BetterFly-ს სტრატეგია გლობალური გამოწვევების საპასუხოდ

კომპანია BetterFly 2008 წელს დაარსდა ქართულ სარეკლამო ბაზარზე ახალი იდეებისა და უკეთესი სერვისების შემოტანის მიზნით. BetterFly-ის ბაზარზე გამოჩენას მალევე მოჰყვა თანამშრომლობა დიდ და რეიტინგულ კომპანიებთან, რომლებსაც BetterFly ეფექტიანი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარებოდა ინოვაციური მიდგომებისა და ხარისხიანი მომსახურების გაწევის გზით. შედეგად, მალევე პატარა სარეკლამო კომპანია  მასშტაბურ, მრავალპროფილურ საკომუნიკაციო ჰოლდინგად გარდაიქმნა, რომელიც კორპორაციულ მდგრადობას დიდ  მნიშვნელობას ანიჭებს და გრძელვადიანი წარმატების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს.

კომპანიის მდგრადობის სტრატეგიაზე BetterFly-ის პროექტების მენეჯერი კატო ნემსაძე საუბრობს.

რა დატვირთვა აქვს კორპორაციულ მდგრადობას თქვენს საქმიანობაში?

დღეს ბევრი კომპანია აღიარებს მდგრადობას, როგორც სტრატეგიის უმთავრეს ნაწილს. კორპორაციული მდგრადობა მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რათა მან მიაღწიოს გრძელვადიან წარმატებას, განავითაროს ინოვაციები და პოზიტიური წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოს დაცვაში. 

კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების გათავისება და სამუშაო პროცესში დანერგვა გვაძლევს საშუალებას მოვიზიდოთ ამ საკითხში გათვითცნობიერებული დამკვეთები და მივაღწიოთ საერთო მიზნებს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესაქმნელად. 

BetterFly-ში გვჯერა, რომ მდგრადობა უნდა იყოს ყოველი ბიზნეს გადაწყვეტილების სათავეში და სწორედ ამიტომ  ჩვენი მისიაა შევქმნათ გავლენიანი კამპანიები, რომლებიც არამხოლოდ ხელს უწყობს ჩვენი დამკვეთის პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, არამედ ამაღლებს ცნობიერებას მდგრადობის მნიშვნელობის შესახებ.

ჩვენი გუნდი იზიარებს იგივე ღირებულებებს გარემოსთან და მწვანე მომავალთან დაკავშირებით. მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება პლანეტაზე პოზიტიური გავლენის მოხდენისთვის და ვამაყობთ ყოველი პროექტით, რომელსაც ვახორციელებთ.

ჩვენი პროექტი „ერთობა“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ საცხოვრებელ კომპლექსებში დაებრუნებინა ის ურთიერთობები, რაც წლების წინ მეზობლებს ჰქონდათ. ეს იყო სივრცე,  სადაც სხვადასხვა აქტივობებში ერთვებოდა ყველა ასაკის, სქესისა და ინტერესის ადამიანი. 

პროექტი „სტარტაპ მარკეტი“ დავგეგმეთ სტარტაპერების მხარდასაჭერად და მათი პროდუქტებისა და მომსახურებების პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშესაწყობად.

პროექტი „ბეთერჰელფ“ განვახორციელეთ პანდემიის პერიოდში, როდესაც ახალშექმნილ ბიზნესებს განსაკუთრებით გაუჭირდათ ახალ რეალობასთან ადაპტირება, კრიზისულ სიტუაციაში სწორი გამოსავლის საპოვნელად ჩვენი პროექტის ფარგლებში ვეხმარებოდით და სრულიად უსასყიდლოდ ვუკეთებდით დაახლოებით 3-თვიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას. ამ პროექტმა იმუშავა 2 თვის განმავლობაში. მომართვიანობა იყო მაღალი არამხოლოდ სტარტაპერების, ასევე საკმაოდ დიდი კომპანიების მხრიდან. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 30-მდე კომპანიას გავუწიეთ მომსახურება.

მდგრადი განვითარების რომელი მიზნები გაქვთ არჩეული როგორც პრიორიტეტული?

უპირველესია გაეროს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი- გენდერული თანასწორობა. Betterfly-სა და მის შვილობილ კომპანიებში, თითქმის ყველა დეპარტამენტში, სხვადასხვა დონის მენეჯმენტის რგოლში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე, ქალებისა და კაცების რაოდენობა პროპორციულადაა გადანაწილებული.  ჩვენთვის პრიორიტეტულია მერვე მიზანიც – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა. Betterfly- სთვის დაარსების დღიდან უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა გუნდის თითოეული წევრის შრომითი უფლებების დაცვა, მათთვის სასურველი გარემოს შექმნა, ისევე, როგორც ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა სამუშაო პროცესებში და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ თითოეული წევრის ინტერესების განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგების მეშვეობით. სააგენტოს ყველაზე ძვირფასი რესურსი არის ჩვენი გუნდი, რომლის თითოეული წევრის კეთილდღეობა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.  

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე და რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის გაერთიანება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად? 

მიგვაჩნია, რომ  გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილეები საჯაროდ იცავენ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის მიზნებს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ინფორმაცია მიაწოდონ უფრო ფართო საზოგადოებას. 

ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, გვაქვს რესურსები რომ საკომუნიკაციო კამპანიებში ამ გამოწვევების წინ წამოწევის გზით მოვახერხოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ისევე, როგორც კლიენტებისა და პარტნიორების საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანება.  გვჯერა, რომ თანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია რეალური ცვლილებები შევიტანოთ მსოფლიოში და შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.

კერძო სექტორის გაერთიანება მნიშვნელოვანია, რადგან ის აძლიერებს პოზიტიურ გავლენას, ხელს უწყობს ინოვაციებს, აერთიანებს რესურსებს და იზიარებს პასუხისმგებლობას უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. თანამშრომლობა იძლევა საშუალებას კერძო სექტორმა იმოქმედოს კოლექტიურად და უფრო ეფექტიანად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და სამართლიანი, მდგრადი სამყაროს შექმნას. 

რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი კომპანია თქვენთვის და რატომ უნდა აიღოს კერძო სექტორმა პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობით გამოწვეულ ზიანზე? 

პასუხისმგებელი კომპანია ითვალისწინებს რა გავლენას ახდენს მისი საქმიანობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეზე და ფართო საზოგადოებაზე. ის სცილდება ეკონომიკური ზრდის ინტერესს და აქტიურად ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი ნეგატიური გავლენა, რაც შეიძლება ჰქონდეს გარემოზე, საზოგადოებაზე, თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. 

როგორც საზოგადოების წევრს, კომპანიას აქვს მორალური ვალდებულება იმოქმედოს ისე, რომ გაითვალისწინოს და დაიცვას ადამიანის უფლებები, გარემო და  შეუწყოს ხელი საზოგადოების კეთილდღეობას.  

კერძო სექტორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობით მიყენებულ ზიანზე, რაც ხელს შეუწყობს მის მდგრადობას, ნდობისა და სწორი რეპუტაციის ჩამოყალიბებას და შექმნის კონკურენტულ უპირატესობებს. 

პასუხისმგებლობის აღებით კომპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ უფრო მდგრადი და პასუხისმგებელი ბიზნეს გარემოს შექმნაში.

თქვენი სამომავლო გეგმები რგორია? რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომავალში?

წელს  ჩვენი ერთ-ერთი პროექტის მეშვეობით, ჩვენს პრიორიტეტებს დაემატა გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი- მდგრადი მოხმარება და წარმოება. 

ჩვენს პარტნიორთან “Vintylator”- თან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ყველაზე მწვანე ფესტივალი – „მწვანე ბაზარი.“ ყველაზე სოციალური ფესტივალი, ვინტაჟური, მდგრადი, მწვანე ნივთებისა  და სოციალური საწარმოების  ეკო-მარკეტი. მწვანე ბაზარი ასევე მწვანე მომავალზე სასაუბრო პლატფორმაა, სადაც ეკო-სტარტაპები, პასუხისმგებლიანი კომპანიები და მწვანე მეწარმეები ერთად  გვესაუბრებიან ინოვაციებზე, პასუხისმგებლიან პროექტებზე და გარემოს დაცვაზე. 

მიმდინარე წელს „მწვანე ბაზრის“ ფარგლებში ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ღონისძიებას. ჩვენი მიზანი და დიდი სურვილია, რომ მეტი ასეთი პროექტი განვახორციელოთ.

გააზიარე: