„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ – დაჯილდოების ცერემონია

28 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის  „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა. ჯილდო მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული  პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას  და  მდგრადი  განვითარების პროცესში მონაწილეობისათვის ბიზნესის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო პანდემიით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა. გამარჯვებულთა გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ბიზნესის, სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია. საღამოს უძღვებოდნენ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და გადაცემა „საქმის კურსის“ წამყვანი, ბექა ბაციკაძე.

ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნებსა და ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ვიდეოტრანსლაციის საშუალებით მიმართა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა  და კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცლის გადაშლა მიულოცა ორგანიზატორებს.

21-ე საუკუნეში, როდესაც მსოფლიო და მასთან ერთად, საქართველო, არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, კორპორაციული პასუხისმგებლობის როლი ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოსადმი გაზრდილი ინტერესი და მონაწილეთა მზარდი რაოდენობა.  ეს არის ჯილდო ყველა იმ ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიის, ისე საზოგადოებისათვის. იმ კომპანიებს კი, სადაც ეს მიმართულება ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტული, სტიმულს აძლევს, მიზნად დაისახონ ორგანიზაციაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარება.

2021 წელს კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა: თავდაპირველად კომპანიები ავსებდნენ  აპლიკაციას, მომდევნო ეტაპზე კი ჟიური მათგან საუკეთესოებს არჩევდა. მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით, მსურველებს მონაწილეობა შეეძლოთ ექვს  ნომინაციაში: ხარისხიანი განათლება (SDG 4), გენდერული თანასწორობა (SDG 5), ღირსეული  სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (SDG 8), მდგრადი ქალაქები და დასახლებები (SDG 11), მდგრადი მოხმარება და  წარმოება (SDG 12), პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის (SDG 17).  კონკურსის შედეგებს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. მნიშვნელოვანია, რომ მისი მუშაობის პრინციპი  ნომინანტების საქმიანობის სხვადასხვა კრიტერიუმით განხილვას ითვალისწინებდა. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად წერდა ქულებს, რომელთა დაჯამებითაც საბოლოო გამარჯვებული ვლინდებოდა.   

2021 წლის კორპორაციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ:

ნომინაციაში – ხარისხიანი განათლება (SDG 4), რომლის მიზანია, წარმოაჩინოს და წაახალისოს  კომპანიის შიგნით და საზოგადოებაში ხარისხიან განათლებაზე წვდომა, გაიმარჯვა „საქართველოს  ბანკმა“ პროექტით„განათლების მხარდაჭერა.“

„საქართველოს  ბანკი“ გახდა ჟიურის რჩეული კიდევ ერთ ნომინაციაში – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (SDG 8). მისი პროექტი -„სოციალური საწარმოების მხარდაჭერა“ წარდგენილი კომპანიებიდან ყველაზე კარგად ერგებოდა  ძირითად პრინციპს –  ბიზნესმა ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, პროდუქტიულ დასაქმებას და ადამიანების ღირსეული სამუშაოთი უზრუნველყოფას. „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ გოჩაშვილის თქმით, მათთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია. „საქართველოს ბანკი“ მრავალფეროვანი პროექტებით გამოირჩევა და თითოეულში გათვალისწინებულია კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა.

 „ეს ჯილდო  ჩვენი საქმიანობის აღიარებას  ნიშნავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი გზით  ვვითარდებით. ამასთან, გვაძლევს მოტივაციას, მომავალში კიდევ  უფრო მეტად  ვიზრუნოთ  საზოგადოების მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობის ზრდაზე“.  

გენდერული თანასწორობის ( SDG 5) ნომინაციაში პროექტით – „გენდერული თანასწორობის გაძლიერება“ – გაიმარჯვა „აჭარა ჯგუფმა“. კომპანიის  სტუმარმასპინძლობის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი, ანა დაბრუნდაშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით კომპანიაში განხორციელებული ღონისძიებები სხვა კომპანიებისთვისაც კარგი მაგალითია. „აჭარა ჯგუფს“ აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს  კომპანიის ყველა რგოლში გენდერულ თანასწორობას. ქალთა გაძლიერების პროცესი ჩვენთან წლების წინ  დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან გვიხარია გამარჯვება, რადგან დიდი სტიმულია  შემდგომი მოტივაციისა და იმაზე ფიქრისთვის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რასაც კომპანიაში და პარტნიორ ორგანიზაციებში  ქალთა უფლებების გასაძლიერებლად ვდგამთ.“

ნომინაციაში – მდგრადი ქალაქები და დასახლებები  (SDG 11) ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება ერგო ეიპიემ ტერმინალს ფოთს პროექტით – „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის.“  ეს ნომინაცია უბიძგებს ბიზნესს, ხელი შეუწყოს ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების განვითარებას, რაც  მნიშვნელოვანია როგორც ურბანული თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა მიზანია მცირე ბიზნესისათვის საინტერესო პროექტების დაფინანსება, ეკონომიკურ  საქმიანობაში მეტი ქალის ჩართვა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება და სხვ.   როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების პარტნიორი, ეთუნა ცოტნიაშვილი  ამბობს, სამომავლოდ მათი პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

 „გამარჯვება, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული აქტივობებისთვის კომპანიამ უკვე მესამედ მოიპოვა, დიდ პატივთან ერთად, გამორჩეული პასუხისმგებლობაცაა და  მოტივაციაც – უფრო მეტი ვაკეთოთ საზოგადოებისა და გარემოს შესაცვლელად“.

ნომინაციის – მდგრადი მოხმარება და  წარმოება (SDG 12) გამარჯვებული გორში არსებული სოციალური საწარმო   „ლიდერი“ გახდა პროექტით –  „სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება“. ნომინაცია წარმოების პროცესში ნარჩენების შემცირებასა და მავნე ქიმიური ელემენტების გამოყენებას, ასევე, ამ მიმართულებით  მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. „ლიდერის“ წარმომადგენლის, ქეთევან გიორგაძის თქმით, მათ რეგიონში ცოტაა ისეთი საწარმო, რომელიც თავის საქმიანობაში კორპორაციული პასუხისმგებლობის დანერგვას ცდილობს. ამიტომ ეს გამარჯვება აუცილებლად შეუწყობს ხელს ვითარების გაუმჯობესებას.

დიდ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა და უნარი, იზრუნონ კორპორაციული პასუხისმგებლობის დანერგვასა და  სოციალური  გარემოს გაუმჯობესებაზე. ჩვენნაირი  პატარა საწარმოსთვის კი, რომლის მიზანი თავიდანვე ქალთა გაძლიერება და  მდგრადი წარმოების  ხელშეწყობა იყო,  ეს ჯილდო ძალზე მნიშვნელოვანია.“

ნომინაციაში – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის (SDG 17) საუკეთესოდ „ეფეს საქართველო“ დასახელდა, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ჩვენი სახლი საქართველოსთან“ ერთად, პროექტით – „პარტნიორული პროექტები.“ „ეფეს საქართველოს“კორპორაციულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, კომპანიის გამარჯვება მათ საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და შესაბამისმა აქტივობამ განაპირობა. „ეფეს საქართველოს“ მმართველი გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობას და ცდილობს, სწორი გზით წარმართოს საკუთარი რესურსები და შესაძლებლობა.

ჩვენი გამარჯვება ბევრი ადამიანის  ერთობლივი შრომის შედეგია, ამითაც არის მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, განსაკუთრებით, ადგილობრივის, რომელთა მონაწილეობით და თანადგომით  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შევძელით.“

წელს პირველად კონკურსის ორგანიზატორებმა დააწესეს სპეციალური პრიზი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებული მასშტაბური პროექტებისთვის  „თიბისი ბანკს“ გადაეცა. კომპანიის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით,  დიდი ხანია ისინი მდგრადი განვითარების  მიმართულებით მუშაობენ და კარგად ესმით  ამ მიზნების მნიშვნელობა ბიზნესისთვის. „მოხარული ვართ, რომ ჯილდო სწორედ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გადმოგვცა – ორგანიზაციამ, რომელიც კარგად აცნობიერებს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობასა და სირთულეებს მათ მისაღწევად.  ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, გავაგრძელოთ საქმიანობა კორპორაციული პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად როგორც საქართველოში, ასევე  მის ფარგლებს გარეთაც.“  

გასულ წელს მეორედ გაიმართა მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოება -„მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“. კონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ ნომინაციაში:  კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტის ავტორად ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტი, ნინო ვართაპეტიანი დასახელდა; ციფრული/ბეჭდური სტატიის ნომინაციაში კი ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი, დედიკა კალატოზი.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა; იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ; შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, დანიელ მევლიმ; USAID საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობის კოორდინატორმა, ბევერლი ჰუვერმა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა; საკონსულტაციო კომპანია Egeria  Solutions-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ჩუგოშვილმა და საქართველოში დიდი  ბრიტანეთის საელჩოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლიკა შავიშვილმა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო შესაძლებლობას აძლევს ბიზნესის წარმომადგენლებს,  მოიპოვონ  კოლეგების აღიარება, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ სანდო და ღირსეულ პარტნიორებად მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე; თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში – საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. ეს მნიშვნელოვანია ამ კულტურის შემდგომი პოპულარიზაციისთვის.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გაიმართა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით.

გააზიარე: