ეკოინოვაციების დანერგვა და წახალისება საქართველოში – როგორია ამ პროცესში პარლამენტის როლი

კახა კუჭავა – პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი მწვანე პოლიტიკის წახალისებაა. საჭიროა შეიქმნას სათანადო სამართლებრივი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების კეთილდღეობას, ბუნებრივი კაპიტალის დაცვას და ეკონომიკურ ზრდას.

2021 წლის 20-21 ოქტომბერს ათენში, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ყურადღება მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობასა და ამ პროცესის სწორად წარმართვის საქმეში პოლიტიკოსების როლზე გაამახვილა. როგორია საქართველოს პარლამენტის ხედვა ამ მიმართულებით, როგორ აპირებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას, მწვანე და ეკოინოვაციური პოლიტიკის ხელშეწყობისთვის რა რეფორმების გატარება იგეგმება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა გვესაუბრება.

დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე მიდგომები ეკოინოვაციური მიმართულებით (მწვანე ეკონომიკა, მწვანე ფინანსები, მწვანე ტექნოლოგიები და ინოვაციები), რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. როგორ უნდა შეუწყოს ხელი საკანონმდებლო ხელისუფლებამ ეკოინოვაციების დანერგვასა და წახალისებას საქართველოში და როგორია პარლამენტის როლი ამ პროცესში?

იმისათვის, რომ სწორად ჩამოვაყალიბოთ საკანონმდებლო ორგანოს როლი ეკოინოვაციების დანერგვაში, უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს მისი არსი. ეკოინოვაცია მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ, ისე სოციალურ და ინსტიტუციურ ინოვაციას, რომელიც ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს უწყობს რესურსების გამოყენებას ოპტიმიზაციის გზით.

საპარლამენტო დონეზე ეკოინოვაციის წახალისებისთვის საჭიროა, შეიქმნას პოლიტიკის ძირითადი ხედვები და მიმართულებები, კონცეფცია, რომელიც გააერთიანებს ინიციატივებს და ორიენტირებული იქნება ამ მიმართულების თანმიმდევრულ, გრძელვადიან და მდგრად განვითარებაზე. ამ პროცესის წარმატებას განაპირობებს პოლიტიკის დაგეგმვაში, აღსრულებასა და განხორციელებაში ჩართული ყველა სუბიექტის მონაწილეობა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი, ვინაიდან წარმომადგენლობით ორგანოს აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. მივესალმები ახალგაზრდების, ქალების კერძო სექტორის მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მიერ მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის განხორციელებაში და ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.

ამ პროცესში პარლამენტის როლზე საუბრისას მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება –  საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების დანერგვა, როგორიცაა თემატური მოკვლევა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი.  მაშინ როდესაც მე გახლდით კომიტეტის თავმჯდომარე, აღნიშნულმა კომიტეტმა პირველმა გამოიყენა ეს შესაძლებლობები და შედეგად თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევა განახორციელა. მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალური ნარჩენების შესახებ თემატურ მოკვლევაზე. საყურადღებოა ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლი. ეს მექანიზმები ხასიათდება გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, რომელშიც უშუალოდ ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

რა ვალდებულებები აქვს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით ეკოინოვაციების მიმართულებით და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა მათი განხორციელებისთვის? რა ვალდებულებები არსებობს როგორც სახელმწიფოს, ისე კომპანიებისთვის?

ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს გარემოს დაცვის მიმართულებით გასატარებელ რეფორმებს, რომელიც ეხება გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას, ჰაერის, წყლის, ნიადაგის სისტემების იმგვარად მართვას, როგორც ეს ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, რათა გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა და  მოსახლეობას ჯანსაღ გარემოში არსებობის პირობები შეუქმნას.

ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობას გარემოს დაცვის საკითხებზე, რითაც ჩვენი ქვეყანა საკუთარ წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების განხორციელებაში. გარემოს დაცვა სარგებელს მოუტანს თითოეულ  მოქალაქეს, ბიზნეს სექტორს როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ეკო-სისტემების დაცვის, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე, თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ეკოლოგიურად მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

  • 2014 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი კანონები, როგორიცაა: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“, ახალი „ტყის კოდექსი“, კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“. უახლოეს მომავალში პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იქნება კანონი „ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და სამრეწველო ემისიების შესახებ“;
  • კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა საქართველოს განახლებული „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 35 პროცენტით ნაკლები იყოს;
  • შემუშავდა სტრატეგიული დოკუმენტები კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულებით.

ახალი სამართლებრივი მოთხოვნები მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს მეწარმეებს, კერძოდ:

  • „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, საწარმო ვალდებული იქნება, ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები განახორციელოს. ისინი, პირველ რიგში, მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენისკენ.
  • საწარმოები საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა გარემოს დაზიანების შემთხვევაში, ჰქონდეთ სათანადო თანხები  გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.
    ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“. საქართველო არის პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ ფონდს ქმნის. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს გაუმჯობესებასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.

ერთია კანონის მიღება, ხოლო შემდეგი ნაბიჯი მისი ეფექტიანი აღსრულებაა, რაშიც გარემოსდაცვითი საკითხების კომპლექსურობიდან გამომდინარე გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით. უნდა აღვნიშნო კერძო სექტორის მზაობა – სახელმწიფოს ხელშეწყობით  მათ წინაშე არსებული ამოცანები დაძლიონ. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოსა და მეწარმეების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ  სასურველ შედეგებს მივაღწიოთ.

როგორია ქვეყნის პოლიტიკა ეკოინოვაციების პროცესის კიდევ უფრო მეტად დანერგვისა და გააქტიურებისთვის სხვადასხვა სექტორში? როგორ უნდა დაეხმაროს პოლიტიკა მწვანე ეკონომიკას?

ეკოინოვაცია მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს მიერ ბუნებრივი რესურსების გამოყენებასაც, იმას, თუ როგორ ვაწარმოებთ და მოვიხმართ პროდუქციას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკოეფექტურობისა და ეკოინდუსტრიების კონცეფციების გათვალისწინება, რაც ხელს უწყობს კომპანიის მიერ პროდუქციის წარმოებისას გარემოს დაცვის ფაქტორების გათვალისწინებას და მოაქვს კონკურენტული უპირატესობა ბიზნეს სექტორში გარემოზე ზიანის შემცირებით. აღნიშნული გულისხმობს ენერგიის მოხმარების შემცირებას და საწარმოო გამონაბოლქვის კონტროლს, წყლის რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენებას და ნარჩენების მართვის სისტემის დახვეწას.

ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი მწვანე პოლიტიკის წახალისებაა. საჭიროა შეიქმნას სათანადო სამართლებრივი ბაზა, რომელიც იქნება  ადამიანების კეთილდღეობის, ბუნებრივი კაპიტალის დაცვისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების საფუძველი. გარემოს დაცვის, ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებითა და თავმოყრით, ჩვენ შევიმუშავებთ პოლიტიკის დოკუმენტებს და საკანონმდებლო ცვლილებებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უზრუნველვყოფთ დაგეგმარებისა და ინვესტიციების „გამწვანებას”, წავახალისებთ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, ახალი ბიზნეს-მოდელების მიღებას და „მწვანე სამუშაოების“ განვითარებას.

მწვანე ეკონომიკური ზრდისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობისთვის პოლიტიკის დონეზე გატარდება რეფორმები – წარმოებაში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის წახალისებისთვის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოლოგიური მდგრადობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაიხვეწება კანონმდებლობა ტყის, წყლისა და წიაღისეულის რესურსების მდგრადი მოპოვებისა და ზედამხედველობის გაძლიერებისთვის. საყურადღებოა, რომ დაიხვეწება კანონმდებლობა საყოფაცხოვრებო ინერტული და მწვანე ნარჩენების ეფექტიანი გამოყენების, აღდგენილი ნარჩენების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვისა და გარემოს დაბინძურების პრევენციის მიმართულებით.

როგორია ევროპული მიდგომა ამ თვალსაზრისით და თუ იყენებს საქართველოს ხელისუფლება მათ გამოცდილებას? რამდენად შეუწყობს ხელს ეკოინოვაციების დანერგვა-წახალისება ქვეყნის მდგრად განვითარებას და რა გამოცდილება მიიღო ამ თვალსაზრისით ბიზნესმა და ხელისუფლებამ პანდემიისგან?

არსებობს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია არა უნიფიცირებული მიდგომის ძიება, არამედ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და აღნიშნულის ადაპტირება ადგილობრივი კონტექსტისა და საჭიროებების შესაბამისად. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვით მწარმოებელს აქვს კომპანიის „მწვანე სტრატეგია” და გარემოსდაცვით ანგარიშგებას აწარმოებს. ზოგან მსგავსი ანგარიშგება სავალდებულოც არის. თვითმონიტორინგის სისტემა გარკვეულწილად ჩვენთან უკვე ამოქმედდა ცალკეული მიმართულებით: მაგალითად, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით, ინსტრუმენტული მეთოდით, უწყვეტად განსაზღვროს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა. ეტაპობრივად, ჩვენ გადავდივართ ევროპულ, გარემოსდაცვით მმართველობაზე და ბუნებრივია, აღნიშნული ხდება კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზითაც.

რაც შეეხება პანდემიის გავლენას, ყველანი ვრწმუნდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ინოვაციების მეტად განვითარება.

საყურადღებოა, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადებულია კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი უახლოს მომავალში დაიწყებს და აღნიშნული მნიშვნელოვნად წაახალისებს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

რას იტყვით საქართველოს მდგრად მომავალზე? რა გზა გვაქვს გასავლელი ამ მიმართულებით, როგორია ჩვენი პერსპექტივა?

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის დონეზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრად განვითარებას. ყველა საპარლამენტო კომიტეტი თავის სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულ თითოეულ  აქტივობას უკავშირებს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთს და  განსაზღვრავს, ეს კონკრეტული აქტივობა რომელი ამოცანის შესრულებას შეუწყობს ხელს.

პარლამენტში ფუნქციონირებს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად  მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს.

აუცილებელია ხელი შევუწყოთ მწვანე, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას. ჩვენ ნებაყოფლობით შევუერთდით მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვას ეროვნულ პოლიტიკაში და შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი თანაზომიერად ეხება განვითარების 3 განზომილებას: ეკონომიკურს, სოციალურს და გარემოსდაცვითს და წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანების და ინდიკატორების ეროვნულ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც საქართველო უზრუნველყოფს ეროვნული და სექტორული პოლიტიკის დაგეგმვას 2030 წლამდე. 

გააზიარე: