„აწარმოე უკრაინისთვის“ – სოლიდარობის კამპანია

უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით,  სააგენტომ – „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიანი კამპანია – „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო. მისი მიზანი იყო უკრაინაში დაზარალებული  მოსახლეობის, ასევე, საქართველოში მყოფი  უკრაინის მოქალაქეების დახმარება,  რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებოდნენ და სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სასტუმროში იყვნენ განთავსებულნი.

კამპანიაში მონაწილეობა შეეძლო ყველა ქართულ კომპანიას, რომელსაც  სურდა ორგანიზატორთათვის სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის, საკვების, ფარმაცევტული პროდუქციისა და ჰიგიენის საშუალებების,  ტანსაცმლისა და სხვა საჭირო პროდუქციის მიწოდება.

ამ ინიციატივას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა ბიზნესსექტორის მხრიდან: აქციას შეუერთდნენ როგორც სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“  ბენეფიციარები, ასევე კომპანიები, რომლებიც არ იყვნენ მისი წევრები, თუმცა სურდათ ომით დაზარალებული უკრაინელების  დახმარება.   

პროცესში ჩაერთო „საქართველოს ფოსტაც,“ რომელმაც უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით ლოგისტიკურად უზრუნველყო უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გადაგზავნა. ასევე,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, „საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან უფასოდ აგზავნიდა ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.

სახელმწიფოს მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, „აწარმოე საქართველოს“ აქცია რჩება ერთ-ერთ პირველ და წარმატებულ ინიციატივად, რომელმაც კერძო სექტორისა და სახელისუფლებო სტრუქტურების შეთანხმებული ქმედებებით  სასურველ მიზანს მიაღწია. სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება. 

 – უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ომის დაწყებიდან ძალიან მალე, სააგენტომ – „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით მასშტაბური კამპანია  – „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო. უფრო დაწვრილებით გვიამბეთ ამ აქციის შესახებ.

– სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“  ყოველთვის ცდილობს, კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთოს. უკრაინაში მიმდინარე მძიმე საომარი მოვლენების ფონზე, გულგრილი ვერც ამ შემთხვევაში დავრჩებოდით. უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის ინიციატივითა  და  უამრავი ჩვენი ბენეფიციარის დახმარებით, წამოვიწყეთ ფართომასშტაბიანი კამპანია – ,,აწარმოე უკრაინისთვის“. იდეა უკრაინაში ომის დაწყებიდან  მალევე გაგვიჩნდა, მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რამხელა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც სააგენტომ, რომელიც თავს უყრის ქართული პროდუქციის წარმოებას, გადავწყვიტეთ,  ჩვენი ბენეფიციარი და სხვა ქართული კომპანიების დახმარებით, უკრაინელთათვის პირველადი საჭიროების პროდუქტები შეგვეგროვებინა.

როგორი  იყო კომპანიების გამოხმაურება და უფრო კონკრეტულად,  რა გაკეთდა დღემდე? რამდენმა კომპანიამ მიიღო კამპანიის ფარგლებში მონაწილეობა, რა რაოდენობის ტვირთი გაგზავნეთ?

კამპანიის დაანონსებიდან მეორე დღესვე  ათეულობით ორგანიზაცია შემოგვიერთდა. მათ მიერ მოწოდებული პროდუქციით პირველ ეტაპზე  40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ თანადგომითა და დახმარებით  უკრაინელ ხალხს გავუგზავნეთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტოს თითოეულ  ბენეფიციარს; ასევე, იმ კომპანიებს, რომლებიც კამპანიის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთნენ ჩვენს წამოწყებაში.

,,აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში სააგენტომ სამჯერ გააგზავნა ტვირთი უკრაინაში. შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები. საერთო ჯამში, 51  ბენეფიციარის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობამ 60 ტონა შეადგინა.

 „უკრაინის ფოსტის“ მონაცემებით, იმ 191 ქვეყანას შორის, რომელთაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს, საქართველო პირველ ადგილზეა. საამაყოა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი სწორედ „აწარმოე საქართველოში“ იყო: ტვირთის დიდი ნაწილი ჩვენი უშუალო ძალისხმევით შეგროვდა.

– ეს ინიციატივა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის  თანამშრომლობის კარგი მაგალითია. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ჰუმანიტარული აქციები  თითოეული მხარისთვის და როგორ მოქმედებს  საერთო ინტერესებისა და ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად?

– მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობას დადებითი შედეგები მხოლოდ  კომპანიებისთვის კი არ მოაქვს,  ქვეყნების ნაციონალური ამოცანებისა და გლობალური პრობლემების გადაჭრაშიც  მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაში გადამწყვეტ როლს უდავოდ კომპანიები თამაშობენ, რადგან CR – ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი და მისი კეთილი ნების გამოვლინებაა, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, კერძო სექტორს ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც ბიზნესი თავადვე აქტიურად ჩაერთვება კორპორაციულ პასუხისმგებლობაში. სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანია – ,,აწარმოე უკრაინისთვის“   სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რომლის შედეგად ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: საქართველო სამართლიანად აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს მეგობარ ქვეყანას და დაადასტურა ფაქტი, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს  საერთო ინტერესების გათვალისწინებით ღირსეული თანამშრომლობა შეუძლია.

– ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჭრილში რომ ვისაუბროთ: რა აჩვენა ამ კამპანიამ – როგორია ქართული კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა, რამდენად შეძლეს მსგავს ვითარებაში საკუთარი როლისა და მისიის გაცნობიერება?

– ქართული კომპანიები მსხვილი  სოციალური პროგრამების განხორციელებას ძირითადად, საკუთარი რესურსით ცდილობენ. აღნიშნული კამპანია კი სახელმწიფოს დახმარების საფუძველზე დაიგეგმა, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ,,აწარმოე უკრაინისთვის“ კარგი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერა ან პირიქით – სახელმწიფოს კერძო სექტორის თანადგომა. შედეგად, სულ უფრო მეტი სასარგებლო და კეთილი საქმე კეთდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

თანამედროვე მსოფლიოში წარმოუდგენელია კარგი რეპუტაციის მქონე კომპანია, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არ აქტიურობს. დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ბიზნესს სწორად აქვს გააზრებული კორპორაციული პასუხისმგებლობის უპირატესობები და მნიშვნელობა და ყველანაირად ცდილობს ამ თვალსაზრისით თავისი მისიის აღსრულებას.  

– სამწუხაროდ, ომი უკრაინაში ისევ გრძელდება. როგორ აპირებთ გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენი მისიის შესრულებას, რა ფორმით გაგრძელდება „აწარმოე უკრაინისთვის“ომის პერიოდში და მის შემდგომ?

– სააგენტო აქტიურად ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ საომარი მოქმედებები მალე დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ისევ აღმოვუჩინოთ დახმარება ჩვენს მეგობარ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, ჩვენი ბენეფიციარების დახმარებით, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას კვლავაც შევძლებთ, როგორც კი ამის აუცილებლობა იქნება.

გააზიარე: