ეკოინოვაციები იაპონიაში

ინტერვიუ იაპონიის ელჩთან საქართველოში, აკირა იმამურასთან.

იაპონია წამყვანი ქვეყანაა მწვანე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით, შეგიძლიათ მეტი გვითხრათ იაპონიის მწვანე ზრდის სტრატეგიაზე?

2050 წლისთვის იაპონიაში ნახშირბად-ნეიტრალური საზოგადოების მიღწევა ჩვენი მიზანია. დეკარბონიზაცია ბიზნესის ზრდის შესაძლებლობაა. ამ იდეას დღეს იაპონიის ბიზნეს საზოგადოება ფართოდ უჭერს მხარს. ამ აღიარების საფუძველზე, იაპონიის მთავრობამ გასულ წელს შეიმუშავა მწვანე ზრდის სტრატეგია, რომელიც 14 პრიორიტეტული სფეროსგან შედგება. ჩვენი აზრით, მხოლოდ განახლებადი ენერგიის განვითარება არ იქნება საკმარისი ამბიციური მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, სტრატეგია პროგნოზირებს მთავარ ინოვაციებს, რაც შესაძლებელს გახდის ენერგიის ახალი რესურსების უფრო ფართო გამოყენებას, წყალბადის ჩათვლით. დიგიტალიზაცია ენერგიის მოხმარების ეფექტურობის გასაზრდელად ისეთ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა, ლოჯისტიკა ან, თუნდაც, სოფლის მეურნეობა, აუცილებლად იქნება წინსვლის მთავარი ფაქტორი. ვფიქრობ, ამ საკითხებიდან ბევრი საქართველოსთვისაც რელევანტურია.

2050 წლისათვის ნახშირბად-ნეიტრალური საზოგადოების მისაღწევად, საჭიროა ბიზნეს მოდელების და ბიზნეს სტრატეგიების შეცვლა, როგორ ეხმარება მთავრობა კერძო სექტორს პოლიტიკის სხვადასხვა მექანიზმით მიზნების მიღწევაში?

უნდა განვახორციელოთ პოლიტიკის აუცილებელი მექანიზმები, რათა ხელი შევუწყოთ  მყარ ინვესტიციებს ინოვაციების და ცვლილებების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება მწვანე ინოვაციის ფონდის დაფუძნება იქნება. ფონდი შესთავაზებს 2 ტრილიონ იენის ოდენობის ჯამურ თანხას მომდევნო 10 წლის განმავლობაში იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ ინვესტიცია განახორციელონ ინოვაციურ ტექნოლოგიებში. დაბეგვრა, დარეგულირება, სტანდარტიზაცია სხვა ასეთი ღონისძიებების მაგალითებია. მთავრობა ჩვენი ბიზნესის სტიმულირებისთვის ასევე უწყობს ხელს საერთაშორისო თანამშრომლობას მწვანე ეკონომიკაში. მივესალმებით რომ ჩვენს კომპანიებში მზარდია ინტერესი საქართველოს განახლებადი ენერგიის და ენერგიის ახალი წყაროების პოტენციალისადმი.

რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების უფრო ფართოდ გამოყენება ბიზნეს საქმიანობის „გამწვანებისთვის“? შეგიძლიათ გაგვიზიაროთ იაპონური კომპანიის მაგალითები?

თუ მიზნად ვისახავთ სათბურის აირების საერთო შემცირებას, უნდა ვიფიქროთ მიწოდების ჯაჭვის მთელს პროცესზე – არა მხოლოდ წარმოებაზე, არამედ ასევე ტრანსპორტირებაზე, მოხმარებაზე, განკარგვაზე – სრულ პროცესზე. ძალიან მარტივი მაგალითია ამ თვალსაზრისით, თუ ვინმე ყიდის სამომხმარებლო საქონელს, მაღაზიას უნდა ჰქონდეს მაღალი ენერგოეფექტურობა, რათა შეამციროს საკუთარი გავლენა. თუ ვსაუბრობთ წარმოების სტადიაზე, მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ნედლეული, რომელიც ნაკლებ ნარჩენებს ქმნის წარმოებაში. პროდუქციის გაყიდვისას უნდა გვახსოვდეს კითხვა, ხელს უწყობს თუ არა მისი გამოყენება ნარჩენების შემცირებას.

მაგალითად, იაპონური ტანსაცმლის მწარმოებელი და ცალობით მოვაჭრე კომპანია „Uniqlo“ აწარმოებს საცვლებს ბოჭკოსგან, რომელიც წარმოქმნის სითბოს, შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია შეამციროს გათბობა ოთახებში – ეს პროცესი კი ნარჩენების შემცირებას უწყობს ხელს.

პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა გარემოსა და ჩვენი ქცევის ურთიერთკავშირი. კლიმატისა და ჯანდაცვის კრიზისი, ორივე მოითხოვს დიდ ცვლილებებს ჩვენს ქცევაში. რა უნდა შეიცვალოს და რა გაკვეთილები უნდა მიიღოს ბიზნესმა და მთავრობებმა პანდემიისგან?

იაპონური ბიზნესი, ისევე როგორც მრავალი სხვა, დიდი გამოწვევების წინაშეა. ამ რთულ დროს თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო ღირებული გაკვეთილი, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე მართალია საერთაშორისო დონეზეც კი, სადაც სოლიდარობა და თანამშრომლობა ეგოიზმის გარეშე ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ თვალსაზრისით იაპონიამ, როგორც ერთ-ერთმა უმსხვილესმა კონტრიბუტორმა, COVAX პლატფორმა 1 მილიარდი აშშ დოლარით უზრუნველყო, რათა შესაძლებელი ყოფილიყო განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, ვაქცინებზე უფრო თანაბარი წვდომა ჰქონოდათ. თბილისს გადავეცით 150-ზე მეტი ელექტროკარდიოგრაფი და 110 დეფიბრილატორი სექტემბერში, რომლებიც დამონტაჟდა სასწრაფო დახმარების მანქანებში COVID პაციენტებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულის უკმარისობის განვითარების რისკი, სიცოცხლის გადასარჩენად.

იაპონია აფინანსებს მთელ რიგ პროექტებს საქართველოში. რა არის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელია თქვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში და რას იტყვით ამ მხრივ სამომავლო გეგმებზე?

ჯანდაცვის გარდა, კავშირების დამყარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან საქართველო სტრატეგიულად ისეთ ადგილას მდებარეობს, რაც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ეს მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას და ადამიანებს შორის კავშირს. წარსულში იაპონია აფინანსებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მშენებლობას და ხელს უწყობდა ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს საქართველოში. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს, რომ მდგრადი კავშირის და ხარისხის ინფრასტრუქტურის პარტნიორობის ფარგლებში ხელს შევუწყობდით წესებზე დამყარებულ კავშირებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, საქართველოში.

საელჩო ასევე ხელს უწყობს მცირე გრანტების პროგრამას, რომელიც ეფუძნება ადამიანის უსაფრთხოების კონცეფციას. ეს პროგრამა მხარს უჭერს ინდივიდების უფლებას, იცხოვრონ შიშისა და სურვილის გარეშე, დაცვისა და გაძლიერების გზით. ძირითადი სფეროები მოიცავს ჯანდაცვას, განათლებას, ასევე, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, საქართველოს მხარდაჭერას კატასტროფების მართვისა და გარემოს დაცვის მოქმედების არეალის გაზრდის მიზნით. მაგალითად, ჩვენ გადავეცით რეგიონებს სახანძრო მანქანები, რათა უკეთ გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების გამო შესაძლო ტყის ხანძრის მაღალ რისკს და მეტად ხელშეუხებელი გახდეს საქართველოს ძვირფასი ბუნება.

ბევრი ქვეყანა აპირებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ცირკულარულ ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლის მისაღწევად? რა როლი აქვს ბიზნესს ამ მხრივ?

როდესაც ივლისში ოზურგეთში ვიყავი, მქონდა ერთი საათი, რათა გავცნობოდი პლასტმასის ბოთლების ნარჩენების შეგროვების საწარმოს. მოგეხსენებათ, პლასტიკატის ნარჩენები ხშირად მსოფლიო ოკეანეებში იყრის თავს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს. იაპონიაში არსებობს “mottainai” კულტურა, რაც ნიშნავს „სირცხვილია გადაყარო“ და ჩვენ ნარჩენებს ვამუშავებთ რამდენადაც შეგვიძლია. გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის გაძლიერებაში. იაპონურ ბიზნესში ძლიერია „სოციალური წვლილის“ განცდა. გვჯერა, რომ გარდა მოგებისა, ბიზნესი იმისათვის არსებობს, რომ წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში. ეს იაპონურ კომპანიებს თავიანთი ნარჩენების გადამუშავებისადმი ძალიან მგრძნობიარეს ხდის.

მაგალითად, „Toyota Motors“ ქმნის მანქანებს, რომლებიც ადვილად იშლება და გადამუშავდება მათი სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ. ისინი ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებს უზიარებენ ცოდნას დაბინძურების ნებისმიერი პოტენციური რისკის შესახებ – ამ რისკების თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ, გამჭვირვალობა და გარემოს გადარჩენაში წვლილის შეტანის სურვილი ჩვენი კორპორატიული კულტურის ძირითადი ელემენტებია.

გააზიარე: