საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, საქართველოს მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებისა და მდგრადი დაფინანსების განვითარების მიზნით, ბოლო წლებია, აქტიურად მუშაობს. ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 2017 წლიდან ავითარებს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს. ეს ჩარჩო გულისხმობს ფინანსური სექტორისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას და მათთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური სტაბილურობისთვის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.


დღეს მსოფლიოში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. რა არის მდგრადი დაფინანსება და როგორია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ფინანსური სექტორის ხედვა და სტრატეგია – საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე საუბრობს.


დღეს მსოფლიოში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. რა არის მდგრადი დაფინანსება და როგორია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ფინანსური სექტორის ხედვა და სტრატეგია – საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე საუბრობს.


რა არის მდგრადი დაფინანსება, რას გულისხმობს ESG საკითხები, რა კეთდება დღეს ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად და რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს ამ პროცესში?
მდგრადი დაფინანსება ფართო კონცეფციაა, რომელიც ფინანსური სისტემის მდგრად განვითარებასთან შესაბამისობას გულისხმობს. მდგრადი დაფინანსების ერთიანი განმარტება არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ორ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს: ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებას და ფინანსების მიმართვას მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად.
ESG ფაქტორები – ეს არის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხები, რომლებსაც შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გავლენა ჰქონდეს შინამეურნეობების, კორპორაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების ფინანსურ მაჩვენებელზე ან გადახდისუნარიანობაზე. უფრო კონკრეტულად, გარემოსდაცვითი ფაქტორები მოიცავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და ადაპტაციას, ბუნებრივი რესურსების კონსერვაციას, ეკოსისტემის დაცვას და სხვა გარემოსდაცვით საკითხებსა თუ მასთან დაკავშირებულ რისკებს. სოციალური ფაქტორები მოიაზრებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უთანასწორობა, ინკლუზიურობა, შრომითი ურთიერთობები, ადამიანის უფლებების დაცვა, ქალთა და გოგონათა უფლებათა გაძლიერება, სიღარიბის შემცირება და სხვა. სათანადო მმართველობა, რომელიც მოიცავს მართვის სტრუქტურებს, თანამშრომელთა ურთიერთობებს, ანაზღაურების პოლიტიკას, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასა და სხვა მმართველობის პრაქტიკას, ფუნდამენტურ როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სათანადო ჩართვის უზრუნველყოფაში.
მდგრადი განვითარების მისაღწევად ფინანსურ სექტორს განსაკუთრებული როლი აკისრია. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას უწყობს ხელს და ამ მიზნით ბოლო წლებია საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებისთვის აქტიურად ვმუშაობთ.
ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავება 2017 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა და მასში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს. რას გულისხმობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩო?
ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩო ფინანსური სექტორის მონაწილეების მიერ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ESG საკითხების გათვალისწინებას, ESG საკითხებთან დაკავშირებული რისკების მართვასა და ფინანსური ნაკადების ისეთი პროექტებისკენ წარმართვას გულისხმობს, რომლებსაც დადებითი გარემოსდაცვითი ან/და სოციალური ეფექტი აქვთ. ყოველივე ეს გრძელვადიან ეკონომიკურ მდგრადობასა და ფინანსურ სტაბილურობას უწყობს ხელს.
2019 წელს გამოქვეყნებული მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი ამ მიმართულებით პოლიტიკის მთავარ დოკუმენტს წარმოადგენს. გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის მოამზადებს. გზამკვლევი ოთხ ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს, რომელთა ქვეშ წარმოდგენილი ღონისძიებები სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ სხვადასხვა მიზანს ემსახურება: მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ბაზრის კვალიფიკაციის ზრდა; მწვანე და სოციალურად ინკლუზიური ეკონომიკის მისაღწევად კაპიტალის ნაკადების მდგრადი სექტორებისა და ინვესტიციებისკენ მიმართვა; ESG ფაქტორების ფინანსური ინსტიტუტებისა და კორპორაციების რისკის მართვის ჩარჩოსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინება; ESG საკითხების გამჟღავნების მოთხოვნების დაწესებით გამჭვირვალობისა და საბაზრო დისციპლინის ზრდა.
გზამკვლევის სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი აქტივობების უმრავლესობა უკვე განხორციელდა: ESG საკითხები ინტეგრირებულია კორპორაციული მართვის კოდექსში, შემუშავდა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი ფორმა, გამოქვეყნდა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, ასევე გამოვაქვეყნეთ კლიმატის რისკის რადარი და დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია, 2021 წლიდან დავიწყეთ მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნება; ახლახან დავასრულეთ მუშაობა ESG საკითხების სახელმძღვანელოზე. ამ წლების განმავლობაში ჩავატარეთ არაერთი ღონისძიება და სამუშაო შეხვედრა მდგრად დაფინანსებაზე. ამასთან, ჩვენს გამოცდილებას აქტიურად ვუზიარებთ სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსური სექტორის მარეგულირებლებს.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია (SFT) ძალაში 2023 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, რას გულისხმობს რეგულაცია, რას ცვლის და რა არის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მთავარი მიზანი? რას გულისხმობს მწვანე და სოციალური ტაქსონომია?
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების გამოსავლენად, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრად მიზნებს ემსახურება. საქართველოსთვის ტაქსონომია ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავა და იგი 2022 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ორი ნაწილისგან – მწვანე და სოციალური ტაქსონომიისგან შედგება. მწვანე ტაქსონომია წარმოადგენს ისეთი აქტივობების ჩამონათვალს, რომლებიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო სოციალური ტაქსონომია ისეთი აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი მიზნობრივი ჯგუფებისთვის, სოციალური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, ტაქსონომიის ფარგლებში, ისეთი მწვანე/სოციალური აქტივობები, რომლებსაც სოციალური/მწვანე თანასარგებელი აქვთ, მდგრად საქმიანობად განიხილება.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიასთან ერთად ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების რეგულაცია (ტაქსონომიის რეგულაცია) დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2023 წლის იანვარში შევიდა. ტაქსონომიის რეგულაცია ოფიციალურად განმარტავს მწვანე, სოციალურ და მდგრად სესხს და კომერციულ ბანკებს ტაქსონომიასთან შესაბამისი სესხების ანგარიშგების მოთხოვნებს უწესებს. რეგულაციის მიხედვით, კომერციულმა ბანკმა სესხს მწვანე, სოციალური ან/და მდგრადი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება უწოდოს, თუ ის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაში განსაზღვრულ ტექნიკურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ბანკები ვალდებულები არიან მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგება ტაქსონომიის რეგულაციით განსაზღვრული მწვანე სესხის თვიური ანგარიშგების ფორმით მოახდინონ. ყოველივე ეს საქართველოში მწვანე სესხების შესადარისი და თანმიმდევრული მონაცემების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის განხორციელების პროცესში არის გამოწვევები, რაც მოიცავს კერძო სექტორის ცნობიერების დაბალ დონეს და მწირ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ შეძლონ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიასთან ოპერაციების შესაბამისობაში მოყვანა. რა გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს ამ გამოწვევებზე საპასუხოდ?
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პრაქტიკაში დანერგვა საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესია. ეს ბანკებისგან შესაბამისი შიდა პროცედურების შემუშავებას და მათ ყოველდღიურ პროცესებში ინტეგრირებას მოითხოვს. ეს, ერთი მხრივ, ცოდნას, გამოცდილებას, რესურსებს საჭიროებს და, მეორე მხრივ,- დროს, რათა ეს ყველაფერი პრაქტიკაში დაინერგოს და განხორციელდეს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ტაქსონომიის მიღებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე ბანკებს გარკვეული გამოწვევები აქვთ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მწვანე და სოციალური სესხების კუთხით გამოცდილება არ ჰქონდათ. ამას ემატება მწვანე სესხებზე დაბალი მოთხოვნა კერძო სექტორიდან. ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს დაეხმაროს ბანკებს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის დანერგვაში, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით, შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავებით თუ ტექნიკურ საკითხებზე უკუკავშირით.
ხუთი ქართული ბანკი ახორციელებს მდგრადი ტაქსონომიის მიხედვით სესხების გაცემას, როგორია ეროვნული ბანკის დაკვირვება მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებით?
ტაქსონომიის რეგულაციის შემოღების შემდეგ მდგრადი ფინანსების ტაქსონომიის დანერგვა ხუთმა ბანკმა დაიწყო. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების პორტფელმა დაახლოებით 412 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის ერთ პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენს. ეს შედარებით დაბალი წილი ნაწილობრივ ბანკების მიერ ტაქსონომიის დანერგვის მიმდინარე პროცესს უკავშირდება და ასევე იმ ფაქტს, რომ ყველა ბანკს ეს პროცესი ჯერ არ დაუწყია. თუმცა, ვმუშაობთ სექტორთან, რომ უფრო მეტმა ბანკმა შეძლოს ტაქსონომიის დანერგვა და ველოდებით, რომ მომდევნო წლებში მწვანე სესხების მოცულობა გაიზრდება.
ტაქსონომიის მიხედვით გაცემულ სესხებს სექტორული განაწილების კუთხით თუ შევხედავთ, მთლიანი სესხების 63 პროცენტი განახლებადი ენერგიის სექტორისკენაა მიმართული. უფრო კონკრეტულად, მწვანე სესხების 57 პროცენტი ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზეა გაცემული. გარდა ამისა, მწვანე სესხების 17 პროცენტი მწვანე ტრანსპორტის სექტორშია გაცემული. დანარჩენ სექტორებს კი შედარებით დაბალი წილი აქვთ.
როგორ უნდა გააქტიურდეს ფინანსური განათლების ხელშეწყობა, მათ შორის, მდგრადი დაფინანსების შესახებ როგორც საფინანსო ინსტიტუტებში, ასევე საზოგადოებაში?
ESG თემებზე ცნობიერების ამაღლება, კვალიფიკაციის ზრდა მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა და, ამასთან, იგი მდგრადი დაფინანსების კუთხით ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოში. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ოთხი პილარიდან ერთ-ერთი სწორედ ცნობიერების ამაღლება და კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობაა. ამასთან, უნდა ავღნიშნო, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი კლიენტების ცნობიერების ამაღლება, რადგან წარმატებული შედეგებისთვის მათი ჩართულობა და მხარდაჭერა კრიტიკულია.
მდგრადი დაფინანსება ჯერ კიდევ შედარებით ახალი და ამავე დროს საკმაოდ მრავლისმომცველი მიმართულებაა. საუნივერსიტეტო პროგრამების არარსებობის პირობებში ერთ-ერთი გამოსავალი ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ჩატარებაა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და არაერთი სემინარი თუ სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ, განსაკუთრებით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე, მოვამზადეთ მოკლე საინფორმაციო ვიდეორგოლები მდგრადი დაფინანსების აქტუალურ საკითხებზე. თუმცა, თუ გვსურს, რომ გრძელვადიან პერიოდში მდგრადი დაფინანსების მაღალ დონეზე განვითარება უზრუნველვოთ, ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა პროფესიონალი კადრებია, რისთვის შესაბამისი სასწავლო პროგრამები და კურსებია საჭირო. ამ პროცესში კი უნივერსიტეტებს თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს არსებითი როლი აქვთ.
რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ფინანსურ ინსტიტუტებთან, განვითარების ბანკებსა და სამოქალაქო სექტორთან იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს მდგრადი დაფინანსების განვითარებას საქართველოში?
მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებასა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს პროცესი სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. მათ შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), IFC-თან არსებული მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელი (SBFN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), Finance in Motion, მწვანე ზრდის ფონდის (GGF) ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა, გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). მდგრადი დაფინანსების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ფინანსურ ინსტიტუტებთან და საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობა და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროსთან, კოორდინაცია სამუშაო პროცესის ნაწილს წარმოადგენს. დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობასა და მის ეფექტიან დანერგვას უზრუნველყოფს.
რა არის ეროვნული ბანკის სამომავლო გეგმები/პროექტები მდგრადი განვითარების მიმართულებით?
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და დანერგვას. მიმდინარე პროექტებიდან შემიძლია გამოვყო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სცენარებისა და სტრეს ტესტის ჩარჩოს შემუშავება, რომელზეც უკვე წელიწადზე მეტია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ვმუშაობთ და რომელიც დაგვეხმარება უკეთ შევაფასოთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები ფინანსურ სექტორში. ასევე, მალე დავასრულებთ მუშაობას მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების ჩარჩოზე, რომელიც, თავის მხრივ, მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიას ეფუძნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 6 მარტს მდგრადი დაფინანსების მე-5 საერთაშორისო ფორუმს ვუმასპინძლებთ, რომელსაც IFC-სა და SBFN-თან ერთად 2018 წლიდან თითქმის ყოველწლიურად ვმასპინძლობთ და რომელიც საქართველოსა და სხვა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით ნაყოფიერი დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბდა.

გააზიარე: