AmCham-ი საქართველოს განათლების სისტემის მხარდასაჭერად

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს პალატაა ქვეყანაში, რომელიც 230-ზე მეტ წევრ კომპანიას აერთიანებს. 1998 წელს დაარსებული AmCham-ის მთავარი მიზანი აშშ-საქართველოს კავშირების ხელშეწყობა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაა.


AmCham-ი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, პალატას დაწესებული აქვს საუნივერსიტეტო სტიპენდიის პროგრამა, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. AmCham-ში მიიჩნევენ, რომ საქართველოში განათლების სფეროს კრიტიკულად სჭირდება საერთაშორისო დახმარება.


საქართველოში განათლების სისტემის გამოწვევებსა და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე AMCHAM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ უელტონი საუბრობს.


როგორ შეაფასებდით განათლების სისტემის განვითარებას საქართველოში და, ასევე, როგორია თქვენი ხედვა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის საკითხის მოგვარების კუთხით ბიზნეს პერსპექტივიდან?


მიმაჩნია, რომ საქართველოში განათლების სისტემა გარკვეულწილად გაუმჯობესდა იმ 20 წლის განმავლობაში, რაც ამ ქვეყანაში გავატარე. განსაკუთრებით გამოვყოფ საუნივერსიტეტო სწავლებას, სადაც პროგრესი საგრძნობია. რაც შეეხება ზოგადი განათლების სისტემას, ამ სფეროში არიან შესანიშნავი მასწავლებლები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და დიდ საქმეს აკეთებენ რთული პირობების მიუხედავად. თუმცა ამ სფეროში ჯერ კიდევ მრავალი ხარვეზია. ზოგადი განათლების სფეროს ძალიან მწირი რესურსის პირობებში უწევს ფუნქციონირება, განსაკუთრებით მწვავეა ამ მხრივ სოფლის სკოლების მდგომარეობა. პრობლემებია ასევე პროფესიული განათლების სფეროში, რომელიც სრულყოფილად ვერ ახერხებს კადრების მომზადებას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამის შედეგად, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.


რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სისტემა პასუხობდეს დამსაქმებლების მოთხოვნებს უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით და ამაღლდეს დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობა? როგორ შეუწყობს ეს ხელს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს განვითარებას?


ეს ძალიან რთული კითხვაა. მრავალი წელია ბევრს საუბრობენ „კერძო სექტორის ჩართულობაზე,“ თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამას ბევრი დადებითი და ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. ვფიქრობ, კერძო სექტორის ჩართულობა მათი მხრიდან გარკვეულ ინიციატივებს მოითხოვს. ეს, შესაძლოა, გულისხმობდეს კერძო სექტორის კონტროლს სერვისების მიწოდებაზე, მთავრობის მხრიდან რაიმე სახის სუბსიდიის სახით მხარდაჭერის პირობებში.


რა როლი აქვთ საერთაშორისო პროგრამებსა და უცხოელ სტუდენტებს საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში?


საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკის რამდენიმე სექტორი თუ არსებობს, რომელსაც არ სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა იმისთვის, რომ განვითარდეს. განათლების სფეროს უდავოდ სჭირდება საერთაშორისო დახმარება, რათა სწრაფად განვითარდეს შესაბამის დონემდე. უცხოელი სტუდენტების როლი კი სულ სხვაა. მათ შეუძლიათ კარგი ზეგავლენა მოახდინონ კულტურული თვალსაზრისით და შექმნან მაღალი მოლოდინები განათლების სფეროში, თუმცა, რეალურად, მათი სარგებელი ფინანსურია. უცხოელი სტუდენტები, როგორც წესი, ნაკლებად მგრძნობიარე არიან ფასების მიმართ და შეუძლიათ მეტი გადასახადი გადაიხადონ. ეს საშუალებას აძლევს დაწესებულებებს სუბსიდია ადგილობრივ სტუდენტებზე გადაანაწილონ.


AmCham-მა დაიწყო საუნივერსიტეტო სტიპენდიის პროგრამა, რომლის მიზანია დაბალი შემოსავლის მქონე და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტებს შესთავაზოს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ სტიპენდიის მთავარი მიზნების შესახებ?


მარტივად რომ გითხრათ, სტიპენდია დავაწესეთ, რადგან ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ცოტა მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან სტუდენტებს შეუძლიათ დახმარების მიღება საცხოვრებელი ხარჯებისთვის. მთავრობის სტიპენდიები მხოლოდ სწავლის საფასურს ფარავს. შესაბამისად, გვინდოდა დავხმარებოდით სტუდენტებს, ვისთვისაც სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა საკმარისი არ იყო. ასევე, არსებობს ძლიერი კონსენსუსი ბიზნეს საზოგადოებაში იმის თაობაზე, რომ განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა, გასათვალისწინებელია გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ის კომპანიები, რომლებსაც სურთ სტიპენდიების გაცემა- მათ უნდა გააკეთონ რეკლამა, შეარჩიონ სტუდენტები, მართონ ფინანსები, გაარკვიონ, როგორ გასცენ ფული იმგვარად, რომ არ დაიბეგროს მათი ბიზნესი ან სტუდენტი, მხარდაჭერა გაუწიონ ამ სტუდენტებს. გვინდოდა ბიზნესისთვის გაადვილებულიყო სტუდენტების დახმარება. ჩვენი პროგრამა ამჟამად მხარს უჭერს 30 სტუდენტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება.


რატომ არის მდგრადი დაფინანსების განვითარება მნიშვნელოვანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის? და როგორ უწყობს ის ხელს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს განვითარებას?


არ ვიცი „მდგრადი ფინანსები“ რას ნიშნავს. თუ გულისხმობთ „კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებულ ფინანსებს,“ ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. განვითარებადი ქვეყნები ძალიან მგრძნობიარენი არიან ცვალებადი ფასების მიმართ, რაც ხალხის დარწმუნებას უფრო რთულს ხდის, რომ გამოიყენონ ძვირი, მაგრამ უფრო მდგრადი და განახლებადი ვარიანტები. ფინანსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაბალი პროცენტის სესხების შეთავაზება განახლებადი წყაროების გამოყენების ვარიანტებისთვის, როგორიცაა უკეთესად ინსულირებული ბინები, ან განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება, გადამწყვეტია ფასების ფორმირებისა და მსგავსი პროექტების სიცოცხლისუნარიანობისთვის.


შესაძლებელია, რომ ფინანსურმა სტრატეგიებმა, ინვესტიციებმა და პრაქტიკამ გამოიწვიოს პოზიტიური ცვლილებები, ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობასა და მდგრად გლობალურ ეკონომიკას?


ეს დიდი თემაა. თუმცა, მარტივი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველო არის საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა, რომელსაც, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად შეუძლია არაპროპორციული როლი შეასრულოს ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერაში. გლობალური მოსახლეობის 2/3-ზე მეტი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს – ამ ქვეყნებს საკმაოდ შეზღუდული რესურსი აქვთ განახორციელონ სამართლიანი ტრანზიცია. ძალზედ მნიშვნელოვანია შემუშავდეს სტრატეგიები, რომლებიც წახალისების მექანიზმებს უფრო მორგებულს გახდის და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის რესურსების მობილიზებას, განსაკუთრებით, მსგავს ქვეყნებში. საქართველოს, როგორც საკმაოდ პატარა, თუმცა ისტორიულად დინამიურ ქვეყანას, შეუძლია მოსინჯოს სხვადასხვა სტრატეგია ეკონომიკის სფეროში.

” საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობის ზღვარზეა და რომელსაც აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების უზარმაზარი შესაძლებლობები, ფლობს პოტენციალს, რომ გამოიყენოს ეს უპირატესობა და განვითარდეს – შექმნას სამუშაო ადგილები და საარსებო წყაროები, რაც, ამავე დროს, საქართველოს საცხოვრებლად მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. ეს თითოეული ჩვენგანისთვის სასურველი მიზანია.

რა მიმართულებებით ხედავთ IFI-ების ჩართულობას და შეუძლია თუ არა Amcham-ს მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვან წამოწყებას?


IFI-ების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ფლობენ შესაბამის რესურსებს და აქვთ უფლებამოსილება, სწორ ცვლილებებს შეუწყონ ხელი. საქართველოში ძირითადი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებია: მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), ფრანგული განვითარების ბანკი და სხვები, რომლებიც ერთმანეთს შორის გაცილებით მეტ თანხებს ანაწილებენ, ვიდრე განვითარების ორგანიზაციები, როგორიცაა USAID, EUAID, გაერო და ა.შ. ამ ორგანიზაციების უმეტესობა მოწოდებულია აღმოფხვრას კლიმატის ცვლილებების უარყოფითი შედეგები. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ შესაბამის პროცესებზე. AmCham-ი მხარს უჭერს ამ პროცესებს არაერთი გზით, კერძოდ, მუშაობს IFI-ებთან ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, სადაც ერთობლივად ვმუშაობთ ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ფორმირების საკითხებზე.


როგორია თქვენი რეკომენდაციები ბიზნესისა და მთავრობებისთვის მდგრადი დაფინანსებისა და SDG 2030-ის დღის წესრიგის განხორციელებისთვის? რას გვეტყვით საქართველოს მდგრად მომავალზე?


ესეც დიდი საკითხია. ვფიქრობ, რომ SDG-ები მოიცავს მოთხოვნებს ეკონომიკური განვითარებისთვის სამართლიანი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. უფრო მეტიც, საქართველო კარგ პოზიციაშია საიმისოდ, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს, რადგან ის ირჩევს მდგრადი განვითარების გზას. საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობის ზღვარზეა და რომელსაც აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების უზარმაზარი შესაძლებლობები, ფლობს პოტენციალს, რომ გამოიყენოს ეს უპირატესობა და განვითარდეს – შექმნას სამუშაო ადგილები და საარსებო წყაროები, რაც, ამავე დროს, საქართველოს საცხოვრებლად მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. ეს თითოეული ჩვენგანისთვის სასურველი მიზანია.

გააზიარე: