აჭარა ჯგუფის გენდერული თანასწორობა

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს  ჟიურის რჩეული ნომინაციაში  – გენდერული თანასწორობა (SDG 5) აჭარა ჯგუფი გახდა. მისმა პროექტმა – „გენდერული თანასწორობის გაძლიერება“  მეორე ტურში გადასულ 15 პროექტს შორის გაიმარჯვა.

საქართველოში ქალთა დასაქმება და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა  ბოლო წლებში გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაციის მზარდი ფაქტების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ამ ნომინაციის დაწესებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გაზარდოს  საკითხისადმი კომპანიების კორპორაციული (და არა მხოლოდ)  პასუხისმგებლობა.

ნომინაციის მიზანია, ბიზნესი დაეხმაროს ქალებს, მყარად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში; ხელი შეუწყოს მეწარმე ქალთა საქმიანობას, დასაქმებულ ქალთა პროფესიულ განვითარებას, სამუშაო ადგილზე  გენდერული თანასწორობისა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას; განახორციელოს საზოგადოებაში  ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი პროგრამები. ასევე, თავისი  წვლილი შეიტანოს საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგულ საქმიანობაში გენდერული სტერეოტიპების დანგრევაში, დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაში.

რამდენად არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული  გამარჯვებული კომპანიის საქმიანობაში და როგორია გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით მათი ხედვა, აჭარა ჯგუფის   სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნინო კვერნაძე და აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ბერიშვილი გვესაუბრებიან.

– რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში? რა  იყო ძირითადი მოტივაცია?

{“key”:”al3″}

ოთარ ბერიშვილი: აჭარა ჯგუფი სრულ მხარდაჭერას უცხადებს  გაეროს  გლობალური შეთანხმების ინიციატივას და აქტიურად მონაწილეობს  სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს კომპანიების განვითარებას, მათ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას, მართვის პროცესების გაუმჯობესებასა და ადამიანზე ორიენტირებული გარემოს გაძლიერებას.

ჩვენი ჰოლდინგის კომპანია „უდაბნომ“ 2020 წელს გაიმარჯვა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს სიღარიბის დაძლევის კატეგორიაში, რაც ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესის აღიარება იყო. შესაბამისად, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი  მოტივაცია წარსულში მიღებული გამოცდილებაცაა. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

გვიამბეთ  თავად  პროექტის შესახებ  –  რით არის გამორჩეული და  რა როლს შეასრულებს სამომავლოდ როგორც კონკრეტულად თქვენი კომპანიის, ასევე, ზოგადად, ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის?

ნინო კვერნაძე: გენდერული თანასწორობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც კომპანიის მართვის პოლიტიკაში კარგად ჩანს: აჭარა ჯგუფის დირექტორთა  საბჭოში და აღმასრულებელ მენეჯმენტში უმრავლესობა ქალია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიაში არ არსებობს გენდერული  ნიშნით სახელფასო სხვაობა.

აჭარა ჯგუფი 2016 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs-ის) ერთ-ერთი პირველი ხელმომწერია და მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. მათი მხარდაჭერით კომპანიაში ინერგება სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმი, რაც გულისხმობს თანამშრომლებში აღნიშულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას. ასევე, რეაგირების კონკრეტული  მექანიზმის შეთავაზებას იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით აჭარა ჯგუფმა მემორანდუმი გააფორმა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოსთან. მემორანდუმის ფარგლებში კომპანიაში საქმდებიან ადამიანები, რომელთაც დაძლიეს ძალადობა. ეს ყველაფერი გვეხმარება, კომპანიის სამუშაო გარემო უფრო მრავალფეროვანი და თანასწორი გახდეს, რაც მუდმივი პროცესია.

მნიშვნელოვანია მეწარმე ქალთა ხელშეწყობაც. შესაბამისად, ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებისას კომპანია ითვალისწინებს თანასწორობის პრინციპებს და მაქსიმალურად უწყობს  ხელს  ლიდერ ქალთა იდეებისა და წამოწყებათა  რეალიზებას.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ამ ჯილდოს არსებობა? რა ზეგავლენას მოახდენს  კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება მომხმარებელზე  – არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლობიანი კომპანიების სასარგებლოდ?

Processed with VSCO with al3 preset

ნინო კვერნაძე: ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ეხმარება კომპანიებს, უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს და მოთხოვნებს. დღეს საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს კომპანიების კეთილსინდისიერებასა და პასუხისმგებლობიან ქცევას. კორპორაციული პასუხისმგებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია თანამედროვე ტენდენციების დანერგვისთვის, რაც წაახალისებს ისეთ მნიშვენლოვან თემებს,  როგორიცაა  გარემოს დაცვა, ეკომეგობრული პროდუქციის მოხმარება, ემისიების შემცირება, გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და ა.შ.. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი კომპანიებსა და საზოგადოებას  შორის ჰარმონიულ ურთიერთობას ეხმარება.

რას ნიშნავს თქვენთვის ეს  გამარჯვება  და  როგორ აპირებს  თქვენი კომპანია  კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას?

ნინო კვერნაძე:  გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, დავგეგმოთ  და  განვახორციელოთ  მეტი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კეთილდღეობას და კორპორაციული კულტურის გაძლიერებას აჭარა ჯგუფსა და  პარტნიორ ორგანიზაციებში. პასუხისმგებლიანი კომპანია უფრო მიმზიდველი ხდება როგორც თანამშრომლების, ასევე ბიზნესპარტნიორებისთვისაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ საუკეთესო დამსაქმებელი, რომელიც მოსახლეობასა და თანამშრომლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, ნერგავს თანამედროვე ტენდენციებს და ახალი პროექტების განხორციელებისას ხელმძღვანელობს მდგრადი განვითარების პრინციპებითა და ეკომეგობრული მიდგომებით.

თქვენი აზრით, როგორია  სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის როლი ამ პროცესში და როგორ  შეუძლიათ  მათ კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებით დაეხმარონ ბიზნესის მდგრად განვითარებას?

ოთარ ბერიშვილი: თანამედროვე ბიზნეს-ეკოსისტემა სხვადასხვა ინსტიტუციის პარტნიორობის გარეშე რთულად აღწევს დასახულ მიზნებსა და განვითარების ეტაპებს. დიდია არასამთავრობო სექტორის, როგორც მრჩევლისა და პარტნიორის როლი კერძო სექტორის გაძლიერებაში. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის ადვოკატირებას როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვით.

არასამთავრობო სექტორი კერძო კომპანიების სანდო და ძლიერი პარტნიორია საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ საქმიანობათა განხორციელებისას. ამასთან, არასამთავრობო სექტორის მდგრადობაში კერძო სექტორი არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს. 

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა კანონმდებლობის გამართვასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში, რაც ჯანსაღი ბიზნეს-კლიმატის ჩამოყალიბებას ეხმარება. შედეგად, ერთიანი ძალისხმევით, ვითარდება ადგილობრივი ბიზნესი და  ხელი ეწყობა  ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

გააზიარე: