კლიმატის დაფინანსების მოკლე მიმოხილვა

ავტორი:
ოთარ ანთია, მწვანე ეკონომიკის ექსპერტი
ინვესტორთა საბჭოს სამდივნო

ოთარ ანთია

მდგრადი დაფინანსება, კლიმატის დაფინანსება, მწვანე დაფინანსება და მსგავსი ტერმინები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ლიტერატურაში. მათი მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების, როგორც კაცობრიობისთვის საჭირბოროტო საკითხის მეტი აღიარების პარალელურად იზრდება. ეს ტენდენცია დააჩქარა კლიმატის ცვლილებებში ანთროპოგენული, როგორც მთავარი განმაპირობებელი ფაქტორის აღიარებამ. აღნიშნულ ტერმინებს შორის აშკარა მსგავსების მიუხედავად, მათი ურთიერთშენაცვლებით გამოყენება შეუძლებელია. „კლიმატის დაფინანსება“, მდგრადი დაფინანსების ქვეჯგუფში შედის, რომელიც გამოიყენება გარემოსდაცვითი გამოწვევების მთელი რიგი ინიციატივების მხარდასაჭერად. მისი ძირითადი აქცენტი კეთდება კლიმატის ცვლილებაზე, ხოლო ტერმინი „მდგრადი დაფინანსება“ ქოლგა ტერმინია, რომელიც მოიცავს სამივე ძირითად სფეროს – ეკონომიკურს, გარემოსდაცვითსა და სოციალურს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „კლიმატის დაფინანსება“ სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, ამ ტერმინის საყოველთაოდ შეთანხმებული განმარტება ჯერჯერობით არ გვაქვს. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ განმარტებას გვთავაზობს გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენცია (UNFCCC), რომლის მიხედვითაც: „კლიმატის დაფინანსება მიზნად ისახავს ემისიის შემცირებასა და სათბურის აირების მშთანთქმელების (რეზერვუარების) გაძლიერებას, და ამგვარად, კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის მიმართ ადამიანისა და ეკოლოგიური სისტემების მედეგობის გაძლიერებას.“

თანამედროვე ლიტერატურაში ჯერჯერობით არ გვაქვს არა მხოლოდ კლიმატის დაფინანსების ცნების მკაფიო განმარტება, არამედ კლიმატის დაფინანსების ინსტრუმენტებისა და მექანიზმების დეფინიციაც. სხვადასხვა წყაროების მიხედვით „კლიმატის დაფინანსება“ გულისხმობს პარიზის შეთანხმების „ზოგადი, თუმცა დიფერენცირებული პასუხისმგებლობისა და შესაბამისი შესაძლებლობების“ პრინციპის შედეგს, რომელიც მოუწოდებს განვითარებულ ქვეყნებს ფინანსური დახმარება გაუწიონ განვითარებად ქვეყნებს მათი მიზნების მიღწევაში, UNFCCC-ის ფარგლებში. უმეტეს შემთხვევაში, ეს დახმარება ხორციელდება მულტილატერალური ფონდების მეშვეობით, როგორებიცაა – გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) და ადაპტაციის ფონდი (AF).

გარდა ამისა, ამ მიდგომის მიხედვით შესაძლებელია განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში თანხების ტრანსფერი ორმხრივი და რეგიონული ინიციატივების მეშვეობითაც. მეორე მხრივ, UNDP-ის თანახმად, გარდა ტრადიციული მექანიზმებისა, როგორიცაა – მულტილატერალური ფონდების გრანტები, საბაზრო სესხები ფინანსური ინსტიტუტებიდან და ეროვნული მთავრობების მიერ გამოშვებული სუვერენული მწვანე ობლიგაციები, კლიმატის დაფინანსება ამ ეტაპზე ასევე მოიცავს შემოსავლების მიღების უფრო ფართო სპექტრს, მაგალითად ისეთი აქტივობებიდან, როგორიცაა ნახშირბადით ვაჭრობა და ნახშირბადის გადასახადები.

მიუხედავად იმისა, რომ „კლიმატის დაფინანსების“ ცნების ერთიანი განმარტება ჯერჯერობით არ გვაქვს, ვერ უარვყოფთ იმ გადამწყვეტ როლს, რომელსაც კლიმატის დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმი თამაშობს კლიმატისთვის ხელსაყრელი ტექნოლოგიების განვითარების საქმეში. UNFCCC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ კლიმატის დაფინანსების ორწლიანი პერიოდის კომპლექსური შეფასებით გამოვლინდა მისი მნიშვნელოვანი ზეგავლენა. გლობალური კლიმატის დაფინანსების ნაკადები საშუალოდ 803 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა ყოველწლიურად 2019–2020 წლებში, რაც 2017–2018 წლების მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.

მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, დაფინანსების კუთხით პრიორიტეტული სექტორები აღმოჩნდა განახლებადი ენერგია 2019-2020 წლებში, რომლის დაფინანსებამაც წლიურად საშუალოდ $336 მილიარდი შეადგინა და მდგრადი ტრანსპორტი, $169 მილიარდის დაფინანსებით.

ნახშირბადით ვაჭრობა, როგორც კლიმატის დაფინანსების ეფექტური წყარო

იმ ქვეყნების გარდა, რომლებსაც ფინანსებზე წვდომა აქვთ ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორებიცაა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) და ადაპტაციის ფონდი (AF), პარიზის შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ბაზარზე დაფუძნებული მექანიზმების დანერგვას კლიმატის დაფინანსების მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი გულისხმობს სახსრების მობილიზებას ნახშირბადით ვაჭრობის გზით. ამ პროცესში სათბურის აირების (GHG) ემისიები რაოდენობრივად განისაზღვრება და აისახება ნახშირბადის კრედიტის სახით, რაც ხელმისაწვდომია ყიდვისა და გაყიდვისთვის. ყოველი რეალიზებადი ნახშირბადის კრედიტი წარმოადგენს ერთ ტონა ნახშირორჟანგს ან სხვა სათბურის აირების ექვივალენტურ რაოდენობას, რომლის შემცირება ან სეკვესტრირებაც მოხდა, ან თავიდან იქნა აცილებული.

მიმდინარე პერიოდისთვის, ნახშირბადის ბაზრის ორი ტიპი არსებობს: ნებაყოფლობითი და შესაბამისობითი. შესაბამისობის ბაზრები ფორმირდება ეროვნული, რეგიონული და/ან საერთაშორისო პოლიტიკის ან რეგულაციების მოთხოვნების საფუძველზე, ხოლო ნახშირბადის ნებაყოფლობითი ეროვნული და საერთაშორისო ბაზრები გულისხმობს ნახშირბადის კრედიტების გაცემას, ყიდვას და გაყიდვას ნებაყოფლობით საფუძველზე.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ნახშირბადის ვაჭრობის მექანიზმის როლი სტაბილურად იზრდება. წინასწარი შეფასებით, პროგნოზირებულია ნახშირბადის კრედიტების გაცემის ზრდა 40%-მდე, რაც 2023 წლისთვის დაახლოებით 1,9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. სხვადასხვა ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ ნახშირბადით ვაჭრობის განვითარებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს 2030 წლის მიზნების მიღწევაში.

ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმის რეალური უპირატესობა მის მრავალფეროვან სარგებელშია. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ გარემოს დაცვას მდგრადი ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირებით, არამედ ასევე ხელსაყრელია ქვეყნებისა და ბიზნესისათვის.

გარდა ამისა, იზრდება გლობალური ინტერესი ნახშირბადით ვაჭრობის მიმართ, რაც განპირობებულია ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) განხორციელების ვალდებულებით. ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) მიხედვით, 80%-ზე მეტი გამოხატავს განზრახვას გამოიყენოს ნახშირბადით ვაჭრობის საერთაშორისო პლატფორმები სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად.

კლიმატის დაფინანსების საჭიროებები და შესაძლებლობები საქართველოში

საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტების ინიცირების მეშვეობით. მათ შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაბალი ემისიის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას (Lt-LEDS) და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმას (NECP). აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) პარიზის შეთანხმების შესაბამისად, აიღო რა ვალდებულება 2030 წლისთვის 35%-ით შეამციროს სათბურის აირების (GHG) ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით.

საქართველო, როგორც პარიზის შეთანხმების დანართ 1-ში არშესული ქვეყანა, რომელიც განვითარებად ქვეყანებს მიეკუთვნება, აღიარებს მის მოწყვლადობას კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ და ითხოვს დახმარებას ამ გამოწვევების დასაძლევად. იღებს რა ამბიციურ ვალდებულებას სათბურის აირების ემისიები 50%-დან 57%-მდე შეამციროს 2030 წლისთვის, ქვეყანა ხაზს უსვამს მდგრადი პრაქტიკისადმი ერთგულებას სათანადო ფინანსური დახმარების პირობებში.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული „NDC ფინანსური სტრატეგიისა და საინვესტიციო გეგმის“ ტექნიკური ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორიცაა, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და მსოფლიო ბანკის ჯგუფი. აღსანიშნავია, რომ ამ ინსტიტუტების ერთობლივმა შენატანებმა მიაღწია შთამბეჭდავ 28.35 მილიარდ ლარს 2010 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში. ამ ინტერვალში კლიმატთან დაკავშირებული პროექტებისთვის ფინანსური მექანიზმების ფარგლებში გამოყოფილი თანხების 97%-მდე ქვეყანამ სესხის სახით მიიღო. ხოლო დანარჩენი 3%, მოიცავდა გარანტიებს, კაპიტალს და ტექნიკურ დახმარებას.

თუმცა, მიუხედავად მნიშვნელოვანი კონტრიბუციისა, ქვეყანას სჭირდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები NDC და კლიმატთან დაკავშირებული სხვა მიზნების მისაღწევად. როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი წყაროებიდან მიღებული მხარდაჭერის გარდა, აუცილებელია კლიმატის მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებათა ინვესტიციებისთვის მეტი კერძო დაფინანსების მოზიდვა. თუმცა, კერძო კაპიტალის მოზიდვა მოითხოვს იმგვარი მექანიზმების დამკვიდრებას, რომლებიც გააუმჯობესებს რისკის/მოგების ერთიან კალკულაციას მდგრადი და მწვანე ინვესტიციებისთვის.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმი ,არსებულ კლიმატის დაფინანსების სხვა მექანიზმებთან ერთად, მეტ მნიშვნელობას იძენს, როგორც სტრატეგიული ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია კერძო ინვესტორებისთვის დამატებითი შემოსავლების გენერირება, რაც უზრუნველყოფს დამატებითი სახსრების მოზიდვას მდგრადი და კლიმატ-მეგობრული განვითარებისთვის. ეს ინოვაციური მიდგომა, არა მხოლოდ შეავსებს დაფინანსების წყაროების კუთხით არსებულ დანაკლისს, არამედ ასევე შეესაბამება საქართველოს მწვანე და მდგრადი მომავლის ხელშეწყობის უფრო ფართო მიზნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ნახშირბადით ვაჭრობის ორ ორმხრივ შეთანხმებაზე – შვეიცარიასთან და იაპონიასთან ხელმოწერით. ეს შეთანხმებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც საქართველოში კერძო სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რათა უზრუნველყოს დამატებითი ფინანსური რესურსები აღნიშნული ქვეყნებიდან, მდგრადობის პრაქტიკის დანერგვის მიზნით. რადგან უკვე შეიქმნა საფუძველი ამ მიმართულებით, ამჟამად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემუშავდეს გზამკვლევი ბიზნესისთვის ამ ხელშეკრულებებით შემოთავაზებული პოტენციალის ეფექტური გამოყენებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ნახშირბადის ვაჭრობაში თანამშრომლობის ქვეყნების სიის გაფართოებაც.

გააზიარე: