თიბისის მდგრადი განვითარების ხედვა – ცხოვრების გამარტივების კონცეფცია

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტრატეგიის მიხედვით, თიბისი ბანკს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება აქვს, რომელთა მხარდაჭერასაც ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ესენია: მწვანე და სოციალური მიზნობრიობით დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარება, ფინანსური და არაფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართულობის ზრდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და განათლების პროგრამები ახალგაზრდებისთვის.
ეს მიმართულებები თიბისის მდგრადობის სტრატეგიის ამოსავალი წერტილია და განამტიცებს ბანკის პასუხისმგებლობას – ჰქონდეს გრძელვადიანი, მდგრადი წვლილი და იყოს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი პრინციპების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში. თიბისის ESG სტრატეგიას სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად განიხილავს და ამტკიცებს, ხოლო მის შესრულებას ზედამხედველობენ სამეთვალყურეო საბჭოსა და აღმასრულებელი ხელმძღვანელობის დონეზე შექმნილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი კომიტეტები.


ადამიანების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა თიბისისთვის საკვანძო ღირებულებებია. ამდენად, ბანკის მდგრადი განვითარების ხედვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ცხოვრების გამარტივების კონცეფცია. ბანკის მდგრადობის სტრატეგიის ამ და სხვა მიმართულებებზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი საუბრობს.

ბანკის მდგრადობის სტრატეგიის ამ და სხვა მიმართულებებზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი საუბრობს.


რა ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს, რომლებიც შემუშავებულია სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმების გათვალისწინებით? როგორ ახდენთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების ინტეგრირებას ბიზნეს ოპერაციებში და რას აკეთებს თიბისი ბანკი გარემოსდაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საპასუხოდ?
ჩვენი მისია, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, აისახება თიბისის ESG ინიციატივებში. ადამიანების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია თიბისისთვის, ამიტომაც ცხოვრების გამარტივების კონცეფცია თიბისის მდგრადი განვითარების ხედვის ნაწილია. მდგრადი ბიზნეს მოდელების შესაქმნელად და მომხმარებლების, ბიზნესის, თანამშრომლებისა და მთლიანად საზოგადოების მდგრადობის გასაზრდელად საჭიროა როგორც დაფინანსება, ასევე ცნობიერების ამაღლება, ცოდნის შექმნა და გაზიარება. ამ მიზნით თიბისი მომხმარებლებს გამორჩეულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს:
თიბისის უნიკალური პროგრამა „სტარტაპერი“ 2017 წლიდან სთავაზობს სტარტაპ კომპანიებს დაფინანსებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას. დღეისთვის პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში 55 000-მდე სტარტაპ კომპანიაა რეგისტრირებული, ხოლო დაფინანსების მოცულობამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის თიბისი უზრუნველყოფს სხვადასხვა ბენეფიტის მქონე ფინანსურ რესურსებთან წვდომას, როგორიცაა USAID-ისა და “აწარმოე საქართველოს“ საგარანტიო რესურსები.
ქალ მეწარმეებს ვთავაზობთ ბიზნეს სესხს, რომელსაც თიბისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით გასცემს. ამ სესხით, EBRD 80%-მდე გარანტიას სთავაზობს ქალ მეწარმეებს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე, საშუალებას აძლევს მათ, ბიზნესი გააფართოვონ ან ახალი იდეები განახორციელონ.
ჩვენი ESG აკადემია, რომელიც წელს დაარსდა, მომავალი წლიდან თანამშრომლებსა და მომხმარებლებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამას შესთავაზებს. აკადემიის პირველი კურსი „მწვანე ცნობიერება და მწვანე ფინანსირება“ EFSE-ისა (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) და GGF-ის (მწვანე ზრდის ფონდის) მხარდაჭერით განხორციელდება და 22 თვეს გაგრძელდება. კურსი გადაამზადებს თიბისის 900-მდე თანამშრომელს და 300 საცალო, MSME და კორპორატიულ მომხმარებელს.
ცალკე აღვნიშნავ მწვანე დაფინანსების მიმართულებას, რომელიც არსებითია კლიმატის ცვლილებით განპირობებული რისკების მიმართ მედეგობის მისაღწევად. 2023 წლის ESG სტრატეგიაში მიზნად დავისახეთ მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობის ზრდა 1 მილიარდ ლარამდე. ამ მიზანს უკვე მივაღწიეთ, თიბისის მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობა 1,082 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 728 მილიონი ლარი მწვანე ან კლიმატთან დაკავშირებული სესხია, და აგრძელებს ზრდას. წარმოგიდგენთ დაფინანსების კუთხით რამდენიმე მთავარ მიმართულებას:
განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება: თიბისის დაფინანსებული აქვს 42 ჰიდროელექტროსადგური საქართველოში. ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით იზრდება სუფთა ენერგიის წილი ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თიბისი ასევე აფინანსებს განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებს. 2021-2023 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დავაფინანსეთ 15 მზის ელექტრო სადგური, ჯამში 3.3 მილიონი ლარის ოდენობით.
ენერგოეფექტური მშენებლობების დაფინანსება – ბიზნესების ნაწილი ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებს მშენებლობისას. ენერგოეფექტური რესურსებისა და მზის ენერგიის წყაროების გამოყენებით ისინი ხელს უწყობენ მდგრად და გარემოსთვის უსაფრთხო მშენებლობებს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს გარემოზე, ტურისტული ადგილების ეკო-ბრენდინგზე, იზრდება ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მიწოდება.
კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი ჭკვიანი ტექნოლოგიების დაფინანსება სოფლის მეურნეობაში – მცირე ზომის ამინდის სადგურები, აგრო დრონები, სეტყვისგან დამცავი ბადეები, ჭკვიანი სარწყავი სისტემები და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოში შედარებით ახალია, თუმცა მათი პოპულარიზაცია და ფერმერების ცნობიერების გაზრდა აუცილებელია მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების დაფინანსება – აღსანიშნავია, რომ თიბისი გახდა პირველი კომერციული ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელმაც მიიღო აკრედიტაცია Green Climate Fund (GCF)-ის მიერ. აკრედიტაცია საშუალებას აძლევს ბანკს ჰქონდეს პირდაპირი წვდომა GCF-ის დაფინანსებაზე, რათა დააფინანსოს კლიმატის ცვლილების ადაპტაციასთან და შერბილებასთან დაკავშირებული პროექტები ხელმისაწვდომი დაფინანსების საფუძველზე.

ხდება თუ არა დღეს გარემოსდაცვითი და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რისკების გათვალისწინება ბიზნესის შეფასებისას?

თიბისი საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნეს სექტორზე, დასაქმებასა და სოციალურ პროგრესზე დიდი გავლენა აქვს. ეს კომპანიაში გაცნობიერებული გვაქვს და მდგრად განვითარებას ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებთ. თიბისის ასევე განსაზღვრული აქვს არაეთიკური და ზიანის შემცველი აქტივობები, რომლებსაც არ აფინანსებს.
ნებისმიერი კომერციული ტრანზაქციის განხორციელების დროს, თიბისი ბანკი, პირველ რიგში, რწმუნდება, რომ მომხმარებლებს აქვთ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ორგანიზებული, სისტემური მიდგომა და შეესაბამებიან ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების შრომით რეგულაციებსა და სტანდარტებს. თიბისის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასების სისტემა საერთაშორისო ინსტიტუტების (EBRD, IFC, DEG და ADB) რეგულაციების შესაბამისადაა განსაზღვრული.

თიბისი ასევე ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დანერგვას და გათვალისწინებას შესყიდვების დროს. 2019 წლიდან თიბისი გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს მომწოდებლების შემთხვევაშიც აფასებს. შემოწმების ეს პროცესი ეხმარება ბანკს, გადაწყვეტილება მიიღოს მიწოდების ჯაჭვის კომპანიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების მიხედვით, ხუთი ქართული ბანკი ახორციელებს მდგრადი ტაქსონომიის შესაბამისად სესხების გაცემას, რა არის ძირითადი გამოწვევები ამ მიმართულებით?
თითქმის ერთი წელია, რაც სებ-ის მწვანე და სოციალური ტაქსონომიის რეგულაცია ძალაში შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში თიბისი აქტიურად მუშაობდა მის დანერგვაზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე და სოციალური მიმართულებით დაფინანსება თიბისიმ დიდი ხნის წინ დაიწყო – პირველი მწვანე სესხი 2008 წელს გავეცით EBRD-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში. მსგავსი მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ჩვენს საბანკო სექტორში ყველა ფინანსურ ინსტიტუტს არ აქვს, შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ რეგულაციის დასანერგად. ჩვენი მისწრაფებებისა და გამოცდილების მიუხედავად, მდგრადი ტაქსონომიის დანერგვისა და გავრცელების პროცესს თან ახლავს გამოწვევები, რომელთაგან რამდენიმეს გამოვყოფ:
მომხმარებელთა ცნობიერება – ბიზნესებისა და საზოგადოების ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილების, მასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ ძალიან დაბალია. ეს გავლენას ახდენს მათ მზადყოფნაზე, აქტიურად ჩაერთონ დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. განვითარებადი ეკონომიკის პირობებში, ხშირად უპირატესობა მოკლევადიან მიზნებს ენიჭება. გრძელვადიანი ხედვის შესაქმნელად, საფუძველი კვლევისა და მულტისექტორული ანალიზისთვის გვჭირდება ფინანსური ექსპერტების, მეცნიერებისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობა. ამ გამოწვევის მოგვარების გზაა გრძელვადიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაწყება პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (IFIs) ერთად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თიბისიმ უკვე დაარსა ESG აკადემია თანამშრომელთა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
მწვანე დაფინანსების ხელმისაწვდომობა – კლიმატის ცვლილების შედეგების ადაპტაციისა და შერბილებისთვის საჭიროა ხელმისაწვდომი დაფინანსება სხვადასხვა სექტორისთვის საქართველოში: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, შენობები, მშენებლობა, ენერგეტიკის სექტორი, ასევე ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, ჭკვიანი სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ნარჩენების მართვა და სხვა. ამჟამად მოცემული გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი გზა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მიზნობრივი დაფინანსების მიღება, მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამა ან GCF- ის აკრედიტაციაა, რაც თიბისის უკვე აქვს.
მონაცემების ნაკლებობა და სანდოობა – გამოწვევები უკავშირდება მონაცემების ნაკლებობას და არსებული მონაცემების დაბალ ხელმისაწვდომობას. საჭიროა საზომის შემუშავება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კლიმატური ცვლილების შედეგები ფინანსურ მაჩვენებლებში გადავთარგმნოთ. ამ გამოწვევის აღმოფხვრისთვის შესაძლო გამოსავალია ინფორმაციის გამჟღავნების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაზე მუშაობის დაწყება, მაგალითად, TCFD რეკომენდაციების მიხედვით, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლობა, ESG საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შექმნა მარეგულირებელთან ერთად და კოორდინირებული მუშაობა არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი დაფინანსების განვითარება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის? ასევე რა ზეგავლენა ექნება მას საინვესტიციო კლიმატის განვითარებაზე?
მდგრად დაფინანსებას ქვეყანასა და საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მდგრადი დაფინანსება ხელს უწყობს ბიზნესების ენერგოეფექტურობის ზრდას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მათი საქმიანობის მომგებიანობაზე, მეტად მდგრადები ხდებიან კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული რისკების მიმართ. მდგრადი დაფინანსება, ასევე, მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიების დაფინანსებას. ტექნოლოგიების დაფინანსებით ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ ციფრული პროდუქტები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზართან ერთად საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანენ. გაციფრულების გზით მათ შესაძლებლობა აქვთ, მეტად კომპლექსური ბიზნეს მოდელები შექმნან, გაზარდონ მომხმარებელთა რაოდენობა და ეფექტიანად განავითარონ ბიზნესი. მნიშვნელოვანია განათლების მიღებისა და ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობების დაფინანსება, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ცოდნის გაზიარება ექსპერტიზის დაგროვების მიზნით, რაც გაზრდის მომსახურებისა და პროდუქტების ხარისხს. ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების დაფინანსება ხელს უწყობს ახალი ბიზნესების შექმნას და არსებულის განვითარებას. განვითარებული ბიზნესების არსებობა ქვეყანაში გავლენას ახდენს საინვესტიციო კლიმატზე. მდგრადი ბიზნეს მოდელები და პრაქტიკები მეტ დაინტერესებასა და ნდობას იწვევს ინვესტორებში, რაც გაზრდის ქვეყანაში მოზიდული დაფინანსებისა და ინვესტიციების მოცულობას.
რა უპირატესობების მომტანი იქნება მდგრადი პრაქტიკების დანერგვა უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის?
მცირე და საშუალო ბიზნესებს მდგრადი პრაქტიკების დანერგვა შესაძლებლობას მისცემს გახდნენ მეტად ინოვაციურები და წარმატებულები თავიანთ საქმიანობაში, რაც ეტაპობრივად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
მდგრადი პრაქტიკებიდან რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას:
ენერგოეფექტურობა, რომელიც ამცირებს ხარჯებს, უზრუნველყოფს პროცესების მეტად მდგრადობასა და გამართულობას. პროცესების ავტომატიზაცია და ტექნოლოგიების განვითარება ზრდის ბიზნესის წარმოების მოცულობას. ინოვაციური პრაქტიკების დანერგვით მცირე და საშუალო ბიზნესები საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდებიან და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები ეძლევათ.
მრავალფეროვნება – მდგრადი პრაქტიკები გულისხმობს მრავალფეროვანი, გენდერულად დაბალანსებული და ინკლუზიური გუნდების დაკომპლექტებას. მრავალფეროვანი თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები ორიენტირებულები არიან ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე, რომლებიც მორგებულია განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე, შესაბამისად, იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და ბიზნესის მომგებიანობა.
კლიმატური და სხვა სახის შოკების მიმართ მედეგობა – მდგრადი პრაქტიკების დანერგვა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბიზნესის სტაბილურ მოგებიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს დასაქმების სტაბილურობასა და ზრდას. ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებით ქვეყანაში ჩნდება სხვადასხვა ახალი პროფესიის შესწავლის საჭიროება. ახალი პროფესიების გაჩენა თავის მხრივ დაკავშირებულია სამუშაო ადგილების ზრდასთან, განათლების დონის ამაღლებასთან, კომპეტენციების დაგროვებასთან და ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მიზნით და რა როლი ამ პროცესში აქვს კერძო სექტორს?

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკის ცირკულარული მოდელის დანერგვა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია, რომელსაც სისტემური მიდგომა და სხვადასხვა სექტორის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. საჭიროა ნარჩენების სეპარირების პრაქტიკის შემუშავება, გამართული ინფრასტრუქტურა, გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლისთვის ასევე მნიშვნელოვანია წარმოების პროცესის პირველივე ეტაპზე ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელთა გადამუშავებაც შემდგომ შესაძლებელი იქნება.
კერძო სექტორის ჩართულობით შესაძლებელია ისეთი ბიზნეს მოდელების მხარდაჭერა და დაფინანსება, რომლებიც ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის მოდელს. საქართველოში არსებული ნედლეულის სწორად გამოყენება, რომელიც ნარჩენის სახით არის გარემოში, მათი სეპარირებისა და გადამუშავების ხელშეწყობა. შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს თავად შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების პროცესში ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით. რესურსების გონივრულად და მომგებიანად გამოყენების გარდა, ცირკულარული ეკონომიკა ხელს უწყობს დაბინძურების შემცირებასა და გარემოს გაჯანსაღებას.

თიბისიში 2015 წელს დავიწყეთ ქაღალდის ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება. ამ დრომდე, პარტნიორი კომპანიის დახმარებით, გადავამუშავეთ 450 ტონამდე ქაღალდი, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 7,650 ხე გადავარჩინეთ მოჭრას. ასევე, წელს ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჩართულობით, დავიწყეთ პლასტმასის ნარჩენების შეგროვება მისი და გადამამუშავებელი კომპანიისთვის გადაცემა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების მხარდაჭერა და რა როლი აკისრია კერძო სექტორს? რას აკეთებს თიბისი ბანკი ამ მიმართულებით?
თიბისი უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად უწყობს ხელს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენი ციფრული პლატფორმების საშუალებით – www.tbcbusiness.ge და www.strataperi.ge- მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს. გვაქვს ყველაზე დიდი ბიზნეს განათლების პროგრამა საქართველოში, რომელსაც 2022 წელს 5000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. პროგრამა შემუშავებულია აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობით და უზრუნველყოფს უფასო წვდომას ლექციებზე, რომლებიც უკავშირდება ტექნოლოგიებს, ციფრულ მარკეტინგს, ადამიანურ რესურსებსა და სხვა თემატურ საკითხებს.

იმისთვის, რომ დავეხმაროთ ბიზნესებს მოიპოვონ თავიანთი საქმიანობისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, შევქმენით ონლაინ პლატფორმა www. businesstools.ge. ეს პლატფორმა აკავშირებს დეველოპერებს მომხმარებლებთან და სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო, IT მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტისა და სხვა სფეროებისთვის შექმნილი პროგრამების პოვნის, შედარებისა და განხილვის საშუალებას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ტრენინგებზე დასწრების ან რესურსებზე წვდომის მოპოვების მიზნით, ჩვენი ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმის www.tbcbusiness.ge-ს მეშვეობით უფასოდ დარეგისტრირება.
მონაწილეობას ვიღებთ საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებულ პროექტებში. „დაზოგვის მსოფლიო დღეს,“ დაზოგვის კვირეულის ფარგლებში, თიბისის ESG ელჩებმა ჩაატარეს გაკვეთილები თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა სკოლაში, რომელთა მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური მენეჯმენტის კულტურის გაცნობა და მათი ცნობიერების ამაღლება. ასევე თიბისი, სხვა ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, თანამშრომლობს საბანკო ასოციაციასთან საერთო მიდგომებისა და საკომუნიკაციო კამპანიების შესაქმნელად, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების ცოდნის დონის ზრდას ფინანსური განათლების, კიბერუსაფრთხოებისა და, ზოგადად, საბანკო პროდუქტების ეფექტიანი გამოყენების შესახებ.

რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ფინანსურ ინსტიტუტებს, განვითარების ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს შორის იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მდგრადი დაფინანსების განვითარებას საქართველოში?

თანამშრომლობა ყოველთვის ახდენს მულტიპლიკატორის ეფექტს. თანმხვედრი ინტერესებისა და ღირებულებების მქონე ფინანსური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობით იზრდება ის დადებითი ზეგავლენა, რომელიც აქვს თითოეულ კომპანიას ცალ-ცალკე. მულტისექტორული ურთიერთობები ხელს უწყობს კომპეტენციისა და ცოდნის გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, სარგებლის მომტანია ყველა მონაწილე მხარისთვის. მულტისექტორული პარტნიორობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების დროს გათვალისწინებულია მრავალი მხარის ინტერესები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც, საბოლოოდ, განაპირობებს ჩართულობის მაღალ ხარისხს, საუკეთესო შედეგისა და პრაქტიკის შექმნას. ამასთანავე, მდგრადობის საკითხები უფრო მეტი ადამიანისა და ორგანიზაციისთვის ხდება მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, რაც, შეიძლება ითქვას, რომ საფუძველია მთლიანი ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადობის მისაღწევად.

გააზიარე: