EBRD-ი საქართველოს მდგრადი მომავლის ერთგულ პარტნიორობას აგრძელებს

EBRD-ის საქმიანობის მთავარი მიზნები ყველა ქვეყანაში უკავშირდება ღია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, ასევე იმგვარი კერძო და სამეწარმეო ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც შესაბამისობაშია დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან.

საქართველოსთან დაკავშირებით კი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გავხადოთ ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი, მართვის კარგი სისტემით, უფრო მწვანე, ინტეგრირებული, ინკლუზიური და მედეგი – ეს პრინციპები წარმოადგენს მდგრადობისა და ჩვენი ზეგავლენის უმთავრეს ამოსავალ წერტილს.

EBRD აღნიშნულს ახორციელებს კერძო სექტორზე მიმართული ინვესტიციებით, კონსულტირებით, ტექნიკური დახმარებით და პოლიტიკის დიალოგით. ჩვენ ვაერთიანებთ კერძო სექტორის მხარდაჭერას პოლიტიკის რეფორმებზე, რაც ხელს უწყობს საინვესტიციო კლიმატისა და მმართველობის გაუმჯობესებას. ინვესტორთა საბჭოს შექმნის მთავარი მიზანიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის ფორმირება იყო; აღნიშნული ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივაა, რომელსაც ვახორციელებთ გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან ერთად. ხსენებული პლატფორმა 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

უცხოურ დაფინანსებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას მოაქვს არა მხოლოდ კაპიტალი, არამედ წარმატებული უცხოური კომპანიების ცოდნა და გამოცდილება. ეს სარგებელი ხშირად სცდება ამ კომპანიების მოგებას და აისახება ეკონომიკაზე, რაც ზრდის ქვეყნის საერთო პროდუქტიულობას და ასევე ხელს უწყობს შემდგომ ინტეგრაციას უცხოურ ბაზრებზე.

ამ პერიოდისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ საკმაოდ ისარგებლა უცხოური დაფინანსებით. თუმცა, საქართველოც კი ვერ აიცილებს გლობალურ კლებად ტენდენციას და ინვესტორების ნაკლებ ინტერესს.

1994 წელს, საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ჩვენ კუმულაციურად 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ 290-მდე პროექტში. ეს არის ინვესტიციების წარმოუდგენელი მოცულობა ქვეყნის ზომისა და მშპ-ის გათვალისწინებით. EBRD მტკიცედაა მოწოდებული მხარი დაუჭიროს საქართველოს მეტი ინვესტიციებით, ბიზნეს კონსულტაციებითა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულობით.

საქართველოს ჰყავს სოლიდური ბიზნეს საზოგადოება, განვითარების ძლიერი სტანდარტებისა და მდგრადობის ხელშეწყობისადმი ძლიერი მისწრაფებით. გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებთან მიმართებაში. ჩვენს პარტნიორ დონორებთან, კერძოდ ევროკავშირთან ერთად, აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივ კერძო სექტორს წარმოებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაძლიერებაში. აღნიშნული მხარდაჭერის მიზანია კერძო კომპანიებმა განაახლონ თავიანთი პროდუქტები და სერვისები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, რათა ადგილობრივ ბაზარს შესთავაზონ მაღალი ხარისხის პროდუქტები და ისარგებლონ საზღვარგარეთ ვაჭრობის შესაძლებლობებით. ინვესტიციების უმეტესობა შეესაბამება EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (EBRD Green Economy Transition) მიდგომას.

ასევე მუდმივად ვეხმარებით ეროვნულ საბანკო სექტორს, რათა გაიზარდოს და გახდეს უფრო მედეგი. მდგრადი, გრძელვადიანი ზრდის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა ადგილობრივი ფინანსური და კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობა. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული კაპიტალის ადგილობრივი ბაზრების გაძლიერებაში ობლიგაციების, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში გამოშვების ხელშეწყობით და ობლიგაციებში ინვესტიციებით, ასევე კაპიტალის ბაზრის ინოვაციური ინსტრუმენტის შექმნაში. კაპიტალის ბაზრის განვითარება კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიცირებას ახდენს, აძლიერებს ადგილობრივ ვალუტას, რაც ხელს უწყობს სავალუტო რისკების თავიდან აცილებას იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ამ რისკებს, განსაკუთრებით ეს ეხება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. ასევე აქტიურად ვახორციელებდით ინვესტიციებს მწვანე ობლიგაციებში, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციების პროექტი, რომლიდან შემოსული თანხაც ექსკლუზიურად გამოიყენება შესაბამისი მწვანე პროექტების დაფინანსების ან რეფინანსირებისთვის. მწვანე ობლიგაციები, მრავალი ემიტენტისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას გააუმჯობესოს კლიმატის სფეროს მმართველობა.

EBRD-ი დიდ ინვესტიციას ახორციელებს განახლებადი ენერგიის პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს. ასევე, მხარი დავუჭირეთ მწვანე ენერგიის, მწვანე ქალაქების ჩარჩოს, განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის დაფინანსების ხელშეწყობას მთავრობასთან, მუნიციპალიტეტებთან და დონორებთან თანამშრომლობით.

ასევე, ვაგრძელებთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.

ადამიანური კაპიტალი ასევე ყველაზე ღირებული რესურსია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეკონომიკის მდგენელია ადამიანური რესურსი – ადამიანის უნარები, იდეები, შრომა და პროდუქტიულობა; შესაბამისად, წარმატებული ეკონომიკა ვერ მიიღწევა ამ უნარების თანმიმდევრული გაუმჯობესების გარეშე.

საქართველოში ასევე ორიენტირებული ვართ ქალების დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, უნარების განვითარებასა და მეწარმეობაზე. ეფექტურად ვთანამშრომლობდით ჩვენს კლიენტებთან იმ ძირითადი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებსაც ისინი აწყდებიან შესაბამისი უნარების დეფიციტის გამო და ერთობლივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევქმნათ სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. EBRD-ი დამატებით ძალისხმევას მიმართავს ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერებაზე, ფინანსური მხარდაჭერითა და ექსპერტული რჩევებით. კლიენტებთან მუშაობისას EBRD-ი ავითარებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის უფრო ეფექტურ მოდელებს, რათა უზრუნველყოს კომპანიები რელევანტური უნარებით.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ პროექტის გუნდი წარმატებით ფუნქციონირებს; რამდენიმე ათეული წელია, რაც ჩვენი პროექტი ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში. ვფიქრობ, საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა უკვე შეხვდა მეწარმეობის ექსპერტთა გუნდს, რომელიც მუშაობს, რათა გააუმჯობესოს იმ მეწარმეების ცოდნა, რომლებიც ცდილობენ ბიზნესის განვითარებას. გუნდი ასევე მუშაობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებთან, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ და აწვდის მათ ბიზნესის ტრანსფორმაციის შესახებ ცოდნას ისეთ თემებზე, როგორებიცაა ვებგვერდის შექმნა, ISO სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და ბიზნესის გაფართოების სტრატეგია. გუნდი ასევე ატარებს სემინარებს ლიდერობის, დიგიტალიზაციის, ფინანსური მენეჯმენტის, ICT გადაწყვეტილებების, ასევე ბიზნესის გაფართოების შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში, EBRD წარმატებით უჭერდა მხარს საქართველოს ძლიერ საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კერძო სექტორთან, მთავრობასთან, საერთაშორისო დონორებთან სინერგიის მიღწევით, ჩვენ შევძლებთ წარმატებით გავუმკლავდეთ დღესდღეისობით არსებულ დიდ გამოწვევებს.

გააზიარე: