ბათუმის ბულვარი ეკოლოგიის დასაცავად

ისეთი გამორჩეული საკურორტო ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, ეკოლოგიას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შავი ზღვის დაბინძურება,  სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობები, ნარჩენების მართვა, მოსახლეობის დაბალი ეკოლოგიური თვითშეგნება – წლებია აქტუალობას არ კარგავს.  ეკოუსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისათვის მათზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბათუმი EBRD-ის მწვანე ქალაქის ჩარჩო პროგრამის წევრია. პროგრამა წარმოადგენს მწვანე ურბანული განვითარების სრულფასოვან ბიზნესმოდელს, სადაც სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად, გათვალისწინებულია ინვესტირებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტები, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი პრობლემების, მათ შორის, ეკოლოგიასა და მწვანე გარემოსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ბათუმის ბულვარი, როგორც ქალაქის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში. მისი ხელმძღვანელები, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების დახმარებით, შეძლებისდაგვარად ცდილობენ გარემოს გაჯანსაღებას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რა პერსპექტივა აქვს ბულვარის მწვანე განვითარებას, სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სოფიო ლაზიშვილი გვესაუბრება.

არცთუ დიდი ხნის წინ ბათუმის ბულვარიგარემოს საგანმანათლებლო ფონდის“ (FEE) წევრი გახდა, რაც სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებთან ერთად, ითვალისწინებსლურჯი დროშისგანხორციელებასაც. უფრო კონკრეტულად გვიამბეთ ამ პროექტისა  და  ორგანიზაციის შესახებ –  რა მიზნებს ემსახურება, რა სარგებლობას მოუტანს მისი წევრობა ქალაქს?

– „გარემოს საგანმანათლებლო ფონდთან“ (FEE) თანამშრომლობა 2019 წლიდან დავიწყეთ. ფონდის  დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან სსიპ ბათუმის ბულვარი ფონდის ოფიციალური წევრი გახდა. მისი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ საქართველოში „ლურჯი დროშის“ პროგრამაზე პასუხისმგებელი უწყება, რაც  მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბათუმის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობაზე საერთაშორისო დონეზე.

„გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ (FEE) მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი პრიორიტეტია ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით განათლების ხელშეწყობა. გარემოს მაღალ ხარისხთან ასოცირებული „ლურჯი დროშის“ პროექტი ითვალისწინებს საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას.

 „ლურჯი დროშა“  მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ნებაყოფლობითი ეკოლოგიური ნიშანია, რომლებიც პლაჟებს, იახტებს და სანაოსნო ტურიზმის ოპერატორებს ენიჭება. მისი  მოპოვებისთვის აუცილებელია ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მკაცრი კრიტერიუმების დაცვა. ჩვენი ვალდებულებაა, სწორად წარვმართოთ ამ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები, შევქმნათ რეგიონული კომიტეტი „ლურჯი დროშის“ ეროვნულ კომიტეტთან ერთად და შევასრულოთ ის მოთხოვნები, რაც  ამ პროცესში გვევალება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელსაც სსიპ ბათუმის ბულვარი გეგმავს  განახორციელოს უკვე მიმდინარე წელს, არის სანაპიროზე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი სამაშველო კოშკურის და დამხმარე საინფორმაციო ინფასტრუქტურის განთავსება. ამასთან, ბათუმის ბულვარი ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელების პროცესში უპირატესობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებას.

კიდევ ერთი პროექტი, რომელშიც თქვენი ორგანიზაცია ჩაერთო, საზღვაო ნარჩენების მართვ. ბულვარში დგას ინსტალაცია ნარჩენების თემაზებოლო წლებში ბათუმში ჩამოსულ სტუმართა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს საკითხი ქალაქისთვის ძალზე აქტუალურია. რა არის პროექტის ძირითადი მიზანი და როგორ დაეხმარება ქალაქს საზღვაო ნარჩენების სწორად მართვაში?

– ბათუმის ბულვარი რეგულარულად თანამშრომლობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ. საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტიც ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო. ამავდროულად, ბათუმის ბულვარი და ქალაქის დასუფთავების სამსახური ბულვარის ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნების,  ნარჩენებისა თუ დანაგვიანების მართვისათვის მუდმივად ზრუნავენ. ტურისტული სეზონის მანძილზე ყოველ დილით იწმინდება ბულვარის პლაჟის ტერიტორია, დღეში რამდენიმეჯერ გააქვთ  ნარჩენები.

გასულ წელს ბათუმის ბულვარში ახალი ინსტალაცია განთავსდა, რომელიც ზღვის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურების წინააღმდეგ არის მიმართული. ინსტალაციას გამჭვირვალე ქვიშის საათის ფორმა აქვს, სადაც ზღვის ცხოველებთან ერთად სიმბოლურად განთავსებულია პლასტმასის ბოთლები. პროექტი, რომელიც ბათუმელმა მხატვარმა, ირინა ტორონჯაძემ ეკოლოგიის ინსტიტუტთან ერთად განახორციელა, მიზნად ისახავს შავი ზღვის დაცვის იდეას და  გარემოსდაცვით გამოწვევებზე ცნობიერების ამაღლებას,  საზღვაო ნარჩენების შემცირებისა და მათი ხელმეორედ გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით. ეს იდეა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომაც გადაწყდა, ინსტალაცია დადგმულიყო ბათუმის ბულვარში, სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყრის თავს – როგორც ეკოლოგიაზე ზრუნვის კიდევ ერთი ნაბიჯი.

-ეკოლოგია ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა კეთდება ამ მიმართულებით ბათუმის ბულვარში და რა სიახლეები ელოდება ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს სამომავლოდ?

– ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა ნამდვილად არის ბათუმის ბულვარის პრიორიტეტი. როგორც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვცდილობთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სწორედ ეკოლოგიის გაჯანსაღებას ემსახურება ბათუმის ბულვარში გამწვანების მიმართულებით განხორციელებული არაერთი ღონისძიება, მათ შორის, მწვანე ზოლის განახლება. ამისათვის ფიჭვების ხეივანს ყოველწლიურად ახალ ნერგებს ვამატებთ. ბულვარში ყოველწლიურად ვრგავთ ათასობით მარადმწვანე ხე-მცენარეს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის განახლებისას უპირატესობას ვანიჭებთ ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. ასეთია ბავშვთა კუთხე ახალ ბულვარში, სადაც საბავშვო ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდა. მომავალ წელს ძველი ბულვარის საბავშვო კუთხის რეაბილიტაციასაც ამავე პრინციპით ვგეგმავთ.

ბათუმის ბულვარი, პირველ რიგში, მწვანე რეკრეაციული ზონაა, სადაც ადამიანებმა  უსაფრთხო, სუფთა და სასიამოვნო გარემოში უნდა იგრძნონ თავი. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება მიმართულია რეკრეაციული ზონის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და განვითარებისაკენ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

გააზიარე: