აგრონავტი – ადგილობრივიდან საერთაშორისო ბაზრისკენ

“აგრონავტი“ ციფრულ სამყაროში საინტერესო ისტორიის მქონე პლატფორმაა, რომელიც 2017 წლის ბოლოს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ USAID/ZRDA პროექტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მიზანი ფერმერულ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა, აგრარული სექტორის გაციფრულება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა იყო. ამ ინიციატივაში ჩაერთო „აჭარა ჯგუფი“, რომელმაც დღის წესრიგში იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივით ჩანაცვლების საკითხი დააყენა. ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილ აპლიკაციას, სადაც ფერმერებს ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის მიღება და საკუთარი პროდუქტის რეალიზაციაც შეუძლიათ, თავდაპირველად სოციალური ხასიათი ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით, მდგრადობის შესანარჩუნებლად, საჭირო გახდა მისი ბიზნეს-მოდელზე გადაწყობა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გასულ წელს აპლიკაციამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) გრანტი მოიპოვა, რაც კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. კომპანია „აგრონავტის” აღმასრულებელი დირექტორი, თამთა მამულაიძე და GITA-ს ხელმძღვანელი, ავთანდილ კასრაძე საუბრობენ ამ პროექტის მნიშვნელობაზე, მის პერსპექტივასა და სარგებელზე, რასაც ციფრული პლატფორმა პირდება სხვადასხვა სეგმენტს.თამთა მამულაიძე, კომპანია „აგრონავტის” აღმასრულებელი დირექტორი

„აგრონავტის“ თავდაპირველი მიზანი ფერმერული სექტორის გაახალგაზრდავება და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ამ დარგის უფრო ეფექტურად ამოქმედება იყო. რა გახდა მისი შექმნის საფუძველი?

2017 წლის ბოლოს, როცა საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში გაჩნდა „აგრონავტის“ შექმნის იდეა, ვფიქრობდით, რომ აგრარულ სექტორში ახალგაზრდების ჩართულობისთვის კარგი მოტივაცია იქნებოდა. ის, რომ ადამიანებს ერთ სივრცეში და ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლოთ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება, მათ საქმიანობაში ბევრ

რამეს აიოლებდა. მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი წარმოების წახალისებაც, რის საშუალებასაც „აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერა იძლეოდა: ციფრული პლატფორმით ფერმერებმა ამ ჯგუფის სტუმარმასპინძლობის ობიექტებზე წარმატებით მოახერხეს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. ეს აგროტურიზმის პოპულარიზაციისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და აგრობიზნესის წარმომადგენლებსაც მეტი მუშაობის სტიმულს აძლევდა.

„აგრონავტის“ შექმნა ღირებული კიდევ ერთი გამოწვევის – სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით აღმოჩნდა. თვითკმარი პროდუქტის წარმოება ნებისმიერი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და პანდემიის დროს ეს ნათლად გამოჩნდა: ერთი მხრივ, მსოფლიო, მათ შორის, საქართველო, დიდი კრიზისისა და გამოწვევების წინაშე დადგა, მეორე მხრივ, ამ გამოწვევებმა დააჩქარა ციფრული ტრანსფორმაცია. თუმცა, ჩვენ მანამდე დავიწყეთ აპლიკაციაზე მუშაობა და ამაში ძალიან დაგვეხმარა საქართველოში USAID-ის პროექტი ,,ZRDA.“

ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებამ და
500 Startup Georgia ბიზნეს აქსელერატორში მონაწილეობამ „აგრონავტს“ გზა გაუხსნა ახალი შესაძლებლობებისკენ. რას ითვალისწინებს ეს პროცესი?

2020 წლიდან „აგრონავტი“ ახალ პლატფორმაზე გადავიდა. მდგრადობის შენარჩუნებისთვის საჭირო იყო სოციალური პროექტიდან გადავსულიყავით მდგრად ბიზნეს-მოდელზე, რაც ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. სრულიად ახალი სერვისები შევქმენით მომხმარებლისთვის,
როგორიცაა ონლაინ რეჟიმში აგრონომის, ვეტერინარის და სხვა დარგობრივი ექსპერტების კონსულტაციის დაჯავშნა და მიღება; ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით ფერმერებისა აგროსექტორით დაინტერესებულ პირთათვის აგრობიზნესის მართვის ყველა ჯაჭვში დახმარება. აქ ჩვენი პარტნიორი გახდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგროსექტორში ცოდნის გავრცელების თანამედროვე მიდგომების დანერგვაში გვეხმარება.

ეს პროექტი სექტორთშორისი თანამშრომლობის კარგი მაგალითია – როცა ერთმანეთს ეხმარებიან სახელმწიფო, ფერმერთა ასოციაცია და ბიზნესი. რამდენად სარგებლიანი იქნება „აგრონავტი“ სახელმწიფოსა და ბიზნესისთვის?

სახელმწიფოს რაც შეეხება, „აგრონავტი“ ხელს უწყობს ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი დარგის – აგროსექტორის განვითარებას, რაც პირდაპირ აისახება სასურსათო უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა დასაქმებაზე. ბიზნესთან დაკავშირებით კი ვმუშაობთ და პლატფორმაზე
საბანკო, დაზღვევის და საწვავის სერვისების ინტეგრირებას ვაპირებთ. ფაქტობრივად, ცალკე პლატფორმას ვუქმნით კერძო ბიზნესს, სადაც ისინი კონკრეტულ სეგმენტზე შეძლებენ თავიანთი პროდუქტის თუ მომსახურების რეალიზებას. „აგრონავტი“ არის პლატფორმა, რომელიც თავს უყრის აგრარული სექტორით დაინტერესებულ თითოეულ ჯგუფს. გვინდა, ხმა მივაწვდინოთ ამ სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებსაც, რათა ეს ყველაფერი მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.

რამდენად იქნება შესაძლებელი ეთნიკური უმცირესობებისთვის „აგრონავტით“ სარგებლობა ენობრივი ბარიერის გათვალისწინებით?

აპლიკაცია მარტივად იძლევა ენების გენერირების საშუალებას. ეს თავიდანვე იყო გათვალისწინებული, რადგან გლობალურ ბაზარზე ვაპირებთ გასვლას და გვინდა, ყოველმხრივ კონკურენტული ვიყოთ. საერთაშორისო კონკურენტების კუთხით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის მულტიფუნქციური აპლიკაცია, სადაც სხვადასხვა სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპითაა აკუმულირებული, არ არსებობს, რაც ზრდის ჩვენს შანსებს ამ მიმართულებით და გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყნის გარეთაც წარმატებული ვიქნებით.

ავთანდილ კასრაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი

რა პრიორიტეტებით იხელმძღვანელა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) „აგრონავტის“ დაფინანსებისას, რით იყო მნიშვნელოვანი ეს პროექტი?

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქვეყანაში ინოვაციურ და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს აფინანსებს. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები: ყველა სფერო მნიშვნელოვანია – სოფლის მეურნეობაც, მექანიკური ინჟინერიაც და ბიოტექნოლოგიებიც, თუ პროექტი ინოვაციურია და მასშტაბურ განვითარებაზე ორიენტირებული. წელიწადში 40 სტარტაპს ვაფინანსებთ 100 ათას ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში. ერთ-ერთი გახლდათ „აგრონავტი“, რომელმაც ამერიკელი სპეციალისტების ინტერესი დაიმსახურა. მოგეხსენებათ, გამარჯვებულ პროექტებს სააგენტო არ არჩევს – „სილიკონი ველიდან“ ჩამოგვყავს წამყვანი ექსპერტები, რომლებიც სტარტაპების წარმომადგებლებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

როგორ ფიქრობთ, რა ზეგავლენას მოახდენს ეს პლატფორმა სამომავლოდ საქართველოში აგრარული სექტორის განვითარებაზე?

თავად პროექტი ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მისი მთავარი ამოცანაა, ფერმერს სწორი მართვის ინსტრუმენტები მისცეს, რომელთა დახმარებითაც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე აპლიკაციის გამოყენებამდე. სწორედ ესაა იმ სიღრმისეული პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა მცირე და საშუალო ფერმერებისთვის, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, როგორც კი საქართველოში ამ იდეის დანერგვა დაიწყება, სხვა ქვეყნებშიც სწრაფად გავრცელდება. შესაბამისად, სტარტაპი „აგრონავტი“ ამ მიმართულებით გლობალური მოთამაშე გახდება.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სახელმწიფო ორგანიზაციას წარმოადგენს. როგორია სახელმწიფოს ჩართულობა და როლი ამ პროცესში ვგულისხმობ ერთობლივ პროექტებს?

ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით პროექტს გლობალურ გარდაქმნაში. ვფლობთ როგორც დაფინანსების მექანიზმებს – 15 ათასიდან დაწყებული – 650 ათასი ლარის ჩათვლით; ასევე, ვაკავშირებთ საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამასთან 500 Startups, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის;
გვაქვს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ტექნოპარკები და ა.შ. – რაც აუცილებელია ინოვაციური პროექტების გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად, პარტნიორულ პროექტებსა და ერთობლივ ინიციატივებს უკეთესი შედეგის მისაღწევად ჩართული მხარეების, მათ შორის, სახელმწიფოსთვის?

რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის საჯარო და კერძო პარტნიორობა ძალზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სახელმწიფოს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, კერძო სექტორს – თავისი და მათი საერთო მიზნისთვის გაერთიანება, პირველ რიგში, ეკონომიკას გააუმჯობესებს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა დაამტკიცა კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, რაც ამ ორი სექტორის ინსტიტუციონიზებას უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში, მსგავსი პარტნიორობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს, ბიზნესს კი მეტ შესაძლებლობას მისცემს, გლობალურ ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი.

გააზიარე: