მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის ელჩი – გენდერული თანასწორობა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე

რაგბი, პირველ რიგში, თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული. მეტი რომ გვიამბოთ ამ პრინციპებზე?

ჩემი აზრით, რაგბი ერთ-ერთი ყველაზე თანასწორი სპორტია რადგან ნებისმიერი სიმაღლის, წონის და ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანისთვის მოიპოვება შესაბამისი პოზიცია.  ამიტომ, რაგბი არის თანასწორი – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ – მოედანზე რომ გამოდიხარ, ყველა თანაბარი ხდება. 

თქვენი საქმიანობის ფარგლებში, ხელს უწყობთ საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. როგორ ესმით საქართველოში გენდერული თანასწორობა და რა შეიძლება გავაკეთოთ ამ კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების მეტად ამაღლებისთვის? 

იმედი მაქვს, რომ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა მოსახლეობის უმეტესობას კარგად ესმის. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ –  საზოგადოებამ, ალბათ, ჩვენ თვითონ უნდა გავანათლოთ ერთმანეთი და ერთმანეთს მივცეთ მაგალითი. 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული  ნაკრები აქტიურად მუშაობს ცნობიერების ამაღლებაზე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. რას აკეთებთ ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის? 

პირადად მე  არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. გადავიღეთ სარეკლამო რგოლები, შევხვდით ბავშვებს და მათთან ამ საკითხზე ვისაუბრეთ.  ეს აქტივობები მხოლოდ მორაგბეებით არ შემოიფარგლება. რაგბის კავშირსაც ბევრჯერ გამოუთქვამს ინიციატივა. ასევე,  გვცმია მაისურები თამაშამდე, ჰიმნის დროს. ასეთი რამ ხშირად განმეორდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ რაგბი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ცნობიერების ამაღლებაში. ჩვენი ძალების ფარგლებში, მაქსიმუმს ვაკეთებთ. 

ამ მიმართულებით თანამშრომლობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას,  სხვადასხვა სექტორის, მაგალითად, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას? 

თანამშრომლობა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიაწვდინო ხმა, თუ რა არის სწორი. 

რას ურჩევდით საზოგადოებას, როგორ უნდა მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას საქართველოში? 

არ უნდა დავრჩეთ ნეიტრალურები. გვერდიდან ყურება და უმოქმედობა არ შეიძლება. 

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რათა მეტად ავამაღლოთ ცნობიერება ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ? 

რაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებშია, ყველაფერს გავაკეთებ, თემატური მაისურების ჩაცმის, ბავშვებთან შეხვედრისა და მათთან ამ საკითხებზე საუბრის, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების ჩათვლით. ჩემი პოზიციის დაფიქსირებას და პირდაპირ თუ არაპიდაპირ ჩარევას არასდროს მოვერიდები.

გააზიარე: