მდგრადი ფინანსებისა და მდგრადი განვითარების მიზნების სინერგია: სწრაფი პროგრესის მანდატი

ავტორი:
თამარ ღუნაშვილი
სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

მდგრადი განვითარების მიზნებს და მდგრად დაფინანსებას საერთო მიზანი აკავშირებს – მდგრადი განვითარების ხელშეწყობა გლობალურად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად მსოფლიომ ყოველწლიურად 3 ტრილიონი დოლარიდან 5 ტრილიონ დოლარამდე უნდა დახარჯოს. COVID-19 პანდემიამ კი ეს თანხა ყოველწლიურად დამატებით 2 ტრილიონი დოლარით გაზარდა.

2030 წლის ამბიციური დღის წესრიგის ფონზე, რომლის გარშემოც, მდგრადი განვითარების 17 მიზნის დასახვით, 193 სახელმწიფო გაერთიანდა, მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობა გადამწყვეტი ხდება ამ მისწრაფებების ხელშესახებ და გავლენიან შედეგებად გარდაქმნისთვის. მიზანია, რათა არც ერთი ადამიანი არ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა.

არსებობს ინვესტიციებისა და დაფინანსების SDG-ებთან შესაბამისობის მიღწევის უზარმაზარი პოტენციალი, რათა დაფინანსდეს ბიზნესის წვლილი SDG-ების განხორციელებაში, რაც მდგრად განვითარებაზე გადასვლის მხარდამჭერ მდგრად ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და ჩარჩოებს დაეყრდნობა.

ახალი და ადაპტირებული ბიზნეს მოდელები და ბაზრები წარმოადგენს კრიტიკულ და ღირებულების მომტან საინვესტიციო შესაძლებლობებს მოგებისა და ზეგავლენისთვის.

გაეროს გლობალური შეთანხმება მდგრადი დაფინანსების საკითხზე, ბოლო ათწლეულია, მუშაობს და აერთიანებს კომპანიებს, ინვესტორებსა და გაეროს სააგენტოებს. ფინანსური ინოვაციების სამოქმედო პლატფორმა 2019 წელს CFO Taskforce კოალიციად გარდაიქმნა. აღნიშნული წარმოადგენს CFO-ების ფართო გაერთიანებას, რომელიც მდგრადი გარდაქმნის გაძლიერების მიზნით, კორპორაციული ფინანსების სრული პოტენციალის გამოყენების მიმართულებით მუშაობს. ინიციატივამ, ასევე, შექმნა CFO კოალიცია SDG-ებისთვის.

რა არის მდგრადი დაფინანსება? მდგრადი დაფინანსება საინვეტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ფაქტორების გათვალისწინებას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, მდგრად ეკონომიკურ აქტივობებსა და პროექტებში უფრო გრძელვადიან ინვესტიციებს განაპირობებს. გარემოსდაცვითი ფაქტორები მოიცავს კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას და ადაპტაციას, ასევე გარემოს უფრო ფართო დაცვას, მაგალითად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, დაბინძურების პრევენციასა და წრიულ ეკონომიკას.

მდგრადი დაფინანსება გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნების მიღწევაში, რაც მიზნად ისახავს მწვანე გარდაქმნის დაჩქარებას. ეს ნიშნავს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას მდგრადი ტექნოლოგიების, მრეწველობისა და ტრანსპორტის გამოყენებით.

მდგრადი დაფინანსება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მოარგონ საკუთარი ბიზნეს მოდელი მომხმარებელთა მოლოდინებს, არსებულ ეკონომიკურ რისკებსა და გამოწვევებს, თანამედროვე ESG და მდგრადობასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც განსაზღვრულია შესაბამისი პოლიტიკისა და საზოგადოების მიერ.

მდგრადი განვითარების მიზნებსა და მდგრად დაფინანსებას შორის ურთიერთკავშირი არის პრიორიტეტი, რომელიც აისახება სხვადასხვა გლობალურ ვალდებულებებში, მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), გაეროს გლობალური შეთანხმება (UNGC), გაეროს პასუხისმგებლიანი ინვესტიციის პრინციპები (UN PRI), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ფინანსური ინიციატივის (UNEPFI) პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის პრინციპები, ეკვატორის პრინციპები, გაეროს დაზღვევის ინვესტიციის პრინციპები (UN PSI), მწვანე ობლიგაციების პრინციპები და ა.შ.

მდგრადი განვითარების მიზნებსა (SDGs) და მდგრად დაფინანსებას შორის სინერგიის შესწავლით ვლინდება მრავალი ურთიერთდაკავშირებული გზა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ პროგრესსა და პასუხისმგებლიან ფინანსურ პრაქტიკას.

მდგრადი დაფინანსება შექმნილია იმ პროექტებისა და ინიციატივების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ფინანსების მობილიზება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორებიდან, გადამწყვეტია სიღარიბის, უთანასწორობის, კლიმატის ცვლილებისა და სხვა გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართული პროექტების დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, მდგრადი დაფინანსება, შესაძლოა, რისკების მართვის ხელშემწყობი ინსტრუმენტი იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ კლიმატის ცვლილებასთან, სოციალურ და მდგრადობასთან დაკავშირებული სხვა გრძელვადიანი რისკების უკეთ იდენტიფიცირება და მართვა, ამ ფაქტორებზე მიმართული საქმიანობების მეშვეობით.

მდგრადი განვითარების წახალისება გულისხმობს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტების შექმნისა და დანერგვის ხელშეწყობას, მაგალითად, როგორიცაა ინვესტიციები განახლებად ენერგიაში, სუფთა ტექნოლოგიებში და სხვა იმ სფეროებში, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება და რომელთა ხელშეწყობისთვისაც მდგრადი დაფინანსება გადამწყვეტია.

იგი ასევე ხაზს უსვამს ინვესტიციების გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების გაზომვასა და ანგარიშგებას. გამჭვირვალობის ამგვარი უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს ინვესტორებს, შეაფასონ საკუთარი პორტფელის წვლილი და ეხმარება მათ, განახორციელონ პროგრესის მონიტორინგი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

მთავრობის როლი გადამწყვეტია, რადგან ის წარმოადგენს SDG-ების და მდგრადი დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელს. მისი ძირითადი ჩართულობა მოიცავს მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობას იმგვარი პოლიტიკის შემუშავებისა და რეგულაციების განხორციელების გზით, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვით, სოციალური და მმართველობის (ESG) საკითხებს. გარდა ამისა, ეს პოლიტიკა შესაძლოა, შესაბამისობაში იყოს მდგრადი განვითარების კონკრეეტული მიზნების მისაღწევად შემუშავებულ ეროვნულ სტრატეგიებთან.

მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, ფინანსური სექტორის კრიტიკული როლის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს აღნიშნული სექტორის განვითარებას ქვეყანაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავება 2017 წლიდან დაიწყო. 2019 წელს გამოაქვეყნა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი და თანმიმდევრულად მუშაობს გაწერილი სამოქმედო გეგმის შესასრულებლად. 2022 წლის აგვისტოში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით მომზადდა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ბოლო პერიოდში მდგრად დაფინანსებაზე გლობალური მოთხოვნისა და მიწოდების ზრდის მიუხედავად, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) დაფინანსების საჭიროება გაიზარდა, პირველ რიგში, იმ ქვეყნებში, რომლებიც მეტად ჩამორჩებიან 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას.

მდგრადობისკენ სწრაფვამ გააფართოვა გლობალური ფინანსური უთანასწორობა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, 2022 წელს, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები (HIC) ახლად დაარსებული მდგრადი საინვესტიციო ფონდების 97%-ს აკონტროლებდნენ ასევე მათი მართვის ქვეშ მოექცა გლობალური აქტივების 80%. რაც შეეხება პოზიტიურ მხარეს – მდგრადობასთან დაკავშირებული ისეთი ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების ზრდამ, როგორიცაა მდგრადი ობლიგაციები და ვალის კონვერსია, შესაძლოა, განაპირობოს ინვესტორების მოზიდვა ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში.

მდგრადი დაფინანსების კომპლექსურ ლანდშაფტში და მის კავშირში მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs), ჩნდება მნიშვნელოვანი გამოწვევა – განვითარებად ქვეყნებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ეს მნიშვნელოვანი ბარიერია მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირებისა და გლობალური განვითარების მიზნების განხორციელებისთვის.

აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს. ინტეგრირებული ეროვნული დაფინანსების ჩარჩოები და მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული სტრატეგიები გადამწყვეტია ამ რთული ლანდშაფტში ნავიგაციისთვის. აღნიშნული ჩარჩოები შეიძლება იყოს წარმოდგენილი სახელმძღვანელო პრინციპების სახით, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაფინანსების საჭიროების მოგვარებას ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენების გზით. ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს უფრო ჰარმონიზებულ და პრაქტიკულ მიდგომას მდგრადი განვითარების მიმართ.

და ბოლოს, გზა ფინანსებისა და ინვესტიციების მდგრადი განვითარების მიზნებთან მორგებისკენ მოითხოვს საჯარო და კერძო თანამშრომლობის გააქტიურებას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მთავრობები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მდგრადი ინვესტიციების ხელშეწყობისა და შესაბამისი სტრატეგიების უფრო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ინიციატივებში ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერით.

ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მდგრადობის პრინციპების ჩართვით, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ იმუშაონ უფრო ინკლუზიური, მედეგი და ეკოლოგიურად სუფთა გლობალური ეკონომიკისკენ შესაქმნელად, გაეროს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების სახით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად.

გააზიარე: