებას, თუნდაც ამა თუ იმ პროექტის კონკრეტული შემადგენლების გადანაწილებით, უფრო მეტ ადამიანსაც მოვიცავთ და შედეგიც ბევრად უკეთესია.  სწორედ ესაა მთავარი –  სახელმწიფომ და არასამთავრობო სექტორმა, კერძო სექტორთან ერთად, შეძლოს ისეთი განგრძობითი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც შეთანხმებულია და არ იცვლება. ეს აუცილებელია საზოგადოების განვითარებისთვის. 

გააზიარე: