ომი უკრაინაში – კორპორაციული სამყაროს გლობალური ტრანსფორმაცია

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მსოფლიოს გეოპოლიტიკური ხედვა ძირეულად შეცვალა. ცვლილებები მოხდა როგორც პოლიტიკურ, ისე ღირებულებით სისტემაში. მსოფლიო ორ ნაწილად დაიყო: უკრაინის მხარდამჭერებად და  მის მოწინააღმდეგეებად. მიუხედავად იმისა, რომ  ბიზნესს თავისი წესები აქვს და  ერთი შეხედვით, პოლიტიკურ მარათონში არ ერთვება, მსგავს ვითარებაში მასაც მოუხდა არჩევანის გაკეთება – რომელ მხარეს დადგებოდა: სინათლის თუ სიბნელის. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებმა, რომელთათვისაც ბიზნესი მხოლოდ მატერიალური კატეგორიებით არ იზომება, თავიანთი პოზიცია გამოხატეს და  დიდი ფინანსური ზარალის მიუხედავად, რუსეთში შეაჩერეს ბიზნეს საქმიანობა. უკრაინაში მიმდინარე ომმა  კომპანიებს,  უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად გაერთიანებისკენ უბიძგა, რაც  პირდაპირ უკავშირდება მათ მდგრადობასა  და კორპორაციულ პასუხისმგებლობას.

გაეროს გლობალური შეთანხმება და ადგილობრივი ქსელები ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა. მათი როლი სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავებასა და უკრაინის დასახმარებლად ბიზნესის მობილიზებაში გამოიხატებოდა.  ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობა, რომელმაც უკრაინის ქსელთან თანამშრომლობით, ომით დაზარალებული უკრაინისთვის ბევრი რამ გააკეთა: როგორც უშუალოდ საომარი ქმედებების ზონაში, ასევე საქართველოში, აქ ჩამოსული ლტოლვილების დასახმარებლად.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოსა და უკრაინის ქსელების ხელმძღვანელები, სალომე ზურაბიშვილი და ტატიანა სახარუკი გვიზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს  ომის შედეგად შექმნილ ვითარებასა  და მასში ბიზნესის მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე: როგორია  ბიზნესის  კორპორაციული პასუხისმგებლობა  უკრაინაში მიმდინარე  ომის  პირობებში  და როგორ უნდა მოხდეს მისი გაერთიანება უკეთესი  მსოფლიოსთვის.   

სალომე ზურაბიშვილი,  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი

– გაეროს გლობალური შეთანხმების  10 პრინციპი და მდგრადი განვითარების 17 მიზანი  ბიზნესს მოუწოდებს, საკუთარი საქმიანობა  ადამიანის უფლებების დაცვით განახორციელოსომი უკრაინაში არის ტესტი ყველა კომპანიისათვის. როგორია მათი საპასუხო ქმედებები არსებულ ვითარებაში?   

  გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. მისი  მიზანია ბიზნესის გაერთიანება და მობილიზება, რათა სოციალურ-ეკონომიკურ, გარემოსდაცვით ჭრილში დაეხმაროს ქვეყნების მდგრად განვითარებას. ეს კი, თავისთავად, უკეთესი მსოფლიოს შექმნის გარანტიაა.  ინიციატივა 10 პრინციპს ეფუძნება,  სადაც მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია; ასევე, ბიზნესის მიერ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა. ჩვენი ქსელის წევრი კომპანიები მისდევენ ამ პრინციპებს, რომელთა  მიხედვითაც  „ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს. ასევე, ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.“

არსებობს ასევე ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი – გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც ამ  მიმართულებით ერთგვარი  სტანდარტია. ის პირდაპირ მიუთითებს კომპანიებს,  პატივი  სცენ ადამიანის უფლებებს და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, როცა ქვეყანა, სადაც ისინი ოპერირებენ, საომარ მდგომარეობაშია ან კონფლიქტით დაზარალებულ ზონაში იმყოფება.

კონკრეტულად ომის პერიოდში ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიმართულებით გაერომ ბიზნესებისთვის დამატებითი სახელმძღვანელოები შექმნა, რათა მათ, გარდა იმისა, რომ არ დაარღვიონ ადამიანთა უფლებები,  უზრუნველყონ საომარი  ქმედებების მსხვერპლთა დახმარება.  ამ მიმართულებით ჩვენი ქსელი აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რათა მათი თანადგომით სხვადასხვა სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს ომით დაზარალებულ უკრაინელებს.

– როგორი იყო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მყისიერი გამოხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე?

– ომის დაწყებისთანავე დავუკავშირდით ჩვენი ორგანიზაციის უკრაინის ქსელის წევრებს და შევეცადეთ, მათგან მიგვეღო ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს  პოლონეთში მოუწიათ გადასვლა და დღესდღეობით იქ საქმიანობენ, თუმცა ვცდილობთ, მათგან გავარკვიოთ ომით  დაზარალებულ უკრაინელთა კონკრეტული საჭიროებები, რათა ბიზნესის  ქმედება აქეთ მივმართოთ.

ერთ-ერთი გამოწვევა, რაც ამ პროცესში არსებობდა,  კოორდინაციისა და ინფორმაციის ნაკლებობა იყო. ადამიანები ქაოსურად მოქმედებდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. უკრაინის ქსელმა ეს მისია თავის თავზე აიღო  და რეგულარულად გვაწვდის  მნიშვნელოვან ცნობებს, მაგალითად,  რა სჭირდებათ ყველაზე მეტად სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ უკრაინელებს. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფაქტორია დასაქმება. ამ მიზნით დასაქმების ერთიანი პორტალი შეიქმნა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის  ბიზნესს შეუძლია საკუთარი ვაკანსიების განთავსება; ასევე, გვაწვდიან ინფორმაციას სურსათის საჭიროებებზე, რის შემდეგაც კომპანიები მათ  კონკრეტულ პროდუქტს ან თანხას უგზავნიან. 

 რა ფორმით ჩაერთო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი  უკრაინის მხარდამჭერ პროცესებში?  რა სახის აქტივობებში  მონაწილეობდით?

რაც შეეხება ჩვენი ქსელის საქმიანობას, რამდენიმე მიმართულებით ვმოქმედებდით: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება და მათთან  ამ თემაზე საუბარი. ამ მიზნით ვაგროვებდით  ინფორმაციას მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ და ვავრცელებდით   სხვადასხვა მედიისა და სოციალური ქსელის  საშუალებით, რათა სხვებსაც გასჩენოდათ მსგავსი ქმედების სურვილი და მოტივაცია.

გარდა იმისა, რომ უზრუნველვყოფდით კომპანიათა ჩართულობას, რაც სპეცფონდების შექმნით, უკრაინაში თანხის გადარიცხვით, სურსათის გაგზავნით, აქ ჩამოსულთათვის საკვებისა და დროებითი საცხოვრებლის მოძიებით გამოიხატებოდა, ამ პროცესში უშუალოდ ჩვენი ქსელის თანამშრომლებიც ვმონაწილეობდით: შევაგროვეთ  ბავშვთა კვების პროდუქტები, წამლები და  უკრაინაში გავაგზავნეთ.

მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა სახის ღონისძიებაში  შეტანილი წვლილიც. ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოსთან“ ერთად მოვამზადეთ ღონისძიება – „მეტი უკრაინისთვის“, სადაც  ქსელის წევრი კომპანიები მოვიწვიეთ. მათ დამსწრე უკრაინელებს შესთავაზეს ვაუჩერები, პროდუქტები; მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი კომპანიისა და იქ დასაქმების  შესაძლებლობების შესახებ.  საბოლოო ჯამში,  საინტერესო და სასარგებლო ღონისძიება გამოვიდა.

რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ უშუალოდ ჩვენი  ქსელის წევრებისთვისაც, რათა მეტი გაეგოთ ერთმანეთის საქმიანობის შესახებ  და უკეთესი თანამშრომლობის  გზები მოეძებნათ. შედეგად,  ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალისა“  და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის კომპლექსური მუშაობით  უკრაინელებს ფულადი დახმარება გაეწიათ, აგრეთვე მოხდა მათი უსასყიდლოდ სასტუმროებში განთავსება. ასე გადანაწილდა მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

ეს საკითხი განვიხილეთ  არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც  – USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც გამოვითხოვეთ  ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციისგან – რა საჭიროებები არსებობს და ამ მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამენ.  შეხვედრას ჩვენი ქსელის რამდენიმე წევრი კომპანია ესწრებოდა  და იქვე გაჩნდა ახალი ინიციატივებიც. მაგალითად, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ აღნიშნა, რომ უნდა  უცხოელების, მათ შორის, უკრაინელების დასაქმება, რადგან მორალურ ფაქტორთან ერთად, მათთვის  ეს  ბიზნესსარგებელსაც უკავშირდება: სურთ თავიანთი სერვისები  საქართველოში ჩამოსულ უცხოელებზეც  გაავრცელონ. მეორე მხრივ, არასამთავრობოები მუშაობენ უკრაინელებთან  და უფრო მეტად იცნობებ მათ საჭიროებებს, რაც  ხელს შეუწყობს  ამ ადამიანების ბიზნესსექტორთან დაკავშირებას. შედეგად –  ორივე მხარე მოგებული რჩება.

– როგორია ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა გლობალურ დონეზე საომარ პირობებში?  რა როლი ეკისრებათ კომპანიებს?

–  გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისთან (OCHA) ერთად, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისთვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას ახორციელებს,  შევიმუშავეთ სახელმძღვანელო ბიზნესისთვის, რა ნაბიჯები უნდა გადადგან  კონფლიქტით დაზარალებულ უკრაინელთა დასახმარებლად.  ზოგადი ხასიათის რეკომენდაციებთან ერთად, როგორიცაა ბიზნესსექტორის  მულტისექტორულად გაერთიანება უფრო ეფექტური შედეგის მისაღწევად; ადამიანების დროულად დახმარება და მათთვის აუცილებელი პროდუქტების მიწოდება; სხვადასხვა ქვეყანაში ჩასული უკრაინელებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცნობა და  ლტოლვილის სტატუსის მისაღებად დახმარება, ბავშვთა ჯანმრთელობისა და განათლების უფლების  უზრუნველყოფა და მათი სასწავლო პროცესში ჩართულობა და ა.შ. მნიშვნელოვანი იყო რეკომენდაციები, რომლებიც გენდერულად მგრძნობიარე თემებს შეეხება. მაგალითად, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისას ქალთა საჭიროებებით გათვალისწინებული საშუალებების მიწოდება; ასევე, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების თავიდან ასარიდებლად, რასაც ხშირად აწყდებიან სხვა ქვეყნებში ჩასული ლტოლვილები, ინფორმაციის დაზუსტება – სად დარეკონ, ვის მიმართონ, რაც  მსგავს შემთხვევებში ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველო  ომის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო უკრაინის მხარდამჭერ კამპანიაში:  სახელმწიფო და  ბიზნესსექტორი სხვადასხვა მიმართულებით უწევდნენ დახმარებას როგორც თავად ქვეყანას, ასევე აქ ჩამოსულ ომით დაზარალებულ უკრაინელებს, რაც ჩვენთვის ძალზე საამაყოა.

– გლობალური კუთხით რომ შევხედოთ, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს საკმაოდ მძიმე სანქციები დაუწესეს  –  შეიზღუდა ვაჭრობა, ბიზნესის წარმოება. თუმცა არის კომპანიები, რომლებმაც უარი განაცხადეს  ბიზნესის დახურვაზე და  ამ ბაზარზე დღემდე ოპერირებენ. კორპორაციული მდგრადობის ჭრილში, რა უნდა იყოს საზოგადოებისა და მსოფლიო ლიდერების პასუხი იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთში საქმიანობას კვლავ აგრძელებენ?

– ჩვენი ორგანიზაცია საერთაშორისოა და  საერთაშორისო სტანდარტებს მივყვებით. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები პირდაპირ მიუთითებს ბიზნესს, რომ მათ არ უნდა შეიტანონ თავიანთი კონტრიბუცია (ფინანსური თუ ადამიანური) ისეთ ქვეყანაში, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. სწორედ ამიტომ,  ბევრმა მულტინაციონალურმა საწარმომ შეწყვიტა რუსეთში საქმიანობა და მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფინანსურ ზიანს უკავშირდებოდა, გადაწყვიტეს, ამ გზით გაეპროტესტებინათ რუსეთის ქმედებები.  მათი მხრიდან ეს იყო გარკვეული პასუხისმგებლობაც, იმიტომ, რომ აგრესორის ეკონომიკაში შესული კომპანიის რესურსები ეხმარება მას, გაანადგუროს მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის პასუხისმგებლობიანი ბიზნესის გადაწყვეტილება, რომელსაც, რასაკვირველია, ვეთანხმებით. მსგავსი მიდგომა  ჩვენი ორგანიზაციის თითოეულ  წევრზეც ვრცელდება.

ცოტა ხნის წინ გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის წარმომადგენლები საინტერესო ინიციატივით გამოვიდნენ: კომპანიებს, რომლებიც  რუსეთში საქმიანობას აგრძელებენ, პროდუქტისა და სერვისების გატანისთვის დამატებით გადასახადები დაუწესდეთ.  ეს შედარებით ახალი შეთავაზებაა და ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება. ფაქტია, რომ პროგრესული  მსოფლიოს დამოკიდებულება ამ ტიპის ბიზნესის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. რასაკვირველია, ბიზნესის კეთება მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს მორალური კატეგორიები, რომლებიც ნებისმიერი სახის საქმიანობაზე ბევრად მაღლა დგას. სწორედ ასეთი ღირებულებებით მოაზროვნე კომპანიები გვჭირდება  დღეს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.

ტატიანა სახარუკი, გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი

 – რას ნიშნავს უკრაინის ომი ბიზნესისთვის და რა შედეგები მოჰყვება ომს ბიზნეს ლიდერებისთვის, რა რისკები უნდა განიხილონ? როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის შეჭრას კორპორაციებმა?

– უკრაინის ომით დაიწყო კორპორაციული სამყაროს გლობალური ტრანსფორმაცია. რუსეთმა საფრთხე შეუქმნა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას. ამ მიზეზით, კერძო სექტორი აქტიურად უნდა იყოს ჩართული როგორც აგრესიისგან დაზარალებულთა დაცვაში, ასევე, აგრესორის დასჯაში. შეუძლებელია კომპანიამ, რომელსაც მდგრადი წარმატების სურვილი აქვს, აწარმოოს ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში, იყოს აპოლიტიკური და განაგრძოს მუშაობა რუსულ კომპანიებთან, როცა უკრაინელი ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები რუსების სარაკეტო შეტევების, დაბომბვებისა და შიმშილის შედეგად იხოცებიან. უკრაინელებს მთელ მსოფლიოში უბრალო ადამიანები უჭერენ მხარს. ასე რომ, ბიზნესის ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი პასუხი უკრაინის ომზე დღეს განსაზღვრავს მომხმარებლისა და თანამშრომლების ლოიალობას მათი ბრენდის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში. 

მსოფლიო ლიდერებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს ვაჭრობის შეზღუდვით, ბიზნესის აკრძალვითა და ოპერაციების დახურვით, მაგრამ რამდენიმე კორპორაცია კვლავ მუშაობს რუსეთში. კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით, როგორი უნდა იყოს მსოფლიო ლიდერების და საზოგადოების პასუხი რუსეთში ჯერ კიდევ მოქმედ ბიზნესებზე? რას ნიშნავს  ბიზნესი ადამიანური კუთხით?

– ბიზნესები, რომლებიც ჯერ კიდევ ოპერირებენ რუსეთში და მის ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან, რუსეთის ფედერაციის ომისა და ჰუმანიტარული დანაშაულების თანამონაწილეები არიან. ჩვენი ადგილობრივი ქსელის ერთ-ერთი ინიციატივაა მივმართოთ უკრაინულ და საერთაშორისო ბიზნესებს, შეაჩერონ ოპერირება რუსეთის ფედერაციაში და შეწყვიტონ რუსულ კომპანიებთან პარტნიორობა. დღესდღეობით მორალური არჩევანის კონცეფცია  არა მხოლოდ ინდივიდს, არამედ ბიზნესკომპანიებსაც ეხება. ადამიანური სახის მქონე ბიზნესი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას თითოეულ გადაწყვეტილებაზე (ფინანსური, მარკეტინგული, საკომუნიკაციო და ა.შ.), აკეთებს სამართლიან მორალურ არჩევანს და სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დგას.

ომი უკრაინაში და მისი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა. როგორ შეიცვალა უკრაინაში ომის დროს ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა? როგორ მოქმედებს ომი ამ მიმართულებით?

– დღეს არც ერთი უკრაინული ბიზნესი პოლიტიკის მიღმა არ დგას. თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის  პირდაპირი საფრთხე  არის ფაქტორი, რომელსაც ვერავინ უგულებელყოფს. ომის პირველ დღეებში ყველა შოკირებული იყო. თითეულ ბიზნესს და ადამიანს უნდა გადაეწყვიტა,  ომის პირობებში როგორ ეცხოვრა. ბევრმა, ვინც  გუშინ ოფისში მუშაობდა, დღეს ხელი  იარაღს მოჰკიდა. ზოგიერთი  ფრონტის ზურგში ეხმარება მოხალისეებს. ბევრი საზღვარგარეთ გაიქცა. უკრაინული ბიზნესი  ახალი რეალობის წინაშე აღმოჩდა, მძიმე რეალობის, რომლის დროსაც  ზოგიერთი თანამშრომელი გუნდის შეხვედრებს თავშესაფრიდან ერთვება. ყველა უკრაინული ბიზნესი ჩაბმულია ქველმოქმედებაში. მართლაც, ომის პირობებში  საქმიანობის გაგრძელება, ხალხისთვის სამუშაოს მიცემა და ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობა გმირობაა.

 – ყველაზე აქტუალური  შეკითხვაა, როგორ  დავეხმაროთ უკრაინას ომის დროსროგორც ჰუმანიტარული, ისე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.   რა შეუძლია ბიზნესს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში? ამჟამად კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

– უკრაინას სჭირდება ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ორი ძირითადი მიმართულებით: პირველ რიგში, ეს არის უკრაინის ინტერესების დაცვა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მსოფლიო და ბიზნეს ლიდერები  უკრაინის ომით დაიღალონ; მეორე –  ყოვლისმომცველი ფინანსური დახმარებაა. ლაპარაკი არ არის მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა  და უკრაინის ქალაქებში რუსული აგრესიით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, თუმცა ესეც ძალზე მნიშვნელოვანია.  უკრაინას უპირველესად  სჭირდება სამხედრო დახმარება და სახსრები – ჩვენი ჯარისკაცებისთვის სამხედრო საქონლის შესაძენად. დღეს მხოლოდ ძლიერ და კარგად აღჭურვილ არმიას შეუძლია ომში გამარჯვება და უკრაინელი ბავშვების მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა.

 კონფლიქტმა აიძულა უკრაინული ბიზნესის 79%-მდე  სრულად ან ნაწილობრივ შეეწყვიტა საქმიანობა. გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელმა წამოიწყო ინიციატივა სახელწოდებით  – „მიეცით სამუშაო UA-“, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინელ მუშახელს, ლტოლვილებს და მიგრანტებს მათ პოტენციურ დამსაქმებლებთან მთელ მსოფლიოში. შეგიძლიათ  გვითხრათ მეტი აღნიშნული კამპანიის შესახებ?

–   ეს პროექტი დავიწყეთ პოლონეთის ადგილობრივ ქსელთან  და ისეთ უკრაინულ კომპანიებთან პარტნიორობით, როგორიცაა Parimatch, Jooble და Happy Monday. ბევრი სამუშაო შესაძლებლობა ჩვენი თანამემამულეებისთვის  უკვე  მათ ვებგვერდებზე ხელმისაწვდომია. უკრაინელებს, უპირველეს ყოვლისა, ქალებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავიანთი სახლები დაეტოვებინათ,  ჰქონდათ წარმატებული კარიერა და იყვნენ უკრაინული საზოგადოების აქტიური ნაწილი. ისინი  მიუჩვეველნი არიან ვინმეს  დახმარებაზე დამოკიდებულებას, ამიტომ  მათთვის  სამუშაოს მიცემა  საკუთარი სარგებლიანობის განცდის დაბრუნებას ნიშნავს. ასევე, შესაძლებლობას, დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს უკრაინაში. დარწმუნებული  ვარ, ევროპული კომპანიები, რომლებიც უკრაინელებს სამუშაოს აძლევენ, ამით თავადაც იღებენ სარგებელს:  ისინი იძენენ ერთგულ თანამშრომლებს, რომლებიც  საკუთარი ცოდნითა და უნარებით დაეხმარებიან კომპანიებს.

 – რას ნიშნავს უკრაინის ომი მდგრადი განვითარებისა და ჩვენი კოლექტიური მომავლისთვის?

– ომმა აჩვენა, რომ ამ დროს  მდგრად განვითარებაზე ფიქრი თითქმის შეუძლებელია. მდგრადი განვითარების მე-16 მიზანია მშვიდობა და სამართლიანობა, თუმცა როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ სიღარიბის შემცირებაზე ან ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზე ენერგოეფექტური ქალაქების ასაშენებლად, თუ ეს ქალაქები მუდმივი სარაკეტო დარტყმების ქვეშაა? როგორ შეიძლება ვისაუბროთ ქალისა და მამაკაცის თანაბარ ანაზღაურებაზე, თუ ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გააუპატიურონ, აწამონ ან მოკლან? გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების დღიდან მსოფლიო არ ყოფილა ისეთი მასშტაბური გამოწვევის წინაშე გლობალური უსაფრთხოების კუთხით, როგორიც დღეს უკრაინაშია. სახელმწიფოთა ნელი რეაგირება ამ ომსა და მის საშინელ შედეგებზე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ  მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას და მეტი ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოების ასპექტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

გააზიარე: